ქართული ფსიქოლოგიის ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული ფსიქოლოგიის ლექსიკონი – Dictionary of Georgian Psychology - Einstellung/Set Theory, Словарь Грузинской Психологии - Теории Установки

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონის ის ნაწილი, რომელიც განწყობის თეორიასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ცნებებს მოიცავს. ეს ნაწილი სამენოვანია – ქართული, ინგლისური, რუსული.

ისტორია

ფსიქოლოგიის ტერმინები უკვე ძველქართულ ფილოსოფიურ-თეოლოგიურ თხზულებებში გვხვდება, მოყოლებული X საუკუნიდან {ფსიქოლოგიის ისტორია საქართველოში}.

ფსიქოლოგიის მრავალი ტერმინია განმარტებული სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში (XVIII ს.). ცალკეული ახალი ტერმინები შემოიღეს ანტონ კათალიკოსმა (XVIII ს.) და ეპისკოპოსმა გაბრიელ ქიქოძემ (რომელიც ფსიქოლოგიის ერთერთი პირველი სახელმძღვანელოს ავტორი იყო მთელ რუსეთის იმპერიაში, XIX ს.). ფსიქოლოგიის ქართული ტერმინების უმრავლესობა დიმიტრი უზნაძის მიერაა დამკვიდრებული და განმარტებული მისივე ნაშრომებში (XX საუკუნის I ნახევარი).

პირველი თანმიმდევრული ლექსიკონი შეადგინეს დიმიტრი უზნაძის მოწაფეებმა, ზოსიმე ხოჯავამ და ნადეჟდა ბერულავამ 1970-1980-იან წლებში. ეს ლექსიკონი გამოირჩევა მაღალი აკადემიური დონით, კარგად დაწერილი სტატიებითა და იმდროინდელი კომუნისტური ცენზურის პირობებში გაბედული აზრებით. ეს ლექსიკონი მხოლოდ 2018 წელს გამოიცა სტამბურად.

1970-1980-იან წლებში ლექსიკონებზე მუშაობდნენ აგრეთვე დარეჯან გოგუაძე და, მისგან დამოუკიდებლად, გიორგი კეჩხუაშვილი. მაგრამ მათ სამუშაო ვერ დაასრულეს. 2000-იან წლებში მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოიცა დიდტანიანი ლექსიკონი, რომლის მრავალი სტატიაც შორსაა აკადემიური ფსიქოლოგიისგან.

2015-2019 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით შეიქმნა და ინტერნეტში განთავსდა წინამდებარე ლექსიკონი - ფსიქოლოგიის აკადემიური ენციკლოპედიური ონლაინ ლექსიკონი - ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია ქართული ფსიქოლოგიის ლექსიკონი ანუ განწყობის თეორიის ლექსიკონი.

იხილე აგრეთვე

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები