ქსნის ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ქსნის საერისთავო-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცხრაზმისხევის (ქსნის) ერისთავი - ცხრაზმისხევის საერისთავო მდებარეობდა პატარა ლიახვსა და არაგვს შორის. საერისთავოს ბირთვს წარმოადგენდა ცხრაზმისხევი, რეზიდენციას - ქვენიფნევი, საიდანაც მომდინარეობს ცხრაზმისხევის ერისთავთა გვარსახელი - ქვენიფნეველი.

ქვენიფნეველთა საგვარეულო ეკლესია და სამარხი მდებარებოდა ქვენიფნევის ოდნავ ჩრდილოეთით, ლარგვისში. თანდათანობით ცხრაზმისხევის ერისთავები აფართოებდნენ თავიანთ საგამგებლო ტერიტორიას. სამეფო ხელისუფლების სახელით ცხრაზმისხევის ერისთავები იბრძვიან ჩამოსახლებული ოსებისა და ადგილობრივ ურჩ მთიელთა (დვალთა) წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული ბრძოლის შემდეგ ვახტანგ III-მ (1302-1308) თავის ერთგულ ერისთავს შალვა ქვენიფნეველს უწყალობა თრუსო, ღუდა, გაგასძენი, მლეთე, არახვეთი, ყანჩაეთი, აბაზასძეთა მამული, ძაგნაკორანი, დუღუამი, აწერისხევი, ბეხუშე. ცხრაზმისხევის ერისთავის საგამგებლოში შედიოდა არაგვის ხეობის ნაწილი, მთიულეთი, ქსნის შუა წელი ლიახვამდე. XVII ს-ის შუა ხანებში ქვენიფნეველებმა თავიანთი რეზიდენცია ქსნის ქვემო წელზე, ახალგორში გადმოიტანეს, რის შემდეგაც ეწოდათ მათ ქსნის ერისთავები.

ძირითად წყაროს ცხრაზმისხევის საერისთავოს ისტორიის შესახებ წარმოადგენს XV ს-ის დასაწყისში შექმნილი საგვარეულო მატიანე „ძეგლი ერისთავთა“, რომლშიც საგვარეულოს ლეგენდარული ისტორია VI ს-იდან იწყება, მაგრამ ისტორიულად სანდო ცნობები XIII-XIV სს-ს განეკუთვნება. ვახუშტი ბატონიშვილი ცხრაზმისხევის საერისთავო ტერიტორიას წარსულში ქართლის საერისთავოს ნაწილად განიხილავს და მის წარმოქმნას ქართლის საერისთავოსაგან გამოყოფას უკავშირებს: „შემდგომად თამარ მეფისა ქართლის ერისთავი სხვაა, ქსნისა სხვაა“. მართლაც, X ს-ის ჭალისუბნის წარწერა დოკუმენტურად ადასტურებს, რომ ცხრაზმისხევი შედიოდა ქართლის ერისთავის დაქვემდებარებაში, ჯერ როგორც სახევისუფლო, შემდგომ, როგორც საციხისთავო ტერიტორია. ნაწილი მეცნიერებისა ცხრაზმისხევის საერისთავოს წარმოშობას ქართლის საერისთავოსაგან დამოუკიდებელ პროცესებს მიაწერს. არსებული წყაროების თანახმად, ცხრაზმისხევის, როგორც ადმინისტრაციული ერთეულის, პოლიტიკური მნიშვნელობა იზრდება XIII ს-ის მეორე ნახევარში, მონღოლთა ბატონობის პირობებში, როდესაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვეღარ ახერხებდა მთის რეგიონების სრულფასოვან მართვას. ამ დროს წინაურდებიან ადგილობრივი ფეოდალები, რომლებიც კონტრლს ამყარებენ მიმდებარე ტერიტორიებზე. დროთა ვითარებაში სამეფო ხელისუფლება ისევ ახერხებს თავისი გავლენის აღდგენას ასეთ მხარეებზე - აღიარებს ახლად დაწინაურებულ სოციალურ ჯგუფებს და ცდილობს ისინი სახელმწიფო სამსახურში ჩააყენოს. ამგვარი პროცესი ივარაუდება ცხრაზმისხევშიც, სადაც ძველ ხევისუფლებზე (სხვადასხვა მონაცემებით 1235 ან XIII ს-ის 60-იანი წწ.) ცხრაზმისხევის ერისთავთა წინაპრები გაბატონებულან. ცხრაზმისხევის ერისთავთა სამეფო ხელისუფლებისადმი ლოიალურობას ასახავს „ძეგლი ერისთავთას“ ცნობა, რომ სამი წლის შალვა, ვირშელ (I)-ის ძე, მეფის კარზე აღიზარდა. XIV ს-ში ცხრაზმისხევის ერისთავები სამეფო კარზე ამირეჯიბის და ამირახორის თანმდებობებსაც ფლობენ. XVI ს-იდან ისინი სამეფო მოხელეებად აღარ მოიაზრებიან.

ცხრაზმის ერისთავები. XIII-XV სს.

წყაროები და ლიტერატურა

შოშიაშვილი 1980: 143-144; ჟამთააღმწერელი 1959: 305, 307; ახალი ქართლის ცხოვრება 1959: 442-443; ვახუშტი 1973: 382; ძეგლი ერისთავთა 1965: 104-106; ჟორდანია 1897: 19-22; ხელნაწერთა აღწერილობა 1973: 89-90; გვასალია 1983: 62-70; კიკნაძე 1982: 54-56; ხოშტარია-ბროსე 1984: 92-95; არახამია 1988: 35, 121-122; ბახტაძე 2003: 198-199.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები