ქართველ მწერალთა საზოგადოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ქართველ მწერალთა კავშირი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართველ მწერალთა საზოგადოება - ქართველ მწერალთა საზოგადოების შექმნის საკითხი XX საუკუნის დასაწყისშივე დადგა დღის წესრიგში. მიზანი მწერალთა ნაწარმოებების გამოცემაზე, მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა იყო. 1908 წელს დაარსდა „ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოება“. გარდა ამისა, არსებობდა ქართული კულტურის მოყვარულთა საზოგადოებაც, რომელიც ატარებდა მწერალთა ახალი ნაწარმოებების კითხვა-განხილვას, მწერალთა ლექცია-მოხსენებებს. იყო ასევე ქართული ტექსტების რუსულად მთარგმნელთა საზოგადოება ბაქოში. მწერლობის პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად საჭირო გახდა ყველა ამ ორგანიზაციის გაერთიანება ერთ კავშირში, რის გამოც, 1917 წელს გადაწყდა მწერალთა კავშირის შექმნა.

1917 წლის 8 ოქტომბერს, სასახლის ქუჩაზე, ქართული კლუბის დარბაზში გაიხსნა ქართველ მწერალთა კონფერენცია. იგი გახსნა მწერალმა კოტე მაყაშვილმა. დღის წესრიგში იდგა საკითხები:

1. მისალმებანი;
2. მოხსენებები;
3. სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოების ანგარიში;
4. მწერალთა კავშირის დაარსება;
5. მუდმივ ორგანოთა წევრების არჩევნები.

კონფერენციის მეორე სხდომაზე გადაწყდა „ქართველ მწერალთა საზოგადოების კავშირის“ შექმნა. მასში უნდა გაერთიანებულიყო მანამდე არსებული ყველა შემოქმედებითი ორგანიზაცია, მათ შორის ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის ორგანიზაცია, „შოთას საზოგადოება“ და სხვ. დამფუძნებელმა კონფერენციამ საჭიროდ ცნო ისეთი ჟურნალის გამოცემა, სადაც დაიბეჭდებოდნენ ყველა ლიტერატურული მიმართულების მწერლები. პაოლო იაშვილმა წინადადება წამოაყენა რუსთაველის ძეგლის აგებისა და ქართული ხელოვნების სადღესასწაულოდ ერთი დღის გამოყოფისათვის. კონსტანტინე გამსახურდიას წინადადებით, კონფერენციამ მომავალ საბჭოს დაავალა, ეშუამდგომლა ქალაქის გამგეობის წინაშე, რათა გოლოვინის პროსპექტს დარქმეოდა შოთა რუსთაველის სახელი. სამსონ დადიანის წინადადადებით, რუმინეთიდან უნდა გადმოესვენებინათ პოეტ ბესარიონ გაბაშვილის, პეტროგრადიდან კი გრიგოლ აბაშიძის ნეშტი. კონფერენციამ მისალმებები გაუგზავნა ავადმყოფ კიტა აბაშიძეს, „ვეფხისტყაოსნის“ რუსულ ენაზე მთარგმნელ კონსტანტინე ბალმონტს, ქართველი ხალხისა და ქართული მწერლობის მეგობრებს, ოლივერ უორდროპსა და არტურ ლაისტს, მოწოდებით მიმართა ქართველ ხალხსა და კათალიკოს პატრიარქ კირიონს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი კათალიკოსად არჩევის გამო. კონფერენციამ ფარული კენჭისყრით აირჩია ქართველ მწერალთა კავშირის საბჭოს 10 წევრი: კონსტანტინე გამსახურდია, სამსონ დადიანი, შალვა დადიანი, პაოლო იაშვილი, პავლე ინგოროყვა, დავით სულიაშვილი, კოტე მაყაშვილი, აკაკი პაპავა, ტიციან ტაბიძე, ლეო ქიაჩელი. კონფერენცია დახურა ნიკო ნიკოლაძემ, რომელმაც ქართველ მწერლებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

22 ოქტომბრის სხდომაზე მწერალთა კავშირის ათკაციანმა საბჭომ თავმჯდომარედ კოტე მაყაშვილი აირჩია, რომელიც ამ თანამდებობაზე 1926 წლამდე იმყოფებოდა. თავმჯდომარის ამახანაგად აირჩიეს და ამ თანამდებობაზე 1917-1920 წლებში მუშაობდა შალვა დადიანი, მოლარედ - დავით სულიაშვილი. მწერალთა ჟურნალის სარედაქციო კომისიის შემადგენლობაში აირჩიეს აკაკი პაპავა და ლეო ქიაჩელი, მდივნად იოსებ გრიშაშვილი. სარევიზიო კომისიაში შევიდნენ: არტემ ახნაზაროვი, გიორგი მუმლაძე და ლევან მეტრეველი.

1919 წლის 16 ივნისს მწერალთა საბჭოს სხდომამ, რომელიც სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შენობაში ჩატარდა, განიხილა საკითხები:

1. მემორანდუმის გაგზავნა მთავრობისათვის მწერალთა ფონდის შესაქმნელად
2. რესტორან „ანონაში“ მხატვრული კლუბის გახსნა;
3. ევროპაში მწერლების გაგზავნა.

მალე მწერალთა კავშირმა ქალაქის გამგეობისაგან შეიძინა რესტორანი „ანონა“ და იქ მოაწყო კაფე-რესტორანი და კლუბი „ქიმერიონი“. კაფე მოხატეს რუსმა მხატვარმა სერგეი სუდეიკინმა, ახალგაზრდა ქართველმა მხატვრებმა - ლადო გუდიაშვილმა და დავით კაკაბაძემ, ასევე კირილე ზდანევიჩმა და პოლონელმა მხატვარმა, ზიგმუნდ ვალიშევსკიმ.

1920 წლის 4 აპრილს გაიხსნა ქართველ მწერალთა კავშირის მეორე კონფერენცია. კონფერენციის თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკო ნიკოლაძე, თავმჯდომარის ამხანაგებად: ივანე გომართელი და პეტრე მირიანაშვილი. პრეზიდიუმში ისხდნენ საპატიო თავმჯდომარეები: შიო არაგვისპირელი, ვასილ ბარნოვი, დავით კლდიაშვილი და დუტუ მეგრელი. საანგარიშო მოხსენება წაიკითხა ქართველ მწერალთა კავშირის საბჭოს თავმჯდომარემ კ. მაყაშვილმა. კონფერნციამ შეცვალა წესდების ზოგიერთი პუნქტი: ქართველ მწერალთა საზოგადოების კავშირს ეწოდა „მწერალთა კავშირი“, გადაწყდა, კონფერენციები ჩატარებულიყო ყოველ წელს; ქართველ მწერალთა დღეს, ტიციან ტაბიძის წინადადებით, დაერქვა „პოეზიის დღე“. ამ დღის აღნიშვნა უნდა მომხდარიყო ყოველ 7 მაისს. ამ გადაწყვეტილებამდე, 1919 წლის 28 აგვისტოს, ქართული კლუბის ბაღსა და საზაფხულო დარბაზში გაიმართა ქართველ მწერალთა პირველი სადღესასწაულო შეკრება. პოეზიის დღეს მთელ საქართველოში დღესასწაულობდნენ. 1920 პირველად აღინიშნა ეს დღე და გამოიცა ერთდროული გაზეთი „პოეზიის დღე“. მეორე კონფერენციამ დაავალა საბჭოს, შეედგინა საავტორო უფლებების დაცვის წესები, გამოეცხადებინა პრემიები, ეზრუნა მწერლებისათვის აგარაკების ასაშენებლად, ევროპაში მათ გასაგზავნად, მწერალთა პენსიების დასანიშნად და სხვ. კონფერენციამ მწერალთა კავშირის ახალი საბჭო აირჩია, რომელშიც შევიდნენ: ალ აბაშელი, ი. აგლაძე, ი. გომართელი, ი. გრიშაშვილი, პ. იაშვილი, ვ. კოტეტიშვილი, ნ. ლორთქიფანიძე, კ. მაყაშვილი, ს. თავაძე, ა. პაპავა, ვ. რუხაძე, ტ. ტაბიძე, ლელი ჯაფარიძე. თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს კ. მაყაშვილი, მის ამხანაგებად, მდივნად და ხაზინადრად: ნიკო ლორთქიფანიძე, აკაკი პაპავა, ალექსანდრე აბაშელი (ისაკ ჩოჩია) და ტიციან ტაბიძე.

1920 წლის 10 ივნისს სახელმწიფო ოპერის თეატრში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძისა და იოსებ გრიშაშვილის საღამოები. ამავე წელს (24 მაისს) მოეწყო აშუღი პოეტის ჰაზირას საღამო. 1921 წლის 27 იანვარს პოეტების ჯგუფმა გალაკტიონ ტაბიძე „პოეტების მეფედ“ გამოაცხადა საკონკურსოდ წარდგენილი ლექსისათვის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“. საქართველოს მწერალთა კავშირმა არსებობა გააგრძელა საბჭოთა პერიოდში. სამწუხაროდ, ამ წლებში ის ტოტალიტარული რეჟიმის ხელში „იდეურად არაკეთილსაიმედო“ მწერლების დამსჯელ იარაღად იქცა. (დოდო ჭუმბურიძე)


ლიტერატურა

  • რ. კვერენჩხილაძე, საქართველოს მწერალთა კავშირი, 1917-1982, თბ., 1983;
  • გაზ. „ერთობა“, წ-ის 4 აპრილი 1920;
  • გაზ. „სახალხო საქმე“, 1919, №550.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები