ქლიავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქლიავის ბაღი

ქლიავი - (ლათ. Prunus domestica.) კურკოვანთა გვარის საშუალო სიმაღლის ხე ვარდისებრთა ოჯახისა. იკეთებს წყვილ-წყვილად განლაგებულ ყვავილს და გრძელყუნწიან, კურკიან, მომჟავო-ტკბილ ნაყოფს.

საქართველოს პირობებში გავრცელებულია ჩვეულებრივი ბაღის ქლიავი (Pr. Domestica L.), ტყემალი (Pr. Divericata ledeb) და გვხვდება აგრეთვე იაპონური ქლიავი (Pr. Trifiora Boxb). ჩვენში გავრცელებული მთავარი სამრეწველო ჯიშები Pr. domesticas–ს ეკუთვნის.


ამ სახელწოდების ქლიავის ჯიშები ზომიერი ჰავის პირობების მცენარეებს ეკუთვნის.


მათი მოთხოვნილება სითბოს მიმართ პროფესორ სელიანინოვის მიხედვით უდრის დაახლოებით 3.60 ვეგეტაციის პერიოდი უდრის 190 დღეს, ყვავილობა სხვა კურკოვან კულტურებთან შედარებით გვიანი ახასიათებს, ისე რომ ადრეული რთვილი იშვიათად აზიანებს მათ ყვავილებს. ყინვებისადმი გამძლეობის მხრივ ქლიავი მსხალს უახლოვდება, მაგრამ ქლიავის სხვადასხვა ჯიშის გამძლეობა ძლიერ განსხვავდება ერთიმეორისაგან; არის ჯიშები; რომლებიც ყინვას – 300 უძლებენ.


ქლიავი მოითხოვს ტენის საკმაოდ დიდ რაოდენობას ნიადაგში. უფრო მეტი წყალი ქლიავს ესაჭიროება ზაფხულის განმავლობაში. მაგრამ დაჭაობების პირობებში ზედმეტი ტენი ქლიავის ხეს აზიანებს, რაც შემდეგში გამოიხატება: ფოთოლი ყვითლდება, ნაზარდს სუსტს ინვითარებს და სხვა.

ქლიავის ჩირი და ნაყოფი


დასავლეთ საქართველოში სადაც საერთოდ ნალექების რაოდენობა ჭარბია, თუ ფართობი არ ირწყვება ხშირად, ქლიავის ხეები შეწუხებულია უწყლობით. ზაფხულის განმავლობაში, ასე რომ ნალექების განაწილებას ვეგეტაციის განმავლობაში დიდი მნიშვნელობა აქვს ქლიავის კულტურისათვის.


საუკეთესო ნიადაგი ქლიავისათვის ითვლება ღრმა ნეშომპალა კარბონატული, ყომრალი ფერის და აგრეთვე მუქი ნაცრისფერი ტყის ნიადაგები. სუბტროპიკულ რაიონებში გავრცელებულ თხელფენიან ნიადაგებზე ქლიავის ხე ცუდად ვითარდება და ხშირად იჩაგრება უწყლობით. ქლიავს სხვა კურკოვან კულტურათა შორის გავრცელების მხრივ მეორე ადგილი უჭირავს ატმის კულტურის შემდეგ.


ქლიავს ამრავლებენ კვირტის მყნობით. მის საძირედ ჩვენში უმთავრესად ტყემალი იქმარება.

მთლიან ნარგავებში ქლიავი ირგვება 8X8 ან 10X10 მეტრზე დაშორებით.

საუკეთესო დაქანება ქლიავის ბაღებისათვის ითვლება ფერდობი 100.


უფრო დიდი დაქანების ფერდობებზე ურწყავ პირობებში წყლის რეჟიმი უფრო ცუდია, ხშირად ხდება ნიადაგის ჩარეცხვა. ყველაფერი ეს უარყოფითად მოქმედებს ქლიავის ხის ზრდა–განვითარებასა და მოსავლიანობაზე. ამიტომ 25–300 დაქანების ფერდობებზე ქლიავის ბაღები უკვე ტერასულ ბაღებად შენდება.


როგორც წესი, ყველგან, ყოველწლიურად, ნიადაგი იბარება ხეების ძირების ირგვლივ. ვაკე ადგილებზე ძველ ბაღებში ითესება ბალახი ან ინახება შავად ხნულად. დაფარებულ ადგილებზე კი ნიადაგს უმთავრესად გაყამირებულ მდგომარეობაში სტოვებენ. პურეულობისა და თამბაქოს თესვა მათ რიგთაშორის უარყოფითად მოქმედობს ქლიავის ნარგავების პროდუქტიულობასა და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. როგორც ჩატარებული ცდებით დამტკიცდა, ქლიავზე ძალიან კარგად მოქმედობს მინერალური სასუქები, მეტადრე აზოტოვანი მინერალური სასუქები.


ვინაიდან ქლიავის ბაღებში აგროტექნიკა ჯერ–ჯერობით არა დგას სათანადო სიმაღლეზე, ამიტომ მათი საშუალო მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე 4–5 ტონას არ აღემატება იმ დროს, როდესაც არის ცალკე ბაღები, სადაც 1 ჰექტარზე 10 ტონაზე მეტი მოსავალი მოდის, ხოლო განსაკუთრებულ პირობებში კი 15–20 ტონასაც ღებულობენ. ჩვენს პირობებში ქლიავის მოსავალს ძლიერ ამცირებს გავრცელებული მავნებლები და დაავადებანი. ზოგიერთ წლებში მოსავალს ანახევრებს „ნაყოფჭამია“ (Laspeyresia funebrana) და ნუშის თესლჭამია (Eurytoma amygdalus End). ეს მავნებლები ძლიერ გავრცელებულია ყველა რაიონში და აზიანებენ განურჩევლად ქლიავის ყველა ჯიშს. ამ მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა ასე წარმოებს: ხდება ძირნაყარის დროულად მოგროვება, ხეების ღეროების შემოწმება და ხეებთან ნიადაგის გაფხვიერება ზაფხულის განმავლობაში.


ზოგიერთ რაიონში ბოლო წლებში გავრცელდა მავნებელი „კალიფორნიის ფარიანი“ (Aspidiotus perniciosus-Comst). ეს მავნებელი საკარანტინო ობიექტს წარმოადგენს. ამ ფარიანის წინააღმდეგ ზამთრის განმავლობაში წარმოებს ზეთის ემულსიების შესხურება.


ძლიერ გავრცელებულია და ძალიან აზიანებს ზოგიერთ ჯიშს სიდამპლე (Monilia cinerea Pers). ეს სოკო აზიანებს როგორც ნაყოფს (ალპობს), ისე ყვავილებსა და ტოტებს, რომლებიც დაზიანების შედეგად ხმება. ყვავილების დაზიანებას ამ სოკოთი ხელს უწყობს ზღვის ნისლი, რაც ასე ხშირია ზღვის სანაპირო ზონაში გაზაფხულზე ყვავილობის დროს.

ყველა ჯიში ერთნაირად არ ზიანდება ამ დაავადებით.


ფოთლის ლაქიანობა (Cercospora circumscissa Saec) ზოგიერთ წელს იმდენად აზიანებს ფოთოლს, რომ იწვევს მის უდროოდ ცვენას, რაც თავისთავად უარყოფითად მოქმედობს მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე.


სოკოვან დაავადებათა წინააღმდეგ წარმოებს „ბორდოს ხსნარი“–თ შესხურება ადრე გაზაფხულზე, დაყვავილების შემდეგ, და მეორე შესხურება ორი კვირის შემდეგ. ზღვის სანაპირო რაიონებში ამ დროს ხშირია წვიმები, ისე რომ წამლობას ზოგჯერ იმეორებენ, წვიმებისაგან ჩამორეცხვის გამო.


ქლიავის ნაყოფს მრავალნაირი გამოყენება აქვს: მზადდება ჩირი, კომპოტი, მურაბა და ფაფა, ქლიავის მოსავლის ნაწილი კი სუფრის ხილად გამოიყენება.


ტყემლის კულტურული ფორმები გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს რაიონებში. ტყემალი დიდ მოთხოვნილებას არ უყენებს გარემო პირობებს. კულტურულ ტყემლებს ავრცელებენ მყნობით. ტყემლის ხეები გვხვდება საკარმიდამო ნაკვეთებზე. მისგამ აკეთებენ ტყლაპს, საწებელს, აგრეთვე მურაბასა და კომპოტს.


იაპონური ქლიავის ხეები იშვიათად გვხვდება საკოლექციო ნარგავებში და ცალკე ხეებად. იაპონურ ქლიავს უფრო მეტი სითბო და ტენი ესაჭიროება, ვიდრე ჩვეულებრივ ქლიავს. ყინვაგამძლეობის მხრივ ის ატამს უახლოვდება. ყვავილობა ახასიათებს ადრეული.


მისი ნაყოფი ლამაზია და მსხვილი, მხოლოდ თავისებური გემოსია. საინტერესოა მით, რომ ადრე იწყებს მოსავლიანობას და დიდ მოსავალსაც იძლევა. ნაყოფი კარგად იტანს ტრანსპორტს, დიდხანს ინახება და შენახვისას არ ჰკარგავს გემოს.


ჩვენს პირობებში იაპონური ქლიავი დიდად არ გავრცელდა. ამ სახეობის ჯიშებისათვის საუკეთესო პირობებია დასავლეთ საქართველოს რაიონებში. ქლიავის კულტურის გავრცელებას ხელს უშლის ასორტიმენტის შეუსწავლელობა, აგროტექნიკის შეუმუშავებლობა და მავნებლებთან არაწესიერი ბრძოლის ჩატარება.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები