მემხლიანობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ღამითეობა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მემხლიანობა, ღამითეობაშუამთობის დღესასწაული.

მემხლიანობა მესაქონლე-მიწათმოქმედთა უძველესი ხალხური დღესასწაულის, შუამთობის ძველი სახელწოდება იყო, რომელიც ზემო აჭარაში ალპურ საძოვრებზე მესაქონლეების ყოფნის შუა პერიოდში ტარდებოდა. როცა ბარში შედარებით მოიცლიდნენ, სამუშაოებს მოათავებდნენ, მაშინ ქალი და კაცი გუნდ-გუნდად მთებში, აგარაკებზე სამემხლიანოდ მიემგზავრებოდნენ, თან დამკვრელები, მოცეკვავეები და მომღერლები მიყავდათ.

მემხლიანობა (მენხლიანობა) დაახლოებით 1-20 აგვისტომდე გრძელდებოდა. სამემხლიანოდ მთაში ასული ხალხი მაღალ გორაზე გროვდებოდა, კოცონებს ანთებდნენ, მთვარის ქვეშ გათენებამდე ცეკვავდნენ, მღეროდნენ, უკრავდნენ და სხვადასხვა თამაშს აწყობდნენ. შემდეგ ცხვარსა და დეკეულს დაკლავდნენ და ნათესავ-მეგობრებს დაიწვევდნენ. აჭარაში გავრცელებული მემხლიანობა წმიდა გიორგის სახეშეცვლილი დღესასწაული უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთი მელექსე ბარიდან სამენხლიანოდ დაძრულ ხალხზე ასე მღეროდა: „ჯავახეთის კორდიანო, მენხლიანი მოდიანო, ალმური კოხტა ქალები გარეთ არ გამოდიანო”.

მოსახლეობაში ღამის სათევად მთაში წასვლა სახალისო და სასურველიც იყო. ამ ტრადიციის ბუნების დადგენის მიზნით ყურადსაღებია ზემო აჭარის აგარის თემის იაილებზე არსებული ადგილების სახელწოდებანი პაწაჲ სალოცავი და დიდი სალოცავი, რომელთაც „მოჰაერენი” სტუმრობდნენ და ათვალიერებდნენ. საფიქსირებელია, წინამუსლიმანურ პერიოდში სალოცავები „თიებზეც” იყო, რაც ტოპონიმებად შემოგვრჩა და რომელთაც ივლისის ბოლო დეკადასა თუ აგვისტოს პირველ რიცხვებში მოსახლეობა მოინახულებდა ხოლმე. იქნებ აქ რომელიმე უქმესაც დღესასწაულობდნენ. ღორჯომის ხეობის იაილებზე ასული მოჰაერენი ბარში 10-15 დღის გასვლის შემდეგ ბრუნდებოდნენ. სოფელში მიმავალნი მთის სათიბებში ჩამოივლიდნენ და ერთი სახეობის მხალს, ე. წ. „დვარულას” კრეფდნენ. ეს მცენარე გარდა საკვებისა, სამკურნალოდაც გამოიყენებოდა. საერთოდ, საფიქრებელია, რომ ხეობის მოსახლეობა წარსულში ივლისის ბოლო რიცხვებიდან და აგვისტოს დამდეგიდან მთებში ველური „მხალის” (ფხალის) საკრეფად არამარტო საზამთრო მარაგის დაგროვების მიზნით, საჰაეროდ და დასასვენებლად, არამედ რელიგიური მოსაზრებებითაც ადიოდა. სწორედ აქედან უნდა მიეღო ამ დღესასწაულს კიდევ ერთი სახელწოდება - მენხლიანი.



ლიტერატურა

ნოღაიდელი, 2015.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები