ქეთხუდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქეთხუდა/ქევხა - (სპარს. ketxoda - მამასახლისი). ირანსა და ოსმალეთში ქალაქის, სოფლის, თემის, ხელოსნური ორგანიზაციის მმართველი, გვარისა და ტომის წინამძღოლი; ოსმალეთში - სულტნის სასახლის მცველთა რაზმის ბალთაჯთა (ცულით შეიარაღებულთა) მეთაური.

აღმოსავლეთ საქართველოში ტერმინი ვრცელდება XVI ს-ის ბოლო ათეული წლებიდან საქალაქო და სასოფლო ადმინისტრაციულ მმართველობაში მამასახლისის მნიშვნელობით. ქეთხუდები მოიხსენიებიან სოფლის და ქალაქის მელიქ-მამასახლისებთან ერთად. ისინი ჩანან სხვადასხვა ტიპის იურიდიული გარიგებების მოწმეებად და დამამტკიცებლებად, სავაჭარო საქმეების გამრიგეებად, საქონლის ნიხრის დამდგენებად. დავით ბატონიშვილის თანახმად, ქეთხუდებს უწოდებდნენ საქართველოში ჩამოსახლებულ თათართა უხუცესებსაც. ქეთხუდები იყვნენ თბილისში, გორში, ცხინვალში და, ზოგადად, აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში.

ისტორიულ საბუთებში ქეთხუდები მამასახლისებთან და სხვა ადგილობრივ მოხელეებთან ერთად არიან დასახელებულნი, რაც მიანიშნებს, რომ მიუხედავად მათთან ფუნქციური მსგავსებისა, ისინი მაინც ცალკე რგოლს ქმნიდნენ ადგილობრივ სამოხელეო იერარქიაში. ქეთხუდების თანამდებობა მემკვიდრეობითი იყო, იერარქიულად ისინი ექვემდებარებოდნენ ქალაქისა და სოფლის მოურავებს, გატოლებულები ჩანან მამასახლისებთან და მელიქებთან. ქალაქებში და ზოგიერთ სოფელში ერთდრულად რამდენიმე ქეთხუდა შეიძლებოდა ყოფილიყო. ქალაქების ქეთხუდები ვაჭარ-ხელოსანთა წრიდან ჩანან გამოსულნი, სოფლებში - გლეხობიდან. ქეთხუდის სარგოს წარმოადგენდა წილი მოსახლეობაზე გაწერილი გადასახადიდან, რაც, ძირითადად, ნატურალურ პროდუქტს წარმოადგენდა.



წყაროები და ლიტერატურა

ნაიმა 1979: 124; ქსის 1955: 389; პალ 1991: 569, 659, 653, 693; პალ 1993: 466; პალ 2004: 136; პალ 2015: 162, 190, 402, 471; ხეც: Hd-5220; Hd-5220; Qd-7237; Qd-7241.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები