ქეთევან დედოფალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საბინინი მიხეილ, ქეთევან დედოფალი

წმ. ქეთევან დედოფალი - მუხრანბატონის ასული, თეიმურაზ პირველის დედა. 1584 წელს გახდა კახეთის მეფის ალექსანდრეს უფროსი ვაჟის დავითის მეუღლე. მეფე ალექსანდრეს სამი ვაჟი ჰყავდა: დავითი გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინე პატარაობიდანვე წაიყვანა შაჰ-აბასმა მძევლად და გაზარდა საქართველოსა და ქართველების დაუძინებელ მტრად. უფლისწული გიორგი ყველაფრით გამორჩეული კარგი ვაჟკაცი იყო, ხოლო დავითი უფრო ღვინისა და დროსტარების მოტრფიალე გახლდათ. არც მშობელი მამის დიდი პატივისმცემელი ყოფილა: მან აიძულა მამა ბერად შემდგარიყო და ტახტზე თვითონ ასულიყო, მაგრამ ეს უკეთური საქციელი უფალმა არ შეარჩინა და ტახტზე ასვლიდან ოთხი თვის შემდეგ გარდაიცვალა. ამიტომ კახეთის ტახტზე ისევ მეფე ალექსანდრე ავიდა. ეს რომ შაჰ-აბასმა გაიგო, უზარმაზარი ლაშქრით გამოაგზავნა საქართველოში გამაჰმადიანებული კონსტანტინე ვითომდა სამშობლოს, მამისა და ძმის მოსანახულებლად. გახარებული მეფე ალექსანდრე და უფლისწული გიორგი მცირე ამალითა და უიარაღოდ წავიდნენ კონსტანტინესთან შესახვედრად. მან კი ვერაგულად მოკლა მამა და ძმა, ორივეს თავები მოჰკვეთა და თავის „მამობილს“ გაუგზავნა, ხოლო თავმოჭრილი სხეულები - ქეთევან დედოფალს, თან შემოუთვალა, რომ იგი ცოლად გაჰყოლოდა კონსტანტინეს. წმ. ქეთევანმა დიდი პატივით დაასაფლავა მამამთილი და მაზლი, რა თქმა უნდა, კონსტანტინეს უარი შეუთვალა და ჩუმად ჯარის შეგროვება დაიწყო. როცა საკმარისი რაოდენობის მეომრები შეაგროვა, მათ მიმართა, რომ თუ გვერდში არ დაუდგებოდნენ მეომრები დედოფალს და ასეთი საშინელი საქციელისათვის კონსტანტინეს პასუხს არ აგებინებდნენ, მაშინ დედოფალი თავის შვლებთან ერთად დაბრუნდებოდა მუხრანში. ლაშქარმა ერთგულება შეჰფიცა სათაყვანებელ დედოფალს, მოულოდნელად დაეცა თავს კონსტანტინეს ლაშქარს და ამოწყვიტა, მათ შორის კონსტანტინეც. ქეთევან დედოფალმა კონსტანტინე გვარის შესაფერისად დაასაფლავა. შაჰ-აბასი საშინლად იყო განრისხებული ქართველებზე, მაგრამ ეშინოდა ოსმალოების, რომლებიც მის სახელმწიფოს კარს მოსდგომოდნენ. ამიტომ, როდესაც ქეთევან დედოფლის დესპანები მოვიდნენ და სთხოვეს კახეთის ტახტზე ქეთევან დედოფლის ვაჟი, თეიმურაზი დაენიშნა, უარი არ უთქვამს და გახარებულმა ქართველებმა 14 წლის თეიმურაზი ტახტზე აიყვანეს. ქვეყანა ცოტათი დამშვიდდა, დანგრეული და გავერანებული ციხე-სიმაგრეები შეაკეთეს. ეს ბედნიერი ხანა დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე თეიმურაზ მეფეს შაჰ-აბასმა მძევლად მოსთხოვა უმცროსი შვილი ალექსანდრე, რომელსაც თეიმურაზ მეფემ დედაც, დედოფალი ქეთევანი გააყოლა, რადგან იფიქრა, რომ შაჰ-აბასი პატივით მოეპყრობოდა მას და მისი ხათრით შვილსაც არაფერს დაუშავებდა. ცოტა ხნის შემდეგ შაჰ-აბასმა უფროსი შვილი ლევანიც მოითხოვა და რამდენიმე ხნის შემდეგ თეიმურაზ მეფეს შემოუთვალა: „რაკი შენ ასეთი ერთგული ხარ ჩემი, მაშინ შენც ჩამოდი და მესტუმრეო“.

ქართველებისათვის ნათელი გახდა, რომ შაჰ-აბასს უნდოდა მთელი ოჯახი ერთიანად ამოეწყვიტა, ამიტომ ჯარის შეგროვება დაიწყეს, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში კახელები დამარცხდნენ. შაჰ-აბასმა ქეთევან დედოფალი შირაზის მმართველ გათათრებულ იმამ-ყული-ხანს (უნდილაძეს) გაუგზავნა, ხოლო უფლისწულები ლევანი და ალექსანდრე დაასაჭურისა, რის გამოც ალექსანდრე გარდაიცვალა, ლევანი კი შკუაზე შეიშალა. ათი წელი ჰყავდა ტყვედ ქეთევან დედოფალი შაჰ-აბასს. უნდილაძე თავს ევლებოდა ქართველ დედოფალს და ამბობდა: ეგ არ არის ჩვენი ტყვე, არამედ ჩვენ ვართ მაგისი ტყვეებიო. როცა თეიმურაზ მეფემ რუსეთისათვის დახმარების თხოვნა გადაწყვიტა, მაშინ შაჰ-აბასმა უნდილაძეს უბრძანა ქეთევან დედოფლის გამაჰმადიანება, რის შემდეგაც მის ცოლად შერთვას აპირებდა. უნდილაძე შეაძრწუნა ამ ბრძანებამ და შაჰ-აბასს შეჰბედა: ერთი ბერი დედაკაცია, რას მოგვცემს მისი გამუსულმანებაო, მაგრამ შაჰ-აბასმა უფრო მრისხანედ უბრძანა: თუ არ გამუსულმასნდება, მაშინ საშინელი წამებით ამოხადე სულიო. შემდეგ ქეთევან დედოფალს დიდი მოწიწებით შესთხოვა მხოლოდ გარეგნულად მიეღო მუსულმანობა, ხოლო გულში ისევ ქრისტიანი დარჩენილიყო, მაგრამ დედოფალმა ასე უპასუხა: ქართველები გულს კი ვერ დაინახავენ, არამედ მუსულმანობის პირით აღიარებას დაიჯერებენ და რადგანაც დედოფალი სარკეა მთელი ერისა, ჩვენი ერი გამუსულმანდებაო. ქეთევან დედოფალს თან ოციოდე მხლებელი ახლდა, მათ შორის ერთი ხუცესიც, რომლებიც საშინლად შეაძრწუნა ამ ამბავმა, ხოლო ქეთევანმა სიხარულით მიიღო ქრისტეს გამო ასეთი სასჯელი, როცა დედოფალი სასჯელის ადგილზე მიიყვანეს, დაანთეს უდიდესი კოცონი და შეაწყვეს შიგ წამების იარაღები, წმ. ქეთევანს ნირიც არ შეუცვლია და ხუცესს მიმართა: რას კანკალებ, ხუცესო, ვერხვის ფოთოლივით, მეტი აღარაფერი უთქვამს, რადგან ხუცესმა სწრაფად დატოვა ქრისტიანობა და მიიღო მუსულმანობა. დედოფალმა გულში ილოცა და მხოლოდ ეს სთხოვა ჯალათებს, თქვენც ხომ ყველა დედის ნაშობი და გაზრდილები ხართ, ამიტომ სიშიშვლით ნუ შეურაცხმყოფთო, მაგრამ ყური არ უგდეს დედოფლის ამ ერთადერთ თხოვნას: ყველას თვალწინ გააშიშვლეს, გაზით ძუძუები მოაგლიჯეს, გახურებულ შანთები გაუყარეს მკერდიდან ბეჭებამდე, გავარვარებულ ლურსმნებზე დააწვინეს, ზევიდანაც ისეთივე ლურსმნები დააყარეს, თავზე გახურებული სპილენძის ქვაბი ჩამომხეს და შემდეგ გახურებული ბარით გაუხეთქეს თავი. „უდრეკ იყო დედოფალი“ - ასე წერდნენ შემდეგში მასზე ფრანგი მისიონერები, რომლებიც ამ წამების თვითმხილველნი იყვნენ. სიკვდილის წინ მან მხოლოდ სამი სიტყვა სთქვა: უფალი... მამული... შვილი... ეს მოხდა 1624 წლის 13 (26) სექტემბერს.

დედოფლის ასე საშინლად ნაწამები გვამი მხეცებისა და ფრინველების დასაჯიჯგნად მიაგდეს, მაგრამ ფრანგმა მისიონერებმა მისი ნაწამები სხეული ძვირფასი ნელსაცხებლით გაჟღენთილ ტილოში შეახვიეს და ისე წააბრძანეს საფრანგეთში, საიდანაც წმ.თეიმურაზ მეფეს გამოუგზავნეს წმ. ქეთევანის თავი და მკლავი. მეფე თეიმურაზმა დიდი გულისტკივილით დაიტირა წამებული დედა და დიდი პატივით დაასაფლავა ალავერდის ტაძრის საკურთხევლის ტრაპეზის ქვეშ.

ქეთევან წამებული წმინდანადაა შერაცხილი როგორც მართლმადიდებლების, ასევე კათოლიკების მიერ. მისი ფრესკები და წმიდა ნაწილები დასაფლავებულია ინდოეთის ქალაქ გოაში.

ქეთევან დედოფლის ხსენების დღეა 13 (26) სექტემბერი, მისი აღსასრულის დღე.

ჩვენამდე მოაღწია ქეთევან დედოფლის რამდენიმე ლექსმა: „ანბანთქება ფისტიკაური“ მას გამოუთქვამს შირაზში ტყვეობის დროს. ლექსი გამსჭვალულია ღრმა ლირიზმით, მასში მწარე ხვედრით გულშეძრული ქალის გოდება ისმის; „ვედრება-ჰიმნი“ მიმართულია ღვთაებისადმი და ავტორის მღელვარე განცდებს გამოხატავს. თეიმურაზ პირველს თავის პოემა „ქეთევანიანში“ შეუტანია კუპიურები დედის „ვედრება-ჰიმნიიდან“. ქეთევან დედოფალს ჰქონია აგრეთვე ანბანთქებანიც.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები