ქინძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქინძი

ქინძი – (Coriandrum sativum); ერთწლოვანი მცენარე, ქოლგოსანთა ოჯახის წარმომადგენელი (Apiaceae). ქინძს აქვს ცილინდრული, სწორმდგომი ღერო, რომლის სიმაღლე 60 სმ აღწევს. ფორმით ცვალებადი ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული. ყვავილები შეკრულია რთულ ქოლგებად. აქვს სფეროსებრი ან მოგრძი–მომრგვალო ნაყოფი. შეიცავს ეთერზეთებს და ცხიმებს. საქართველოში ქინძი გავრცელებულია უძველესი დროიდან.

სამკურნალო თვისებები

სამკურნალოდ გამოიყენება ფოთლები და ნაყოფები, რომელიც შეიცავს 0,2-1,4 მგ% ეთერზეთებსა და 28 მგ% ცხიმოვან ზეთებს. ფოთლებში ეთერზეთების გარდა აღინიშნება ვიტამინები (C, B1, B2, P, კაროტინი), ნახშირწყლები, გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, ფლავონოიდები, სტეროიდები, ტრიტერპენოიდები, კუმარინები, ცილები.

ხასიათდება საჭმლის მონელების მასტიმულირებელი, სპაზმოლიტური, ანტიბაქტერიული, დამამშვიდებელი, ნაღველმდენი, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ამოსახველებელი, შარდმდენი და ფუნგიციდური მოქმედებით.

გამოიყენება ნევრასტენიის, ფაღარათის, შარდის ბუშტის სისუსტის, ბუასილის, წყლულოვანი სტომატიტის, ჭრილობებისა და დამწვრობების შესახორცებლად, ასევე კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. ბალახი იძლევა ჰიპოტენზიურ ეფექტს.

ძველ ქართულ მედიცინაში ქინძის წყალი იხმარებოდა წამლების დასამზადებლად თვალის ტკივილისა და წითელი ქარის სამკურნალოდ; ცხვირიდან სისხლდენისას მოხარშულ ქინძს შუბლზე ადებდნენ, ხოლო ღვინოსა და თაფლში მოხარშულს ვინც მიიღებდა ყოველგვარი ჭირისაგან განთავისუფლდებოდა. სხვადასხვა დაავადებებისას ურჩევდნენ ქინძით შეზავებული საჭმლის ან შაქრით აზელილი ქინძის ჭამას ან ცივ წყალში გახსნილი ქინძის სმას.

არ არის რეკომენდირებული პირთათვის, ვისაც გადატანილი აქვთ მიოკარდიული ინფარქტი და ტრომბოფლებიტი; ასევე დაუშვებელია ფეხმძიმე ქალებისათვის (ბიძინაშვილი, 2013).

ქინძი - ბიბლიური მცენარე

„ხოლო მანანა ქინძის თესლივით იყო, ფისს ჰგავდა შესახედავად“. (ესაია 11,7)


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები