ქართული დიალექტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული ენის განშტოებები - ცნობები ქართული კილოების შესახებ გვხვდება ჯერ კიდევ XVIII ს. მიწურულსა და XIX ს. უცხოელ მოგზაურთა და მეცნიერთა ნაშრომებში (ალტერი, გიულდენშტედტი, ბროსე, როზენი, ერკერტი, შუხარდტი და სხვ.).

სარჩევი

ქართული დიალექტების შესწავლის ისტორია

ქართული დიალექტების მეცნიერული შესწავლა XX ს. დამდეგიდან იწყება. 1910 წ. მარმა სამხრეთ საქართველოში შეისწავლა იმერხეული მეტყველება და 1911 წ. გამოსცა ტექსტები, რომლებსაც დაურთო შენიშვნები და ლექსიკონი. მისივე ხელმძღვანელობით პეტერბურგის უნივერსიტეტსა და მეცნიერებათა აკადემიაში მტკიცე საფუძველი ჩაეყარა დიალექტოლოგიურ კვლევას, შედგა ინსტრუქცია-პროგრამა, გაიშალა საექსპედიციო საქმიანობა, გამოიცა სალექსიკონო მასალა და .(ი. ყიფშიძე, ა. შანიძე, ვ. ბერიძე).

1913 წ. კრებულ „ძველ საქართველოში“ დაიბეჭდა მ. ჯანაშვილის ვრცელი ნაშრომი ინგილოურის შესახებ.

დიალექტების გეგმაშეწონილი და სისტემატური შესწავლა პირველად თბილისის უნივერსიტეტში დაიწყო. ა. შანიძემ დასაბამი მისცა „მთის კილოების“ ფუნდამენტურ კვლევას. ოციან წლებში გამოქვეყნდა ა. შანიძის, არნ. ჩიქობავას, ვ. თოფურიას ფუძემდებლური დიალექტოლოგიური ნაშრომები, რომლებმაც განსაზღვრეს ამ დარგის განვითარება. ფართოდ გაიშალა აგრეთვე კვლევა-ძიება ჯერ ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში, ხოლო მოგვიანებით - მისგან გამოყოფილ ენათმეცნიერების ინსტიტუტში.

ქართულ დიალექტოლოგიაში მუშაობა იმთავითვე რამდენიმე მიმართულებით წარიმართა. ამოცანად დაისახა:

  1. დიალექტთა ყოველმხრივი და ამომწურავი შესწავლა (ტექსტების შეკრება-გამოცემა, ცალკეული დიალექტების ფონეტიკურ-გრამატიკული თავისებურებების სრული დახასიათება);
  2. დიალექტიკური ლექსიკონების შედგენა;
  3. ისტორიული დიალექტოლოგიის პრობლემების კვლევა;
  4. მწერლის ენის შესწავლასთან ერთად პერსონჟთა მეტყველების თავისებურებათა შესწავლა;
  5. დიალექტთა საერთო მოვლენების წარმოშობა-განვითარების ძიება ქართული ენის განვითარების საერთო ფონზე და ქართული ენის დიალექტთა მასალის ანალიზის საფუძველზე ზოგადმეცნიერული საკითხების გაშუქება.
  6. გამოქვეყნებულია მონოგრაფიული გამოკვლევები და დიდი რაოდენობით ცალკეული სტატიები;
  7. სპეციალურად შესწავლილია რამდენიმე დიალექტის ლექსიკა;
  8. დაბეჭდილია დიალექტოლოგიური ტექსტები და სხვ.

საფუძველი ჩაეყარა დიალექტოლოგიური ატლასის შექმნას.

დიალექტიკური თავისებურებანი გამოვლენილია ძველი საუკუნეების წერილობით ძეგლებში - ძველ ქართულ თარგმანებში, ორიგინალურ მხატვრულ ლიტერატურაში, ისტორიულ საბუთებში და სხვ. მოგვეპოვება წინა საუკუნეებში ფიქსირებული ცოცხალი მეტყველების ტექსტებიც, რომლებიც დაცულია ნეაპოლის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (XVIII ს.).

ქართული ენა იყოფა მეტ-ნაკლებად განსხვავებულ დიალექტურ ერთეულებად. ისინი ტრადიციულად ერთიანდებიან აღმოსავლურ და დასავლურ ჯგუფებში (გამოყოფენ სამხრეთულ ჯგუფსაც),რასაც საფუძვლად უდევს უმთავრესად ეთნიკური და გეოგრაფიული საკლასიფიკაციო პრინციპი. დიალექტთა კლასიფიკაციის ლინგვისტური კრიტერიუმი კი კილო-თქმათა განმასხავებელი ნიშნების ერთობლიობაში მდგომარეობს.

აჭარული

აჭარული გავრცელებულია აჭარის ასსრ ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთის რაიონებში. აგრეთვე გურიაში - ჩოხატაურის რაიონის რამდენიმე სოფელში (დასახლებულან დაახლოებით ერთი საუკუნის წინათ). ამ დიალექტზე ლაპარაკობენ აჭარის იმ ნაწილშიც, რომელიც მოქცეულია თურქეთის ტერიტორიაზე. გამოიყოფა 2 კილოკავი: ზემოაჭარული და ქვემოაჭარული.

ზემოაჭარული მოიცავს ხულოს, ქედისა და ნაწილობრივ ხელვაჩაურის რაიონებს (მდ. აჭარისწყლის ხეობაში), ქვემოაჭარული - ქ. ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის რაიონებს. ზოგი აჭარულს ყოფს „ბარის აჭარულად“ და „მთის აჭარულად, ამ კლასიფიკაციით მთის აჭარული მდ. აჭარისწყლის ხეობაში (ხულოს, შუახევის, ქედისა და ნაწილობრივ ხელვაჩაურის რაიონებში) მცხოვრებ აჭარელთა მეტყველებაა, ბარის აჭარული - ქობულეთისა და ხელვაჩაურის რ-ში მოსახლე აჭარლებისა. აჭარული ძალიან ახლოდ დგას შავშეთ-კლარჯეთის მეტყველებასთან. ზემოაჭარულს მრავალი საზიარო ფორმა აქვს მესხურთან და ჯავახურთან, ქვემოაჭარულს - გურულთან. აჭარულს უხვად შემოუნახავს არქაიზმები. აჭარული ლექსიკა შეიცავს თურქული ენიდან შემოსულ არაბულ-სპარსულ სიტყვებს. დღევანდელ აჭარულში თურქული ელემენტები თანდათან იზღუდება და მათ ნაცვლად ქართული ლექსიკური ეკვივალენტები ბატონდება. აჭარული გამოყენებულია ჭ. ლომთათიძის და აჭარაში მომუშავე თანამედროვე ბელეტრისტების ნაწარმოებებში.

გურული

გურული შედარებით მცირე ტერიტორიაზეა გავრცელებული და მოიცავს მახარაძის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადმ. რაიონებს; გავრცელებულია სამტრედიის რაიონნის ზოგიერთ სოფელშიც. გურულში დადასტურებულია შინასხვაობა არა მხოლოდ მთისა და ბარის მიხედვით, არამედ თემებისა და სოფლების მიხედვითაც. გურულზე გავლენა მოუხდენია ჩრდილოეთ დასავლეთით მეგრულ-ჭანურს, სამხრულ-დასავლის მესხურსა და აჭარულს, აღმოსავლეთით იმერულს; ისტორიულად გურიის ტერიტორიაზე ხდებოდა მოსახლეობის გადაადგილებანი, გასათვალისწინებელია მოსახლეობის გარედან დენის პროცესებიც, რასაც თავისი გამოხატულება უპოვია არაქართული წარმოშობის გვარ-სახელებში.გამოიყოფა ორი კილოკავი: ზემოგურული და ქვემოგურული. ქვემოგურული გავრცელებულია ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონებში, გარდა სამხრეთის მთიანი ნაწილისა, ზემოგურული-ჩოხატაურის რაიონში და ოზურგეთის რაიონის სამხრეთის მთიან ნაწილში. გურულში უხვად არის წარმოდგენილი ზანიზმები (მეგრულ-ჭანური ფენა), დაცულია არქაიზმებიც. საინტერესოა ინოვაციებითაც. გურულის თავისებურებანი ფართოდ არის წარმოდგენილი მწერლობაში, უმთავრესად ე. ნინოშვილის თხზულებებში. გურულიზმები გვხვდება აგრეთვე ლალიონის, ნ. ნაკაშიძის ჭ ლომთათიძის, და სხვათა ნაწარმოებებში. გურული ფორმები დადასტურებულია ქართულ-ისტორიულ დოკუმენტებში და ძველ ქართულ მწერლობაშიც („რუსუდანიანი“ და სხვ.).

თუშური

თუშურს ჩაღმათუშურსაც უწოდებენ. გავრცელების არეა ახმეტის რაიონი. თუშურად მეტყველებენ წოვათუშებიც. შედის „მთის კილოების“ ჯგუფში. ხევსურულთან და მოხეურთან ერთად ქმნის ვიწრო ჯგუფს, რომელიც ცნობილია „ფხოურის“ სახელით. თუშური ძველთაგანვე გავრცელებული იყო პირიქითის ალაზნისა და თუშურის (გომეწრის) ალაზნის აუზში, მთათუშეთის 4 თემში ანუ 8 საზოგადოებაში; ამჟამად კი 3 საზოგადოებაა: ჩაღმა გომეწარი და პირიქითი; მეოთხე საზოგადოება - წოვათა წარმოადგენს წოვათუშეთის სამფლობელოს (ახლანდელი ზემოალვანი). ბარში (კახეთში - ზემოალვანი, ქვემოალვანი) ჩამოსახლების შემდეგ ინტენსიური ხდება თუშურის კონტაქტები კახურ კილოსთან.

იმერული

იმერული ყველაზე მსხვილი დიალექტიკური ერთეულია (ქართლურის შემდეგ) და მოიცავს ხარაგაულის, საჩხერის, თერჯოლის, ზესტაფონის, ვანის, სამტრედიის, ბაღდათის, ხონის რაიონებს, ქ. ქუთაისის, აგრეთვე ჭიათურის, ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს. იმერლები სახლობენ სხვა (გარდაბნის, ბოლნისის, ლაგოდეხის, ყვარლის, ახალციხის) რაიონებშიც. ვრცელი გეოგრაფიული განფენილობის შესაბამისად, იმერული მჭიდროდ უკავშირდება ქართლურს, რაჭულს, ლეჩხუმურს, მესხურს, გურულს, მეგრულს. იყოფა ორ, საკმაოდ დიფერენცირებულ კილოკავად: ზემოიმერულად და ქვემოიმერულად: აგრეთვე გამოყოფენ შუაიმერულს (ანდა „თერჯოლურს“), რომელსაც ახასიათებს კილოკავის ნიშნები; გარდამავალი დიალექტური ერთეულის გავრცელების არედ მიჩნეულია თერჯოლისა და ბაღდათის რაიონების, აგრეთვე ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი. განსხვავება ზემოიმერულ და ქვემოიმერულ კილოკავთა შორის დადასტურებულია მორფოლოგიასა და განსაკუთრებით ლექსიკაში, აგრეთვე ინტონაციაში. იმერულში მკვეთრად გამოიყოფა ზანური ფენა (მეტადრე ლექსიკაში ტოპონომიკაში) იმერულის თავისებურებები უხვად არის წარმოდგენილი ისტორიულ საბუთებში ((XV-XII სს.). იმერულმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალი ქართულ სალიტერატურო ენის განვითარებაში. მისი თავისებურებანი გამოყნებული აქვთ ძირითადად პერსონაჟთა მეტყველებაში ა. წერეთელს, დ. კლდიაშვილს, გ. წერეთელს, ნ. ლორთქიფანიძეს, ო. იოსელიანს და სხვ.

იმერხეული

ტერმინი „იმერხეული“ ვიწროა და პირობითი, ფართო გაგებით წარმოადგენს ისტორიულად (შავშეთ-კლარჯეთში (სამხრეთი საქართველო) გავრცელებული კილოს შემადგენელ ნაწილს. „იმერხეული შემორჩენილია იმერხევის პროვინციაში, კლარჯეთის აღმოსავლეთ სოფლებში, რომლებიც მდებარეობენ მდ. იმერხევისა და მისი შენაკადების აუზში, მდ. ჭოროხის ხეობამდე (XVI ს-დან თურქეთში შედის). განიცდის თურქული ენის გავლენას; ამ მხარის მთელ რიგ რაიონებში ქართული დავიწყებულია. დღემდე შემორჩენილი არაერთი ტოპონიმი დადასტურებულია ძველ ისტორიულ და ლიტერატურულ ძეგლებში. იმერხეული ძალზე ახლო დგას აჭარულთან, შემდეგ მტკვრის აუზის მესხურთან; გამოიყოფა ქართლური დიალექტის ფენაც.

ინგილოური

ინგილოურის გავრცელების არეა საინგილო (კახეთის აღმოსავლეთი, ალაზნის მარცხენა მხარე, ისტორიული წყაროებით „გაღმა მხარი“; ამჟამად შედის აზერბაიჯანში) მოიცავს კახის (სოფლები: კაკი ანუ კახ-ინგილო, ალათემური, მუშაბაში, ...) და ზაქათალის (სოფლები: ალიაბადი, მოსული), ბელქნის (სოფ. ითითალა) რაიონებს. იყოფა კაკურ და ალიაბადურ კილოკავებად. შემორჩენილია ქართული გვარები (ტარტარაშვილი, როსტიაშვილი, ჯანაშვილი და სხვ.) განიცდის აზერბაიჯანულის გავლენას, უმთავრესად ლექსიკა-ფრაზეოლოგიაში, ტოპონომიკაში; მასზე გავლენას ახდენს აგრეთვე ხუნძური ენა. ინგილოური მდიდრია როგორც არქაიზმებით, ისე ინოვაციებით და ნაკლებად განიცდის სალიტერატურო ქართულის ზემოქმედებას, რაც მკვეთრად განასხვავებს მას სხვა ქართული დიალექტებისაგან. ინგილოური ახლოს დგას ფერეიდნულთან, აგრეთვე კახურთან.

კახური

კახური ერთ-ერთი მსხვილი დიალექტური ერთეულია. გავრცელებულია საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, ახმეტის ყვარლის, სიღნაღის, ლაგოდეხის, წითელწყაროს რაიონებში. ქართლურთან ერთად დიდ როლს თამაშობს სალიტერატურო ქართულის ფორმირებაში, როგორც მისი ფუძე დიალექტთაგანი (განსაკუთრებით ე.წ. აღორძინების ხანიდან მოკიდებული ერთ-ერთი მასაზრდოებელი წყაროა სამწერლობო ენისა)...

ლეჩხუმური

ლეჩხუმური გავრცელებულია ძირითადად ცაგერის რაიონში, ნაწილობრივ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ამბროლაურის რაიონში. ლეჩხუმურზე მოუბარნი ჩასახლებულნი არიან გურჯაანის, ახმეტის, ბოლნისის, ოჩამჩირის რაიონებშიც; ლაილაშის მკვიდრი ებრაელებიც ლეჩხუმურად ლაპარაკობენ. განიცდის სვანურისა და მეგრულის გავლენას (ისტორიულად დღევანდელი ლეჩხუმის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ სვანები და ზანები). განსაკუთრებით ეს ჩანს ტოპონომიკასა და ლექსიკაში. ძირითადად ლეჩხუმური ქვემოიმერულის ტიპისაა, ახლოს დგას ქვემოაჭარულთანაც. ლეჩხუმური პირობით შეიძლება დავყოთ ქვემოლეჩხუმურად და ზემოლეჩხუმურად (ქვემოლეჩხუმური ანუ კტედაღმართული-ტედაღმართული გავრცელებულია მდ. რიონის შუა წელზე, მექვენის ზემოთ. სოფ. ალპანამდე), ზემოლეჩხუმური კი - რიონის ხეობის ერთ ნაწილში (ნიკორიძერიდან ასკ-გველითავამდე) და ლაჯანურის ხეობისა (აჭარის ხიდიდან ძუღურ-ფაქუშამდე) და ცხენისწყლის ხეობის (გორდიდან კლდეკარამდე) რეგიონში. ზემოლეჩხუმურში არის მცირეოდენი შინაგანი სხვაობა, იყოფა ცაგერსქვემოურ და ცაგერსზემოურ მეტყველებად. ლეჩხუმურის ზოგი თავისებურება დამოწმებულია XII-XVIII სს ისტორიულ საბუთებში.

მესხური

მესხური ეწოდება მტკვრის აუზის მეტყველებას (ახალციხის, ასპინძის, ადიგენის რაიონებში). იგი ჯავახურთან ერთად საქართველოში ისტორიულად გავრცელებული მესხური კილოს ნაშთია; ჭოროხის ხეობის დიალექტთან ერთად ძველ საუკუნეებში წარმოადგენდა ქართული ენის სამხრეთულ განშტოებას. სამხრეთ საქართველოში ცნობილი ისტორიული ცვლილებების შედეგად ამ მხარის ქართული მეტყველება გაქრა და შემორჩა იმერხეულისა და ახალციხურ-ახალქალაქურის სახით. ისტორიულად მესხური წარმოადგენდა სალიტერატურო ენის ერთ-ერთ საყრდენ კილოს. ამჟამად მესხურის გავრცელების არეალებია სოფლები: ტატანისი, მიქელწმინდა, მუსხი, ღრელი, წყორძა და სხვ...

მთიულურ-გუდამაყრული

საკუთრივ მთიულური (მთიულთა მეტყველება) გავრცელებულია მდ. მთიულეთის არაგვის აუზში (საქართველოს სამხ. გზაზე), ფასანაურის სადაბო და ქვეშეთის სასოფლო საბჭოებში შემავალ სოფლებში (დუშეთის რაიონი), საკუთრივ გუდამაყრული (გუდამაყრელთა მეტყველება) კი გუდამაყრის ქედიდან გამომდინარე მდ. გუდამაყრის არაგვის ხეობაში (სოფლები: დუმაცო, ჩოხი, ათნოხი, გამსი, მაქართა...).

ყიზლარ-მოზდოკური

ყიზლარ-მოზდოკური, ჩრდილოეთ კავკასიაში - ქ. მოზდოკსა და ყიზლარში მცხოვრებ ქართველთა მეტყველებაა (ყიზლარის ყოფ. ოლქის სოფლები: სასოფლო და სარაფანი). ხალხური გადმოცემით, ქართველები ამ რეგიონში ჩასახლებულან XVIII ს-ში ქართლიდან, კახეთიდან, უმთავრესად ლეკთა ლაშქრობების გამო, ზოგიერთი მათგანი შამილის წინააღმდეგ ომის მონაწილე ყოფილა. ისტორიული წყაროების მიხედვით, თავდაპირველად ყიზლარში ქართული ახალშენი დააარსა რუსეთს მიმავალი ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის ამალის ერთმა ნაწილმა 1724 წ. ამ მოსახლეობას თანდათან ემატებოდნენ ქართველთა სხვა ჯგუფებიც. შემორჩენილია ქართული გვარები (ზედგენიძე, ლომიძე, ფხაკაძე...

ხევსურული

ხევსურები, გარდა საკუთრივ ხევსურეთისა, ცხოვრობდნენ საქართველოს რამდენიმე რაიონში. ამ გეოგრაფიულ განფენილობის გამო ხევსურული კოლო გავრცელებულია დუშეთის, ყაზბეგის, თიანეთის, ახმეტის, მცხეთის თელავის და სხვ. რაიონებში. ხევსურული მდიდარია არქაიზმებით.

ჯავახური

ჯავახური გავრცელებულია ახალქალაქის რაიონში (სოფლები: აფნია, გოგაშენი, ოკამი პტენა, ჩუნჩხა, კოთელია, მურჯახეთი, ვარევანი, ბარალეთი, გოკიო), ასპინძის რაიონში (სოფლები: ხიზაბავრა, თოკი, სარო, ვარგავი). ბორჯომის რაიონში (ბალანთა, ჭიხარულა)... ისტორიულ წარსულში ჯავახურის გავრცელების არე უფრო დიდი იყო. ჯავახური ახლოს დგას ქართლურთან, განსაკუთრებით მესხურთან. ისტორიულად მესხურთან ერთად ზემო ქართლურს განეკუთვნებოდა. ჯავახური შეზავებულია დასავლურქართული კილოების თავისებურებებით. ლექსიკა-ფრაზეოლოგიაში უხვად არის დანერგილი თურქულ-არაბული.

წყარო

  • ძიძიგური შოთა, „სიტყვის ცხოვრება“, 1988 წ.,
  • ძიძიგური შოთა, „ქართული ენის განშტოებები“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები