ქაჯავეთის ლაშქრობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქაჯავეთის ლაშქრობახახმატის გიორგი ქაჯავეთის დასალაშქრავად რომ გაემართა სხვა ღვთისშვილებთან ერთად, თან ერთი ჭორმეშიონი კაცი, სახელად გახუა და გვარად გოგოჭური, იახლა. ოღონდ, რადგან სხვა ღვთისშვილებს ხორციელის სუნი ეჯავრებოდათ, გახუას დაავალეს, ორი დღე არაფერი ეჭამა, რომ სუნი არ ასდენოდა. გახუამ ერთს დღეს არაფერი ჭამა, მეორე დღეს კი, როცა ძალიან მოშივდა, პური და ყველი მოიპარა და შეჭამა. გაუგეს ღვთისშვილებმა და დასცინოდნენ: „მეპურყველე გახუაო“. და ისევ სუნი აუვიდა. ამიტომ სული ამოაცალეს, გვამი მიწაში დაფლეს, რომ მობრუნებისას ისევ ჩაებრუნებინათ მასში სული.

ასე წაიყვანეს გახუას სული ღვთისშვილებმა ქაჯავეთში და, რაც იქ მოხდა, როგორ ებრძოდნენ ღვთისშვილები ქაჯებს და რა დოვლათი წამოიღეს იქიდან, ყველაფერი გახუამ თავისი პირით უამბო ხევსურებს. გიორგიმ რომ ქაჯავეთი გატეხა, მე მასთან ვიყავიო. წამიყვანეს ქაჯავეთში, მე და გიორგის ლაშქარნი ერთად მოვდიოდით, კოპალაც თან მიგვყვებოდაო. ქაჯავეთს რომ მივუახლოვდით, ერთს ტყეში დავიმალეთ და დაღამებას ვუცდიდით. ამ დროს ქაჯებმა გაგვიგეს და თავს დაგვესხნენ. ჩვენც გამოვედით სამალავიდან და შევებით, და შეიქნა დიდი ბრძოლა, ვძლიეთ ქაჯებს და დავამარცხეთ, და, ის იყო, ქაჯავეთის აღებას ვაპირებდით, რომ კატის თავ-ფეხის სროლა დაგვიწყეს და ისე შეგვაწუხეს, რომ კინაღამ დავმარცხდით, მაგრამ გიორგი და კოპალა ფარებს იფარებდენ და ჩვენ იმათ შევეფარეთ. ბოლოს, ერთ-ერთს, გიორგის მოლაშქრეს კატის თავი მოარტყეს ფეხზე და ფეხი მოსტყდა. ფეხმოტეხილი გამოვიტაცეთ და შორს დავმალეთ, და ისევ შევებრძოლეთ ქაჯებს. ბოლოს, კატის თავ-ფეხი გაუთავდათ და აღარ გვახლიდნენ. და შეესიენ ღვთისშვილნი გიორგის მეთაურობით, ქაჯები ამოწყვიტეს და, რანიც მათ გადაურჩნენ, ციხეში შეცვივდნენ. მაგრამ კატის თავ-ფეხი ისევ მოეგროვებინათ და ხელმეორედ დაგვიშინეს. ძალიან შეგვაწუხეს და დროებით უკან დავიხიეთ. მე ვეღარ მივყევი ღვთისშვილებს და, ცხენი ეგდო მოკლული, იმის ღრუში ჩამაძვრინეს და დამმალეს. როცა ქაჯებს კატის თავ-ფეხი კიდევ გაუთავდათ და ღვთისშვილნი მათ ისევ დაედევნენ, მეც ამომაძვრინეს ცხენის ღრუდან და ისევ ქაჯების საბრძოლველად წამიყვანეს. მესამე შეტევაზე კი საბოლოოდ დავამარცხეთ ქაჯები და ავიღეთ ქაჯავეთის მთავარი ქალაქი, სადაც სამჭედლო ჰქონდათ გამართული. ხახმატის გიორგი ბუზურად იქცა, შეფრინდა სამჭედლოში და ბზუის იქ. ერთ ქაჯს უთქვამს: ამ ბუზურამ რაც ქნასო, ხვალ დილამა სცნასო. დასდევნებიან ბუზურას, მოვკლათ, სანამ უბედურება არ დაგვმართაო. ვერა და ვერ დაიჭირეს. ამ დროს ქაჯის მჭედელი რკინას ჭედდა, ბუზურას აღით შეფრენილ ხახმატის გიორგის მოუხიბლავს რკინა და, როცა მჭედელმა ცეცხლიდან გამოიღო გასაჭედად და კვერი დაჰკრა, იქუხა სამჭედლომ ერთიანად, აფეთქდა და ნამსხვრევები ცისკენ წავიდა. ამ დროს ხახმატის გიორგიმ ცხენი ზედ ქურთემულზე (გრდემლზე) შეაგდო – ზედ მისი ნალის ანაბეჭდი ახლაც ატყვია. ქაჯები ბევრი დახოცეს ღვთისშვილებმა და დახვიეს ხელი ქაჯავეთის დოვლათს, რაც სამჭედლოში ჰქონდათ, – ქურთემულს, მკლავის სისქე ჯაჭვის რგოლებს, საკიდლებს, ვერცხლის თეფშებს და თასებს, სხვა ვერცხლეულს, ოქროს საცერს და ათძალიან ოქროს ფანდურს და კიდევ სხვა ნივთებს – და გამოზიდეს იქიდან. გამოირეკეს ძალზე მსხვილი, ჭერხო-ბოსელივით დიდრონი საქონელი და ხახმატისკენ ქნეს პირი. ამ დოვლათთან ერთად წამოიყვანეს სამი ძალიან ლამაზი ქაჯის ქალი: სამძიმარი, მზექალი და აშექალი, რომ მონათლულიყვნენ და ხახმატის ჯვარში დამკვიდრებულიყვნენ წმ. გიორგის მოდეებად.

გზაზე წვალებით მოვდიოდით, ქაჯები გვეწეოდნენ გზა და გზა და გვაღონებდნენ. მაგრამ, ბოლოს, მაინც როგორც იქნა, გადავიარეთ დათვის ჯვარი, ჩავედით ველკეთილზე (აქ უკანვე ჩააძვრინეს გახუას სული მის გვამში, რომელსაც უკვე მატლი გასჩენოდა) და მივაღწიეთ ხახმატს. ხახმატში საქონელი რომ მოვრეკეთ, ყვება გახუა, იმდენი იყო, რომ სულ გაიჭედა ჯვარის მიდამოები. ისეთი სივიწროვე იყო, რომ ერთ ცალრქა ფურს ამ შეხლა-შემოხლაში ის ერთი რქაც მოტყდა (ერთი ფუთი ქერი ჩადიოდა, საწყაოდ ჰქონდათ ლუდისთვის ხახმატის ჯვარში). შუაღამისას თურმე ისე განათებულა იქაურობა, რომ ამ ნათელზე ჩამოუხედავს ორ დედაკაცს ხახმატიდან და დაუნახვთ ეს საქონელი, ხეობაში რომ იდგა. ერთი დედაკაცი ვაჟის დედა ყოფილა, მეორე – ქალისა, სამშობიარო ქოხში ყოფილიყვნენ ჯერ კიდევ ორივენი. ვაჟის დედას უთქვამს: დაგწყევლოთ ღმერთმა ეგ თხები და ეშმაკები, რამდენი არიან, მიწასაც კი უმძიმსო! ქალის დედას კი უთქვამს: ოო, დაილოცოს, ვინ იცის, რა არის და საიდან მოსულა! კაცთაგან მორეკილს არ ჰგავს. დიდება ხახმატის ჯვარს, მაგის ძალა იქნებაო! გაიგო ეს ხახმატის ჯვარმა და გაუწყრა ვაჟის დედას, რომ თქვა, თხები და ეშმაკები იქნებიანო, და ქალად უქცია ახლადშობილი ვაჟი.

მეორე დედაკაცი კი, ქალის დედა, რომელმაც თქვა, დაილოცოსო, დალოცა ხახმატის ჯვარმა და ქალი ვაჟად უქცია.

მეორე დღეს მთელი ხევსურეთის ღვთისშვილნი, რომლებიც არ წაყოლიან ხახმატის ჯვარს ლაშქრობაში, შურით ავსილნი დაესხნენ და დაიტაცეს მოტანილი ნადავლი. არხოტის ჯვარს სასრევ-სამართებელნი წაურთმევია, ბრიშა ამღიდან მოსულ იახსარს დაუსაკუთრებია და თავის ხატში წაუღია შესანახად. ყველა ღვთისშვილმა რაღაც გაიტაცა ამ ნადავლიდან, მარტო კვირიამ არ იკადრა, არ ჩავიდა, რომ რაიმე წაეღო. შორიდან კი უყურებდა, როცა ღვთიშვილები იტაცებდნენ, და კიცხავდა მათ საქციელს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები