ქცევის აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქცევის აშლილობა, (F91), (conduct diorder), ქცევის აშლილობად იწოდება მდგრადი და განმეორებითი დისოციალური, აგრესიული ან გამომწვევი ქცევა.

ასეთი ქცევა მნიშვნელოვნად უნდა არღვევდეს მოსალოდნელ ასაკობრივ სოციალურ ნორმებს, ამის გამო, მისი გამოვლინებები უფრო მძიმე უნდა იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი ბავშვური ჭირვეულობა ან მოზარდთა მეამბოხეობა; გარდა ამისა, ეს ქცევითი პატერნი მტკიცე უნდა იყოს (ხანგრძლივობა 6 თვე ან მეტი).

ქცევის აშლილობათა ნიშნები შესაძლოა სხვა ფსიქიკური დაავადებების სიმპტომებსაც ასახავდეს. ამ დიაგნოზის დასასმელი კრიტერიუმებია:

  • ჩხუბისა და ხულიგნობისადმი მიდრეკილება;
  • სხვა ადამიანების ან ცხოველების მიმართ სისასტიკე;
  • საკუთრების განადგურება;
  • ცეცხლის წაკიდებისადმი მიდრეკილება;
  • ქურდობისადმი მიდრეკილება;
  • სიცრუე;
  • სასკოლო მეცადინეობების გაცდენა;
  • სახლიდან გაქცევა;
  • რისხვის ანომალიურად ხშირი და მძიმე გამოვლინებები;
  • დაუჯერებლობა.
(ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

სარჩევი

კლინიკური მახასიათებლები

ქცევის აშლილობის ძირითადი მახასიათებელია მყარი ანომალიური ქცევა, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვეულებრივი ბავშვური უსაქციელობისგან. ანომალიური ქცევისთვის დამახასიათებელია ურჩობა, გამომწვევი, აგრესიული და ანტისოციალური ქმედებები. სკოლამდელ ასაკში აშლილობა ვლინდება დაუმორჩილებლობისა და აგრესიული ქცევის სახით, ხშირია ჰიპერაქტივობაც. ბავშვი არ უჯერებს მშობლებს, ხშირად ემართება რისხვის შეტევები, ავლენს აგრესიას და-ძმის, თანატოლების ან მოზრდილების მიმართ, მიდრეკილია დესტრუქციული ქცევისკენ. მოგვიანებით ასაკში ქცევის აშლილობები თავს იჩენს ოჯახიდან ნივთების მოპარვის, ურჩობისა და ცრუობის სახით, რასაც თან ახლავს სიტყვიერი და ფიზიკური აგრესია. შემდგომში ქცევის დარღვევები შესამჩნევი ხდება როგორც სახლში, ასევე გარეთ, განსაკუთრებით, სკოლაში. ხშირია სკოლის გაცდენა, დელიქვენტობა, ვანდალიზმი, სარისკო ქცევები, ალკოჰოლისა და სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება. ანტისოციალური ქცევის მქონე მოზარდი გოგონებისთვის დამახასიათებელია გაბოროტებული, ბოღმიანი დამოკიდებულება თანატოლების მიმართ, ემოციური ბულინგი, განურჩეველი სექსუალური კავშირები, სახლიდან გაქცევა.

ანომალიურად ითვლება ნივთების მოპარვის პერმანენტული შემთხვევები 7 წლის ასაკის შემდეგ. 7 წლამდე ბავშვს არ აქვს სხვისი საკუთრების გაცნობიერების უნარი. ასევე, ბევრი ბავშვი ზოგჯერ უკითხავად ისაკუთრებს სხვის ნივთებს. ასეთი შემთხვევები არ უნდა მივიჩნიოთ ქცევის დარღვევად. ბავშვების გარკვეული ნაწილისთვის დამახასიათებელია ისეთი სექსუალური ქცევა, რომელიც მიუღებელია უფროსებისთვის, მაგ., მასტურბაცია ან სექსუალური ცნობისმოყვარეობა. ქცევითი დარღვევების დროს ამან, შეიძლება, ობსესიური და პერმანენტული ხასიათი მიიღოს. სექსუალური თავშეუკავებლობა განსაკუთრებით პრობლემურია მოზარდი გოგონების შემთხვევაში. შედარებით ნაკლებია განზრახ ხანძრის გაჩენის შემთხვევები, თუმცა, ყოველთვის ძალიან საშიშია.

ქცევითი აშლილობების დროს მეტადაა გამოხატული ქცევის დარღვევები ვიდრე ცხოვრებისეულ ცვლილებებზე (მაგ., ოჯახში ახალი წევრის - დედინაცვლის ან მამინაცვლის შემოსვლაზე) რეაგირების შემთხვევაში. არ არსებობს მკაფიო საზღვარი ქცევით აშლილობებსა და ცუდ ქცევას შორის. ეს უფრო მდგომარეობის კონტინუუმია, რომელზედაც დიაგნოსტიკური კრიტერიუმები გამყოფ ზღვარს ქმნის. ეს გამყოფი ზღვარი გადის ისეთ შემთხვევებზე, რომლებსაც უფრო მწვავე მიმდინარეობა და უარესი გამოსავალი ახასიათებთ. ასეთი ბავშვები აქტიურ დახმარებას საჭიროებენ, რაც უპირატესად სოციალურ და საგანმანათლებლო დახმარებას ითვალისწინებს. თუმცა, კომორბიდული დაავადების გამოვლენისა და მულტიდისციპლინური მკურნალობის დაგეგმვისას ფსიქიატრის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

კლასიფიკაცია

ორივე კლასიფიკაციაში (ICD-10 და DSM-IV) ჩამოთვლილი 15 სიმპტომიდან აუცილებელია, სულ ცოტა, სამი სიმპტომის არსებობა არანაკლებ 6 თვის მანძილზე. ამ კლასიფიკაციების მიხედვით, აშლილობათა კრიტერიუმები მსგავსია. გამომდინარე იქიდან, რომ ქცევითი აშლილობები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ძალიან დიდ ჯგუფს ქმნის, ორივე სისტემაში ისინი რამდენიმე ტიპადაა დაყოფილი. DSM-IV-ში გამიჯნულია ბავშვთა ასაკში (10 წლამდე) დაწყებული ქცევითი აშლილობები და მოზარდობის ასაკში (10 და მეტი წლის) გამოვლენილი ქცევითი აშლილობები. ამავე კლასიფიკაციაში არის დამატებითი კატეგორია - „ოპოზიციური გამომწვევი ქცევითი აშლილობა”, რომელსაც ახასიათებს გადამეტებული მტრული, პროვოკაციული და ზიანის მომტანი ქმედებები, აგრესიული და სოციალური ქცევის გარეშე. ასეთი დარღვევები უფრო 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. ICD-10-ში ქცევითი აშლილობების ოთხი ქვეკატეგორია არსებობს: სოციალიზებული ქცევის აშლილობა, არასოციალიზებული ქცევის აშლილობა, ქცევის აშლილობა შემოფარგლული ოჯახის კონტექსტით და ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა.

გავრცელების სიხშირე

ქცევითი აშლილობების გავრცელების სიხშირის დადგენა რთულია, რადგან ძნელია მკვეთრი საზღვრის გავლება ნორმალურ მეამბოხეობასა და პათოლოგიურ ქცევას შორის. შედარებითი მაჩვენებელი რამდენიმე წლის წინ დადგინდა და მას შემდეგ აღარც გადასინჯულა (Rutter et al., 1970a). ამ მონაცემების მიხედვით 10-11 წლის ასაკის ბავშვებში (Rutter et al., 1975a, 1976a) „ანტისოციალური აშლილობა” უაიტის კუნძულებზე მცხოვრებთა 4%-ს აღენიშნება, ხოლო ლონდონის მცხოვრებლებში ეს რიცხვი თითქმის 2-ჯერ მეტია. მოგვიანებით, კანადაში ჩატარებული კვლევების თანახმად ეს მაჩვენებელი 5.5%-ია (Offord et al., 1987). უფროს ასაკობრივ ჯგუფში უფრო მაღალი მონაცემები დაფიქსირდა (Scott, 2000). როგორც მოსახლეობაში, ასევე არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და ფსიქიატრიულ სერვისებში ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა, ქცევითი აშლილობები ბიჭებში სამჯერ უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებში (Rutter et al., 1970a; Gath et al., 1977). მაღალი მაჩვენებლები ასოცირებულია დაბალ სოციო-ეკონომიკურ სტატუსსა და მრავალწევრიან ოჯახებთან.

ეტიოლოგია

მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორები. ქცევითი აშლილობები უფრო ხშირად აღენიშნებათ ზრუნვამოკლებულ ბავშვებს, რომლებიც არასტაბილურ და დაუცველ ოჯახებში იზრდებიან. ანტისოციალური ქცევა უფრო ხშირად ვლინდება არასრული ან არასრულფასოვანი ურთიერთობების მქონე ოჯახის, ან ბავშვთა სახლების აღსაზრდელებში. ქცევითი აშლილობების განვითარება, ასევე, უფრო ფართო სოციალური კონტექსტის უარყოფით ფაქტორებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა სკოლა და სამეზობლო (Rutter et al., 1975b).

გენეტიკური ფაქტორები

ქცევითი აშლილობები ოჯახის წევრებს შორის უფრო ხშირია, თუმცა, ტყუპების კვლევებით დადგინდა, რომ გაზიარებული გარემო ფაქტორები გენებზე უფრო მნიშვნელოვანია. ასევე, ნაჩვენებია, რომ ადრეული ასაკიდან გამოვლენილი პერსისტენტული შემთხვევები უფრო ძლიერი გენეტიკური ეტიოლოგიისაა ვიდრე მოზარდობაში განვითარებული აშლილობები (Silberg et al., 1996). მამების ალკოჰოლიზმი და პიროვნული აშლილობები მჭიდროდაა დაკავშირებული ბავშვებში ქცევითი აშლილობების განვითარებასთან (Earls et al., 1988). ამ კავშირს განაპირობებს როგორც გენეტიკური, ასევე გარემო ფაქტორები. არსებობს მონაცემები, რომ გენი მონოამინ A-ოქსიდაზა განაპირობებს წინაგანწყობას ქცევითი აშლილობების მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ადრეული ბავშვობის პერიოდში წარუმატებელი გარემო ფაქტორების არსებობა ემატება (იხ. Foley et al., 2004). გენების მონაწილეობის შემთხვევაში, არ არის ბოლომდე ნათელი, ხასიათის თავისებურებებზე ახდენენ ისინი გავლენას, თუ სხვა გზითაც მოქმედებენ.

ორგანული ფაქტორები

ბავშვები, რომლებსაც ეპილეფსია ან თავის ტვინის დაზიანება აღენიშნებათ უფრო მიდრეკილები არიან ქცევითი აშლილობებისადმი

სხვა კავშირები

უაიტის კუნძულზე ჩატარებული კვლევების დროს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო პიროვნების ანტისოციალურ აშლილობასა და კითხვის სპეციფიკურ დარღვევებს შორის კავშირის დადგენა. დღეისთვის უცნობია, ანტისოციალური აშლილობა და კითხვის სპეციფიკური დარღვევები წინაგანწყობის ერთი და იმავე ფაქტორებითაა განპირობებული, თუ ერთი განსაზღვრავს მეორეს და, თუ ეს ასეა, რომელია წამყვანი.

პროგნოზი

ქცევითი აშლილობის გრძელვადიანი გამოსავალი, მისი ბუნებისა და სიმწვავის ხასიათიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მერყეობს. ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი კვლევით დადგინდა, რომ იმ ბავშვების თითქმის ნახევარმა, რომლებიც ქცევითი აშლილობების დიაგნოზით გადიოდნენ მკურნალობას, მოზარდობის ასაკში ანტისოციალური ქცევა გამოავლინა (Robins, 1966). მოზრდილებში სოციოპათიის არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული, რომ პაციენტს მოზარდობაში ქცევითი აშლილობა არ ჰქონოდა. კონტროლებსა და ბავშვთა სახლების ქცევითი აშლილობების მქონე აღსაზრდელებზე ხანგრძლივმა დაკვირვებამ იგივე შედეგები აჩვენა; ქცევითი აშლილობების მქონე ბავშვების 40%-ს 20 წლის ასაკში პიროვნების ანტისოციალური აშლილობა აღენიშნება. დანარჩენებს - მუდმივი და ფართო სპექტრის სოციალური სირთულეები ახასიათებთ, რომლებიც პიროვნული აშლილობის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს ბოლომდე ვერ აკმაყოფილებენ. მოზრდილ ასაკში სერიოზული სოციალური პრობლემები, ასევე, ბავშვთა სახლში აღზრდასთანაა დაკავშირებული, ხოლო ქცევითი აშლილობის არსებობა, თუ ამ მონაცემის ეფექტს გავითვალისწინებთ, ამაზე დამატებით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს (Zoccolillo et al., 1992).

მამრობითი სქესის მოზრდილ პირებს ქცევა და სიმპტომები, ჩვეულებრივ, ბავშვობაში გამოვლენილი ნიშნების მსგავსი აქვთ, კერძოდ, დამახასიათებელია ანტისოციალური პიროვნული თვისებები, აგრესია, ალკოჰოლიზმი, ნარკომოხმარება და კრიმინალური ქმედებები.

მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ასაკთან ერთად ქცევის პატერნები და სიმპტომები ეცვლებათ და უფრო მეტად ემოციურ და პიროვნულ პრობლემებს უკავშირდება.

მკურნალობა

მსუბუქი ხასიათის ქცევითი აშლილობები მკურნალობის გარეშეც შეიძლება გამოსწორდეს და მშობლებისთვის რჩევის მიცემა, შეიძლება სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს. უფრო მძიმე შემთხვევებში, ბავშვის მკურნალობასთან ერთად, ტარდება თერაპია და სოციალური მხარდაჭერა ოჯახისთვისაც. ნებისმიერი თანდართული აშლილობის შემთხვევაში (ჰიპერაქტივობითა და ყურადღების დეფიციტით მიმდინარე აშლილობა, დეპრესია) უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რომელიმე მკურნალობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მდგომარეობის გრძელვადიან პროგნოზზე. თუმცა, ხანმოკლე გაუმჯობესება, უმეტეს შემთხვევაში, მიღწევადია. ამასთან, შესაძლებელია ოჯახის უარყოფითი გავლენის იმგვარად მოდიფიცირებაც, რომ პროგნოზულად უკეთესი შედეგი მივიღოთ. ზოგი ოჯახისთვის დახმარების გაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ვაწყდებით მატერიალურ პრობლემებს, ქაოტურ ურთიერთობებსა და მშობლების არასაკმარის განათლებას.

მშობლების ტრენინგის პროგრამა

ეს პროგრამა იყენებს ბიჰევიორულ პრინციპებს მშობლებს განუმარტავენ თუ, როგორ შეიძლება ბავშვების ანტისოციალური ქცევა, თუ მასზე ყურადღებას არ გავამახვილებთ, უნებურად გავამყაროთ ან ოჯახის წევრებს შორის არაჯანსაღი ურთიერთობებით მოვახდინოთ მისი პროვოცირება. მშობლებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა შესძლონ მათ შექებითა და დაჯილდოებით ნორმალური ქცევის გამყარება და ანომალიურ ქცევებზე ლიმიტის დაწესება, მაგ., სათამაშო დროის ერთი საათით შეზღუდვა. დამხმარე საშუალებებად გამოიყენება წერილობითი ინფორმაცია და სხვა მშობლების მიერ აპრობირებული ქცევითი ტექნიკების ვიდეოჩანაწერები.

ბრაზის მართვა

ნაჩვენებია, რომ ახალგაზრდა პირები, რომლებსაც აგრესიული ქცევები ახასიათებთ, არასწორად აღიქვამენ სხვების მტრულ განწყობას მათ მიმართ მაშინ, როდესაც ეს ასე არ არის. მათ, ასევე, არ შესწევთ უნარი სათანადოდ გააცნობიერონ თავიანთი აგრესიული ქცევების სიმწვავე და შესაბამისი სიტყვიერი რეაგირების ნაცვლად, შეუსაბამო ქცევას მიმართავენ. ბრაზის მართვის პროგრამა მიზნად ისახავს ასეთი დამოკიდებულების კორექციას და ასწავლის უცაბედად აღმოცენებული აგრესიული გრძნობების ინჰიბიციას. მაგ., ბავშვი ეუბნება თავის თავს - „შეჩერდი, რა უნდა გავაკეთო?”. ისინი, ასევე, სწავლობენ, როგორ გადააფასონ სხვების განზრახვები და, თავის დასამკვიდრებლად, როგორ გამოიყენონ სოციალურად. უფრო მისაღები ფორმები.

სხვა მეთოდები

კითხვის დარღვევების დროს აუცილებელია საკორექციო თერაპიის გამოყენება. ჯგუფური თერაპია იშვიათ შემთხვევებშია ეფექტური (Kazdin, 1997). კომორბიდული აშლილობების არარსებობის დროს მედიკამენტური მკურნალობა ნაკლებ შედეგიანია. თანმხლები დაავადებების შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

ინსტიტუციური ზრუნვა

ზოგჯერ აუცილებელია ბავშვის საოჯახო ტიპის სახლში მოთავსება, ან სპეციალურ სკოლაში გაგზავნა, ან მინდობით აღზრდის უზრუნველყოფა. ეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა მოხდეს. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ინსტიტუციური ზრუნვა ქცევითი აშლილობების პროგნოზს აუმჯობესებს.

სკოლის განზრახ გაცდენა

სკოლის გაცდენის შემთხვევაში მკურნალობა ცალკე უნდა დაიგეგმოს. საჭიროა მიზნობრივი და ენერგიული ჩარევის განხორციელება. მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ბავშვის სკოლაში დაბრუნებაზე და, რამდენადაც შესაძლებელია, ამ საკითხში მშობლებისთვის დახმარების გაწევაზე. ამავე დროს, უნდა დაიძლიოს როგორც სწავლასთან დაკავშირებული, ისე სხვა სასკოლო პრობლემებიც. ყოველივე ამის განხორციელებისას, უმნიშვნელოვანესია კლინიცისტებს, ოჯახსა და პედაგოგებს შორის კარგი ურთიერთობების არსებობა და შენარჩუნება. თუ სხვა გამოსავალი არ არის, შეიძლება, სასამართლო პროცედურების გამოყენებაც.

(ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები