ქერეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქერეთი, ქარათუ(უგარიტ.) მითოლოგიური ეპოსის მთავარი გმირი. ქერეთს, დათანის მეფეს, დიდი უბედურება დაატყდა თავს: გაუწყდა მთელი სანათესაო, ზოგი შავმა ჭირმა იმსხვერპლა, ზოგიც – ზღვამ. ბედმა ესეც არ აკმარა: რვა შვილი ერთბაშად დაეხოცა.

დარჩა სრულიად მარტო ქერეთი, უზენაესი ღმერთის, ელის ერთგული მსახური. ცრემლად იღვრება, მისი ცრემლები მიწაზე ვერცხლის შეკელებივით ცვივა, მისი მოთქმა-გოდება ცას სწვდება. მაგრამ არავინ არის მისი თანამგრძნობელი და განმკითხველი. ამ ტირილსა და მოთქმაში დაღლილ-დაქანცულს ჩაეძინა ქერეთს და სიზმრად თავად უზენაესი ელი გამოეცხადა. რას მოთქვამს ქერეთი? იქნებ ქერეთს ხალხზე ხელმწიფება სურს, როგორსაც მხოლოდ მე ვფლობ? იქნებ ქერეთს სიმდიდრე უნდა ან სხვა რაიმე სანუკვარი? აჰა, ქერეთ, ოქრო-ვერცხლით სავსე ტაგრუცი და მასთან ერთად მონები მათი შთამომავლებიანა. მაგრამ ქერეთს არ სურს სიმდიდრე. რად უნდა ამქვეყნიური დოვლათი, როცა შვილები აღარა ჰყავს, არც ნათესავები, რომ ვინმეს უანდერძოს. და კვლავ ეუბნება ელი: ცრემლი არ გიშველის, ქერეთ. ადექი და გაემართე უდუმს, ვინძლო იქიდან წამოიყვანო საცოლე. წადი, დაემუქრე იმ ქვეყანას, რომ მუსრს გაავლებ, თუ არ მოგცემენ ხურიტელ ქალწულს ცოლად. ანათის მშვენებით არის სავსე, აშერუს სილამაზით ჰყვავის. წამოიყვანე იგი, მხოლოდ მასთან ერთად დაბრუნდი უკან. მხოლოდ ეს ქალწული აღგიდგენს მოდგმას.

გაიღვიძა ქერეთმა გახალისებულმა: ხელები დაიბანა და ღმერთებს შესწირა მსხვერპლი – ბატკანი და ციკანი, და ფრინველებიც; და ღვინოც ასხურა სამსხვერპლო ცეცხლად ვერცხლის თასებიდან. მერე ავიდა გალავანზე და ღმერთებს შეწევნა გამოსთხოვა. მერე ძირს ჩამოვიდა, რათა შეეყარა ლაშქარი უდუმისკენ გასალაშქრებლად. ურმები პურით აავსო სალაშქროდ; სამასი ათასი შუბოსანი შეკრიბა. მათ გარდა, მონებს და მიწათმოქმედთ თვლა არ ჰქონდათ. ვის არ გაუწია გულმა სალაშქროდ? მარტოხელამ სახლის კარი გამოკეტა, სნეული საკაცით მოჰყავდათ, კოჭლი მოკელანობდა, მოქირავნეს მისდევდა, ახალდაქორწინებულმა ქალწული ცოლი სახლში დატოვა, მათ გაეკიდა, თან მიტოვებული სარეცლის გამო ოხრავდა.

ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, ქალღმერთ აშერათის ტაძარს მიადგნენ. ქერეთი ქალღმერთს ხურიტელი ქალწულის ორი მესამედი წონის ვერცხლს შეჰპირდა, ერთი მესამედი წონის ოქროს შეჰპირდა, თუ ცოლთან ერთად დააბრუნებდა უკან. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, მიადგნენ უდუმის სანახებს; გაანადგურეს დაბა-სოფლები, არ დაინდეს არც ყანაში მომუშავენი და არც ტყიდან შეშის მტვირთველნი, არც დედაკაცები, წყალს რომ ზიდავენ. დალაშქრეს სამეფო ქალაქიც.

უდუმის მეფეს, ფაბელის, ძილი გაუფრთხა, მოსვენება დაეკარგა, დილით მოციქულებს უგზავნის ქერეთს ძვირფასი ძღვენითურთ, ოქრო-ვერცხლს და მონებს. თავი მოიდრიკეს და მოახსენეს: მეფე ფაბელისგან მოგიტანეთ სიტყვა, ბატონო. დაეხსენ ჩემს ქვეყანას, დასტოვე უდუმის ქალაქი. აჰა, მიიღე გამოსასყიდი: ოქრო-ვერცხლი და ეტლები, მონა-მხევლები და სხვა დოვლათი.

ქერეთი ასე მიუგებს მოციქულებს: რას მარგებს თქვენი გამოსასყიდი. მე ხურიტელი ქალწული მსურს, მეტი არაფერი. მისი სილამაზე თავად ელისგან არის ნაქები. ელმა მომცა მე იგი. გაბრუნდნენ ელჩები და მოახსენეს ქერეთის სიტყვა. დაამწუხრა ფაბელი, უდუმის მეფე, ქერეთის პასუხმა.

კვლავ აგზავნის მოციქულებს, ამ სიტყვას აბარებს: როგორ გაგატანო ჩემი ასული? არ იცი, მშიერის დამპურებელია? მწყურვალისთვის თასით წყაროდან წყალი მოაქვს? თუ წაიყვან, ყველანი უკან გამოეკიდებიან. ატირდება დაობლებული სამეფო, როგორც ხბოწაგვრილი ძროხა ბოსელში ბღავის ხოლმე. გული გაიქვავა ქერეთმა – ისევ და ისევ ითხოვს ხურიტელ ქალწულს. და მეფე ფაბელიმაც მისცა ქალწული და მართლაც დაობლდა ქვეყანა – აბღავლდა როგორც ხბოწაგვრილი ძროხა.

ქერეთი კი თავის დაცარიელებულ სასახლეში ქორწილს იხდის და ღმერთებს იწვევს. ჩამოვიდა უზენაესი ელი, მძლეთამძლე ბაალი და იარიხი, მთვარის ღმერთი. წამოდგა ბაალი და სთხოვს ელს, აკურთხოს ქერეთი. წამოდგა ელი, მაღლა აღმართა ღვინით სავსე თასი და წარმოთქვა: შვიდ ვაჟს გიშობს, ქერეთ, ხურიტელი ქალწული, მათ შემდეგ მერვესაც დაგიბადებს – იაციბ-ყმაწვილს. ანათი აწოვებს მათ ძუძუს, აშერათის რძით გამოიკვებებიან. მერე ილიხაუს დაგიბადებს. მასაც ქალღმერთი აწოვებს ძუძუს. უმცროსს პირმშოდ გავხდი. შვიდ ასულს დაგიბადებს და მერე მერვესაც, უმრწემესს პირმშოდ გავხდი. ეს აღუთქვა ელმა და დასცალა თასი. მერე აიშალნენ ღმერთები, ცას მიაშურეს. დარჩა, განმარტოვდა ქერეთი თავის ცოლთან.

ებადებიან ქერეთს ვაჟები, მუცლად იღებს ხურიტელი და შობს, და კვლავ მუცლად იღებს და შობს. დაიბადნენ ვაჟები შვიდნი და მერვეც. გაიხსენა აშერათმა ქერეთის აღთქმა და აღივსო რისხვით: სიტყვა გატეხა ქერეთმა, დაარღვია აღთქმა. სად არის ხურიტელი ქალწულის ერთი მესამედი წონის ოქრო? სად არის ვერცხლი?

უკურნებელი სენი მოუვლინა აშერათმა ქერეთს; ერთ თვეს ავადობს ქერეთი, ორ თვეს ავადობს, სამ თვეს ავადობს, ოთხ თვესაც ავადობს, წევს სარეცელზე საშინელი მოთის მოლოდინში. უძახის ხურიტელ ქალწულს: დაკალი ნასუქალი ძროხები, ღვინის ქვევრებს ახადე, მოიწვიე ჩემი მოყმეები, შუბოსანნი. გაუმართა ნადიმი ხურიტელმა ქალწულმა ქერეთის მოყმეებს. სვამდნენ ტკბილ ღვინოს, ღმერთებს უღვრიდნენ, მსხვერპლს სწირავდნენ და სთხოვდნენ ქერეთის სიცოცხლეს. მაგრამ სასტიკნი იყვნენ ღმერთები, არ უსმინეს მათ ვედრებას. კვლავ მოიწვია ხურიტელმა ქალწულმა მოყმენი, კვლავ ასვა და აჭამა, ღმერთებსაც შესწირეს მსხვერპლი. და მოთქვამდნენ: რა გვეშველება უქერეთოდ! წავა მზის დასავლეთში და დაგვტოვებს მის ლაშქარს, ჭაბუკ იაციბის ამარა დაგვტოვებს.

არც ამჯერად ისმინეს ღმერთებმა. კვლავ სნეული წევს ქერეთი სარეცელზე. მაშინ ხურიტელმა ქალწულმა გრძნეულ-მისნებს მოუხმო, ლხინი გაუმართა: ჭამეთ და სვით, გრძნეულებო, ვინძლო მოერიოთ სნეულებას, მეფეს რომ ჭირს. სვეს და ჭამეს გრძნეულებმა, ისრები ასტყორცნეს ჰაერში, ხარებივით აბღავლდნენ, მაგრამ ამაოდ: კვლავ სნეული იწვა ქერეთი სარეცელზე.

მაშინ ქერეთის ძეს, ილიხაუსს, ესიზმრა ასეთი სიზმარი: წადი, ეახლე ელს, შესწირე მსხვერპლი, შეევედრე, ვინძლო შეისმინოს შენი ვედრება – განკურნოს ქერეთი. ილიხაუსი, ნაბოლარა და მერვე ასული დასტირიან ქერეთს, ელს ევედრებიან მის გადარჩენას, მსხვერპლს სწირავენ, ზეთსა და ღვინოს უღვრიან. გაიგონა ელმა ქერეთის ქალ-ვაჟის ვედრება, მოუხმო ღმერთებს, თავის შვილებს და უთხრა: ქალღმერთებო და ღმერთებო, მითხარით, ვინ განკურნავს ქერეთს? შვიდგზის ასმინა ეს სიტყვები, მაგრამ ღმერთები დუმდნენ. მაშინ ელმა გადაწყვიტა, თავად განეკურნა ქერეთი. აიღო თიხა და გამოძერწა ადამიანის მსგავსი სახე, დაარქვა შათიქათუ და უთხრა: წადი, შათიქათუ, გაფრინდი, ქერეთის სასახლისკენ! ქალაქებს გვერდი აუარე, დაბა-სოფლები ფარულად გაიარე. შედი ქერეთის სასახლეში და სნება გამოდევნე მისი სხეულიდან. თავზე ბალახი დაადე, კისერზე ოფლი მოსწმინდე. მერე პური და ხარის ხორცი აჭამე – და დასტოვებს მას მისი მტერი მოთი. ასეც მოიქცა შათიქათუ, სძლია მოთს და იხსნა სიკვდილისგან ქერეთი. კვლავ ავიდა ტახტზე განკურნებული ქერეთი. მთელი ქვეყანა ხარობს მისი ხილვით, მაგრამ ერთადერთი იაციბი, მისი პირმშო, არ ხარობს, ჯანყისთვის ემზადება: შეთქმულნი აქეზებენ: წადი, უთხარი მამაშენს, რომ მოძალადეა, არ განიკითხავს ღარიბ-ღატაკს, ქვრივ-ობლებზე არ ზრუნავს. უთხარი, ჩამოვიდეს ტახტიდან, რადგან სნეულია და არ ძალუძს მეფობა...

ამ სიტყვებისთვის ქერეთი წყევლის თავის პირმშოს, ღმერთების ხელით სიკვდილს უწინასწარმეტყველებს.

ბოლოს ქერეთი მაინც იღუპება. პირმშოება და მეფობა გადადის უმრწემესზე – ოლიხაუზე, როგორც ელმა დალოცა და უწინასწარმეტყველა ქორწილის დღეს.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები