ქალთა გიმნაზიები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქალთა გიმნაზიები - საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1919 წლის აპრილისათვის იყო ქალთა 24 სახაზინო (სახელმწიფო) გიმნაზია. თბილისში ქალთა რამდენიმე სახაზინო და კერძო გიმნაზია იყო.

სარჩევი

ქალთა გიმნაზიები თბილისში

თბილისის მე-5 ქალთა გიმნაზია მდებარეობდა კუკიაზე, მიხაილოვის პროსპექტზე (№40), სამსართულიან სახლში, რომელიც იჯარით ჰქონდა აღებული გიმნაზიის დირექციას გენერალ იოსებ ისარლოვისაგან, რომელიც იყო ცნობილი ცენზორის, ლუკა ისარლოვის, შვილი. გენერალი ისარლოვი ცხოვრობდა გოლოვინის პროსპექტზე, ზუბალაშვილის სახლში, საიდანაც გასახლებას უპირებდნენ, სახელმწიფოს მიერ ამ ბინის საჭიროების გამო. ამ საკითხზე განათლების სამინისტრო მიმართავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დახმარება აღმოეჩინა გენერლისთვის, რომლის კუთვნილი შენობა ქალთა გიმნაზიას ეჭირა, სადაც ერთი ოთახიც არ იყო პატრონისთვის დასათმობად გამოყოფილი.

თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიაში მუშაობდნენ ცნობილი პედაგოგები: გრიგოლ ლორთქიფანიძე, ელ. შიმკევიჩი, ოლ. გოგლიჩიძისა, ივ. ბერეჟიანი, ალ. გაბრიჩიძე, ვ. წერეთელი, ქ. ჯუღელი, ე. საყვარელიძე, ზ. ხატიაშვილი, ან. ქავთარაძისა, მ. ვრუბელი და სხვ.

ქალთა გიმნაზიები ქუთაისში

ქუთაისის ქალთა პირველი გიმნაზიის მასწავლებლები იყვნენ: ივანე კუჭუხიძე, დარია კეჟერაძე, მღვდელი პლატონ ცქიტიშვილი, ვლადიმერ ფუთურიძე, დავით ჩხეიძე, სიმონ ლორთქიფანიძე, ოლღა ინასარიძე, ალექსანდრა ჩხენკელი, ბაბილინა კლდიაშვილი, ელენე მიქელაძე და სხვ.

ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორი იყო დ. ქუთათელაძე. ცნობილი ქალთა სასწავლებელი იყო ქუთაისის გაბრიელის სახელობის ქალთა გიმნაზია. 1917 წლის დეკემბერში იმერეთის საეპარქიო გაბრიელის ქალთა სასწავლებელი გადაკეთდა გიმნაზიად და გადავიდა ამიერკავკასიის განათლების სამინისტროს უწყებაში. სასწავლებლის უფროსი იყო მარიამ ოტიას ასული ვარდოსანიძე, დირექტორი - ტრიფონ ჯაფარიძე.

ქალთა გიმნაზიები გორში

გორის ქალთა გიმნაზიაში 1918 წლამდე სწავლა რუსულად მიმდინარეობდა, 1918 წლის სექტემბრიდან დაიწყო სასწავლებლის გაეროვნების პროცესი, დირექტორი ამ დროს იყო მ. კინწურაშვილი. გაეროვნების გამო სასწავლებლიდან დაითხოვეს რუსულენოვანი პედაგოგები. მსგავსი პროცესები სხვა სასწავლებლებშიც მიმდინარეობდა. პედაგოგ ლიუტოსტონსკის თავისი მოვალეობა კარგად ვერ შეუსრულებია, რის გამოც, მზრუნველთა საბჭოსა და მშობლების დელეგატთა კრებამ მისი გადაყენება მოითხოვა და ამ თანამდებობაზე 2 კანდიდატი წამოაყენა: დამსახურებული პედაგოგი ამბროსი მებურიშვილი და ცნობილი საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე გარსევანიშვილი. გორის ქალთა გიმნაზიაში მათემატიკას ასწავლიდა ეკატერინე დიდებულიძე, რომელსაც დასრულებული ჰქონდა კიევის უმაღლესი ქალთა კურსების მათემატიკის ფაკულტეტი. (დოდო ჭუმბურიძე)


ლიტერატურა

სცსა, ფ, 1935, აღწ. 1, საქ. 55, საქ. 173, საქ. 206.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ვაჟთა გიმნაზიები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები