ქალაქთა საბჭოების და ერობათა ყრილობის ხმოსანთა არჩევნები (1918-1921)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქალაქთა საბჭოების და ერობათა ყრილობის ხმოსანთა არჩევნები - ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეულ პერიოდში მაზრებსა და ქალაქებში ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარებულა. 1918-1919-1920 წლებში გაიმართა თვითმმართველობის სხვადასხვა დონის არჩევნები. განსაკუთრებით დროში გაიწელა სამაზრო და სათემო ერობათა ჩამოყალიბების პროცესი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით განაგრძო ფუნქციონირება ჯერ კიდევ ამიერკავკასიის კომისარიატთან არსებულმა ერობის შემომღებმა მთავარმა ინსტრუქტორმა (შეიქმნა 1918 წლის 18 თებერვალს), რომლის მიზანი პროვინციებში არსებული ძველი მმართველობის ახლით ჩანაცვლება იყო. მაზრებში ასარჩევი ხმოსნების რაოდენობა განისაზღვრა ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ დამტკიცებული საერობო დაწესებულებათა დროებითი დებულების 51-ე მუხლით. სამაზრო ერობის უმაღლესი ორგანო ერობის ყრილობა იყო, რომელიც შედგებოდა საყოველთაოდ არჩეული ხმოსნებისაგან. ეს უკანასკნელნი ირჩევდნენ ერობის აღმასრულებელ რგოლს - გამგეობას და გარკვეული ინტენსივობით იკრიბებოდნენ. ერობებში ასარჩევ ხმოსანთა რიცხვს ანგარიშობდნენ შემდეგი წესით: საზოგადოდ დადგინდა ყველა მაზრისთვის ხმოსანთა მაქსიმუმი (45 წევრი) და მინიმუმი (25 წევრი) რაოდენობა. განისაზღვრა საშუალო რაოდენობა, 35 წევრი, რომელიც უნდა გამრავლებულიყო გუბერნიაში შემავალი მაზრების რაოდენობაზე (მაგ. თბილისის გუბერნიაში - 9; ქუთაისის გუბერნიაში - 7;). მიღებული რიცხვი იქნება მთლიანად გუბერნიის (ყველა მაზრაში) მასშტაბით ხმოსნების რაოდენობა. თბილისის გუბერნიაში 1919 შედიოდა 9 მაზრა. საერთო ხმოსნების ჯამი კი შეადგენდა 315 წევრს (35X9=315). შემდეგ იღებდნენ გუბერნიის მოსახლეობას და ყოფდნენ ხმოსანთა რიცხვზე. თბილისის გუბერნიაში ცხოვრობდა (ქ. თბილისის გამოკლებით, რამეთუ ის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენდა) 1.126.542 ადამიანი. შესაბამისად, ერთი ხმოსანი უნდა აერჩია 3576 კაცს (1.126.542X315=3576). ამის შემდეგ მაზრის მოსახლეობის რიცხვი იყოფოდა 3576-ზე და მიიღებოდა იმ მაზრის ერობათა ყრილობის ხმოსანთა რიცხვი. იმ შემთხვევაში თუ მიღებული რიცხვი აღემატებოდა 45-ს, მაშინ ერობაში უნდა ყოფილიყო არჩეული მაქსიმუმ 45 წევრი, ხოლო თუ ის ნაკლები იყო 25-ზე, უნდა შევსებულიყო ერობათათვის გათვალისწინებულ მინიმუმ წევრთა რაოდენობამდე ანუ 25-მდე. არჩევნებს ატარებდა სამაზრო საარჩევნო კომისია, რომელიც მაზრას ყოფდა ოლქებად (თითოეულ ოლქში საშუალოდ 5000-მდე ამომრჩეველი უნდა ყოფილიყო).

  • 1918 წლის ივლის-ნოემბერში ერობების არჩევნები ჩატარდა თბილისში, სენაკში, ოზურგეთში, თელავში, ქუთაისში, შორაპანში, სიღნაღში, გორში, დუშეთში, ზუგდიდში, რაჭაში, ლეჩხუმში;
  • 1919 წლის იანვარ-ოქტომბერში გუმისთაში, გუდაუთაში, კოდორში, სამურზაყანოში, თიანეთში, ბორჩალოში, ახალციხეში;
  • 1920 წლის იანვარ-აგვისტოში ზუგდიდში და ახალქალაქში.

საქართველოს პარლამენტის 1918 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, განისაზღვრა „ქალაქთა საბჭოების ხმოსანთა არჩევნების“ დებულება, რომელიც შედგებოდა 37 მუხლისგან და დანართისგან - „ნუსხა ქალაქთა საბჭოებში ასარჩევ ხმოსანთა რიცხვისა“. არჩევნები უნდა ჩატარებულიყო 34 ქალაქში: თბილისის გუბერნიის 14 ქალაქში - თბილისში (ქალაქის საბჭოში ასარჩევი იყო 90 წევრი), გორში (33), დუშეთში (20), სიღნაღში (30), თელავში (30), ხაშურში (20), ახალქალაქში (20), ახალციხეში (36), კოჯორში (20), სურამში (20), შულავერში (20), მანგლისში (20), ბორჯომში (20), აბასთუმანში (20); ქუთაისის გუბერნიის 12 ქალაქში - ქუთაისში (60), ფოთში (31), ოზურგეთში (20), ზესტაფონში (20), ლანჩხუთში (20), ახალსენაკში (20), სამტრედიაში (20), ხონში (20), ჭიათურაში (20), ზუგდიდში (20), რედუტ-კალეში (ყულევი) (20), ონში (20); სოხუმის ოლქის 4 ქალაქში - სოხუმში (40), გუდაუთაში (20), ოჩამჩირეში (20), გაგრაში (20); სოჭის ოლქის 3 ქალაქში - სოჭში (24), ხოსტაში (20), ადლერში (20); ზაქათალას ოლქის 1 ქალაქში - ზაქათალაში (20).

ქალაქის საბჭოები ირჩეოდა ორი წლით, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა „საქართველოს რესპუბლიკის ყოველ მოქალაქეს, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა და სარწმუნოებისა, რომელსაც საარჩევნო სიების შედგენის დაწყებამდე შეუსრულდა ოცი წელი, და ცხოვრობს ამ ქალაქში, ან აქვს შინაური მოწყობილი მეურნეობა ან იმყოფება აქ სამსახურში ან და აქვს რაიმე სხვა განსაზღვრული სამუშაო (მუხ. 2)“. არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ყველა ქალაქში ვერ მოხერხდა ადგილობრივი თვითმმართველობის ფორმირება, თუმცა 1919 ქალაქების უმეტესობამ მოახერხა საბჭოების არჩევა.

ჯაბა სამუშია

ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, ერობა - თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს რესპუბლიკაში 1918, ტ. I, თბ. 1917;
  • ალ. ბენდიანიშვილი, საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921 წწ.), თბ., 2001.


იხილე აგრეთვე

ქალაქთა საბჭოების და ერობათა ყრილობის ხმოსანთა არჩევნების წესდება

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები