ქავთარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქავთარა – ქავთარა ფშავში კოტიას წმ. გიორგის, წითელაურთა თემის, ხევისბერი იყო. სალოცავს ორიათასი სული ცხვარი და ბევრი მწყემსი ჰყავდა. ქავთარა ხშირად მიაკითხავდა ხოლმე წმ. გიორგის ფარებს. წინასწარ იცოდა, რომელ ღამეს მოვიდოდა წმ. გიორგი ცხვრის დასათვალიერებლად. ეტყოდა მწყემსებს: ამაღამ წმ. გიორგი მოვა და ცხვარი რომ არ დაფრთხეს, არ დაიკივლოთ, იცოდეთ, წმ. გიორგი იქნებაო.

ერთხელ ქავთარა კოტიის გორს ყოფილა წმ. გიორგის ცხვარში. მისულა საზარესთან, დამჯდარა და დაუწყია ხატთან ლაპარაკი. ხან ნელა ესაუბრებოდა ხატს, ხანდახან კიდეც გაუჯავრდებოდა ქავთარა ხატსო. ამ დროს ქისტები ყოფილან გადმოსულნი ქავთარას მოსაკლავად და ცხვრის გასარეკად. საზარესთან ახლო ყოფილან ჩასაფრებულნი, რადგან სცოდნიათ, რომ ქავთარა საზარესთან ხშირად მიდიოდა. მოუმარჯვებიათ ქისტებს თოფები მოსაკლავად, მაგრამ როგორც კი დაუმიზნებდნენ თოფს, ქავთარა თურმე გაუჩინარდებოდა. მოაშორებდნენ ნიშანს და – იქვე იჯდა და ხატს ესაუბრებოდა. რამდენჯერმე რომ განმეორდა ასე, ქისტები მიხვდნენ, რომ ქავთარა წმიდა კაცი იყო და შეშინებულები უკან დაბრუნდნენ. ვერც ქავთარა მოკლეს და ვერც ცხვარი წაასხეს.

როცა ქავთარა მოკვდა, მკვდარს თურმე თავზე ციდან ნათლის სვეტე ედგა. რომ გაასვენეს, სვეტიც თან მიჰყვებოდა და საფლავში რომ მიწა მიაყარეს, სვეტიც მაშინ გამქრალა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები