ქართული ანბანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
1. ასომთავრული 2. ნუსხური 3. მხედრული 4. საერთაშორისო ტრანსკრიფცია 5. რიცხვითი მნიშვნელობა

ქართული ანბანი - ქართველებს სამი სახის დამწერლობა ანუ სამი სახის ანბანი გვაქვს:

I. მრგლოვანი ანუ ასომთავრული,
II. ნუსხური ანუ ნუსხა-ხუცური და
III. მხედრული ანუ თანამედროვე.

ქართული ასომთავრულის გრაფიკული სისტემა

ყოველი ანბანი გარკვეული რაოდენობის ასონიშნების ერთობლიობას წარმოადგენს და როცა ანბანზე ვლაპარაკობთ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს ასონიშნები წარმოგვიდგება ხოლმე თვალწინ. ანბანის თვითეული ასონიშანი, თავის მხრივ, მცირე ზომის გრაფიკული ფიგურაა. ამ ფიგურების ანუ ასოების მოხაზულობა იმდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ თვალი მკაფიოდ და თავისუფლად აღიქვამს მათს ურთიერთსხვაობას. მაგრამ, ამავე დროს, ასონიშნები ერთმანეთთან გარკვეულ მსგავსებასა და ერთიანობასაც ამჟღავნებენ, რაც იმის დამადასტურებელია, რომ თვითეული ასოს მოხაზულობა ანბანის ერთიან გრაფიკულ სისტემას ექვემდებარება, რომ ასოებს შორის გარკვეული კავშირი და ურთიერთშესაბამისობა არსებობს და რომ ამდენად, თვითეული ასონიშნის ხატი მოცემული ანბანისათვის დამახასიათებელი კანონზომიერებით არის განსაზღვრული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თვითეულ ასონიშანს გააჩნია მოდელი, ანუ ნიმუში, იდეალური წინარე ხატი - არქეტიპი. ასონიშანი, რომელიც თავისივე თავის მოდელს არ შეიცავს, შეუცნობელ და უფორმო რასმე წარმოადგენს. ყოველი ასონიშანი თავის სრულფასოვან მოდელს მხოლოდ სხვა ასონიშნებთან მიმართებაში ამჟღავნებს. ასონიშნის გრაფიკულ სტრუქტურას მთელი ანბანის კონტექსტი განსაზღვრავს.

ჩვეულებრივ, ნაკლები ყურადღება ექცევა იმას, რომ ესა თუ ის ანბანი, გარდა იმისა, რომ ტიპოლოგიურად განსხვავებულ გრაფიკულ სისტემას აცნაურებს, ამავე დროს, გარკვეული მხატვრული მთლიანობითაც არის აღბეჭდილი და, ამ აზრით ხელოვნების ნაწარმოებს წარმოადგენს. ყოველ ანბანს საფუძვლად უდევს ხელოვნების აზროვნების სხვადასხვა პრინციპი, რომელთა ფესვიც განსხვავებული კულტურების რელიგიური, ფილოსოფიური და ესთეტიკური მსოფლმხედველობის წიაღშია საძიებელი. ასე რომ, ყოველი ანბანი ესთეტიკური ფენომენიცაა და ამდენად, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, განუმეორებელი მხატვრული სტილით არის აღბეჭდილი. ქართული ასომთავრულის მხატვრული სტილის საფუძველია ე.წ. გეომეტრიზმი: „ასომთავრული ღრმად გააზრებული გეომეტრიული სტილის სრულყოფილი გრაფიკული სისტემაა და ამ თვალსაზრისით იგი ბერძნულ მონუმენტურ დამწერლობას ეტოლება“ (რ. პატარიძე).

რაში ცნაურდება ეს „გეომეტრიული სტილი?“

ბერძნული და ლათინური კაპიტალური დამწერლობის ანალოგიურად ქართული ასომთავრული ასოთა ამოსავალ გეომეტრიულ თარგად კვადრატს იყენებს და თუმცა რეალურად არსებულ წარწერებში ასოებს ზოგჯერ კვადრატის ეტალონიდან გადახრის ტენდენცია აქვთ, ისინი თვით უკიდურეს შემთხვევებშიც არ კარგავენ თავიანთი გეომეტრიული სტრუქტურის პირვანდელ ხატს. მათში ყოველთვის გამოიცნობა არქეტიპის განმსაზღვრელი ინერცია. კერძოდ წრიული ასოების დიამეტრი და ვერტიკალურად აგებული ასოების ღერძი კვადრატის ღერძის სიმაღლეა, ხოლო მასთან შერწყმული ელემენტები ზომით ამ ღერძის სიმაღლის ნახევარია (ელ. მაჭავარიანი). უნდა აღინიშნოს, რომ ეს ელემენტები კვადრატის მეოთხედშია განლაგებული. მეოთხედი კვადრატი ასონიშნების შემადგენელი ნაწილების გეომეტრიული „სახლი“, ანუ ამოსავალი პრინციპია. ქართული ასომთავრულის თვითეული ასონიშანი, ბერძნულ-ლათინური ასოების ანალოგიურად, გეომეტრიულ კანონთა შესაბამისად არის ჩაწერილი კვადრატის ცხაურში (ბადეში), რომელსაც მის შიდა სივრცეში მოქმედი დიაგონალური და ვერტიკალურ-ჰორიზონტალური ღერძების სისტემა ჰქმნის. ამის საფუძველზე ასომთავრული ანბანის გრაფიკულ სისტემაში დასტურდება კანონზომიერება, რომელიც ასონიშნების სრული და მეოთხედკვადრატული ნაწილების გეომეტრიული ნახაზის იდენტურობას ასაჩინოებს. ეს ეხება წრეს, წრის სამი მეოთხედისაგან და ნახევარწრისაგან კონსტრუირებული ასონიშნების სრულკვადრატოვან კორპუსებს, რომლებიც მეოთხედკვადრატული მოდიფიკაციით, იმავე ან განსხვავებული პოზიციით მეორდებიან სხვა ასოების გრაფიკაში გამომსახველობით საშუალებათა ასეთი ეკონომია ანბანების არცერთ გრაფიკულ სისტემაში არ არის დადასტურებული. ქართული ასომთავრულის გრაფიკულ სისტემაში ეკონომიის ეს პრინციპი ჰქმნის სწორედ იმ კონცენტრირებულ გეომეტრიზმს, რომლის მეოხებითაც, ასონიშანთა სიმრავლის მიუხედავად, ვიზუალური განსჯა მათ გრაფიკულად ურთიერთმონათესავე ელემენტებად აფიქსირებს. მაგრამ ეს „გეომეტრიზმი“, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტ-ნაკლები სიცხადით ცნაურდება ეპიგრაფიკულ ძეგლებსა თუ პალიმფსესტებში შემონახულ ასოთა მოხაზულობაში. რატომ „ეწინააღმდეგება“ ემპირიული ასონიშანი თავისსავე არქეტიპს? ასონიშანი იდეალური მოდელის ასლია და, როგორც ასეთი, ყოველთვის უპირისპირდება პირწმინდად ზუსტ, ზედმიწევნით პროპორციულ და სიმეტრიულ მოდელს, რომელიც შიშველი აბსტრაქტულობით ამჟღავნებს გეომეტრიულ სტრუქტურას. საერთოდ, ესთეტიკური ფენომენი (და ასეთია ანბანი) ყოველთვის გულისხმობს მოდელიდან ან სტანდარტიდან აუცილებელ გადახრას, „რადგან სიცოცხლე ძრწის მეტისმეტი სიზუსტის, აბსოლუტური სისწორის წინაშე.ზედმიწევნით პროპორციულობასა და ცივ სიმეტრიულობაში არის რაღაც ავბედითი, ანტიორგანული, სიცოცხლისადმი მტრული“ (თ. მანი). არნჰეიმის აზრით, მკაცრ სიმეტრიასა და ფორმის სიზუსტეს ხელოვნებაში იშვიათად და უდიდესი სიფრთხილით იყენებენ, ვინაიდან როცა მეტისმეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება წესრიგს, „ცოცხალი სუბსტანციის“ რაოდენობა კლებულობს. ამრიგად, მოდელის აბსტრაქტულ გეომეტრიზმს და აბსოლუტურ სიზუსტეს უპირისპირდება ესთეტიკური ასლის ბუნებრიობა და ცხოველმყოფლობა. ეს ჯერ კიდევ არისტოტელესათვის და პლოტინისათვის იყო ცნობილი. ანბანშიც ასევეა სწორედ აბსტრაქტული მოდელიდან „აუცილებელი გადახრა“ (ვეილი), ან „გამაცოცხლებელი გადახრა“ (არნჰეიმი) ანიჭებს ასოებს ბუნებრიობას, სილამაზესა და თბილ ცხოველმყოფლობას. ასომთავრულის უძველესი ეპიგრაფიკული წარწერები არქაული გვეჩვენება, ამგვარი შთაბეჭდილების შექმნა კი ანტიკური ხელოვნებისათვის დამახასიათებელი ნიშანია, - ახალს იმთავითვე უნდა შეემოსა სიძველის იერი, - ეს ღირსებად ეთვლებოდა ხელოვანს. ანბანურ ნიშნებსაც დროის წიაღიდან „ორგანულად ამოზრდის“ შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა და ასომთავრულის შემოქმედს ბრწყინვალედ აქვს გადაჭრილი ეს ამოცანა. ქართული ანბანის შემოქმედი მარტო დიდი მოაზროვნე და ანალიტიკოსი კი არ არის, არამედ უდიდესი ხელოვანიც.

ქართული ანბანის წარმოშობის შესახები სხვადასხვა თეორიები

ქართულ საისტორიო მწერლობაში ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ ლეონტი მროველის თხზულებაში გვხვდება ცნობა ქართული ანბანის გამოგონების დროისა და შემდგენელის პიროვნების შესახებ. მას ქართული „მწიგნობრობა“ ფარნავაზ მეფის შემოღებულად მიაჩნია. რადგან ეს ფარნავაზი მე-XI საუკუნის ამ ქართველ ისტორიკოსს საქართველოს სახელმწიფოს და საზოგადოებრივი წესწყობილების, იმგვარადადვე როგორც სარწმუნოების შემოქმედად ჰყავს გამოყვანილი და ზღაპრულ პიროვნებად არის ქცეული, ამიტომ ლეონტი მროველის ცნობას ქართული ანბანის შესახებ ფასი ეკარგება. აქ მხოლოდ ის გარემოებაა საყურადღებო, რომ მე-XI ს. ქართველ ისტორიკოსს ქართული ანბანი ქრისტეს წინა დროინდელ აღმოჩენად ჰქონია წარმოდგენილი, ძველისძველად მიაჩნდა და სხვებივით ქრისტიანობის შენაძენად არ სთვლიდა. იქნებ მომავალმა გამოარკვიოს, ჰქონდა თუ არა ლ. მროველს ამისათვის რაიმე საფუძვლიანი წყაროები, ან ისტორიული ზეპირგარდმოცემა.

თუ ქართულ ძველსა და მე-XVIII ს. საისტორიო მწერლობაში ასეთი შეხედულება არსებობდა, სომხურ საისტორიო მწერლობაში სულ სხვანაირი ცნობა და აზრი იყო განმტკიცებული. სახელდობრ სომეხთა ისტორიკოსის კორჳნის ნაწარმოებად ცნობილ თხზულებაში მესროპ - მაშტოცის ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ სომხური, ქართული და ალბანური ანბანი მესროპის, ანუ მაშტოცის გამოგონილად არის აღნიშნული. ამ გვარად წარმართობის ხანაში-კი არა, არამედ მე-V ს. პირველ მეოთხედში ქ.შ. გამოდის ქართული ანბანი შემოღებული, თანაც იგი სომხური ანბანისაგან წარმომდგარად არის გამოცხადებული.…ასოთა რიგისა და მათი რიცხვითი მნიშვნელობის განსხვავება ქართულსა და სომხურ ანბანში შეუძლებელია ყოფილიყო ასე თვალსაჩინო თუ მათი შემდგენელი ერთი და იგივე პიროვნება იყო. პროფ. კ. კეკელიძის აზრით „ქართველებს რომ… გაქრისტიანების შემდეგაც ერთი საუკუნის განმავლობაში, მეოთხე საუკუნეში, მწერლობა არ ჰქონიათ, და არამც თუ ქართველებს, მათ მეზობელ სომხებსაც…სემურ-ბერძნულ-ქართულისა და სომხური ანბანის ასოთა რიგობის შედარებითი შესწავლა სრული უეჭველობით ცხადჰყოფს, რომ არამც თუ სომხური ანბანის შედგენა გინდაც ერთი ათეული წლით არ შეიძლება ქართულისას წინ უსწრებდეს, პირიქით ქართული ანბანი სომხურზე გაცილებით უფრო ძველი უნდა იყოს. საფიქრებელია, რომ მათ ერთმანეთისაგან საუკუნეთა მანძილი უნდა ჰყოფდეს. მაშასადამე თავისდა თავად ცხადია, რომ სომხური და ქართული ანბანის შემდგენელი შეუძლებელია ერთი და იგივე პირი იყოს. ბერძნულისაგან წარმოშობილობის თეორია მეცნიერთა მთელი რიგი, მათ შორის ბერძნული პალეოგრაფიის კარგი მცოდნე პროფ. გარდტჰაუზენიც, ფიქრობდენ და ამტკიცებდენ, რომ ქართული ანბანი, იმგვარადვე როგორც სომხური, ბერძნული ანბანისაგან არის წარმომდგარი. მაგრამ ქართული ანბანის წარმოშობილობის საკითხის მარტო ბერძნული და ქართული ანბანთა წესრიგის შედარებით გადაწყვეტა არ შეიძლება. აქ უმთავრესი მნიშვნელობა რასაკვირველია თვით ასოთა მოყვანილობა-მოხაზულობის მსგავსებასა და იგივეობასა აქვს. ამ მხრივ კი ჩვენ ცუდ მდგომარეობაში ვართ, რათგან თუ ბერძნულ პალეოგრაფიას ძეგლები VII ს-ითგან მოეპოვება ქ.წ., ქართული დამწერლობის ნიმუშები ჯერჯერობით მხოლოდ მე-VI-VII ს-ითგან მოყოლებული ქ.შ. არის შენახული. ამგვარად, ორ შესადარებელ ანბანს მთელი ათი საუკუნე აშორებს… მეცნიერული კვლევის შედეგად ირკვევა, რომ საზოგადოდ ქართული ანბანი ბერძნულისაგან დამოუკიდებლივ წარმომდგარა. , , , და ზოგიერთი სხვა ასოს მდებარეობა ქართულ ანბანს თვალსაჩინოდ აშორებს ბერძნულ ანბანს, ხოლო ფინიკიურ-არამეულ და მათგან წარმომდგარ ანბანებს უახლოებს. თავდაპირველი მოხაზულობისა და მერმინდელი განვითარების პროცესის მსგავს მოვლენებს ქართულისათვის იმავე დამწერლობაში უფრო მეტსა ვხვდებით, ვიდრე ბერძნულში. თუმცა ქართულშიაც ზოგს ასოს თავისი მდებარეობა ფინიკიურთან შედარებით შეცვლილი აქვს, როგორც მაგ. , რ, ს და სხვას მაგრამ ამ ცვლილებებისდა მიუხედავად თვით მოხაზულობით ამნაირი ასოები იმდენად ბერძნულისას არ უდგება, რამდენადაც ფინიკიურითგან წარმოშობილ სხვა დამწერლობას ქართულ ასოების მოხაზულობათა შორის განსაკუთრებული ყურადღების ღირსი „ბანი“-ა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჯერ კიდევ VI ს-ში ქ.შ. ამ ასოს თავი შეკრული ჰქონდა და მხოლოდ მე-VII საუკუნითგან მოყოლებული მას თავი თანდათანობით გაეხსნა… სათანადო ადგილას უკვე გამორკვეული გვქონდა, რომ სხვა დამწერლობათა შორის „ბ“ მხოლოდ ფინიკიურსა და მის უშუალო განვითარებას სიდონურსა და სხვ. ჰქონდა თავშეკრული მოხაზულობა… ამ გარემოებას ფრიად დიდი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქართული ანბანისა და დამწერლობის თავდაპირველი წარმოშობის დროისა და სადაურობის გამორკვევისათვის. თუ ქართულ დამწერლობას „ბან-ი“ თავშეკრული მოხაზულობისა ჰქონდა უძველეს დროს, ცხადია, ამგვარი მოყვანილობა მას იმ დამწერლობაში უნდა ეპოვა, რომლისგანაც ის წარმოიშვა. ზემომოყვანილთაგან საფიქრებელია, რომ ამგვარ ქართულისათვის დედან დამწერლობად შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ფინიკიური, სინოდური და პუნური ერთის მხრით, მეორეს მხრით უძველესი ებრაული სამარიტულითურთ, მესამე მხრით არამეული.

წყარო

თამაზ ჩხენკელი, ქართული ასომთავრულის გრაფიკული სისტემა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები