ქურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქურა

ქურა - ლითონის სადნობი. მესპილენძეები მარტივი კონსტრუქციის ორი ტიპის ქურით სარგებლობენ: I სადნობი ქურა და II შემდუღებელი, ანუ გამოსალბობი, იგივე გამწევი ქურა. ჩვეულებრივი, ეთნოგრაფიულ ყოფაში დადასტურებული ქურა მიწის ზემოთ, ბალავრის გარეშე არის აშენებული. სამ მხარეზე ფიცრებით არის შეჭედილი, მეოთხე მხარე (ზურგი) აგურით, ფილაქვით (სვანეთში) არის ამოშენული. ქურის ცენტრში მოწყობილია ე.წ. „ქურის ორმო“, იგივე სპილენძის სადნობი ბრძმედი. იგი მრგვალი, ჩაღრმავებული, გადაჭრილი ქოთნის ფორმის ცეცხლგამძლე მიწით ან ნაცრით ამოლესილი მცირე ზომის ორმოა. სვანურად „ღვიმელი“ ეწოდება. აგურის კედელში, იგივე ზურგში, გაყრილია რკინის ან თიხის მილი, ცეცხლის გასაჩაღებლად.

ოდნავ განსხვავებული კონსტრუქციისაა მეორე ტიპის ქურა, სადაც შემდუღებელ ქურაში საბერველის მილის ერთი ბოლო, სადნობი ქურისაგან განსხვავებით, მიწაშია ჩაშვებული და გამოსულია „სანახშირეში“, ჰაერმა ქვევიდან რომ დაუბეროს, მილის მეორე ბოლო კი საბერველთან არის შეერთებული. გამოსალღობ ქურას თავზე ახურავს ე.წ. „ქოლგა“, კვამლისა და ცხელი ჰაერის გასასვლელად.

თიხის ნაწარმის გამოსაწვავი ქურა

თიხის ნაწარმის გამოსაწვავი ნაგებობა. საქართველოს კერამიკის წარმოებით ცნობილ კუთხეებში ქურა სხვადასხვა სახელწოდებით არის ცნობილი.

სულხან-საბა ორბელიანი თიხის ჭურჭლის გამოსაწვავ ნაგებობას „თუნად“ და „საგზებლად“ იხსენიებს, ხოლო ცეცხლის დასანთებ ნაგებობათა ზოგად სახელად ტერმინ „სახმილს“ მიიჩნევს. დღეს „საგზებელი“ და „სახმილი“ დავიწყებულია. ქსნის ხეობაში თიხის ნაკეთობის გამოსაწვავს „თუნი“ ეწოდება, მცხეთასა და გორში - „ქურა“, კახეთში - „სააგურე“ და „თორნე“, გურიაში - „თორნე“ და „ქურა“, იმერეთში - „საწვავი“ და „ქურა-ქარხანა“, ლეჩხუმში - თონე“, სამეგრელოში - „თონე-ქურა“, საინგილოში „თუნ.“ სხვადასხვა კერამიკული ნაწარმის გამოწვას მათ შესაფერისად მოწყობილი ქურა ემსახურება. ჭურჭლის, აგურ-კრამიტის, თორნე|თორნის გამოწვა ორსართულიან ქურაში ხდება, ქვევრის გამოსაწვავი კი ერთსართულიანია. იმერეთში სამი ტიპის ქურა მოწმდება: წითელი ჭურჭლის, ჭურისა და მოჭიქული ჭურჭლის.

ქურა „გლეხურად“, კლდე-სიპი ქვისა და თიხისგან ანდა „უნდილი“ - გამოუწვავი აგურითა და ტალახით (კახეთი) შენდებოდა. იგი შემაღლებულ ადგილას, სახლიდან მოშორებით ფერდობზე იდგმება, რათა მისი სამი მხარე ქარისგან ყოფილიყო დაცული. ქვედა სართული - „ძირის ქურა“, მეორე - „მაღალ ქურად“ წოდებულ სართულთან შედარებით მცირე მოცულობისაა. პირველი სართული, რომელსაც ერთი ან ორი (ქსნის ხეობა) „სათვალე“ აქვს დატანებული, „შეშის შესართმევად“ - შესაკეთებლად არის განკუთვნილი. მეორე სართული, რომელიც პირველი სართულისგან „თაღით“, „ცით“, „ტახტითაა“ გამოყოფილი, ჭურჭლის დასაწყობადაა განკუთვნილი. ქურა, რომელიც მიწაში ღრმად ზის, „თავღია“ ქურადაა მიჩნეული. ჭურჭლის ჩალაგება-ამოწყობა ქურის თავიდან ხდება, ხოლო მიწის ზემოდან ნაგებ ქურას შეშის შესაკეთებელი „თვალის“ მოპირდაპირე მხარეს კარები უკეთდება ჭურჭლის შესაწყობად. კარები გამოწვის დროს ამოშენდება, ხოლო გამოწვის შემდეგ იხსნება. ამავე კედელში კვამლის ამოსასვლელი და დაკვირვების საწარმოებლად „დუთქაშები“ ანუ, სათვალეები აქვს დატანებული. ოსტატის ქურაში ჩასვლა-ამოსვლის გაადვილების მიზნით მაღალ სართულს კედელში საფეხურებიც დაჰყვება.

მოჭიქული ჭურჭლის ქურა თავშეკრულ მრგვალ ქურად ითვლება. იგი სანახევროდ მიწაშია ჩამჯდარი. ზემოაღწერილი ქურებისაგან განსხვავებით მისი თაღი „თვლებით“ არ არის დაფარული. თაღს შუა ადგილას ქვევრის პირის მსგავსი ცეცხლის ამოსასვლელი აქვს ამოჭრილი, ხოლო კედლებზე ბოლის ასასვლელი 4-5 დუთქაში უკეთდება. მაღალ ქურის კედლის მთელი ფართობი ნაჩვრეტებით, ანუ სასულეებითაა მოფენილი. თითოეულ ნაჩვრეტში ორი სოლია გაკეთებული. მოჭიქული ჭურჭლის უმეტესი ნაწილი აღნიშნულ სოლებზე ეწყობა, ხოლო დიდი ჭურჭლის მცირე ნაწილი კალოზე თავსდება.

დახელოვნებულმა ოსტატმა ჭურჭელი ისე უნდა განალაგოს ქურაში, რომ ცეცხლმა თანაბრად დაუაროს. ქურაში ჯერ დიდი ზომის ჭურჭელი იწყობა, შემდეგ წვრილ ჭურჭელს ათავსებენ. დარჩენილ სიცარიელეს დამტვრეული ჭურჭლის ნაწილებით - „ნატეხალათი“ ავსებენ, ამითვე გადაფარავენ მთელ ჭურჭელს, რათა ნიავი აიცილოს და ცეცხლსაც მეტი სიმხურვალე ჰქონდეს.

ქურა ისეთი მასალით იხურება, რომელიც იცავს მას წვიმა-თოვლისგან. ამავე დროს, ადვილი მოსახდელგადასატანი იყოს. ქურაში დაახლოებით 100-მდე ჭურჭელი იწვის - 20-მდე დიდი და დანარჩენი პატარა ზომისა.

ჭურჭლის გამოსაწვავად განკუთვნილი შეშა არც ძალიან გამხმარი უნდა იყოს და არც ნედლი. მან კარგად უნდა „იჩუვლოს“. ოსტატთა დაკვირვებით, „ყველაზე ხელსაყრელია წიფლის შეშა. მუხა მაგარია, ვერხვი კი ფიცხი“.

ჭურჭლის გამოწვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თიხის თვისებებზე. გამოწვის პირველ ეტაპს ჭურჭლის გათბობა შეადგენს, რისთვისაც 4-5 საათი ივარაუდება. ამისათვის შეშა ჯერ თუნის გარეთ სათვალეების ახლოს იწვის. ამის შემდეგ ცეცხლს აძლიერებენ, „ცეცხლმოკიდებულ“ ჭურჭელს ორი საათის განმავლობაში შავი ფერის კვამლი ასდის, თანდათან შავი ფერი დაიწმინდება ნატეხალი გაწითლდება ე.ი. ჭურჭელი გამოიწვა და შეშის მიმატება წყდება. გამომწვარი ჭურჭელი განელებამდე ქურაში რჩება. „ჭურჭელი ერთ დღეს იწვის, ერთ დღეს ცივდება და მესამე დღეს გამოლაგდება“.

1980-იანი წლებიდან კერამიკული წარმოების უმრავლეს ცენტრებში შეშით საწვავი ქურების ადგილი ელექტროქურებმა დაიკავა. ისინი კონსტრუქციულად ძველი ქურების იდენტურია. ახალი ქურის კედელზე ელექტროსპირალები შემოუყვება. ელექტროქურის ჩართვა დაბალი ტემპერატურით იწყება, ტემპერატურეს თანდათანობითი გაძლიერება, ელექტროქსელის ხუთჯერადი ჩართვით სრულდება. წვის პროცესი 7 საათი გრძელდება.

უძველესი სამეთუნეო სახელოსნო უბანი აღმოჩენილია ხოვლეს მახლობლად, რომელიც კონსტრუქციით მსგავსია ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებული ქურებისა. როგორც არქეოლოგები ფიქრობენ, ხოვლეს მოსახლეობას ძვ. წ. I ათასწლეულის დამდეგიდან ძვ. წ. IV საუკუნემდე ემსახურებოდა მეთუნეთა ცალკე გამოყოფილი უბანი. იდენტური ქურები მიკვლეულია კახეთშიც, რომლებიც ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება, მსგავსი ქურები აღმოჩნდა თბილისში, ურბნისში, დმანისში. მსგავსი ორსართულიანი ქურები დასტურდება ძველ ჩინეთში, ბერძნულ-რომაულ სამყაროში, შუა საუკუნეების ევროპაში, ეგვიპტეში.



ლიტერატურა

  • ლ. ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა, 1949.
  • რ.თოდუა, სამეთუნეო ნაგებობანი სამეგრელოში, XX ს. 1979.
  • მ. ზანდუკელი, კერამიკული წარმოება გორში, სსმმ LXI B, 1991.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები