ფსიქოტექნიკა საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფსიქოტექნიკა საქართველოში - Psychotechnics in Georgia - Психотехника в Грузии
(ბერძ. psychё სული + logos მცოდნეობა, მოძღვრება)

ფსიქოლოგიის ქართულ სკოლაში ფსიქოტექნიკა. საბჭოთა კავშირში ფსიქოტექნიკა საკმაოდ იყო განვითარებული 1920-იან წლებში და 1930-იანი წლების პირველ ნახევარში. დიმიტრი უზნაძე, რომელიც ფუნდამენტურ კვლევასთან ერთად ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გამოყენებითი ფსიქოლოგიის განვითარებას, ამ პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ფსიქოტექნიკურ კვლევაში თავის მოწაფეებთან ერთად (რევაზ ნათაძე, ზოსიმე ხოჯავა და სხვანი). 1925-1933 წლებში ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა ამ კვლევის ამსახველი ათამდე წერილი − ფსიქოტექნიკის თეორიული საკითხების დამუშავებისა და კონკრეტული პრაქტიკული საკითხების ემპირიული შესწავლის შესახებ. კერძოდ, ავარიულობის შემცირების ამოცანიდან გამომდინარე, ინტენსიური კვლევის და გამოცდის საგანი გახდა თბილისის ტრამვაის ვატმანთა ფსიქოლოგიური პროფვარგისიანობა. ხოლო თეორიულ-მეთოდოლოგიური კვლევის შედეგები განზოგადებულია დ. უზნაძის მცირე წიგნში „პროფესიის ფსიქოლოგიის აქტუალური ამოცანები და საფუძვლები” (1933). ეს გამოკვლევა განსაკუთრებით ფასეულია, რამდენადაც შრომის ფსიქოლოგიის საკითხებზე მსჯელობა განწყობის ზოგადფსიქოლოგიურ კონცეფციას ემყარება. ის შეიცავს მნიშვნელოვან დებულებებს როგორც შრომითი ქცევის დახასიათების კუთხით, ისე მისი ამხსნელი განწყობის თეორიის განვითარების თვალსაზრისით.

1936 წელს საგანგებო სამთავრობო დადგენილებამ დაგმო ტესტური გამოცდების თითქოსდა არამეცნიერული პრაქტიკა, ფართოდ გავრცელებული გამოყენებით ფსიქოლოგიაში და კერძოდ ფსიქოტექნიკაში. ეს დარგი (ისევე როგორც პედოლოგია) აიკრძალა. დარგის წამყვანი სპეციალისტები რეპრესიაში მოჰყვნენ, ფსიქოტექნიკური საზოგადოების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი ი.ნ. შპილრეინი დახვრიტეს. ამ ვითარებაში, ცხადია, მუშაობა ფსიქოტექნიკის (აგრეთვე პედოლოგიის) მიმართულებით საქართველოშიც შეწყდა. ხოლო შემდგომ ხანებში განვითარდა შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგია.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები