ქალაქთა საბჭოების და ერობათა ყრილობის ხმოსანთა არჩევნების წესდება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქალაქთა საბჭოების და ერობათა ყრილობის ხმოსანთა არჩევნების წესდება - 1919 წლის იანვარში ერობების ხმოსანთა არჩევნებს წინ უძღოდა ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის 17 დეკემბერს „ქალაქთა საბჭოების ხმოსანთა არჩევნების“ შესახებ დებულების მიღება. აქტი აწესრიგებდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საბჭოების ხმოსანთა არჩევის წესს.

ქალაქის საბჭო ირჩეოდა ორი წლის ვადით. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა საქართველოს ორივე სქესის მოქალაქეს 20 წლის ასაკიდან. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა პირს, რომლის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არსებობდა, ქურდობისთვის დასჯილებს, ასევე სხვა დანაშულისათვის მსჯავრდებულებს (მაგ.: ქრთამის აღება, მევახშეობა და სხვ.).

ქალაქის გამგეობებს დაევალათ საარჩევნო სიების შედგენა და მათი საჯარო ადგილებში გამოქვეყნება. კანონი ადგენდა საარჩევნო სიებში, მისი დაზუსტების მიზნით, ცვლილებებისა და დამატებების შეტანას. თუ პირი ამის შემდეგ საარჩევნო სიაში არ იქნებოდა, ის კარგავდა არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. ხმოსანთა არჩევნებს უზრუნველყოფდნენ ქალაქის საარჩევნო კომისიები ქალაქის მოურავის თავმჯდომარეობით. ამომრჩეველს არჩევნების დღეს ჰქონდა საარჩევნო ბარათი, რომლითაც ახდენდა საკუთარი თავის პერსონიფიცირებას. ბარათში ნაჩვენები იყო ამომრჩევლის სახელი და გვარი, მამის სახელი, არჩევნების ადგილი. არჩევნებში ყველას ერთი ხმა ჰქონდა. არჩევნები იყო ფარული. არჩევნების დღეს საარჩევნო უბანში, კანონის 21-ე მუხლის მიხედვით, თავმჯდომარე ვალდებული იყო, უზრუნველეყო წესიერება და არ მიეცა პირებისთვის შენობაში აგიტაციის უფლება. არჩევნების შედეგებს ითვლიდნენ მეორე დღეს ამომრჩეველთა თანდასწრებით, საჯაროდ. კომისიის მიერ დათვლილი შედეგები ეგზავნებოდა ქალაქის საარჩევნო კომისიას. ხმოსანთა მანდატები ნაწილდებოდა პროპორციულად იმ სიებს შორის, რომლებიც ხმების მეტ რაოდენობას მიიღებდნენ. კანონი ადგენდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმებს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის. დებულების 31-37-ე მუხლები შეიცავს არჩევნების შედეგების გასაჩივრებას. უზენაეს სასამართლოს უფლება ჰქონდა, გაეუქმებინა მთლიანად ხმოსანთა არჩევნების შედეგები. ახლად არჩეული ხმოსნების უფლებამოსილების დაწყებამდე არსებული ხმოსნები აგრძელებდნენ მუშაობას.

1919 წლის 14 იანვარს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ხმოსანთა საარჩევნო დებულებაში, ძირითადად, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები და დამატებები შეიტანა.

ბექა ქანთარია


ლიტერატურა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული (1918-1921), 1990.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები