ქართლის ბაგრატიონები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართლის ბაგრატიონები

ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის პირადი გერბი

სარჩევი

შაჰინშაჰთა მიერ ქართლის მმართველებად დადგენილი ბაგრატოვანნი (1569-1749 წწ.)

სეფიანთა ანუ სეფევიდთა დინასტიის მმართველობის (1501-1722 წლები) პერიოდში სპარსეთის იმპერიის სახელმწიფო და სამხედრო ასპარეზზე ბაგრატიონები წარმატებით მოღვაწეობდნენ. ისინი სისტემატურად იკავებდნენ მაღალ თანამდებობებს, რომელთა შორისაც იყო: ისპაჰანისა და სხვა ქალაქების ტარუღა (ქალაქისთავი, მოურავი), დივანბეგი/მდივანბეგი (მსაჯული), ბეგლარბეგი (პროვინციის გამგებელი), ამირსპასალარი (მთავარსარდალი), სპასალარი (სარდალი), ყულარაღასი (შაჰინშაჰის პირადი გვარდიის, ყულის, ანუ მონათა ჯარის სარდალი), თოფჩიბაში (არტილერიის სარდალი) და სხვ.

შაჰინშაჰები ნიშნავდნენ მათივე დაქვემდებარებაში მყოფ განაპირა მხარეთა მმართველებს, რომლებსაც ეწოდებოდათ „ვალი“ („დამცველი“). ვალის გააჩნდა საკუთარი ადმინისტრაციული აპარატი, მმართველობის ორგანოები, კანონმდებლობა, ბიუჯეტი, საგადასახადო სისტემა და ვასალებიც ჰყავდა.

სპარსეთის ვალიებს შორის იყო „გორჯესთანის“ ვალიც. ეს ინსტიტუტი თავისი კლასიკური სახით XVII საუკუნის 30-იან წლებში ჩამოყალიბდა. გამუსლიმებული მმართველის დასმა სპარს მოხელეობას ნიშნავდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვალის ინსტიტუტის შემოღებამდე, ქართლის მმართველნი მოიხსენიებოდნენ „მოლქ-ი მოურუსებად“, რაც მათ მემკვიდრეობით მფლობელობაზე მიანიშნებდა.

ქართლის სამეფოს გერბი (ვახუშტი ბატონიშვილის ალბომიდან)

ტერმინებში: „მოლქ-ი მოურუს“ და „ვალი-ე გორჯესთან“ სპარსელები მოიაზრებდნენ მემკვიდრეობით მმართველს აღმოსავლეთ საქართველოსას, კერძოდ, ქართლისას (თბილისითურთ) და კახეთისას. როდესაც ქართლ-კახეთი ერთიან სამეფოს წარმოადგენდა, მას ერთი ვალი ჰყავდა, რომელსაც „ვალი-ე გორჯესთან“ ეწოდებოდა. ამ სახელმწიფოს ორად დაშლის პერიოდში ქართლსა და კახეთს ჰყავდა დამოუკიდებელი ვალიები, რომელთაგან პირველს ერქვა „ვალი-ე გორჯესთან ქართილ“, ხოლო მეორეს „ვალი-ე გორჯესთან კახით“ ეწოდებოდა.

სეფიანთა სახელმწიფოში ვალის სამოხელეო ინსტიტუტს გამორჩეული ადგილი ეკავა, რაც მკაფიოდ არის განსაზღვრული სპარსულ იურიდიულ ადმინისტრაციულ ტრაქტატებში.

ვალი განეკუთვნებოდა დიდ ამირათა რიცხვს, ატარებდა „მაღალადგილოვანის“ წოდებას და უფლებრივად და მდგომარეობით აღემატებოდა დანარჩენ „მენაპირე ამირებს“, რომელთა შორის ცალკეულ პროვინციათა სულთნები, ხანები და ბეგლარბეგები იყვნენ.

ვალიებს შორის უპირველესი ადგილი ეკავა არაბისტანის (ხუზისტანის) ვალის, ვინაიდან მისი მმართველობის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის რაოდენობა დანარჩენი ვალიების ქვეშევრდომთა რიცხვს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. მეორე ადგილზე იდგა ლურისტანის ვალი, რომელიც ისლამური სარწმუნოების ერთგულების გამო აღემატებოდა ვალიების რიგში მის შემდეგ მყოფ გორჯესთანის ვალის (ანდა ორად გაყოფილი გორჯესთანის - ქართლისა და კახეთის ვალიებს). მათ შემდეგ ქურთისტანის ვალი მოდიოდა.

მართალია, სისტანისა და ბახთიარის ოლქების მმართველებს ვალის ტიტული არ ჰქონდათ, მაგრამ ისინი არსებითად ვალიების მოვალეობას ასრულებდნენ. ზოგჯერ ლურისტანისა და ქურთისტანის მმართველებს ვალიზე შედარებით დაბალი, ბეგლარბეგის ტიტულით იხსენიებდნენ.

მართალია, შაჰინშაჰის მიერ დადგენილ ვალიებს შორის გორჯესთანის ვალი მესამე ადგილზე იდგა, მაგრამ მისი ფაქტობრივი მდგომარეობა მენაპირე მმართველთა შორის ზოგჯერ გაცილებით მნიშვნელოვანი გახლდათ. იგი იყო ნამდვილი ვალი, ამ ინსტიტუტისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისებით.

ყოველივე ეს იმან განაპირობა, რომ სეფიანმა შაჰინშაჰებმა, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლეს აღმოსავლეთ საქართველოს ინკორპორაცია, სამამულო მიწათმფლობელობის ამოძირკვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ლიკვიდაცია ადგილობრივი დინასტიისა, რომლის წარმომადგენელნიც მართვა-გამგებლობის არაერთ სფეროში დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ახერხებდნენ. ამას ისიც ემატებოდა, რომ სეფიანთა სახელმწიფოს საფინანსო ნუსხაში არათუ არ აღირიცხებოდა წლიური შემოსავალი გორჯესთანის ვალისა, არამედ მას სახელმწიფო ხაზინიდან ყოველწლიურ ჯამაგირსა და შიდა სპარსეთში მდებარე სოფლებსაც კი აძლევდნენ. ეს, დანარჩენი ვალიებისგან განსხვავებით, ბაგრატოვან ვალის პრივილეგიურ მდგომარეობაში აყენებდა. იგი შაჰინშაჰს ძღვნად რამდენიმე გოგო-ბიჭსა და ღვინოს უგზავნიდა (არარეგულარულად). შაჰინშაჰის კარზე მყოფ ბაგრატოვან ვალისა და მის ნათესაობას საპატიო სტუმრის სტატუსით იღებდნენ და მეჰმანდარს (მესტუმრეს) უნიშნავდნენ.

აღმოსავლეთმცოდნე კარლო კუციას მართებული დასკვნით: „გორჯესთანის ვალის რეალური სტატუსი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ამას სპარსეთის ოფიციალური თვალსაზრისი აღიარებდა. ამას კი აპირობებდა ქართველ ბაგრატიონთა პოლიტიკური როლი და გავლენა კავკასიის რეგიონსა და სეფიანთა სახელმწიფოში“.

იმ ბაგრატიონს, რომელსაც „მოლქ-ი მოურუსის“ ანდა „ვალის“ ტიტული ჰქონდა მინიჭებული, საქართველოს მოსახლეობა მეფედ აღიქვამდა. ეს ბუნებრივიც არის, ვინაიდან ამ დინასტიის წარმომადგენელთა მმართველობა ჩვენს ქვეყანაში ათას წელიწადს გრძელდებოდა.

„მოლქ-ი მოურუსის“ ანდა „ვალის“ თანამდებობაზე დამტკიცების წინაპირობად შაჰინშაჰები ბაგრატოვანთაგან მაჰმადიანურ სარწმუნოებაზე გადასვლას ითხოვდნენ. მაგალითად, ამ ტიტულთა მქონე ყველა პირი, რომლებსაც ეს თანამდებობა ქართლში 1569-1578, 1615-1630 და 1633-1743 წლებში ეკავათ, მუსლიმური აღმსარებლობის იყვნენ. ბაგრატოვან მმართველთა მუსლიმობა ხშირად ატარებდა ფორმალურ ხასიათს და ისინი შინაგანად ქრისტიანებად რჩებოდნენ.

გამაჰმადიანებულ ბაგრატიონთაგან პირველი, რომელიც შაჰინშაჰმა მოლქ-ი მოურუსის თანამდებობაზე დაადგინა, იყო დაუთ-ხანი, იგივე დავით XI (1540-1582), რომელიც ქართლს 1569-1578 წლებში განაგებდა. ამით იგი განსხვავდებოდა თავისივე უფროსი ძმის - სვიმონ I-ისგან (1537-1611), რომელიც ქართლში 1556-1569 და 1578-1600 წლებში მეფობდა და სპარსეთში ტყვედ ყოფნისას იძულებით გამუსლიმების (1678 წ.) მიუხედავად, ქრისტიანობა სამშობლოში დაბრუნებისთანავე დაიბრუნა.

ვახუშტი ბატონიშვილი გვაუწყებს: „ხოლო იხილა რა ძმამან მეფის სვიმონისამან დავით სპარსთაგან ძლევა ესე, წარვიდა სპარსეთად, რამეთუ იყო ხორცთმოყვარე, მეძავ-განმცხრომელ და იქმნა გამცემელ ქვეყნისა და მივიდა წინაშე ყაენისა. ამას პატივ-სცა შაჰ-თამაზ და ჰყო მაჰმადიანად, უწოდა დაუთ-ხან და ძედ თვისად უხმობდა, მისცა ჯილდო - 200 თუმანი, ხალათად კაბა, სარტყელი და ტყავი სამურითა, ოქროქსოვილნი, თაჯი, ხრმალი, ხანჯალი, საბუხარი, მარგალიტისა და ცხენი აღკაზმული ოქროთი, ყოველნი მოოჭვილნი თულებითა, სურა და თასი ოქროსი (რომელი შემდგომად დაიდვა და მოსცემდნენ მეფეთა ქართლისათა), წარმოავლინა მეფედ ქართლისად სპითა დიდითა, შემოვიდა ტფილისს“.

თბილისში მჯდარ ვალის უფლება ჰქონდა, თავზე გვირგვინი (თაჯი, ჯიღა) დაედგა. ვახუშტისავე განმარტებით, „თაჯი არს გვირგვინი მათი, რომელსა დაახვევენ დოლბანდსა მძიმედ ოქროქსოვილსა და ჯიღითა თორმეტითა შეამკობენ“.

1578 წელს სამშობლოში დაბრუნებულმა სვიმონ I-მა მეფობა განაგრძო. ქართლში შემოჭრილ ოსმალოებს იგი თავდადებით ებრძოდა. 1588 წელს ის იძულებული გახდა, რომ ოსმალეთის სულთნის უზენაესობა ეცნო. შემდგომში მან განაახლა ბრძოლა ოსმალებთან, რომლებმაც 1600 წელს სვიმონი ტყვედ ჩაიგდეს და გადაიყვანეს დედაქალაქში, სადაც მეფე პატიმრობაში გარდაიცვალა.

1600 წლიდან ქართლს განაგებდა სვიმონ I-ის ვაჟი, ქრისტიანი მეფე გიორგი X (1560-1606), ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი ვაჟი - ლუარსაბ II (1592-1622), რომელიც 1614 წლამდე მეფობდა. ვინაიდან ამ უკანასკნელმა მაჰმადიანობის მიღებაზე მტკიცე უარი განაცხადა, შაჰ-აბას I-ის (მეფობდა 1587-1629 წლებში) ბრძანებით, იგი სიკვდილით დასაჯეს, რის შემდგომაც ქართულმა ეკლესიამ ლუარსაბი წმინდანად შერაცხა.

1615 წლიდან შაჰ-აბას I-მა ქართლის მმართველად დაადგინა ზემოხსენებული დაუთ-ხანის ვაჟი, ბაგრატ-ხანი (1569-1619), იგივე ბაგრატ VII. მისი გარდაცვალების შემდეგ, მამისეული თანამდებობა გადასცეს მის ვაჟს, სვიმონ-ხანს, იმავე სვიმონ II-ს.


ქართლში მუსლიმ ბაგრატიონთა ხანგრძლივი მმართველობა პირველად მაშინ შეწყდა, როდესაც სვიმონ II-ის მოკვლის (1630 წ.) შემდეგ, სეფი I-მა (მეფობდა 16291644 წლებში) სამეფოს მმართველად დაადგინა ქრისტიანული სარწმუნოების მტკიცედ დამცველი, კახეთის მეფე თეიმურაზ I. ამის დამადასტურებელი სიგელი თეიმურაზს 1631 წლის 14 მაისს გადასცეს. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართლის სამეფოს მნიშვნელოვან ნაწილს (კერძოდ, შიდა ქართლს, გარდა თბილისისა) თეიმურაზი მანამდეც აკონტროლებდა.

სეფიმ II-მ ორი წლის შემდეგ ქართლის სამეფო ჩამოართვა თეიმურაზ I-ს და 1633 წელს გადასცა გამაჰმადიანებულ ბაგრატიონ ხოსრო-მირზას (1565-1658), იმავე როსტომ I-ს, რომელიც იყო მხევლისგან დაბადებული ვაჟი ზემოხსენებული დაუთ-ხანისა. იგი გახდა ვალის ტიტულის პირველი მფლობელი ბაგრატიონ ხელმწიფეთაგან, რომლებიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, მანამდე „მოლქ-ი მოურუსებად“იწოდებოდნენ.

ამის შემდეგ ქართლს განაგებდნენ როგორც მაჰმადიანი ბაგრატიონები (ქართლის ან კახეთის შტოდან), ასევე შაჰინშაჰების მიერ დროებით, არამემკვიდრეობით მმართველებად დადგენილი მუსლიმი უცხოტომელი (სპარსი, ყიზილბაში და სხვ.) ხანები, ანდა ქართლის წარჩინებულ საგვარეულოთა წარმომადგენლები.

მუსლიმ ბაგრატიონთა მმართველობა ქართლში მეორედ მაშინ დაირღვა, როდესაც ვახტანგ V-ის გარდაცვალების (1675 წ.) შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში გამგებლობდა მისი ვაჟი - გიორგი XI, რომელიც იმხანად ქრისტიანი იყო. ასევე ქრისტიანები იყვნენ გიორგი XI-ის ძმისწულები - ვახტანგ VI და სვიმონი, როდესაც ქართლში 1704-1712 და 1712-1714 წლებში გამგებლობდნენ. აქვე დავძენთ, რომ მოგვიანებით ვახტანგ VI მაინც იძულებული გახდა გამაჰმადიანებულიყო

მუსლიმთა ხანგრძლივი მმართველობა ქართლში სამუდამოდ დასრულდა 1744 წლის დასაწყისიდან, როდესაც სპარსეთის მბრძანებელმა ნადირ-შაჰ აფშარიანმა (მეფობდა 1736-1747 წლებში) ტიტული „ვალი-ე გორჯესთან ქართილ“ - ქრისტიან თეიმურაზ II-ს (1700-1762) უბოძა.

ისლამი ასევე მიღებული ჰქონდათ კახეთის მმართველის თანამდებობაზე XVII საუკუნიდან XVIII საუკუნის ორმოციან წლებამდე მყოფ ბაგრატიონებსაც (კახეთის ან ქართლის შტოდან), რომელთა შორისაც იყვნენ: კონსტანტინე I, იგივე კონსტანტინე-მირზა (მეფობდა 1605 წელს), იესე I/ისა ხანი (მეფობდა 1614-1615 წლებში), როსტომ I/როსტომ-ხანი (ქართლ-კახეთში მეფობდა 1648-1656 წლებში), არჩილი/შაჰ-ნაზარ-ხანი (მეფობდა 1664-1675 წლებში), ერეკლე I/ ნაზარ-ალი-ხანი (კახთა მეფედ ითვლებოდა 1703-1709 წლებში), დავით II/იმამ-ყული-ხანი (მეფობდა 1709-1722 წლებში), კონსტანტინე II/მაჰმად-ყული-ხანი (მეფობდა 1722-1732 წლებში) და ალექსანდრე III/ალი-მირზა, რომელიც კახეთში 1735-1737 წლებში მეფობდა.

ზემოხსენებულთა გარდა, კახეთს დროგამოშვებით (1616-1625, 1656-1664 და 1677-1703 წლებში) განაგებდნენ შაჰინშაჰთა მიერ დროებით, არამემკვიდრეობით მმართველებად დადგენილი სხვადასხვა ეროვნების (სპარსი, ყიზილბაში და სხვ.) ხანები: ფეიქარ ხან ზიად ოღლი ყაჯარი, სელიმ-ხან შამს ედდინლუ, მურთუზ-ალი-ხანი, ბეჟან-ხანი, აბას-ყული-ხანი, ქალბ-ალი-ხანი და სხვები.

კახეთის მეფეთა დაუმორჩილებლობით გაღიზიანებული შაჰინშაჰები ამ მხარეს ზოგჯერ ორ ნაწილად გაყოფდნენ და სხვადასხვა მფლობელს გადასცემდნენ.

1616 წელს კახეთში შემოჭრილმა შაჰ-აბას I-მა მდინარე ივრის დასავლეთით მდებარე ტერიტორია გადასცა ქართლის ვალის თანამდებობაზე დადგენილ მუსლიმ ბაგრატ VII-ს, ხოლო ივრის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია - განჯის ბეგლარბეგს, ზემოხსენებულ ფეიქარ ხანს. ის კახეთის ამ ნაწილს მანამდე განაგებდა, სანამ მარტყოფის ბრძოლის (1625 წ.) შემდეგ ეს მხარე არ დაიბრუნა მისმა კანონიერმა მფლობელმა თეიმურაზ I-მა.

1660 წელს მომხდარი ბახტრიონის აჯანყების შემდეგ, შაჰ-აბას II-მ კახეთი ორ ნაწილად გაყო. უმეტესი ნაწილი მან გადასცა ყარაბაღის ბეგლარბეგ მურთაზა ყული ხან ზიად ოღლი ყაჯარს, ხოლო დანარჩენი ნაწილი - ნახიჭევანის მმართველ ალი ყული ხან ქენერ ოღლუს. ვინაიდან ეს უკანასკნელი არასათანადო ყურადღებას იჩენდა კახეთში ჩასახლებული ელებისადმი, მას კახეთის ნაწილი ჩამოართვეს და მურთაზა ყული ხანს გადასცეს. აქვე უნდა ითქვას, რომ გარდა იმ ციხეებისა, სადაც ხანის მორჩილებაში მყოფი სპარსთა გარნიზონი იდგა, კახეთის დანარჩენ ნაწილს ვახტანგ V განაგებდა.

კახეთში მუსლიმ მმართველთა (ბაგრატოვანთა ან უცხოტომელთა) გამგებლობის ხანა დროებით მხოლოდ 1732 წლის მიწურულიდან დაირღვა, როდესაც ოსმალთა მიერ კონსტანტინე II-ის მოკვლის შემდეგ, ამ სამეფოს გამგებლობას ქრისტიანული სარწმუნოების მტკიცედ დამცველი თეიმურაზ II (1700-1762) შეუდგა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ნადირ-შაჰ აფშარმა თეიმურაზს 1736 წელს ჩამოართვა კახეთის სამეფო და გადასცა მისივე მაჰმადიან ძმისწულ ალი-მირზას, იმავე ალექსანდრეს, რომელიც 1735 წლიდან ქართლის ვალის თანამდებობაზე ჰყავდა დადგენილი. ეს უკანასკნელი გარდაცვალებამდე (1737 წ.) მეფობდა. იგი იყო ვაჟი კახეთის მეფე დავით II-ისა, რომელსაც იმამ-ყული-ხანის სახელით იხსენიებდნენ. ამის შემდეგ კახეთის სამეფო ტახტი დაიბრუნა თეიმურაზ II-მ, რომელიც 1744 წლიდან ქართლში გამეფდა. ასე რომ, მაჰმადიან ბაგრატოვანთა მმართველობა კახეთში 1737 წლიდან სამუდამოდ დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართლისა და კახეთის ვალის თანამდებობები ნადირ-შაჰმა 1744 წლიდან უბოძა მამა-შვილს - თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს (1720-1798), აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური დამოკიდებულება სპარსეთზე 1748 წლის ჩათვლით გრძელდებოდა. ამ წელს ერეკლე II-მ უკანასკნელად გაუგზავნა ხარკი შაჰინშაჰად მყოფ აფშარიანთა დინასტიის წარმომადგენელს, სოლთან იბრაჰიმს (მეფობდა 1748 წელს), რომელიც ნადირ-შაჰის ძმისწული და ადილ-შაჰის (მეფობდა 1747-1748 წლებში) ძმა გახლდათ. ხარკი შედგებოდა ასიოდე ქართველი მეომრისგან, რომელთაც ყულის ჯარში უნდა ემსახურათ და ასევე, რამდენიმე ყმაწვილი ქალისგან. ეს ხარკი ერეკლე II-მ იმიტომ გაიღო, რომ მამამისი იმხანად შაჰინშაჰის კარზე იმყოფებოდა. 1749 წელს თეიმურაზ II სამშობლოში დაბრუნდა და ქართლის მეფობა განაგრძო.

იმდროინდელ სპარსეთში დაწყებული შინააშლილობით ქართლისა და კახეთის მეფეებმა მოხერხებულად ისარგებლეს, 1749 წელს ყიზილბაშთა გარნიზონი თბილისიდან განდევნეს და რეალური დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ვალის ინსტიტუტიც, ფაქტობრივად, მხოლოდ ამის შემდეგ მოისპო.

ამის მიუხედავად, სპარსეთის მმართველი ელიტა ტრადიციულად ვალიებად მიიჩნევდა როგორც თეიმურაზ II-ს, ასევე ერეკლე II-საც, თუმცა ეს გამომდინარეობდა უკვე სპარსთა სურვილიდან და არა არსებული რეალობიდან

XVIII საუკუნის შუა ხანებიდან ქართველი მეფენი საკუთარ თავს თვლიდნენ დამოუკიდებელ მონარქებად, რაც მათივე მეფობისას მოჭრილ მონეტებზეც აისახა. კერძოდ, სპარსეთის შაჰინშაჰად წოდებული ბოლო მონარქი, რომლის სახელიც თბილისში 1749-1750 წლებში მოჭრილ ვერცხლის მონეტებზე აღიბეჭდა, იყო ნადირ-შაჰის შვილიშვილი შაჰ-როხი, რომელიც 17481795 წლებში რეალურად მხოლოდ ხორასანს განაგებდა.

მეფე როსტომ I (დონ კრისტოფორო დე კასტელის ნახატი). მან იშვილა თავისი შორეული ნათესავი, მუხრანელი ბაგრატიონი ვახტანგი, მომავალში მეფე ვახტანგ V, იგივე შაჰ-ნავაზ I

1751 წლიდან ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამდე, თბილისში მოჭრილ მონეტებზე სპარსეთის არც ერთი მბრძანებლის სახელი აღარ აღბეჭდილა.

ქართლის ბაგრატოვანი მეფენი და გამგებელნი (1633-1762 წწ.)

როსტომ I, იგივე როსტომ ხანი

1633 წლის დასაწყისში შაჰინშაჰმა სეფი I-მა (მეფობდა 1629-1642 წლებში) ქართლის ვალის თანამდებობაზე დაადგინა მუსლიმი ბაგრატიონი ხოსრო-მირზა (1565-1658), რომელიც იმავე წლის 18 თებერვალს თბილისში ჩამოვიდა და დაკისრებული მოვალეობის აღსრულებას შეუდგა.

გორჯესთანის ვალის ტიტულის მიღებამდე ხოსრო-მირზა შაჰინშაჰის პირადი გვარდიის ყულარაღასი (სარდალი) და ისპაჰანის ტარუღა იყო.

ბერი ეგნატაშვილი გვაუწყებს: „ხოსრო-მირზას მისცა ყაენმან ქართლი და უწოდა როსტომ-ხან“.

როსტომ I იყენებდა საბეჭდავებს მხედრული წარწერებით: 1) „როსტომ“; 2) „აენის ფეხთა მტუერი, როსტომ მეფე ვამტკიცებ“.

უშვილო როსტომმა იშვილა და სამეფო ტახტის მემკვიდრე უფლისწულად გამოაცხადა თავისივე შორეული ნათესავი პირდაპირი ხაზით, ბახუტა, იგივე ვახტანგი (1598-1675), უფროსი ვაჟი თეიმურაზ მუხრანბატონისა (1580-1629), რომელიც ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის შთამომავალი გახლდათ.

1658 წლის 17 ნოემბერს, 93 წლის როსტომ I თბილისში გარდაიცვალა.

ვახტანგ V, იგივე შაჰ-ნავაზ I

ვახტანგი, რომელსაც გამაჰმადიანების შემდეგ შაჰ-ნავაზი უწოდეს, ქართლში 16581675 წლებში მეფობდა. ქართულ ისტორიოგრაფიაში იგი ცნობილია როგორც ვახტანგ V, თუმცა ზოგჯერ იხსენიებენ შაჰ-ნავაზ I-ის სახელითაც, რასაც საფუძველი ვახუშტი ბატონიშვილმა ჩაუყარა

ბერი ეგნატაშვილის ცნობით, ვახტანგი იყო „საქმის ხელ-გამომავალი, მხნე და ახოვანი და გამარჯუებული“.

ვახტანგს ჰყავდა ექვსი ვაჟი: არჩილი (1647-1713), გიორგი (1651-1709), ლევანი (1652/56-1709), ალექსანდრე, ლუარსაბი და სოლომონი.

ვახტანგ V საკმაოდ დამოუკიდებელ საშინაო პოლიტიკას წარმართავდა და საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა. მან მოაკვლევინა კახეთის ფაქტობრივი გამგებელი ზაალ არაგვის ერისთავი და ეს სამეფო თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია.

საქართველოს სამომავლო გაერთიანებისთვის საფუძვლის ჩასაყრელად, ვახტანგმა თავისი უფროსი ვაჟი არჩილი 1661 წელს იმერეთში გაამეფა.

1663 წელს შაჰინშაჰმა აბას II-მ (მეფობდა 1629-1642 წლებში) არჩილი სპარსეთში დაიბარა, სადაც მას მაჰმადიანობა მიაღებინა და შაჰ ნაზარ-ხანის სახელით, კახეთის ვალის თანამდებობაზე დაადგინა. იგი კახეთში 1664-1675 წლებში მეფობდა.

1675 წლიდან არჩილი კვლავ იმერეთში გადავიდა, სადაც 1678-1698 წლებში დროგამოშვებით მეფობდა. იგი ქართულ ისტორიოგრაფიაში ბოლო ხანებამდე არჩილ II-დ იწოდებოდა. ამასთან დაკავშირებით გამოვთქვით მოსაზრება, რომ ვინაიდან ასეთი სახელის მქონე მეფეს მანამდე არც იმერეთში უმეფია და არც კახეთში, ის უნდა იწოდებოდეს არჩილ I-ად („ისტორიანი“, #83).

ვინაიდან არჩილს, როგორც იმერეთისა და კახეთის მეფედყოფილს, პრეტენზიები ჰქონდა ამ სამეფოებზე, ის ქართლის მეფობის კანდიდატად აღარც განიხილებოდა.

ქვეყნის გაერთიანების მამულიშვილური გეგმის განსახორციელებლად, ვახტანგ V მოხერხებულად იყენებდა დინასტიურ ქორწინებებს სამთავრო საგვარეულოებთან, რაც წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენდა. მან თავის ვაჟ ლევანს ცოლად მოაყვანინა თუთა ქაიხოსროს ასული გურიელი, ხოლო ოდიშის მთავრად დასვა თავისი მომხრე ლევან III დადიანი, რომელსაც ცოლად საკუთარი ძმისწული თამარი შერთო. ვახტანგს მორჩილება აფხაზთა მთავარმაც აღუთქვა“

ბერი ეგნატაშვილი გვაუწყებს: „მეფობდა მეფე შაჰნავაზ სამთავე სამეფოთა: ქართლსა, კახეთსა და იმერეთსა ზედა, ესრეთ განადიდნა და აღემატა მეფობა და სიმდიდრე მისი საქართველოსა შინა“

ვახტანგ V იყენებდა საბეჭდავებს მხედრული წარწერებით: 1) „ქ. ღთითა შაჰაბაზის ფეხთა მტვერი, ძე მეფე როსტომისა ვახტანგ, ქორონიკონს ტმვ“; 2) „შაჰნავაზ“; 3) „ქ. ნებითა ღთისათა, ბჭითა შაჰაბაზისთა, ვამტკიცებ მეფე შანავაზ“; 4) „ყაენის ფეხთა მტვერი, შაჰნავაზ მეფე ვამტკიცებ“; 5) „დავითის ტომად მეფედ ვზი სპასალარადსახელდებული, ვახტანგ“.

ქართლის ვალის მოღვაწეობით დაეჭვებულმა სულეიმან I-მა, იმავე სეფი II-მ (მეფობდა 1666-1694 წლებში), ვახტანგი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა. ისპაჰანს მიმავალი მეფე გზაში გარდაიცვალა.

ქართლის უფლისწული გიორგი ვახტანგის ძე, მომავალი მეფე გიორგი XI, უმცროსი ძმა იმერთა და კახთა მეფე არჩილ I-ისა

საქართველოში ოდითგან არსებული წესის თანახმად, ქართლის სამეფო ტახტი ეკუთვნოდა ვახტანგ V-ის უფროს ვაჟს, არჩილს, თუმცა ზემოხსენებული მიზეზების გამო, მეფობისთვის მისი მომდევნო ძმა, გიორგი (1651-1709) შეარჩიეს.

გიორგი XI

1675 წელს, ისპაჰანს მიმავალმა ვახტანგ V-მ ქართლის გამგებლობა ჩააბარა თავისი ვაჟს, გიორგის. ქართლის მეფეთა ქრონოლოგიური რიგის მიხედვით, იგი გამოდის გიორგი XI და ისტორიოგრაფიაში ასეც იხსენიება. გამგებლობის პერიოდში, კერძოდ, 1675-1676 წლებში, ის ქრისტიანად რჩებოდა.

ბერი ეგნატაშვილის შეფასებით, გიორგი იყო „ძლიერი გოლიათებრ, სამხედროთა საქმეთა სრული და ხელგამომავალი. და ასეთი სიტყუა ჰქონდა, მტერი მოყურად შეცვალის“.

უფლისწულობისას გიორგი იყენებდა საბეჭდავს წარწერით: „გიორგი მირზა“.

ვახტანგ V-ის გარდაცვალებისთანავე შაჰინშაჰმა თავისთან დაიბარა ქართლის სამეფო ტახტის მემკვიდრე და გამგებელი გიორგი, რათა ვალის თანამდებობაზე დაედგინა.

1676 წელს გიორგი XI ისპაჰანს გაემგზავრა და სამეფო თავის მომდევნო ძმას, ლევანს ჩააბარა

ვახუშტი გვაუწყებს: „შემდგომად მამისა თვისისა წილ მოუწოდა ყეენმან გიორგის, ძესა მეფისასა, წინაშე თვისსა, რათა მისცეს ქართლი და მეფობა. მსმენელი გიორგი, ძე მეფისა, წარვიდა წინაშე ყეენისა და დაუტევა ტფილისს გამგედ ქართლისა ძმა თვისი ლევან“.

გიორგი XI-ის უმცროსმა ძმამ ალექსანდრემ, რომელიც იმჟამად ისპაჰანის ტარუღა გახლდათ, მოინდომა ქართლში თავად გამეფებულიყო. შაჰინშაჰი კი აპირებდა, რომ ქართლი ებოძებინა კახი ბაგრატიონის, ერეკლე დავითის ძისთვის (1640-1709).

იმერეთისა და კახეთის მეფედყოფილი არჩილი ახალციხიდან სადგერში (თორის ხეობა) გადავიდა და ქართლის შემომტკიცებას შეუდგა. იგი სამეფოს სპარსეთიდან დაბრუნებული გიორგი XI-ისთვის გადასაცემად ამზადებდა

არეულობის თავიდან ასაცილებლად, სულეიმან I-მა გადაწყვიტა, რომ ქართლის ვალის თანამდებობაზე მისი კანონიერი მემკვიდრე დაემტკიცებინა. მისი მოთხოვნით, გიორგი XI გამაჰმადიანდა. შაჰინშაჰმა მას შაჰ-ნავაზი უწოდა, ვალის ტიტულიც უბოძა და 1677 წელს საქართველოში გამოისტუმრა.

ლევან I

გიორგი XI-ის ჩამოსვლამდე ქართლის სამეფოს 1676-1677 წლებში ანუ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მართავდა მის მიერვე გამგებლად დადგენილი მისი ძმა ლევანი. იგი იყენებდა საბეჭდავს წარწერით: „ლევანისა“.

ლევანის დაბადების თარიღი დღემდე დადგენილი არ არის. ერთი რამ უდავოა: იგი დაიბადა თავისი უფროსი ძმის, გიორგი XIის დაბადების (1651 წ.) შემდეგ. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლევანი 1672 წელს დაოჯახდა, ხოლო იმხანად, იგი არანაკლებ 16 წლისა უნდა ყოფილიყო. ამდენად, ჩვენი ვარაუდით, ის უნდა დაბადებულიყო არაუადრეს 1652 და არაუგვიანეს 1656 წლისა.

ბერი ეგნატაშვილის შეფასებით, „ლევან იყო ბრძენი და მეცნიერი, შორდამნახავი საქმისა და განსწავლული სამეცნიერო წიგნითა“.

ლევანმა შეადგინა „ვედრება“ იოანე ნათლისმცემლის, პეტრეს, პავლესა და სხვა წმინდანებისადმი.

თავის უფროს ძმებთან ერთად, ლევანმა საჭიროდ მიიჩნია ლექსიკური ნორმების დადგენა ქართული ენისა, რათა ის უცხო სიტყვათა მოძალებისგან დაეცვა. 1685 წელს მათ ამ მამულიშვილური საქმის განხორციელება სულხან-საბა ორბელიანს მიანდვეს. ამით ლევანი „ქართული ლექსიკონის“ შედგენის ერთ-ერთ ხელშემწყობად მოგვევლინა.

ქართლის სამეფო ოჯახის წევრთა ნაწილი თვლიდა, რომ მოძალებული ისლამისგან თავის დასაცავად საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენდა ქართველთა გაკათოლიკება, რათა მათ მფარველად რომის პაპი ქცეულიყო. ამ დასს განეკუთვნებოდნენ: გიორგი XI, ლევანი და მისი ვაჟები _ კათოლიკოს-პატრიარქი დომენტი IV და ქაიხოსრო, ასევე, სულხან-საბა ორბელიანიც.

საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერებს ლევანი მფარველობას უწევდა

ამდენად, ლევანი ქართლს დაახლოებით ერთ წელიწადს განაგებდა. ეს იყო მისი პირველი გამგებლობა, რომლის დროსაც იგი ქრისტიანი გახლდათ. მას, როგორც გონიერსა და უნარიან პიროვნებას, სამეფოს გამგებლობა შემდგომ პერიოდშიც ჩააბარეს.

ვფიქრობთ, რომ ლევანს, როგორც ბაგრატოვან მმართველს, შესაბამისი რიგითი ნომერიც უნდა ჰქონდეს. ვინაიდან ამ სახელწოდების მმართველი ქართლში მანამდე არ ყოფილა, ჩვენი აზრით, იგი ლევან I-ის სახელით უნდა მოვიხსენიოთ.

გიორგი XI, იგივე შაჰ-ნავაზ II

1677 წელს ისპაჰანიდან თბილისში დაბრუნდა გიორგი XI, იგივე შაჰ-ნავაზი, რომელიც 1688 წლამდე მეფობდა.

ვინაიდან მანამდე ქართლს უკვე მართავდა აღნიშნული მაჰმადიანური სახელის მქონე ბაგრატოვანი ხელმწიფე, კერძოდ, მისი მამა ვახტანგ V, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, ვახუშტი ბატონიშვილმა შაჰ-ნავაზ I-ად მოიხსენია, აქედან გამომდინარე, ქრონოლოგიური პრინციპის გათვალისწინებით, გიორგი XI გამოდის შაჰ-ნავაზ II.

გიორგი XI იყენებდა საბეჭდავს წარწერით: „მონა ღვთისა, ძე დავითისა გიორგი“. დავითში იგულისხმება ბაგრატიონთა დინასტიის ლეგენდარული მამამთავარი, მეფსალმუნე მეფე.

თავისი გვირგვინოსანი მამის მსგავსად, გიორგიც დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობდა.

სულეიმან I-მა საეჭვოდ მიიჩნია მეფედყოფილი არჩილის კავშირი ახალციხის ფაშასთან, რომელიც ოსმალეთის სულთნის ქვეშევრდომი იყო. შაჰინშაჰმა გიორგი XI-ს მისი ძმის, არჩილის შეპყრობა და სპარსეთში გაგზავნა მოსთხოვა. ეს დავალება არ შეასრულა გიორგიმ, რომელიც სპარსოფილ ფეოდალებს სდევნიდა და ყიზილბაშთა ხელთ ჩავარდნილი კახეთის შეერთებას ცდილობდა.

1688 წელს სულეიმან I-მა გიორგი XI-ს ქართლის ვალის ტიტული ჩამოართვა და უბოძა კახ ბაგრატიონს ერეკლე I-ს, იმავე ნაზარალი-ხანს.

გიორგი XI იმერეთს გაიხიზნა და მეფობის დაბრუნებისთვის იბრძოდა. 1696 წელს ის იძულებული გახდა, შაჰინშაჰთან ჩასულიყო და მორჩილება გამოეცხადებინა.

შაჰინშაჰმა სოლთან ჰუსეინ I-მა (მეფობდა 1694-1722 წლებში) 1703 წელს გიორგი XI დაადგინა სპასალარად და ყანდაარის (ავღანეთი) ბეგლარბეგად. იმ პერიოდში მას გორგინ-ხანადაც მოიხსენიებდნენ. გარდა ამისა, შაჰინშაჰმა გიორგის უწყალობა ქართლის ვალის თანამდებობაც, რომელიც ერეკლე I-ს ჩამოართვა. ამის სანაცვლოდ, შაჰინშაჰმა ერეკლეს უბოძა მისი ლეგიტიმურად კუთვნილი კახეთი და თავისთან დაიბარა

ისპაჰანს ჩასული ერეკლე I სპარსეთის ყულარაღასად დაადგინეს. ამ თანამდებობაზე ის გარდაცვალებამდე (1709 წ.) იმყოფებოდა. მის ნაცვლად კახეთს განაგებდა მისივე ვაჟი დავით II (1678-1722), იგივე იმამ-ყული-ხანი.

მეფობააღდგენილი გიორგი XI, როგორც სპასალარი და ყანდაარის ბეგლარბეგი, 1704 წელს ავღანეთში გაგზავნეს. მან სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლო, თუმცა გარდაცვალებამდე მეფედ ითვლებოდა. ეს პერიოდი, რომელიც 1709 წლამდე გრძელდებოდა, ფაქტობრივად მისი დე იურე მეფობის ხანა გახლდათ.

ლევან I (მმართველობის მეორე პერიოდი)

გიორგი XI-ის ძმა - უფლისწული ლევანი, ქართლის სამეფოს 1676-1677 წლებში, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გამგებლის რანგში მართავდა.

მოგვიანებით, სპარსეთის შაჰინშაჰ სოლთან ჰუსეინის, იმავე ჰუსეინ I-ის ბრძანებით, ლევანი გამაჰმადიანდა და „შაჰ-ყული-ხანად“ იწოდა. იგი სპარსეთის მდივანბეგად და ქირმანის ნაიბად დაადგინეს.

ვახუშტი ბატონიშვილი გვამცნობს: „ყეენმან მოითხოვა მეფისაგან ლევან, ძმა მეფისა, რამეთუ ეუწყა ყეენსა, არს იგი საქმისა მისისა წარმმართებელი“.

1703 წელს მეფედ დადგენილმა გიორგი XI-მ შაჰინშაჰს სთხოვა ნებართვა, მისი სპარსეთსა და ავღანეთში ყოფნის პერიოდში ქართლის მართვა მიენდო ლევანისთვის, რომელსაც მართვა-გამგებლობის გამოცდილება გააჩნდა. ლევანის თბილისში ჩამოსვლამდე კი ქვეყანა დროებით უნდა ემართა მის ერთ-ერთ ვაჟს, უფლისწულ ვახტანგს (1675-1737), რომელიც ცნობილია მეფე ვახტანგ VI-ის სახელით.

მემატიანეს ცნობით, „ლევან იყო სიჭაბუკითგანვე ღვთისმოყუარე, ბრძენი და სიბრძნის მოყუარე, ეკლესიათა მაშენებელი, მამკობელი, მდაბალი და ბოროტისა არა მომხსენებელი, მოწყალე, მშვიდი, ღრმად განმსინჯველი და მოუბარი. ამან განაგნა ყოველნი საქმენი ქართლისანი“.

შაჰინშაჰმა ქართლის ჯანიშინად დანიშნულ ლევანს ნება დართო, სამშობლოში დაბრუნებულიყო.

ჰიჯრით 1114 წელს თბილისის ზარაფხანაში მოიჭრა სპილენძის მონეტები, რომელთა ორივე მხარეს ლომი გამოსახეს. მათზე, ისევე როგორც წინა საუკუნის თბილისურ სპილენძის საფასეებზე, არ არის მითითებული სახელი მმართველისა, რომლის დროსაც ისინი მოიჭრა, თუმცა გვხდება სპარსული ზედწერილი: „ფულუსი იჭედა თბილისს“, რაც XVII-XVIII საუკუნეების ადგილობრივ მონეტებზე, თარიღთან ერთად, ტრადიციულად აღიბეჭდებოდა.

ნუმიზმატ თინათინ ქუთელიას აზრით, ეს ანონიმური მონეტები შეიძლება მოეჭრა ან ერეკლე I-ს, ანდა ვახტანგ VI-ს. ჩვენი აზრით, ეს მონეტები ვახტანგს უნდა მოეჭრა, რომელიც ქართლის სამეფოს განაგებდა 1703 წლის მაისიდან (ანუ ერეკლე I-ის ისპაჰანში გამგზავრებიდან) - ივლისამდე (ანუ ჯანიშინად დადგენილი ლევანის ჩამოსვლამდე). ეს იყო ვახტანგ VI-ის მმართველობის პირველი პერიოდი, რომელიც სულ ორ თვეს გრძელდებოდა.

ვინაიდან მონეტებზე აღბეჭდილი ზემოხსენებული თარიღი ჰიჯრით გრძელდებოდა 1702 წლის 28 მაისიდან 1703 წლის 16 მაისამდე, შესაბამისად, ეს მონეტები უნდა მოეჭრათ არაუგვიანეს ამ პერიოდისა.

გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსიც. როგორც ვთქვით, მონეტას ორივე მხარეს ამშვენებს ლომის გამოსახულება. მას არაერთ ენაზე ეწოდება ლეონი (ქართულად ლევანი), ანუ სახელი იმხანად ჯანიშინად დანიშნული ბაგრატიონისა. ავერსზე გამოსახული ლომი ზომით აღემატება რევერსზე აღბეჭდილს. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ თბილისურ სპილენძის მონეტებზე ცხოველთა მეფე მანამდეც გამოსახეს, მაგალითად, 1645-1646 და 16791680 წლებში, თუმცა ლომის ერთი ფიგურის სახით.

ჩვენი ვარაუდით, ჰიჯრით 1114 წელს მოჭრილი მონეტების ავერსზე აღბეჭდილი დიდი ლომი სიმბოლურად განასახიერებდა შაჰინშაჰს, ხოლო რევერსზე გამოსახული მომცრო ლომი - ქართლის ჯანიშინს.

ვფიქრობთ, ამ მონეტების მოჭრით ვახტანგმა თავის მამას ერთგვარი სიურპრიზი დაახვედრა.

15 ივლისს ჯანიშინი ლევანი თბილისში ჩამოვიდა და თავისი მოვალეობის აღსრულებას შეუდგა. ეს მისი გამგებლობის რიგით მეორე და იმავდროულად უკანასკნელი ხანა გახლდათ.

მისი სახელით გაცემული ერთ-ერთი წყალობის სიგელი ასე იწყება: „ქ. ნებითა და შეწევნითა ღვთისათა და წყალობითა დიდის ხელმწიფისათა, ჩვენ, სრულიად ერანის სპასალარისა, ქირმანის ბეგლარბეგისა და საქართველოს ვალის მაგიერად მყოფმან, ერანის მდივანბეგმან და საქართველოს ჯანიშინმან, პატრონმან შაჰყულიხან“ აქ „დიდ ხელმწიფეში“ ნაგულისხმევია შაჰინშაჰი, ხოლო ტიტულში „საქართველოს ვალი“ გიორგი XI. 10 ოქტომბერს ლევანმა ხელმოწერით დაამოწმა დავითგარეჯის მეუდაბნოე ბერთათვის ბოძებული ჯამაგირისა და სარგოს განახლების წიგნი.

ქართულ საისტორიო წყაროებში დაცულ რამდენიმე ცნობაში ჯანიშინი ლევანი მეფედ იხსენიება. თითოეულ მათგანს ციტატის სახით მოვიყვანთ: 1703 წლის 15 ივლისს, თბილისში, „გიორგის მაგიერ მობრძანდა მისი ძმა ლევან მეფე ისპაჰანიდან“, „ლევან მეფემ ჩამოართვა ამილახორობა ავთანდილს და მისცა ანდუყაფარს გივის ძეს, მაჰმადიანს“, „წარვიდა ლევან მეფე ისპაანს. ჯანიშინად დაუტევა თვისი შვილი ვახტანგ ქართლში“.

ეს ინფორმაცია გამოქვეყნებულია წიგნში „საქართველოს ისტორიის ქრონიკები XVII-XIX სს.“ (თბ., 1980), რომლის გამომცემელი, პროფესორი ავთანდილ იოსელიანი წერს: „შაჰთან გაწვეულმა მეფე ლევანმა თავისი შვილი ვახტანგ VI ჯანიშინად დატოვა“ (გვ. 45).

ვფიქრობთ, ლევანის მეფედ მიჩნევა გადაჭარბებულია, ვინაიდან იგი გახლდათ უმცროსი ძმა და მოადგილე (მეფისნაცვალი) სპარსეთში მყოფი მეფე გიორგი XI-ისა.

1703 წელს ჯანიშინმა ლევანმა ქირმანში მყოფ გიორგი XI-ს გაუგზავნა 2000 ქართველი მხედარი, რომლებსაც ვახუშტი ორბელიანი-ყაფლანიშვილი სარდლობდა.

ვახუშტი გვამცნობს: „ლევან განაგნა დაშლილნი საქმენი ყოველნი ქართლისანი და... დაუტევა ძე თვისი ვახტანგ განმგედ“. 1704 წლის 26 სექტემბერს, ლევანმა ჯანიშინობა გადააბარა თავის ძეს, ვახტანგს და თავად მეორე ვაჟ იესესთან ერთად სპარსეთში გაემგზავრა ლევანმა ორჯერ იქორწინა. 1672 წელს მან ცოლად შეირთო თუთა ქაიხოსროს ასული გურიელი. მათ შეეძინათ ასული ხვარამზე და სამი ვაჟი, მომავალი მეფენი - ქაიხოსრო I (1674-1711), რომელსაც თავისი პაპის (დედის მამის) სახელი ერქვა, ვახტანგ VI (1675-1737), რომელსაც ასევე თავისი პაპის (მამის მამის) სახელი ერქვა და მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი დომენტი IV (1676-1742), რომელიც ამ თანამდებობაზე 1704-1724 და 1738-1741 წლებში მოღვაწეობდა.

თუთას გარდაცვალების (1678) შემდეგ, დაქვრივებულმა ლევანმა 1680 წელს ცოლად შეირთო თინათინ გიორგის ასული ავალიშვილი, რომელმაც შვა სამი უფლისწული: იესე (1682-1727), მომავალი მეფე იესე I, სვიმონი (1682-1741), მომავალი გამგებელი და თეიმურაზი (1688-1710).

გარდა ამისა, ლევანს მხევალთაგანაც ჰყავდა შვილები: ადარნასე (1707-1784), ხორეშანი (ჩანს 1724 წელს), კონსტანტინე (გარდაიცვალა 1756 წელს), ანა, როსტომი (დაიღუპა 1722 წელს), დავითი (ჩანს 1674-1703 წლებში), თომა (ჩანს 1688-1703 წლებში) და ალექსანდრე (1689-1711).

ვახტანგ VI (მმართველობის მეორე პერიოდი

თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი ქართლის სამეფოს ნახევარბისტიანი სპილენძის მონეტა, ავერსზე გამოსახული სამანძიანი ხომალდით და რევერსზე _ თევზებით. მოჭრის თარიღი -1708 წელი, დატანილია ხომალდის ძირთან

ვახტანგ ლევანის ძე, რომელიც ცნობილია ვახტანგ VI-ის სახელით, ქართლის ჯანიშინი იყო 1704 წლის 26 სექტემბრიდან - 1712 წლის 22 აპრილამდე. იმ პერიოდში იგი ქრისტიანად რჩებოდა

ვახტანგი იყენებდა საბეჭდავებს წარწერით: 1) „ძე ლევანისა ვახტანგ მირზა“ (ბატონიშვილობისას); 2) „რტოდ ვარ დავითის, მგელ-ლომად ვით ის, ვახტანგ ვამტკიცებ მეფის ძეობით“ (ჯანიშინობისას).

Moneta 1.PNG

ვახტანგმა თბილისის ზარაფხანაში მოაჭრევინა სპილენძის მონეტები თავისი სახელის დაქარაგმებით: ვ-ტ-გ ანდა ვ-გ (მხედრულად). მონეტების ავერსზე გამოსახულია სამანძიანი ხომალდი, ხოლო მეორე მხარეს ზოდიაქოს ნიშანი „თევზები“, რომლებიც ერთმანეთის საპირისპიროდ მიცურავენ.

მონეტებზე მათი მოჭრის თარიღი აღნიშნულია როგორც ჰიჯრით, ასევე ქრისტიანული წელთაღრიცხვით, რაც პირველი შემთხვევაა ქართული ნუმიზმატიკის ისტორიაში. ამით თბილისში განახლდა ქართულწარწერიანი საფასეების მოჭრა, რაც ორ საუკუნეზე მეტხანს შეწყვეტილი იყო. ამით ქართლის ბაგრატიონებმა სამონეტო რეგალია დაიბრუნეს.

ჩნდება კითხვები: რატომ გამოსახა ვახტანგმა მონეტებზე ხომალდი? ქართლს ხომ ზღვა არ ემიჯნება? რატომ გამოსახა ზოდიაქოს ნიშანი „თევზები“? მისი, როგორც 15 სექტემბერს დაბადებულის ზოდიაქოს ნიშანი ხომ „ქალწული“ გახლდათ?

ვფიქრობთ, აღნიშნულ ფაქტს შემდეგი ახსნა უნდა მოეძებნოს: ზემოთ უკვე ვთქვით, რომ ვახტანგ VI დედის მხრიდან განეკუთვნებოდა გურიელთა (იმავე ვარდანისძეთა) საგვარეულოს, რომელიც შავ ზღვის ნაპირას მდებარე გურიას საუკუნეთა განმავლობაში განაგებდა.

გურიელები იმდენად მძლავრი და ამბიციური მთავრები იყვნენ, რომ პრეტენზია ხელმწიფობაზეც ჰქონდათ. ისინი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ეცილებოდნენ ტახტს ბაგრატიონთა იმერეთის შტოს წარმომადგენლებს, რომლებსაც ზოგჯერ კიდევაც სჯაბნიდნენ და სამეფო ხელისუფლების უზურპაციასაც ახერხებდნენ. მათ შორის იყვნენ: დემეტრე სვიმონის ძე გურიელი (მთავრობდა 1659-1664 წლებში), რომელმაც იმერეთის სამეფო ტახტზე ასვლა 1668 წელს მოახერხა, ვახტანგ VI-ის ბიძა (დედის ძმა) - გიორგი III (მთავრობდა 1664-1684 წლებში), რომელსაც იმერეთის ტახტი 1681-1683 წლებში ეკავა, მისი ვაჟი (ანუ ვახტანგ VI-ის ბიძაშვილი დედის მხრიდან) - მამია III (მთავრობდა 1689-1714 წლებში), რომელსაც იმერეთის ტახტი 1701-1702, 1711-1712 და 1713-1714 წლებში ეკავა და მისი ვაჟი - გიორგი IV (მთავრობდა 1714-1716 და 1717-1726 წლებში), რომელმაც იმერეთის ტახტი 1716 წელს სამიოდე თვით დაიკავა.

ჩვენი ვარაუდით, ხომალდისა და თევზების გამოსახვით, ვახტანგ VI-მ ხაზი გაუსვა თავის წარმომავლობას (დედის ხაზით) გურიელთაგან, რომლებიც ზღვაზე გამავალი სამთავროს მემკვიდრეობითი მფლობელნი იყვნენ. იმავდროულად, ეს შესაძლოა მიგვანიშნებდეს ვახტანგ VI-ის სწრაფვაზე ევროპული ცივილიზაციისკენ, რაც მოგვიანებით დადასტურდა მის მიერ სულხან-საბას ევროპაში მივლინებითაც (1713-1716 წწ.)

1709 წლის 21 აპრილს ავღანელებმა, მირვეის ჰოთაქის სარდლობით, ყანდაარში მყოფი გიორგი XI ვერაგულად მოკლეს. ვინაიდან მისი ერთადერთი ვაჟი ბაგრატი XVII საუკუნის მიწურულს, ჰერათში (ავღანეთი) გარდაიცვალა, გიორგის ლეგიტიმურ მემკვიდრედ მისი მომდევნო ძმა ლევანი ითვლებოდა

1709 წლის 13 ივლისს ლევანი ისპაჰანში გარდაიცვალა. მისმა ვაჟმა ვახტანგ VI-მ ქართლში გამგებლობა განაგრძო.

ქაიხოსრო I

ქართლის ყოფილი ჯანიშინის, ლევან I-ის გარდაცვალებისთანავე, შაჰინშაჰმა ვალის ტიტული უბოძა მის უფროს ვაჟს ქაიხოსროს (1674-1711), რომელსაც გამაჰმადიანების შემდეგ ხოსრო-ხანი უწოდეს.

უფლისწულობისას ქაიხოსრო იყენებდა საბეჭდავს წარწერით: „მონა ღთისა ქაიხოსრო მირზა“.

ვახუშტი გვამცნობს, რომ შაჰინშაჰმა „ქაიხოსროს, ძესა ლევანისასა, მისცა ქართლი სამეფოდ და სპასალარობა ერანისა“.

ქაიხოსრო I მეფედ ითვლებოდა 17091711 წლებში, თუმცა იმხანად სპარსეთსა და ავღანეთში იმყოფებოდა. მას შაჰინშაჰმა საგამგებლოდ თავრიზი და ბარდა უბოძა. 1711 წლის შემოდგომაზე იგი ყანდაარზე იერიშისას დაიღუპა. ამდენად, იგი მხოლოდ დე იურე მეფე გახლდათ.

სვიმონ III

ქაიხოსრო I-ის მომდევნო ძმა, ჯანიშინი ვახტანგი შაჰინშაჰმა დაიბარა. ისპაჰანს მიმავალ ვახტანგს ქართლის მართვა, წესით, იესესთვის უნდა მიენდო, რომელიც მის ნახევარძმებს შორის უფროსი გახლდათ. ამის მიუხედავად, მან გამგებლობა იესეს მომდევნო ძმას, სვიმონს (1682-1741) ჩააბარა.

საისტორიო წყარო გვამცნობს: „1712 წლის აპრილის კბ მეფე ვახტანგი წაბრძანდა სპარსეთში ყეენთან 300 კაცით. ქართლის გამგებლად დატოვა თავისი ძმა სვიმონ და აქორწინა ერისთავის ბარძიმ მდივანბეგის ასულ გუქაზედ“.

ვახუშტი გვაუწყებს, რომ ისპაჰანს მიმავალმა ვახტანგმა „დაუტევა ძმა თვისი სვიმონ გამგედ ქართლისა“.

ასე რომ, ვახტანგი თავის მომდევნო ნახევარძმაზე, იესეზე მეტად, უმცროს ნახევარძმას, სვიმონს ენდობოდა. შემდგომში გამოჩნდა, რომ ასეთი დამოკიდებულება უსაფუძვლო არ ყოფილა.

1691-1711 წლებში სვიმონი იყენებდა საბეჭდავს წარწერით: „მოსავი ღვთისა ბატონიშვილი სვიმონ“, ხოლო ქართლის გამგებლად ყოფნისას, საბეჭდავს წარწერით: „საქართველოს გამგებელი ბატონიშვილი სვიმონ“.

გამგებელი სვიმონი იზიარებდა ვახტანგ VI-ის შეხედულებებს და მეთავეობდა არისტოკრატიის მოწინავე ნაწილს, რომელიც პოლიტიკურ-კულტურულ ასპარეზზე ვახტანგის მიერ წამოწყებულ პროგრამას ახორციელებდა.

სვიმონმა დააბეჭდინა კურთხევანი, რომელიც ყანჩაველმა კვიპრიანე სამთავნელმა იერუსალიმში ყოფნისას თარგმნა. მანვე მოაჭრევინა სპილენძის მონეტები თავისი სახელის დაქარაგმებით ს-მ-ნ და ფრთოსანი ურჩხულის (დრაკონის) გამოსახულებით.

გამგებელმა დააპატიმრა თავისი ნახევარძმა, კათოლიკოს-პატრიარქი დომენტი, რომელიც სამეფო ტახტზე ასასვლელად მზად იყო განმოსილიყო, დაოჯახებულიყო და გამაჰმადიანებულიყო.

მართალია, სვიმონი მეფე არ ყოფილა, მაგრამ ვინაიდან იგი ქართლის გამგებელი იყო, მას, როგორც ბაგრატოვან მმართველს, შესაბამისი რიგითი ნომერიც უნდა ჰქონდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1633 წლიდან დაწყებული, იგი იყო ქართლის სამეფოს პირველი ბაგრატოვანი მმართველი, რომელიც არც გამგებლობამდე და არ შემდგომ პერიოდში არ გამაჰმადიანებულა და ბოლომდე ქრისტიანად დარჩა

ვინაიდან მანამდე ქართლს ორი სვიმონი მართავდა, კერძოდ, სვიმონ I (მეფობდა 1556-1600 წლებში) და სვიმონ II (მეფობდა 1619-1630 წლებში), ამის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, მართებული იქნება, თუ 1712-1714 წლებში გამგებლად მყოფ სვიმონს - სვიმონ III-ის სახელით მოვიხსენიებთ.

იესე I და ვახტანგ VI

ვალის თანამდებობაზე დანიშვნის სანაცვლოდ, შაჰინშაჰმა ვახტანგს გამაჰმადიანება მოსთხოვა. ვახტანგი რჯულის გამოცვლაზე 4 წლის (1712-1716) განმავლობაში უარს აცხადებდა. ამის გამო, იგი სპარსეთში ფაქტობრივად პატიმრობაში იმყოფებოდა

1714 წლის 10 მარტს შაჰინშაჰმა სოლთან ჰუსეინმა ქართლის ვალის თანამდებობაზე დაადგინა ვახტანგის ნახევარძმა - იესე, რომელიც საქართველოში გამოისტუმრეს.

მემატიანის შეფასებით, იესე „იყო მხნე, ახოანი, ჰაეროვანი, მოწყალე, უხვი, მაღალთა და მდაბალთა მიმცემი, ლხინ-სიხარულთა, შუება-განცხრომათა მოყუარე, სამღუდელოთა პატივისმცემელი და დალოცეს ყოველთა ქართველთა და გარდააყარეს ოქროი და ვერცხლი მრავალი დიდებულთა და წარჩინებულთა. და იყო ესე ფრიად მიქცეულ მაჰმადიანობასა ზედა და მქცევი მათებრ, მდიდარი და ამაყი“.

თავისი ბატონიშვილობის პერიოდში, კერძოდ 1703-1704 წლებში, იესე იყენებდა ბეჭედს წარწერით: „მოსავი ღთისა, ძე მეფისა, ბეჭედს ვამტკიცებ იასე“. ამ წარწერაში იესეს მამა ლევანი მეფედ მოიხსენიება.

გამაჰმადიანებული იესე 1705-1714 წლებში შაჰინშაჰის სამსახურში იდგა. იგი მონაწილეობდა აჯანყებული ავღანელებისა და ბელუჯების წინააღმდეგ წარმოებულ ხანგრძლივ ბრძოლაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჯერ მისი გვირგვინოსანი ბიძა - გიორგი XI, ხოლო მისი მოკვლის შემდეგ, იესეს ნახევარძმა - ქაიხოსრო I.

1708 წელს ავღანეთში მყოფმა გიორგი XI-მ თავისი ძმისწული იესე ქირმანის მხარის ნაიბად დაადგინა. გიორგის დაღუპვის შემდეგ, ჰუსეინ I-მა იესეს ბეგლარბეგობა უბოძა და სახელად ალი-ყული-ხანი უწოდა. 1711 წელს ის სპარსეთის თოფჩიბაშად დანიშნეს.

შაჰინშაჰის მიერ ვალის თანამდებობაზე დადგენილი იესე 1714 წლის 1 ოქტომბერს თბილისში შემოვიდა, სადაც მას უმცროსი ძმა, გამგებელი სვიმონი შეეგება.

იესე I ქართლს ჯერ ორ (1714-1716), ხოლო შემდეგ სამ (1724-1727) წელიწადს, ანუ საერთო ჯამში 5 წელიწადს განაგებდა. მას მოღვაწეობა საქართველოსთვის ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში მოუხდა. ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, მან, როგორც კარიერისტმა, სარწმუნოება და სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. იგი სხვადასხვა დროს იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი და მაჰმადიანი, კერძოდ, ჯერ შიიტური, ხოლო შემდეგ სუნიტური ისლამის მიმდევარი.

საგულისხმოა, რომ თავისი მეფობის პირველ პერიოდში იესე I კულტურულ მოღვაწეობას ეწეოდა და ქრისტიანული ლიტერატურის გავრცელებაზედაც ზრუნავდა. მისი ხელშეწყობით 1716 წელს თბილისის სტამბაში დაიბეჭდა „დავითნი“, რომლის თავსართიც იუწყებოდა: „დავითნი აწ, მეოთხედ დაბეჭდილ ქართულ ენასა ზედა, ჟამსა ამაღლებულსა მეფისა უფლისაი იესესი“.

თავისი მეფობის პირველ პერიოდში (1714-1716) იესე იყენებდა საბეჭდავს შემდეგი წარწერებით: 1) „ქ. მღთით მეფე, ცხებით იესე, თესლ-ტომად დავითიანი“; 2) „ღმერთო, სასჯელი შენი მეფესა მიეც და სიმართლე შენი ძესა მეფისასა. ქ-კსა უბ, ინდიკტიონს მეფობისა ჩვენისასა ა, მეფედ აღმოვედ იესე, ხე ნორჩად დავითიანი ალიყულიხან სახელმძესა ვამტკიცებ დოვლათიანი“.

სპარსეთში ოთხწლიან პატიმრობაში მყოფი ვახტანგ VI იძულებული გახდა, 1716 წელს მაჰმადიანობა მიეღო. შაჰინშაჰმა ვახტანგს ვალის ტიტული უბოძა და სახელად „ჰუსეინ-ყული-ხანი“ უწოდა, თუმცა 1719 წლამდე სპარსეთში დაიტოვა. მას სპასალარობა და საგამგებლოდ თავრიზი და ბარდა უბოძეს.

1716 წლიდან სამშობლოში ჩამოსვლამდე ვახტანგი დე იურე მეფე გახლდათ. ეს იყო მისი მმართველობის რიგით მესამე პერიოდი.

ბაქარ I (მმართველობის პირველი პერიოდი)

ვახტანგის გამაჰმადიანებისთანავე, იესე ვალის თანამდებობიდან გადააყენეს.

ვახტანგ VI-ის ვაჟს, ბაქარს (1700-1750), რომელიც 1716 წლის აგვისტოში გამაჰმადიანდა და „შაჰ-ნავაზ-ხანად“ იწოდა, ქართლის მართვა მიანდვეს. მას გადასცეს შაჰინშაჰისგან გამოგზავნილი: რაყამი, თაჯი, მურასა ხმალ-ხანჯალი, ოქროს სურა, თასი, ყალიონი და ოქროთი შეკაზმული ბედაური.

ბაქარს, რომელიც სამეფოს თითქმის სამ წელიწადს, მამის დაბრუნებამდე განაგებდა, ვახუშტი მეფედ იხსენიებს.

ვინაიდან მანამდე ქართლს უკვე მართავდა ამ სახელის მქონე ორი ბაგრატოვანი ხელმწიფე, ბაქარი გამოდის შაჰნავაზ III.

თავისი ბიძის სვიმონ III-ის მსგავსად, ბაქარმა თბილისის ზარაფხანაში მოაჭრევინა სპილენძის მონეტები თავისი სახელის დაქარაგმებით: ბ-ქ-რ და ფარშავანგის გამოსახულებით.

ბაქარ I-ის გამეფების შემდეგ, მეფედყოფილი იესე თელავში გაიხიზნა. იგი შეიპყრეს და ბაქარს გადასცეს. პატიმრობისას იესე კვლავ გაქრისტიანდა.

1716-1717 წლებში ბაქარი იყენებდა საბეჭდავს წარწერით: „ქეს და სასოება ბაქარ დავითიანს“, ხოლო 1717-1718 წლებში წარწერით: „რტო დავითისა, ძე ვარ მეფისა, ქართლის გამგებლად ბაქარ ხმობილი, ქორონიკონი ჩღიზ“.

ვახტანგ VI და სულხან-საბა ორბელიანი. XVIII აუკუნის მინიატურა

ვახტანგ VI (მმართველობის მეოთხე პერიოდი)

1719 წლის აგვისტოში ვახტანგ VI სამშობლოში დაბრუნდა.

ვახუშტი გვამცნობს: „მოვიდა მეფე ვახტანგ ტფილისს... დაჯდა ტახტსა ზედა; შეჰფიცეს ყოველთა ქართველთა მეფობისა მისისა მტკიცედ ერთგულებასა ზედა და დალოცეს ყოველთა ქართველთა მეფედ და მიულოცეს და გარდააყარეს ოქრო და ვერცხლნი მრავალნი დიდებულთა, წარჩინებულთა, აზნაურთა, კათალიკოზმან და ეპისკოპოს-არქიმანდრიტთა (არამედ ესე წესი ძუელითვე იყო საქართველოსა და უყოფდიან ყოველთა ესრეთ ტფილისს და მიერით უხმობდენ მეფედ და თვინიერ მისა არა)“.

ვახტანგ VI-მ პატიმრობიდან გაათავისუფლა იესე, რომელიც ძმის მხარდამჭერი გახდა. მისი ძალისხმევით დაიბრუნეს მცხეთა, რომელიც იმხანად კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა.

იესეს დაუბრუნეს ჩამორთმეული ქონება და მსაჯულთუხუცესობასთან ერთად, საუფლისწულო მამულად მუხრანი უბოძეს. ამ თანამდებობაზე ყოფნისას იგი იყენებდა საბეჭდავს წარწერით: „ღთის მონა, ვახტანგ მეფის ძმა მსაჯულად მდეგი იესე“.

1722 წელს სპარსეთში შეჭრილმა ავღანელებმა (ღილზაებმა) მირ-ვეის ჰოთაქის ვაჟის, მირ-მაჰმუდის სარდლობით, 8 მარტს გულნაბადთან სპარსელები დაამარცხეს. ბრძოლაში დაიღუპა ყულარაღასი როსტომ-მირზა, ვახტანგ VI-ის ნახევარძმა. მომხდურებმა დაიკავეს ისპაჰანის გარეუბანი და შეჩერდნენ ალავერდი ხან უნდილაძის აგებულ ხიდთან, რომლის აღებაც ვეღარ მოახერხეს. ასე დაიწყო ისპაჰანის ალყა, რომელიც 7 თვეს გაგრძელდა.

შაჰინშაჰმა სოლთან ჰუსეინმა ვახტანგ VI დაადგინა აზერბაიჯანის (იგულისხმება დღევანდელი სამხრეთ აზერბაიჯანი, რომელიც ირანის შემადგენლობაშია) სარდლად, ხოლო ბაქარი - ყულარაღასად, რის სანაცვლოდაც მათ დახმარება სთხოვა.

ვახუშტი გვამცნობს: „მაშინ მოუწერა ყეენმან მეფესა, რათა მწე ექმნეს... აგვისტოს კოჟორს მყოფს მოუვიდა მეფეს ყეენისაგან თაჯი და ჯიღა, ხრმალი და ხანჯალი მოოჭვილნი და სპასპეტობა ადრიბეჟანისა, რათა დაიპყრას შირვანი, რამეთუ აქუნდა ლეკთა დაპყრობილი“.

შაჰინშაჰის მუდარის მიუხედავად, მას არ დაეხმარა ვახტანგ VI, რომელსაც კავშირი რუსთხელმწიფე პეტრე I-თან ჰქონდა. შაჰინშაჰის დასახმარებლად მიმავალ ბაქარს მამამისმა გამგზავრება გადააფიქრებინა.

ქართველთა დახმარების გარეშე დარჩენილი სოლთან ჰუსეინი, სეფიანთა დინასტიის წარმომადგენელი, უძლური აღმოჩნდა მომხდურთა წინაშე, რომლებიც მის სატახტო ქალაქში შეიჭრნენ.

კონსტანტინე III

ისპაჰანი მირ-მაჰმუდმა 1722 წლის 22 ოქტომბერს აიღო. მან თავი შაჰინშაჰად გამოაცხადა და სპარსეთის ნაწილს გარდაცვალებამდე განაგებდა. 1725 წელს გამეფდა მისი ვაჟი აშრაფ-შაჰი, რომლის განდევნის (1729 წ.) შემდეგ, ჰოთაქის დინასტიის მმართველობა სპარსეთში დასრულდა.

ტახტიდან ჩამოგდებული სოლთან ჰუსეინის (იმავე ჰუსეინ I-ის) ერთ-ერთი ვაჟი, თაჰმასბ-მირზა თავრიზში გამაგრდა და თავი შაჰინშაჰად გამოაცხადა. იგი ცნობილია როგორც თაჰმასბ (ქართულ წყაროებში - შაჰ-თამაზ) II. მისი ძალაუფლება სპარსეთის ჩრდილოეთში, კერძოდ, აზერბაიჯანში, გილანსა და მაზანდარანში 1732 წლამდე ვრცელდებოდა. მან გადაწყვიტა, დაესაჯა სპარსეთის ღალატსა და რუსეთთან კავშირში ბრალდებული გორჯესთანის ვალი.

1723 წლის 10 იანვარს თაჰმასბ II-მ ვახტანგ VI-ს ჩამოართვა ქართლის ვალის ტიტული და უბოძა იგი კახეთის მაჰმადიან მეფე კონსტანტინე II-ს, იმავე მაჰმად-ყული-ხანს, რომელმაც ამ წყალობის სანაცვლოდ თაჰმასბის უზენაესობა აღიარა.

ვახუშტი გვაუწყებს, რომ შაჰინშაჰმა „მისცა ქართლი მაჰმად-ყული-ხანს და აღირჩია იგი შაჰთამაზ“.

ამის შემდეგ კონსტანტინე II საკუთარ თავს ქართლ-კახეთის კანონიერ ბატონ-პატრონად მოიაზრებდა. მან შეკრიბა კოალიციური ჯარი, რომელშიც ქართველების გარდა, გაერთიანებული იყვნენ: დაქირავებული დაღესტნელები, განჯისა და ერევნის ხანები თავიანთი რაზმებითურთ და ქართლში შეიჭრა. 1723 წლის 4 მაისს კონსტანტინე II-მ თბილისი აიღო. ამ ბრძოლის დროს ვახტანგ VI-ის ლაშქარში იყვნენ მისი ნახევარძმები, მეფედყოფილი იესე და გამგებლადყოფილი სვიმონი. თბილისის დაცემის შემდეგ ისინი ვახტანგს ჩამოშორდნენ.

ვახუშტი თავის ბიძას, სვიმონს საყვედურობს, რომ მან „არა აჰყარა ხიდი, არცა განამაგრნა საფარნი“, რის გამოც მომხდურებს ქალაქის აღება გაუადვილდათ „და დაიპყრა ტფილისი მაჰმად-ყულიხან“.

კონსტანტინეს ერთგულება შეჰფიცეს ვახტანგ VI-ზე განაწყენებულმა ფეოდალებმა, რომელთა შორისაც იყვნენ ქართლის გავლენიანი თავადები: გიორგი არაგვის ერისთავი, შანშე ქსნის ერისთავი, ბარათაშვილთა და ციციშვილთა ნაწილი.

კახთბატონი ქართლის სამეფოს ნაწილს (თბილისითურთ) განაგებდა 4 მაისიდან 10 ივნისამდე, ანუ თვეზე მეტხანს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ ბაგრატოვან მმართველს შესაბამისი რიგითი ნომერი უნდა მიეკუთვნოს.

ვინაიდან ქართლს მანამდე უკვე განაგებდა ამ სახელის მქონე ბაგრატიონთა ადგილობრივი შტოს ფუძემდებელი კონსტანტინე II (მეფობდა 1478-1505 წლებში), იმავე სამეფოში 1723 წელს გამეფებული კონსტანტინე გამოდის კონსტანტინე III.

აქვე დავძენთ, რომ იგივე პირი, იმავდროულად, როგორც კახეთის მეფე, უნდა იხსენიებოდეს კონსტანტინე II-ის სახელით და ასეც იხსენიება, ვინაიდან ამ სამეფოს მანამდე განაგებდა მხოლოდ ერთი კონსტანტინე, იგივე კონსტანტინე I, რომელიც 1605 წელს მეფობდა.

ბაქარ I (მმართველობის მეორე პერიოდი)

1723 წელს საქართველოში შემოიჭრა ოსმალეთის იმპერიის ჯარი, რომელმაც 10 ივნისს ქართლის სამეფოს სატახტო ქალაქი - თბილისი აიღო.

მეფე ვახტანგ VI-სთან შეთანხმებით, მისმა ვაჟმა, სამეფო ტახტის ლეგიტიმურმა მემკვიდრე უფლისწულმა და მეფედყოფილმა ბაქარმა დამპყრობლებთან მორიგება სცადა, რაც წარმატებით მოახერხა.

ბაქარის თხოვნით, ოსმალთა ჯარის სარდალმა დააპატიმრა იმჟამად დედაქალაქში მყოფი კახეთის მეფე კონსტანტინე II, იგივე მაჰმად-ყული-ხანი, რომელიც 4 მაისიდან (თბილისის აღებიდან) ერთ თვეზე მეტხანს ქართლის სამეფოს ნაწილსაც განაგებდა.

დამპყრობლებმა ქართლის მმართველობა გადასცეს ბაქარს, რომელიც სუნიტურ ისლამზე მოექცა და იბრაჰიმ-ფაშად იწოდა. ოსმალთა დატუსაღებულმა კონსტანტინემ ბაქარს პირობა მისცა, რომ ქართლის მეფობაში არასდროს აღარ შეეცილებოდა, რის შემდეგაც იგი საპატიმროდან გამოაპარეს და კახეთს გაისტუმრეს.

ბაქარი მხოლოდ სიმბოლურად ითვლებოდა ქართლის მონარქად, ვინაიდან ფაქტობრივი ძალაუფლება ოსმალთა ხელში იყო.

საისტორიო წყაროს ცნობით, ერთწლიანი მეფობის შემდეგ, 1724 წლის ივნისში, „ვერ გაუძლო ბაქარმა ოსმალთა მტარვალობასა და გაეცალა“.

ასე დასრულდა ბაქარ I-ის ქართლში მმართველობის მეორე ეტაპი, რომელიც პირველზე მცირე ხანს გაგრძელდა.

იმავე წლის ივლისში ვახტანგ VI იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა. თავისი ცოლ-შვილისა (მათ შორის ბაქარის) და მრავალრიცხოვანი სამეფო ამალის თანხლებით, ვახტანგი კავკასიონის ქედიდან ყაბარდოს გავლით გადაიხვეწა რუსეთის იმპერიაში. მისი წასვლის მიუხედავად, ბაგრატიონთა ქართლის შტოს წარმომადგენელთა მმართველობა ამით არ დასრულებულა.

იესე I (მმართველობის მეორე პერიოდი)

მეფედყოფილი მამა-შვილის - ვახტანგ VI-ისა და ბაქარ I-ის რუსეთში გადახვეწის შემდეგ, სამშობლოში დარჩენილი იესე I სუნიტურ ისლამზე მოექცა და მუსტაფა-ფაშად იწოდა. ამის შემდეგ მას ოსმალებმა ქართლის სამეფოს მართვა მიანდეს.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: „იესე მიიქცა სჯულსა მათსა ზედა... ვინაითგან იყო ხორცთმოყუარე. ამისთვის მიენდუნენ მას ურუმნი... იესეს თუცა არა უწოდდენ მეპატრონედ, გარნა მასვე ჰკითხვიდნენ და იქმოდნენ საქმესა ქართლისასა მის მიერ. გარნა იგი ხუეჭდა და იღებდა ქუეყანათა ნარდად და ამით მოირჭვაცა ფრიად“.

მკვლევარ მანანა ქიქოძის შეფასებით, „იესეს საბოლოო პოზიცია, მისი მოღვაწეობის ბოლოს ერთგვარად გამოიკვეთა. იგი წმინდა სოციალური სულისკვეთებით, ფეოდალური ფსიქიკის დაძლევის უუნარობით შეპყრობილი, ერთხელ მოპოვებული და შემდეგ დაკარგული ქართლის სამეფოს გამგებლობის უფლებების აღდგენაზე ფიქრს შეუდგა“.

მუსტაფა-ფაშად სახელდებული იესე (ყოფილი ალიყული-ხანი) ქართლში ამჯერად სამი წლის განმავლობაში მეფობდა. 1727 წლის 7 მარტს ქართლის მეფე იესე I თბილისში გარდაიცვალა.

იესე I-ის მეუღლე - ქართლის დედოფალი ელენე-ბეგუმ დავითის (დათუნას) ასული (1687-1750) გახლდათ ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენელი, მეფე თეიმურაზ I-ის შვილიშვილი. იესესა და ელენე-ბეგუმის ვაჟი - უფლისწული თეიმურაზი (1720-1788) მოგვიანებით ბერად შედგა და 1744-1755 და 1764-1788 წლებში ანტონ I-ის სახელით კათოლიკოს-პატრიარქად

ქართლის სახელმწიფო დროშა ვახტანგ VI-ის მეფობის ეპოქაში. ცენტრში _ ბიბლიური მეფე დავით მეფსალმუნე, ბაგრატიონთა დინასტიის ლეგენდარული წინაპარი

ალექსანდრე II

1735 წლის აგვისტოში, სპარსეთის სარდალმა თაჰმასბ-ყული-ხანმა (იმავე თამაზ-ყული-ხანმა), რომელიც მომდევნო წელს ნადირ-შაჰის სახელით გამეფდა, დასაჯა თეიმურაზ II და კახეთი ჩამოართვა. მან ქართლ-კახეთის ვალის თანამდებობა უბოძა სამეფო ტახტიდან გადაყენებული თეიმურაზ II-ის ძმისწულს, გამაჰმადიანებულ ალი-მირზას, იმავე ალექსანდრეს, რომელიც გახლდათ კახეთის მეფის დავით II-ის, ანუ იმამ ყული-ხანის (1678-1722) ერთ-ერთი ვაჟი.

იმავე წლიდან ქართლ-კახეთის მეფედ აღზევებული მეფე ალექსანდრე იყენებდა რვაკუთხა ბეჭედს, რომელსაც ამშვენებდა შემდეგი მხედრული წარწერა: „ძირმოდგმით დავითიანი, ალექსანდრე ვარ სვიანი“.

მეფედყოფილი თეიმურაზ II ამ ვითარებას არ შეგუებია. იგი დროებით გაიხიზნა ფშავში, საიდანაც 1736 წლის გაზაფხულიდან სამეფო ტახტის დაბრუნებისათვის ბრძოლა გააჩაღა. ასე დაიწყო კახეთში „ორიანობა“ ანუ ორმეფობა.

იმავე წლის ოქტომბერში ნადირ-შაჰმა ალექსანდრეს ქართლი ჩამოართვა და მხოლოდ კახეთი დაუტოვა. შაჰინშაჰმა ქართლის ვალის თანამდებობა უბოძა ბაგრატიონთა ქართლის შტოს წარმომადგენელს - არჩილ იესეს ძეს (იმავე აბდულა-ბეგს).

1736 წლის მიწურულს სპარსელებმა თეიმურაზ II დააპატიმრეს.

ნადირ-შაჰმა ინდოეთზე მოწყობილ ლაშქრობაში თან იახლა კახეთის მეფე ალექსანდრე, რომელიც 1737 წლის 23 ნოემბერს, გზად გარდაიცვალა.

1738 წელს, თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, სპარსელებმა თეიმურაზ II გაათავისუფლეს და სამშობლოში გამოისტუმრეს. მან კახეთის დაკარგული სამეფო ტახტი დაიბრუნა.

ვინაიდან მართალია, მცირე ხნით, მაგრამ ალექსანდრე დავითის ძე მაინც მეფე იყო, მას, როგორც ბაგრატოვან ხელმწიფეს, შესაბამისი რიგითი ნომერიც უნდა ჰქონდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ ქართლის ბაგრატიონმა ხელმწიფეებმა, დაწყებული კონსტანტინე II-დან (მეფობდა 1478-1505 წლებში) განაგრძეს ერთიანი საქართველოს მეფეთა ნუმერაცია, გამოდის, რომ ალექსანდრეს უნდა ვუწოდოთ ალექსანდრე II, ვინაიდან ამ სახელწოდების მქონე მონარქი საქართველოს უკვე ჰყავდა ალექსანდრე I დიდის სახით, რომელიც 1412-1442 წლებში მეფობდა. იმავდროულად, რადგან კახეთში ამ სახელის მქონე მეფე ორჯერ მეფობდა, კერძოდ, ალექსანდრე I - 1476-1511 წლებში და ალექსანდრე II - 1574-1601 და 1602-1605 წლებში, ზემოხსენებული ალექსანდრე დავითის ძე, როგორც კახეთის მეფე, გამოდის - ალექსანდრე III.

ამდენად, ალექსანდრე დავითის ძე ბაგრატიონი ქართლში გამოდის ალექსანდრე II, ხოლო კახეთში - ალექსანდრე III.

არჩილ III

ქართლის მეფე იესე I-ს შვილები მხევალთაგანაც ჰყავდა. მისი ვაჟი არჩილი, იგივე აბდულა-ბეგი, ქართლის სამეფო ტახტის პრეტენდენტად ითვლებოდა. იგი ქართულ საისტორიო წყაროებში 1716-1762 წლებში იხსენიება.

1735 წელს სპარსელებმა არჩილი დანიშნეს ჯერ ქალაქ გორის, ხოლო შემდეგ - თბილისის ნაიბად ანუ გამგებლად.

მომდევნო წელს, უკვე შაჰინშაჰად აღზევებულმა ნადირ-შაჰმა, 1736 წლის ოქტომბერში არჩილი ქართლის ვალის თანამდებობაზე (ანუ მეფედ) დაადგინა. იგი ტახტზე 1737 წლის ნოემბრამდე ანუ წელიწადზე ოდნავ მეტხანს იჯდა.

1738-1744 წლებში ქართლის გამგებლებად (ვალის სტატუსით) ინიშნებოდნენ მხოლოდ მუსლიმი (სპარსელი, ყიზილბაში ან სხვა წარმომავლობის) ხანები, რომელთა ქრონოლოგიური რიგიც დადგენილი აქვს მკვლევარ დოდო ლომიძეს თავის ნაშრომში „ყიზილბაშობა 1735-1749 წლების აღმოსავლეთ საქართველოში“ (თბ., 2007).

ამდენად, ფაქტია, რომ არჩილ ბაგრატიონი ერთ წელიწადზე მეტხანს ქართლის ვალი ანუ მეფე გახლდათ. ხსენებულ პერიოდში იგი იყენებდა ოთხკუთხა ბეჭედს, რომელსაც ამშვენებდა ორსტრიქონიანი მხედრული წარწერა: „მეფე არჩილ“.

ვფიქრობთ, რომ არჩილს, როგორცერთ-ერთ ბაგრატოვან ხელმწიფეს, თავისი კუთვნილი რიგითი ნომერი უნდა განესაზღვროს.

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ამ სახელის მატარებელი მეფე ქართლში ორჯერ უკვე მეფობდა. კერძოდ, მხედველობაში გვყავს არჩილ I, რომელიც V საუკუნეში მეფობდა და არჩილ II, რომელიც VIII საუკუნეში ერისმთავრობდა და ქრისტიანული სარწმუნოებისადმი თავდადებისთვის წმინდანად შერაცხეს. ეს უკანასკნელი ჯუანშერის თხზულებაში „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ იხსენიება როგორც „მეფე არჩილ, ძე სტეფანოზ მეფისა და ძმა მეფისა მირისა, ხოსროიანი“, ხოლო ლეონტი მროველის თხზულებას ეწოდება: „წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, რომელი იყო მეფე ქართლისა“. ასე რომ, ორივე ზემოხსენებულ თხზულებაში არჩილი მეფედ იხსენიება.

აქვე უნდა ითქვას, რომ სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით 1955 წელს გამოცემული

ქართლის ცხოვრების“ I ტომის საძიებლებში ზემოთ დასახელებული არჩილ მირდატის ძე მოხსენიებულია როგორც - არჩილ I, ხოლო არჩილ სტეფანოზის ძე იმავე საძიებლებში იხსენიება, როგორც არჩილ II.

კათოლიკოსი ანტონ I (1720-1788)

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, მართებული იქნება, თუ მეფე არჩილ იესეს ძეს - არჩილ III-დ მოვიხსენიებთ.

მეფედყოფილი არჩილის როლი ქართლის მმართველობაში XVIII საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისიდან ნომინალური გახდა. იგი რეალურად, თბილისში მჯდომი სპარსელი ვალის მრჩეველი გახლდათ. 1744 წელს კი მას საუფლისწულო მამულად ქვემო ქართლი გადასცეს.

1741-1742 წლებში, დაღესტანზე ლაშქრობისას ნადირ-შაჰმა თავისთან მიიწვია ქართველ წარჩინებულთა ნაწილი და მათ შორის არჩილიც, რომელსაც ჯამაგირად 300 თუმანი დაუნიშნა და სამეფოს „იხტიარობა“ ანუ რწმუნება მიანდო.

აღსანიშნავია, რომ ნადირ-შაჰი არჩილს, როგორც ქართლის ბაგრატიონს, განიხილავდა თითქმის კახი ბაგრატიონების, გვირგვინოსანი მამა-შვილის - თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ იმხანად არჩილი მეფე აღარ იყო.

მემატიანე გვაუწყებს: „მოვიდა ხელმწიფისაგან ხალათი მძიმე, მეფის თეიმურაზისათვის და მეფის ერეკლესათვის, რაყმები დიდის წყალობისა, ერთი ხალათი აბდულა-ბეგ ბატონიშვილისათვის“.

1747 წელს, როცა ნადირ-შაჰის მიერ დაბარებული ქართლის მეფე თეიმურაზ II სპარსეთში გაემგზავრა, მან სამეფო მმართველობა თავის ძეს, ერეკლე II-ს მიანდო, ხოლო მის თანაშემწედ მეფედყოფილიარჩილი დატოვა.

შაჰინშაჰთან მიმავალმა თეიმურაზ II-მ არჩილს დაუბარა: „რადგან მეფე ერეკლე მუდამ ქართლისათვის ვერ მოიცლის, ქართლს მოუარე, ერთმანეთის ნებით და შეკითხვით ორივ ქვეყნები მტრისაგან კარგა გაამაგრეთ და ჩემდა მოსვლამდის მშვიდობიანად იყვნეთო“.

სპარსეთში მყოფ თეიმურაზ II-ს სამშობლოში დაბრუნება შეაგვიანდა. ამით ისარგებლა არჩილმა, რომელმაც როგორც ქართლის ყოფილი მეფის ვაჟმა და თავადაც ერთხელ უკვე ნამეფარმა, კვლავ გამეფება მოინდომა. მას გაუცხადებია: „თუ მეფეს თეიმურაზს დაუშავდა, ქართლი ჩემი არის და აღარავის დავანებებო“.

საკუთარ რეზიდე ნციად ქცეულ სამშვილდის ციხეში გამაგრებულმა არჩილმა მიიმხრო ქართლის ფეოდალთა ნაწილი, თბილისის ციხეში მყოფი ყიზილბაშთა გარნიზონი, დამხმარედ მიიწვია დაღესტნელთა ბელადები და სამეფო ტახტის მოსაპოვებლად ბრძოლა გააჩაღა.

არჩილმა ერეკლე II-ს მისწერა: „მეფე არჩილობით ქართლი ჩემია, დამანებე და შენ კახეთს მიეპატრონეო“, რამაც კახეთის მეფე იძულებული გახადა, საომარ სამზადისს შესდგომოდა.

გვირგვინოსანი მამა-შვილის, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის პოზიციები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ნადირ-შაჰის მოკვლისთანავე (1747 წ.) სპარსეთის სამეფო ტახტზე ამ უკანასკნელის ძმისწული ადილ-შაჰი ავიდა. მას ცოლად ჰყავდა მეფე ერეკლე II-ის და - ქეთევან ბატონიშვილი.

ერთწლიანი სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ, ერეკლე II-მ არჩილი საბოლოოდ დაამარცხა. მათი ხანგრძლივი დაპირისპირება ქართულ ხალხურ სიტყვიერებაშიც აისახა.

1749 წელს ერეკლე II დამარცხებული არჩილის დაპატიმრებას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა ამ უკანასკნელის ნახევარძმის, კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I-ის თხოვნით. არჩილმა სამშვილდეში თავისი ძმა უსეინ-ბეგი დატოვა და თვითონ თავრიზისაკენ გაემგზავრა.

არჩილს ცოლად ჰყავდა კახი ბატონიშვილი ქეთევანი, ასული მეფე ერეკლე I-ისა. ამდენად, არჩილი იყო სიძე (დისწულის ქმარი) მეფე თეიმურაზ II-ისა.

იესე I-ისა და არჩილ III-ის შთამომავლობა

1743 წელს ნადირ-შაჰმა ქართლის სამეფოს ნაიბად ანუ მმართველის მოადგილედ (ნაცვალად, დამხმარედ) დაადგინა უფლისწული ისაყ-ბეგ ისეს ძე ბაგრატიონი (გარდაიცვალა 1781 წლამდე). იგი გახლდათ ერთ-ერთი ვაჟი ქართლის მეფე იესე I-ისა და ძმა მეფედყოფილი არჩილ III-ისა, იმავე აბდულა-ბეგი.

ქართლის სამეფოს სახელმწიფო გერბის ნიმუშები (გამოქვეყნებულია ვახტანგ VI-ის ჯანიშინობისას თბილისის სტამბაში გამოცემულ წიგნებში)

ნაიბის მოვალეობაში შედიოდა როგორც ყიზილბაშური გადასახადების გაწერა-შეგროვება, ასევე მათგან გათავისუფლებაც.

მეფე თეიმურაზ II-მ, რომელიც ნადირ-შაჰმა 1744 წლიდან ქართლის ვალის თანამდებობაზე დაადგინა, თავისი მოადგილეობა ისაყ-ბეგს შეუნარჩუნა და ჯამაგირად 60 თუმანი დაუნიშნა.

QARtLIS GERBI 2.PNG

ისაყ-ბეგი ქართლის მეფის მოადგილედ 1749 წლამდე მსახურობდა. მას ქრისტიანი მეფის მეთვალყურეობა ევალებოდა.

1735-1749 წლებში აღმოსავლეთ საქართველოში არსებული „ყიზილბაშობის“ ეპოქის დასრულებისთანავე, ქართლის მეფე თეიმურაზ II-მ ქრისტიანულად მონათლა ისაყ-ბეგი და მას ქრისტიანული სახელი - ალექსანდრე უწოდა. მეფემვე მონათლა ალექსანდრეს ვაჟებიც, რომლებსაც ასევე ქრისტიანული სახელები - ივანე და სოლომონი უწოდეს. ალექსანდრეს საუფლისწულო მამული უწყალობეს.

მეფე არჩილ III-ის ასული მარიამ-ბეგუმი (საისტორიო წყაროებში ჩანს 1753-1818 წლებში) ცოლად გააყოლეს აზატ-ხან ავღანს, რომელიც გახლდათ ნადირ-შაჰის სამსახურში ჩამდგარი ტომით პუშტუნი სარდალი და აზერბაიჯანის (იგულისხმება ირანის შემადგენლობაში შემავალი სამხრეთ აზერბაიჯანი) ვიცე-გუბერნატორი.

ნადირ-შაჰის მოკვლის (1747 წ.) შემდეგ, აზატ-ხანმა თანდათან დაიპყრო სპარსეთის ჩრდილო-დასავლეთი, კერძოდ, აზერბაიჯანი - თავრიზითურთ, აღმოსავლეთი ქურთისტანი, ურუმი, ხოი, თურქმენეთის სამხრეთ-დასავლეთი და სამეფო ტახტზე პრეტენზია განაცხადა. 1751 წელს მან ააოხრა ქართლ-კახეთის მოხარკე ერევნის სახანო. იმავე წელს, ერევნის მახლობლად მდებარე ყირბულახთან მომხდარ ბრძოლაში იგი სასტიკად დაამარცხა ერეკლე II-მ და ერევნის სახანოდან განდევნა. ამ მარცხის მიუხედავად, მან წარმატებები მოიპოვა თავის მეტოქე ქერიმ-ხან ზენდთან ბრძოლაში და ისპაჰანი და შირაზი დაიკავა. შემდგომ პერიოდში აზატ-ხანი ჯერ ისპაჰან-შირაზიდან, ხოლო 1757 წელს - სამხრეთ აზერბაიჯანიდანაც გააძევეს. 1760 წელს ერეკლე II-მ აზატ-ხანი დაატუსაღა და სპარსეთის ფაქტობრივ მმართველს - ქერიმ-ხანს გაუგზავნა. აზატ-ხანმა სიცოცხლე 1781 წელს, საპატიო ტყვეობაში დაასრულა.

ქერიმ-ხან ზენდთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებებითა და ისპაჰან-შირაზის დაუფლებით გათამამებულმა სამხრეთ აზერბაიჯანის მპყრობელმა აზატ-ხანმა, როგორც პაპუნა ორბელიანი გვაუწყებს, ქართლისა და კახეთის ბაგრატოვან ხელმწიფეებს შემოუთვალა: „ჩემი სამსახური გეპრიანებათ და ჩემგან გულის დაჯერება, ერთი თქვენი სახლის ქალი ჩემდა საცოლოდ მომეცით და მერე მე ვიცი, რამდენს თქვენს ქვეყანას შევმატებო“.

მარიამ-ბეგუმ არჩილის ასული ბაგრატიონი თავის საქმროს, აზატ-ხანს 1754 წელს ჩაუყვანა თოფანქჩიაღასმა, ანუ მეთოფეთა მეთაურმა ზაალ დიმიტრის ძე ორბელიანმა, რომელიც ქართლის მეფის თეიმურაზ II-ის ერთგული თავადი გახლდათ.

აზატ-ხანის დაპატიმრებისა და სპარსეთის მბრძანებელთან - ქერიმ-ხანთან გაგზავნის შემდეგ, მისი ყოფილი მეუღლე მარიამ-ბეგუმი ცოლად გააყოლეს თავად რევაზ პაპუნას ძე ანდრონიკაშვილს, რომელიც ცნობილი სარდალი და ქიზიყის მოურავი გახლდათ.

მეფე არჩილ III-ის ვაჟი - დავით ბატონიშვილი დააპატიმრეს ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის ვაჟის, უფლისწულ პაატას (1720-1765) შეთქმულებაში აქტიური მონაწილეობისთვის. 1765 წლის 15 დეკემბერს, თბილისში, რიყეზე მოწყობილი შეთქმულთა საჯარო დასჯის დროს, უფლისწული დავით არჩილის ძე ბაგრატიონიც მოკლეს. მას თავი მოჰკვეთა მარტყოფელმა თავადმა, ნაზირმა ბარამ გურგენიძემ. აქვე დავძენთ, რომ დავითი იყო ბიძაშვილის შვილი ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ისა.

ზემოხსენებული ისაყ-ბეგის ანუ იმავე ალექსანდრე იესეს ძის შთამომავალთა შორის გამოირჩეოდნენ: მისი შვილიშვილი, რუსეთის სახელოვანი მხედართმთავარი პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი (1765-1812); მისი ძმისწული - პეტრე რევაზის (იმავე რომანის) ძე ბაგრატიონი (1818-1876), რომელიც იყო ცნობილი მეცნიერი (ქიმიკოსი და ფიზიკოსი), გენერალ-ლეიტენანტი, ბალტიისპირეთში მდებარე გუბერნიების - ესტლანდიის, ლიფლანდიისა და კურლანდიის გენერალ-გუბერნატორი (1870-1876 წლებში); ასევე ისაყ-ბეგის ვაჟის, კირილეს შვილთაშვილები - ალექსანდრე (1862-1920) და დიმიტრი (1863-1919) პეტრეს ძე ბაგრატიონები რუსეთის არმიის გენერლები იყვნენ.

მეფე იესე I-ის შთამომავლობა პირდაპირი (მამაკაცთა) ხაზით 1920 წელს შეწყდა ალექსანდრე პეტრეს ძე ბაგრატიონის გარდაცვალებით.

ქართლის ბაგრატოვან მმართველთა - მეფეთა და გამგებელთა ქრონოლოგიური რიგი (1569-1762 წლები)

ერეკლე I, მეფე ქართლისა და შემდგომ კახეთისა (მხატვარი ნიკოლას ვიტსენი)

წინამდებარე გამოკვლევიდან გამომდინარე, ქართლის სამეფოს ბაგრატოვან მმართველთა - მეფეთა (იმავე მოლქ-ი მოურუსებისა და ვალიების) და გამგებელთა (იმავე ჯანიშინების) ქრონოლოგიური რიგი XVI საუკუნის 60-იანი წლებიდან ამ სამეფოს გაუქმებამდე (1762 წ.), ანუ ორი საუკუნის განმავლობაში, ამგვარად გამოიყურება:

1) სვიმონ I (1537-1611), მეფობდა როგორც ქრისტიანი - 1556-1569 წლებში (მმართველობის პირველი პერიოდი);
2) დავით XI (1540-1582), იგივე დაუთ-ხანი, მეფობდა 1569-1578 წლებში;
3) სვიმონ I (1537-1611), იგივე ნავაზ-ხანი, მეფობდა 1578-1600 წლებში (მმართველობის მეორე პერიოდი);
4) გიორგი X (1560-1606), მეფობდა როგორც ქრისტიანი - 1600-1606 წლებში;
5) ლუარსაბ II (1592-1622), მეფობდა როგორც ქრისტიანი - 1606-1614 წლებში;
6) ბაგრატ VII (1569-1619), იგივე ბაგრატ-ხანი, მეფობდა 1615-1619 წლებში;
7) სვიმონ II (?-1630), იგივე სვიმონ-ხანი, მეფობდა 1619-1630 წლებში ქართლის ნაწილში;
8) თეიმურაზ I (1589-1663), მეფობდა როგორც ქრისტიანი - 1625-1630 წლებში კახეთსა და ქართლის იმ ნაწილში, რომელსაც სვიმონ II ვერ აკონტროლებდა, ხოლო 1631-1632 წლებში - ქართლ-კახეთში;
9) როსტომ I (1565-1658), იგივე ხოსრო-მირზა, შემდეგ - როსტომ-ხანი, მეფობდა 1633-1658 წლებში;
10) ვახტანგ V (1598-1675), იგივე შაჰ-ნავაზ I, მეფობდა 1658-1675 წლებში;
11) გიორგი XI (1651-1709), გამგებლობდა როგორც ქრისტიანი - 1675-1676 წლებში (მმართველობის პირველი პერიოდი);
12) ლევან I (1652/56-1709), გამგებლობდა როგორც ქრისტიანი 1676-1677 წლებში (მმართველობის პირველი პერიოდი);
13) გიორგი XI (1651-1709), იგივე შაჰ-ნავაზ II, მეფობდა 1677-1688 წლებში (მმართველობის მეორე პერიოდი);
14) ერეკლე I (1640-1709), იგივე ნაზარალი-ხანი, მეფობდა 1688 წლიდან - 1703 წლის მაისამდე, ხოლო 1692-1695 წლებში - ქართლის ნაწილში, თბილისის ჩათვლით;
15) გიორგი XI (1651-1709), იგივე შაჰ-ნავაზ II, მეფობდა 1692-1695 წლებში ქართლის იმ ნაწილში, რომელიც ერეკლე I-ს არ ემორჩილებოდა (მმართველობის მესამე პერიოდი);
16) გიორგი XI (1651-1709), იგივე შაჰ-ნავაზ II, მეფედ ითვლებოდა 1703-1709 წლებში, თუმცა იმხანად სპარსეთსა და ავღანეთში იმყოფებოდა (მმართველობის მეოთხე პერიოდი - დე ჯურე მეფობა);
17) ვახტანგ VI (1675-1737), გამგებლობდა როგორც ქრისტიანი - 1703 წლის მაისიდან - 15 ივლისამდე (მმართველობის პირველი პერიოდი);
18) ლევან I (1652/56-1709), იგივე შაჰ-ყული-ხანი, გამგებლობდა 1703-1704 წლებში (მმართველობის მეორე პერიოდი);
19) ვახტანგ VI (1675-1737), გამგებლობდა როგორც ქრისტიანი - 1704-1712 წლებში (მმართველობის მეორე პერიოდი);
20) ქაიხოსრო I (1674-1709), იგივე ხოსრო-ხანი, მეფედ ითვლებოდა 1709-1711 წლებში, თუმცა იმხანად სპარსეთსა და ავღანეთში იმყოფებოდა (დე ჯურე მეფობა);
21) სვიმონ III (1683-1741), გამგებლობდა როგორც ქრისტიანი - 1712-1714 წლებში;
22) იესე I (1682-1727), იგივე ალი-ყული-ხანი, მეფობდა 1714-1716 წლებში (მმართველობის პირველი პერიოდი);
23) ვახტანგ VI (1675-1737), იგივე ჰუსეინ-ყული-ხანი, მეფედ ითვლებოდა 1716 წლიდან, თუმცა იმხანად სპარსეთში იმყოფებოდა (მმართველობის მესამე პერიოდი - დე ჯურე მეფობა);
24) ბაქარ I (1700-1750), იგივე შაჰ-ნავაზ III, მეფობდა 1716-1719 წლებში (მმართველობის პირველი პერიოდი);
25) ვახტანგ VI (1675-1737), იგივე ჰუსეინ-ყული-ხანი, მეფობდა 1719-1723 წლებში (მმართველობის მეოთხე პერიოდი);
26) კონსტანტინე III (?-1732), იგივე მაჰმად-ყული-ხანი, მეფობდა 1723 წლის 4 მაისიდან - 10 ივნისამდე;

27) ბაქარ I (1700-1750), იგივე იბრაჰიმ-ფაშა, მეფობდა 1723 წლის ივნისიდან - 1724 წლის ივნისამდე (მმართველობის მეორე პერიოდი);

28) იესე I (1682-1727), იგივე მუსტაფა-ფაშა, მეფობდა 1724-1727 წლებში (მმართველობის მეორე პერიოდი);
29) ალექსანდრე II (?-1737), იგივე ალი-მირზა, მეფობდა 1735-1736 წლებში;
30) არჩილ III (ჩანს 1716-1762 წლებში), იგივე აბდულა-ბეგი, მეფობდა 1736-1737 წლებში;
31) თეიმურაზ II, მეფობდა როგორც ქრისტიანი - 1744-1762 წლებში.

ამრიგად, ორი საუკუნის განმავლობაში _ XVI საუკუნის 60-იანი წლებიდან XVIII საუკუნის 60-იან წლებამდე, ქართლის სამეფოს 21 ბაგრატოვანი მეფე (მოლქ-ი მოურუსი და ვალი) ანდა გამგებელი (ჯანიშინი) ჰყავდა. მათგან 16 იყო ბაგრატიონთა ქართლის შტოს წარმომადგენელი, ხოლო 5 - კახეთისა. ქართლის ბაგრატიონთა სამი წარმომადგენელი (სვიმონ I, იესე I, ბაქარ I) ორჯერ მეფობდა, მეოთხე (ლევან I) -ორჯერ გამგებლობდა, მეხუთისა (გიორგი XI) და მეექვსის (ვახტანგ VI) მმართველობა კი იყოფოდა ოთხ-ოთხ პერიოდად. ქართლის დამოუკიდებელი სამეფოს უკანასკნელი ხელმწიფე იყო კახი ბაგრატიონი თეიმურაზ II, რომელიც ამ სამეფოში 1744-1762 წლებში მეფობდა.

ამ ნარკვევში ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად, შესაბამისი რიგითი ნომრები მივაკუთვნეთ ქართლის ხუთ ბაგრატოვან მმართველს, რომელთა შორისაც არიან: ლევან I (გამგებლობდა 1676-1677 და 1703-1704 წლებში), სვიმონ III (გამგებლობდა 1712-1714 წლებში), კონსტანტინე III (მეფობდა 1723 წლის 4 მაისიდან - 10 ივნისამდე), ალექსანდრე II (მეფობდა 1735-1736 წლებში) და არჩილ III (მეფობდა 1736-1737 წლებში).

წყარო

ნიკო ჯავახიშვილი, ისტორიანი 2020 წელი, N114, N115, N116

იხილე აგრეთვე

ბაგრატიონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები