ფსიხო გუაშე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფსიხო-გუაშე (ადიღ. Псыхъуэ-гуащэ – „მდინარის ქალბატონი“)მდინარეთა განმგებელი ადიღურ მითოლოგიაში. ადიღთა წარმოდგენით, ეს შიშველი ქალღვთაება ძალზე ლამაზია, გრძელი და გაშლილი თმებით, ზოგჯერ თევზის კუდით. ხშირად „ნახულობენ“ მდინარის ნაპირზე მჯდარ ფსიხო-გუაშეს, რომელიც სავარცხლით (აუცილებელი ატრიბუტით) თმას ივარცხნის. გრძელი თმები, სავარცხელი და სიშიშვლე, როგორც ჩანს, ბუნებრივ სტიქიებთან (განსაკუთრებით, წვიმასთან) მისი კავშირის მაჩვენებელია.

რწმენის თანახმად, მდინარის ნაპირზე ნაპოვნი სავარცხლის აღება ყოვლად დაუშვებელია. ითვლება, რომ ფსიხო-გუაშეს მნახველი (ან მისი გამოხედვის შემყურე) ადამიანი ავადდება, ზოგჯერ სასიკვდილოდაც. სხვა წარმოდგენით, მდინარეთა ქალბატონს შეუძლია, ავნოს მხოლოდ იმას, ვისაც მისი შეეშინდება. შედარებით გავრცელებულია სიუჟეტები მამაკაცებთან მის სასიყვარულო კავშირებზე, ხშირად ამ უკანასკნელთა იძულების გზით (უარისმთქმელი ავადდება და იღუპება).

ხალხური რწმენა-წარმოდგენების თანახმად, მდინარეთა ქალღვთაება იცავს და მართავს მდინარე წყლებს. მისი სახელობის დღეობა საგაზაფხულო წყალდიდობების ჟამს აღინიშნებოდა. საამდღისოდ, სპეციალურად ამზადებდნენ რძესა და თაფლში მოხარშულ კოლიოს. ქალღვთაებისათვის მიძღვნილ რიტუალში ერთმანეთის გაწუწვა და ნაგებობებისა და ხეებისათვის წყლის შესხურება შედიოდა. შუადღისთვის, წანდილის საჭმელად დასხდომის წინ, მდინარეთა მბრძანებელს წყალდიდობის აცილებას შესთხოვდნენ, რისთვისაც ყოველ გაზაფხულზე კოლიოს მოხარშვას ჰპირდებოდნენ. გვალვების ჟამს, წვიმის გამოწვევის მიზნით, შიბლესა და ელიას გარდა, ფსიხო-გუაშესაც მიმართავდნენ.

ფსიხო-გუაშას ფუნქციები ზემოაღნიშნულით არ ამოიწურება. იგი ყვავილბატონებთანაც ჩანს დაკავშირებული. ოთახი, სადაც ავადმყოფი იწვა და სიჩუმე სუფევდა, მოწყობილი იყო საქანელა, რომელზედაც ყველა შემომსვლელს (ოჯახის წევრების გარდა), ვიდრე მწოლიარეს მიუახლოვდებოდა, უნდა ექანავა. ექიმბაშები უმღეროდნენ "ყვავილის ქალბატონს" – ცბიერ ქალს, და დასახმარებლად ფსიხო-გუაშას უხმობდნენ. მის პატივსაცემად დადგამდნენ ტაბლას საჭმლებით, ანთებული სანთლითა და თასით წყალს. იატაკზე გაფენდნენ ჭილოფს, რომელზედაც ბუმბულის ბალიშს დადებდნენ, გვერდით დაულაგებდნენ სპილენძის ტაშტსა და წყლით სავსე თუნგს, საპონსა და ხელსახოცს. ექიმბაში ფსიხო-გუაშას ავადმყოფის შველას შესთხოვდა და ტაბლასთან „მოიწვევდა“.

ნართულ ეპოსში და ზღაპრებში ფსიხო-გუაშე დადებითი პერსონაჟია (ზღაპრებში Псыхъуэ-Нанэ „წყლის დედა“ სახელითაც გვხვდება. შდრ. მეგრული „წყარიში დიდა“). მისი ასულები მტრედების სახით მოფრინდებიან ნართების ოქროს ხესთან და იტაცებენ მის ნაყოფს (ვაშლს) – ნაყოფირერბისა და უკვდავების სიმბოლოს.

ფსიხო-გუაშას მითოლოგიური ხატის ჩამოყალიბებაზე, როგორც ჩანს, გარკვეული გავლენა იქონია ადიღებში გვიან გავრცელებულმა წარმოდგენებმა დემონურ არსებაზე – ალმასთზე.


ლიტერატურა

  • Мижаев М. И. Псыхо-гуаша // Мифы народов мира. Т. II. М., 1982;
  • Азаматова М.-К. З. Культ божеств, магические обряды в раннеклассовом обществе и ерансформация их через религии христианства и ислама // Религиозные верования адыгов. Майкоп, 2001;
  • Хабекирова Х. А. Природа и характер некоторых мифологических персонажей в эпосе и бытовой культуре черкесов // Этнографическое обозрение. № 5, 2005;
  • Гутова Л. А. Обряд вызывания дождя в фольклоре и этнографии адыгов // Вестник института гуманитарных исследовании Кабардино-балкарского научного центра РАН. Вып. 1 (20). Нальчик, 2013.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები