ქურმუხის ოქროს მამალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქურმუხის ოქროს მამალი – აი, რას მოგვითხრობენ ინგილოები: ქურმუხის ეკლესიის სიღრმეში, ფუღურო ლოდში, ცხოვრობს თვით წმ. გიორგი და ღვთისმშობელი. მათ თან ჰყავთ ერთი ოქროს მამალი და ერთი წითელი ღვინით სავსე ოქროს თასი უდგათ წინ. ლოდი, რომელშიც ისინი იმყოფებიან დღითა და ღამით განათებულია მათი სიწმიდის ბრწყინვალებით. ისინი წელიწადში ერთხელ კარში გამოდიან. ოქროს მამალს კი ყოველ შუაღამეს, იმ ჟამს, როცა ქრისტე აღდგა, უშვებენ კარში საყივლელად, რომ მან სხვა არემარეში მყოფ მამლებსაც შეატყობინოს ღამის განახევრება. ვიდრე ეს ღამის გუშაგი და დილის მაცნე მამალი არ იყივლებს, თურმე სხვა მამლებს ნება არა აქვთ ყივილისა. ამისთვის ამბობენ ინგილოები, რომ ის მამალი ნავსი და ღვთისგან გამწყრალია, რომელიც ამ ოქროს მამლის უწინარეს, უჟამოდ დაიწყებს ყივილსო. ხოლო ღვთისმშობელს და წმ. გიორგის ის ოქროს თასი მთელ წელიწადს წითელი ღვინით სავსე აქვთ და სვამენ, მაგრამ მათი ლოცვით თასში ღვინო არასოდეს არ თავდება. ასე ცხოვრობენ ისინი მთელ წელიწადს კარებდახშულ ეკლესიაში და, როცა წმიდა აღდგომა დგება, გარეთ გამოდიან იმ ოქროს თასითა და მამლით, ლოცავენ საინგილოს და ისევ შედიან ეკლესიაში. და მათი ლოცვა-კურთხევით არის, რომ ინგილოები აქამდე ურჯულოთაგან უვნებლად ცხოვრობენ.

მათ მეოხებას რომ არ დაეფარა ლეკების მძლავრობისაგან, ახლა მათი სახსენებელიც აღარ იქნებოდა.

კიდევ ამბობენ, წელიწადში ერთხელ წმიდა მარიამი გააღებს გამოქვაბულის კარს, გამოდის გარეთ ოქროს მამალთან ერთად და ოქროს სავარცხლით ივარცხნის თმას. ერთხელ, ჩვეულებისამებრ, გამოვიდა დედა-მარიამი გამოქვაბულიდან და დაიწყო ნაწნავების ვარცხნა. მოულოდნელად ერთი თათარი მიეპარა და დაჭერა მოუნდომა, მაგრამ გაიშვირა თუ არა ხელი, მყისვე გაუშეშდა. მარიამმა კი ოქროს მამალთან ერთად სასწრაფოდ თავი გამოქვაბულს შეაფარა, და კარებიც დაიხშო. ხელგაშეშებული თათარი შეევედრა ღვთისმშობელს და წმიდა გიორგის და მათაც განკურნეს იგი. განკურნებულმა თათარმა ქრისტიანობა მიიღო.

ინგილოები ამბობენ: დღესაც შუაღამისას გამოქვაბულის კარი იღება, ოქროს მამალი გამოფრინდება და დაიწყებს თუ არა ყივილს, მას მთელი საინგილოს მამლები აჰყვებიან. ამ დროს დედა-მარიამიც გამოდის, ქვის ლოდზე დაჯდება და მთვარის შუქზე დალალებს ივარცხნის.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები