ფსიქოლოგიის ისტორიოგრაფია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფსიქოლოგიის ისტორიოგრაფია საქართველოში - - History of Psychology in Georgia - История Психологии в Грузии
(ბერძ. psychё სული + logos მცოდნეობა, მოძღვრება)

ფსიქოლოგიის ქართულ სკოლაში ფსიქოლოგიის ისტორიოგრაფია. ფსიქოლოგიის ისტორიას, როგორც ფსიქოლოგიის დარგს და საკუთრივ მეცნიერულ ფსიქოლოგიას, საქართველოში ერთდროულად ჩაეყარა საფუძველი. ფსიქოლოგიაში წაკითხული პირველივე ლექციის დიდი ნაწილი ახალგახსნილ უნივერსიტეტში (1918 წ. 31 იანვარი) დიმიტრი უზნაძემ ფსიქოლოგიის ისტორიას მიუძღვნა და ათიოდ გვერდზე წარმოადგინა ამ მეცნიერების განვითარების გზა სოკრატედან ვუნდტამდე. კარგად ესმოდა რა ფსიქოლოგიის ისტორიის მნიშვნელოვნება, უზნაძე თავისი ფსიქოლოგიური სისტემის აგებას მას მერე შეუდგა, რაც საფუძვლიანად გააანალიზა გ. ლაიბნიცის არცნობიერის კონცეფცია (1919); ხოლო ა. ბერგსონის შეხედულებებს ცალკე მონოგრაფია მიუძღვნა (1920). უზნაძემ ბერგსონის თეორიაში მრავალი მნიშვნელოვანი აზრი მონახა თავისი თვალსაზრისის ჩამოსაყალიბებლად და განსამტკიცებლად, მით უფრო, რომ მეცნიერულ-ისტორიული კვლევის გამოცდილება უკვე ჰქონდა − მხედველობაში გვაქვს უზნაძის სადოქტორო დისერტაცია ვლ. სოლოვიოვზე (1909). პირველივე მონოგრაფიაში, რომელშიც წარმოდგენილია უზნაძის თეორიის საწყისი ვარიანტი, ე.წ „ბიოსფერული კონცეფცია” (1925) (ბიოსფერო), კრიტიკულად გაანალიზებულია ყველა ძირითადი თვალსაზრისი, რომლებთან შეპირისპირებაში გამოჩნდა ავტორის პოზიციის სიახლე და ორიგინალობა.

წარწერის ტექსტი

უზნაძე შემდგომშიც უბრუნდებოდა ისტორიულ კვლევას (მაგ., ზოგადი ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოში). განწყობის ფსიქოლოგიის შექმნაზე ორიენტირებული, იგი მაინც ცდილობდა, წაეხალისებინა თავისი მოწაფეებიის კვლევა ფსიქოლოგიის ისტორიის მიმართულებით. ასე შეიქმნა ცნობილი კრებული „დასავლეთ ევროპის ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმდინარეობები” (1935) უზნაძის რედაქციით და ფ. ხარაზიშვილის, ერეკლე აბაშიძის და ანგია ბოჭორიშვილის ძალისხმევით, რომელშიც გაანალიზებულია ფსიქოლოგიის ძირითადი კონცეფციები. ამ კრებულმა თვალსაჩინო როლი ითამაშა უზნაძის სკოლის წარმომადგენელთა დაოსტატებაში, ხოლო მათი პროფესიონალიზმის მაღალ დონეზე ნათლად მეტყველებს ნაშრომები ფსიქოლოგიის ისტორიოგრაფიაშიც. უზნაძის უშუალო დავალებით სერიოზული გამოკვლევები მიეძღვნა შემდეგ საკითხებს: არისტოტელესეული „პერი ფსიქე”, ვ. შტერნისეული პერსონოლოგია (ე. აბაშიძე). კ. ლევინისეული ველის თეორია (ნინო ადამაშვილი), მარბესეული განწყობის ფსიქოლოგია (გიორგი ცინცაძე), ბიჰევიორიზმი (ოთარ ტაბიძე), ფსიქოანალიზი (იოსებ ბაჟალავა და აპოლონ შეროზია), სიღრმისეული ფსიქოლოგია (ვიტალი კაკაბაძე). ზოგადი ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოთა ფარგლებში საინტერესო ისტორიულ კვლევას აწარმოებდა რევაზ ნათაძე (ვიუცბურგის სკოლა და გეშტალტფსიქოლოგია). ამ და სხვა უფრო მცირე ფორმატის გამოკვლევების განსაკუთრებული მნიშვნელობა ისაა, რომ ფსიქოლოგიის ისტორიის ესა თუ ის ფრაგმენტი მათში განხილულია განწყობის თეორიის პოზიციებიდან, რაც ამ ანალიზის უნიკალურობას განაპირობებს.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ა. ბოჭორიშვილისა და ალექსანდრე ფრანგიშვილის ღვაწლი ჩვენში ფსიქოლოგიის ისტორიოგრაფიის განვითარების საქმეში. მათი კვლევა ამ დარგში სისტემატური ხასიათისა იყო და დაგვირგვინდა კაპიტალური ნაშრომებით. ანგია ბოჭორიშვილმა ორი მონოგრაფია დაწერა − „ფსიქოლოგიის პრინციპული საკითხები” (1957-1959) და „ფსიქოლოგიის ისტორია”. პირველი ფსიქოლოგიის საგნის განსხვავებულ გაგებებს ეძღვნება. მეორე იწყება ძველი ბერძნებით და მთავრდება ჯ. ლოკით. ეს ნაშრომი, როგორც ჩანს, დაუმთავრებელი დარჩა და არც გამოცემულა ავტორის სიცოცხლეში.

ა. ფრანგიშვილის მონოგრაფიაში „ნარკვევები ადამიანის ფსიქოლოგიური ცოდნის ისტორიიდან საქართველოში” (1959) პირველად იქნა სისტემატურად შესწავლილი ქართული ფსიქოლოგიური აზრის ისტორია ძველი ხანიდან უზნაძემდე. ამასთანავე, ფრანგიშვილის კვლევითი ინტერესი არც უზნაძეს და მის სკოლას დაჰკლებია. იგი დამსახურებულადაა მიჩნეული ამ სკოლის მთავარ ისტორიკოსად. იგივე ითქმის ნინო (ნადეჟდა) ბერულავაზე, რომლის წიგნი „დიმიტრი უზნაძე” (1967) − დღემდე ყველაზე სრული ისტორიულ-ბიოგრაფიული გამოკვლევაა დიდი ქართველი ფსიქოლოგის შესახებ.

უკანასკნელ ხანებში კიდევ სამი წიგნი გამოიცა. მერაბ მაღრაძე − „ფსიქოლოგიური აზრის განვითარება ანტიკური ხანიდან მეცნიერული ფსიქოლოგიის დაფუძნებამდე” (2016). ირაკლი იმედაძე − „XX საუკუნის ფსიქოლოგიის ძირითადი მიმდინარეობები” (2000), რომელიც დ. უზნაძის პრემიით აღინიშნა; ირაკლი იმედაძე − „ფსიქოლოგიიის ისტორია: ანტიკური ხანიდან ჩვენს დრომდე” (2014). ეს უკანასკნელი, განსხვავებით ყველა სხვა წიგნისგან, სრულფასოვანი სახელმძღვანელო და სამეცნიერო მონოგრაფიაა, რამდენადაც მოიცავს ყველა ხანას, მათ შორის თანამედროვესაც, ძირითად კონცეფციებს, ისტორიულად მნიშვნელოვან თეორიულ და ემპირიულ კვლევებს ფსიქოლოგიის ძირითად დარგებში, დაწვრილებითი გაშუქებით (წიგნის მოცულობა 670 გვერდამდეა). რაც მთავარია, როგორც მასალის შერჩევის, ისე ანალიზისა და შეფასების პრინციპები ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია, განწყობის ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციის პოზიციებს ითვალისწინებს.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები