ქალუნდაური მამუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქალუნდაური მამუკა – გურული ხევსური, ნაწილიანი გმირი. როცა ქალუნდაურს გამარჯვების დღე მოუვიდოდა, მისი ხმალი, რომელიც ასევე ნაწილიანი იყო, ქარქაშიდან ამოიწეოდა ხოლმე; ამით ამცნობდა პატრონს გამარჯვების დღეს. ამოიწევდა ხმალი და ამ დროს ქალუნდაური სადაც არ უნდა ყოფილიყო, გაიგებდა და გადასხვაფერდებოდა, სიმხნევის სული გადმოვიდოდა მასზე. ერთხელაც, როცა ხიფხოლას (საჭმელი ბალახია ერთგვარი) თხრიდა მთაში, ასეთი ნიშანი დასდგომია. მისულა სახლში და, ხედავს, ბოძზე ჩამოკიდებული ხმალი ქარქაშიდან ნახევრად ამოწეულია. უფიქრია ქალუნდაურს, ნეტა, რა ამბავია, ვის რა უჭირს, საითკენ უნდა წასვლაო? გამოსულა კარში ესლუნდაური და თავის სოფლელ ბაჩაყაურისთვის დაუძახნია: ბაჩანაო, (ბაჩაყაურს მეტსახელად ბაჩანა რქმევია), რა ამბავია, რომ ხმალი ნახევრამდე ამოგებულიაო? სად ვის რა უჭირს, არ იცი, საითკენ მიწვევს ეს ხმალიო? ბაჩაყაურს დაუძახნა: არ ვიცი, ქალუნდაურო, ოღონდ ამბობენ, ზურაბის ლაშქარია შემოსულიო. – აბა, მეტი გაჭირვება რაღა იქნებაო? უთქვამს ქალუნდაურს, – ხომ იცი ზურაბის ხასიათი: აღარაფერს შეარჩენს ხევსურებს, ჩქარა თუ არ მივეშველეო. ბაჩაყაურს დაუძახნია: დიდი სიფრთხილე კი გმართებს, თორემ ძალიან ეშმაკი მეომარია ზურაბი, მოგკლავსო. – რაც იქნება, ის იქნება, უთქვამს ქალუნდაურს. – მგონია, რომ გავიმარჯვებ: თუ გამარჯვება არ მელის, ხმალი არ ამოიწევდაო.

მობრუნებულა შინ, ასულა ჭერხოში, აუსხამს იარაღი, ჯაჭვ-ჩაჩქანი, ჩამოუხსნია ბოძიდან ხმალი, ჩაუგია ქარქაშში, უთქვამს: აბა, ჩემო ხმალო, ახლა შენ იცი, როგორ წამგვრი საქმესო.

წასულა მამუკა, სხვა მთისიქითლებიც წამოსულან ზოგ-ზოგები. ბორბალის მთაზედ რომ შემომხდარა ეს მამუკა ქალუნდაური, გადაუხედავს ხევსურეთისკენ და სახესთან ხევსურნი და ზურაბის ლაშქარი ერთმანეთის პირისპირ დაუნახავს. სულ ფრენით წასულა მაშინ ქალუნდაური სანესკენ. ნაწილიანი არ იყო? როცა სალაშქროდ გაემართებოდა, წინ ვარსკვლავივით თურმე ნათლის სვეტი გაუძღვებოდა. ახლაც ასე მოხდა, შუქი გასძღოლია წინ ქალუნდაურს. ზურაბს რომ გადმოუხედავს, დაუნახავს მთის ძირში მიმავალი მოყმე. ზურაბს უკითხავს, ის რა კაცი მოდის, წინ რომ ვარსკვლავი მოუძღვებაო? უთქვამთ: ჩვენ არ ვიცით, რა კაციაო. ზურაბს უთქვამს: ჩვენ ის კაცი კარგს არაფერს დაგვაყრის, თუ ჩქარა არ მოვშორდით აქაურობასო. აუყრია მაშინვე ლაშქარი და გაქცეულა. მაგრამ ქალუნდაური მისწევია ზურაბის ლაშქარს ბეგენგორის ძირში, არაგვის რიყეზე. ზურაბი კი გაქცევია, ვეღარ ჩაუგდია ხელში, მის ლაშქარს კი ხმლით დარევია წყალში. მოუკლავს ერთი, მერე მეორე, მესამე... მეთორმეტისთვის რომ შემოუკრავს ხმალი მამუკა ქალუნდაურს, მაშინ ის მეთორმეტე მოკლული თავით ფეხაღმა დაყუდებულა წყალში, ღმერთს შესწვდომია ამდენი დახოცილი ადამიანის ცოდვა და ჩაუგია ხმალი მამუკა ქალუნდაურს. შეუძახნია ღვთისათვის: „ღმერთო, შენ ნუ გამიწყრები! მეტს აღარ მოვკლავო (ხევსურეთში ძველ მეომრებს რჯულად ჰქონდათ: თუ ხმლით შუღლში მოკლული კაცი ფეხაღმა დაეყუდებოდა, შუღლი აღარ შეიძლებოდა, ღმერთს იყო შემწვდარი).

ქალუნდაურს, უთქვამს მათთვის, ვინც მის ხმალს გადაურჩა: მშვიდობით იყავით, ხელი მოგემართოთ! ღმერთმა აღარ მომცა მეტის დახოცვის ნებაო, და გამობრუნებულა. გამარჯვებულ ქალუნდაურს არაგვის რიყიდან, სადაც დასრულდა ბრძოლა, აბჯრის კალთით ერთი მოზრდილი ქვა აუტანია ბეგენგორის მთაზე და იქ გამარჯვების ნიშნად ჩაუყუდებია. და დაუთქვამს: ვინც ჩემი სიკვდილის შემდეგ ამ ადგილას აიარ-ჩაიაროს და ამ სამანთან სამი ყანწი არყით არ დაილოცოს, არ გამიხსენოს, ამ ჩემი ხმლის ცოდვა მასზე იყოსო. მაშინ გამოითქვა ეს ლექსი:

„მაუვლენ მთას იქითითა ნაპირის ადგილისანი.
მამუკას ქალუნდაურსა თან მახყვეს შუქნი მზისანი,
ბეგენთ გორ ჩამაეწივა, ჭრნა ლაშქარნ ზურაბისანი.
ამანდით ამაბრუნვილმა სამანნ ჩახყუდნა ქვისანი“.

ეს არის ქალუნდაურის სამანი ბეგენგორის მთაზე, რომელიც გადაყურებს არაგვის რიყეს, სადაც ბრძოლა მოხდა.

როცა მამუკა ქალუნდაურს მარხავდნენ, თავაწეული გველი გამოჩენილა, რომელიც ცხედარს მიჰყვებოდა ნაწილის ხელში ჩასაგდებად. ერთ ხევსურს ხმალი უშიშვლებია და გველისათვის თავი მოუჭრია. და ასე ჩავიდა ნაწილი მიწაში ქალუნდაურთან ერთად.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები