ქვაციხისელი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვაციხისელი ივანე − უძველესი სამონადირეო ეპოსის გმირი.

რაჭაში განთქმული მონადირე ივანე ქვაციხისელი ნადირთ პატრონმა მადლობის ნიშნად, ზედმეტ პირუტყვს რომ არ ხოცავდა, სანადირო ძაღლით, ყურშათი, დააჯილდოვა. იმ დღიდან ნადირობაში არაჩვეულებრივი იღბალი მისცემია. მონადირე ყურშას მეტისმეტად უფრთხილდებოდა: ღვინო-ბადაგს ასმევდა, თეთრ პურს აჭმევდა და საბან-ბუმბულს ახურავდა. ბოლოს, გაკადნიერდა და არად აგდებდა ნადირთ პატრონის დაწესებულ წესებს. გაჯავრდა მონადირეზე ნადირთ პატრონი და ყურშაც გამქრალა. შეწუხებულა მონადირე, ვერ მიმხვდარა ყურშას დაკარგვის მიზეზს, ხან ეგონა – ვაჭართა ქარავანს გაჰყვაო, ხან კი – ქაჯებმა მოიტაცესო. დადიოდა ივანე ქვაციხისელი ყურშას საძებრად და თან გლოვის ხმაზე ამ სიმღერას მღეროდა:

„ჩემო ყურშაო, ორბის ლეკვო, ო, ჩემო ყურშაო,
ყურშა გავგზავნე სანადიროდაო, ო, ჩემო ყურშაო,
აწ კი მოველი სასადილოდაო, ო, ჩემო ყურშაო,
ყურშა გამიქრა შუაღამითა, ო, ჩემო ყურშაო...“

ბოლოს, მიაგნო ყურშას კვალს მონადირემ და გაჰყვა მას. კვალმა ერთ თოვლით დაფარულ მაღალ კლდემდე მიიყვანა. კლდეზე ყურშას ნავალი დაინახა და გადაწყვიტა კლდის თავზე ასულიყო. მონადირემ თოვლისგან გუნდები გააკეთა და კიბის მაგვარად კლდეზე ააკრა. ძლიერი ყინვა იყო, თოვლი კლდეს მიეყინა და მამაცი მონადირე კლდეს მაღლა აჰყვა. თან მშვილდსა და კაპარჭს იშველიებდა მუჯირის მაგიერ. მაღლა კლდეზე მართლაც იპოვა თავისი ყურშა. ძალიან გაუხარდა, მაგრამ უკან რომ მოიხედა, ხედავს, მზეს თოვლის გუნდები დაედნო და უკან ჩამოსავალი გზა აღარ იყო. მონადირე მიხვდა, რომ ნადირთ პატრონის შურისძიებამ უწია. გავიდა რამდენიმე დღე. შიმშილით გამწარებულმა მონადირემ მოკლა ყურშა, მაგრამ მის ხორცს მაინც ვერ გაეკარა. დაიწყო სიმღერა:

„თოვლი შევკიბე, შევედი, შავო,
ყურშა მოვკალ და წინ მიდევს,
ყურშაო, შავო ყურშაო, შავო,
ხორციც არ მიჭამიაო,
რჯულიც არ გადმოგდიაო...“

ახლა მონადირემ მთაზე ცეცხლი დაანთო, რომ სხვა მონადირეებისთვის ეცნობებინა თავისი ამბავი. ამისთვის მშვილდ-ისარი და კაპარჭიც კი გაიმეტა: დაწვა ისინი და დაანთო ისეთი ცეცხლი, რომ შორიდან შეემჩნიათ. დაინახეს ცეცხლი, კლდიდან ავარდნილი ალი და შეიყარა ხალხი, მოვიდნენ მისი ძმებიც.

ივანე მიხვდა, რომ განწირული იყო. ჩამოსძახა თავის ძმებს: ჩემი მიჯნური მომგვარეთ, უკანასკნელად შევხედავ და სიკვდილი გამიადვილდებაო. სიმღერით ჩასძახა თავისი თხოვნა მონადირემ ხალხს:

„მომგვარეთ ჩემი მიჯნურიო,
მაღლიდან გადმოვფრინდებიო...
გავხედე შორით მიჯნურსაო,
ერია მრავალ ხალხშიდაო...
ყურსა ეკიდა საყურეო,
უჟღრიალებდა ქარიო...“

მოვიდა კლდის ძირას მისი მიჯნური და დაუწყო გამხნევება მონადირეს, იმედი ჰქონდა მისი სიმარჯვისა.

„ივანე ქვაციხისელოო,
გორთაგორიდან მხტომელო,
ივანე, გორ-გორ მავალო,
ხიდურში ჩამომავალო!
ივანე, აკი იტყოდი -
არ მეშინია კლდისაო?
შესულხარ, ვერ ჩამოსულხარ,
ვაჟკაცსა არა გრცხვენია?
გადმოვარდი, თუ ვარდები,
შე ჯიხვო, მაღლის კლდისაო“.

მიჯნურის სიტყვებით გამხნევებულმა ივანემ ისკუპა კლდიდან, კლდეც ჩამოიქცა და დიდი ლოდი გადაეფარა მონადირეს...

ასე დამთავრდა ივანე ქვაციხელის ამბავი.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები