ქირონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქირონი. ამფორას ფერწერა (ძვ.წ. 520-510 წ.წ.), პარიზი, ლუვრი

ქირონი(ბერძნ.) კენტავროსი (კენტავრი). კრონოსისა და ფილირას ძე. ძველი თესალიური ღვთაება (დემონი). მის მეუღლეს ერქვა ქარიკილო.

მძვინვარე, შფოთიანი და ადამიანებისადმი მტრულად განწყობილნი იყვნენ იქსიონის ჩამომავალი კენტავრები. მაგრამ მათგან განსხვავებით ქირონი, ისევე როგორც ფოლოსი, სამართლიანი და კეთილი დემონი იყო. მას მიაბარეს სხვადასხვა დროს აღსაზრდელად ჰერაკლე, ასკლეპიოსი, აქილევსი, იასონი, ამფიარაოსი და დიოსკურები, რომლებიც შემდეგ სახელოვანი გმირები დადგნენ.

ქირონი ცხოვრობდა პელიონის მთაზე. კენტავრთა და ლაპითთა ცნობილი ბრძოლის შემდეგ იგი ლაკონიაში გადაიხვეწა.

აპოლონმა და არტემისმა აზიარეს ქირონი მუსიკის, ვარჯიშის, ნადირობისა თუ მისნობის ხელოვნებას.მას „ბრძენ – კენტავროსს“ უწოდებდნენ, რადგანაც მუდამ ლამობდა სიკეთისაკენ წარემართა თვისტომთა ველური ზნე და ბუნება.

კეთილშობილებით გამორჩეულმა ქირონმა წამებით დაასრულა თავისი ღვთაებრივი ცხოვრება. მაგრამ ეს შემთხვევით მოხდა: როდესაც ჰერაკლე მესამე გმირობის (ერიმანთოსის ტახი) აღსასრულებლად მიდიოდა, გზად შეიარა თავისი მოძღვრის, ბრძენი ქირონის უსაყვარლეს მეგობართან, კენტავროს ფოლოსთან, რომელმაც დიდი პატივით მიიღო ზევსის ძე. ფოლოსის მამა იყო მეღვინეობის მფარველი ღმერთის, დიონისეს რჩეული სილენოსი. მან კენტავრებს აჩუქა დიონისეს ვაზის პირველი მტევნით მოწეული ნექტარი, რომლის სურნელება ათრობდა მაღალ მწვერვალებსაც კი. ფოლოსმა სუფრა გაშალა და თავი ახადა ღვინით სავსე ჩაფს. უმალ მოეფინა ღვინის სუნი მთებსა და ველებს. კენტავრებმაც შეიგრძნეს იგი და განრისხდნენ ფოლოსზე, რომელმაც მათ გარეშე ჩამოასხა ღვთაებრივი სასმელი. ლოდებით, კომბლებითა და ნაჯახებით შეიარაღებულმა კენტავრებმა ფოლოსის მღვიმისკენ ისწრაფეს. მათ წინ უშიშრად აღიმართა ჰერაკლე და ნაწილი იქვე ამოხოცა. გადარჩენილებმა ბრძენი ქირონის მღვიმეს შეაფარეს თავი. მათ კვალდაკვალ მიჰყვა ჰერაკლეც. მოზიდა მშვილდი და მისი ლერნეს შხამში ამოვლებული ისარი შემთხვევით ჩაესო მუხლში ქირონს. დაღონდა გმირი, როდესაც გონს მოეგო და გაიაზრა, რომ მისივე მეგობარი, ბრძენი მოძღვარი დაჭრა. უმალ იარა მოუბანა, მაგრამ ამაოდ. ნაიარევი განუკურნელი იყო. იცოდა ქირონმა, რომ არ მოკვდებოდა, რადგან უკვდავი იყო, მაგრამ სასტიკად გაწამდებოდა.

სიკვდილს ნატრობდა კეთილი კენტავროსი. მოგვიანებით მხსნელად ისევ ჰერაკლე მოევლინა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც გმირმა ოქროს ვაშლები წამოიღო ჰესპერიდების ბაღიდან და საბერძნეთისაკენ მიმავალი მიადგა კავკასიონის მაღალ მწვერვალებს, სადაც ერთ-ერთ კლდეს მიჯაჭვული იყო პრომეთე. იმდენი ხანი იყო იგი ამ დღეში, რომ ზევსს მისი გათავისუფლება სურდა კიდეც. მაგრამ ასე იყო ნათქვამი: გმირის ტანჯვა უნდა გაგრძელებულიყო მანამ, ვიდრე ვინმე უკვდავთაგანი საკუთარი ნებით მის მაგივრად არ ჩავიდოდა ჰადესის პირქუშ სამეფოში. ჰერაკლემ გაახსენა ზევსს, რომ ქირონი, რომელსაც უზომოდ აწუხებდა განუკურნებელი იარა, დიდი ხანია ნატრობდა სიკვდილს. აღარაფერი ედგა წინ პრომეთეს ხსნას. ასე დასრულდა ორი ღვთაების წამების ამბავი: პრომეთე გათავისუფლდა, ქირონი კი მის მაგივრად გარდაიცვალა. ღმერთებმა იგი მშვილდოსნის თანავარსკვლავედად აღაზევეს ცის კაბადონზე (სხვა ვერსიით, ამ თანავარსკვლავედად ფოლოსი გარდაისახა).




წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები