ღომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღომი – Setaria italica (L.) P. Beauv. ბოტანიკის ინსტიტუტის დიღმის ექსპერიმენტული ბაზის ნაკვეთი, 2000 წელი
ღომის ნათესი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი
ხის კავი, მეგრულად – "აგაფა" მარტვილის გ. ელიავას სახ. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონატი
ღომი
ბუყუნი სენაკის ჟ. შარტავას სახ. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონატი

ღომი - (Setaria italica (L.) P. Beauv). ლაზურად - „ნჩხვა’რ’ი”, ჭანურად - „ღომ-უ’“// „ღომი“, მეგრულად - „ღუმუ’“ // „ჩხვერი“, „ღუმუშ(ი)“ // „ღუმუ“, აფხაზურად - „ახ...ძ“ (მაისაია, 2005, 2009).

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სამეურნეო კულტურის სახეობა. სიმინდის შემოსვლამდე და შემდეგაც, მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი საკვები მარცვლეული.

ღომის კულტურას ქართველების განსახლების ტერიტორიაზე წარსულში ფართო არეალი ეკავა. მისი გავრცელების შესახებ საგულისხმო ცნობებია მოცემული ძველ ქართულ წყაროებში, საქართველოში მყოფი უცხოელი მოგზაურებისა და მეცნიერების ჩანაწერებში.

XV ს.-ის იტალიელი მოგზაურების იოსაფატ ბარბაროს და ამბროჯიო კონტარინის აღწერილობიდან ჩანს, რომ ღომი სამეგრელოში მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი საკვები იყო. საყურადღებო ცნობებია მოცემული XVII ს.-ის იტალიელ მისიონერთა რელაციებში, მაგალითად: პიეტრო ავიტაბილე (1623-1634 წწ.), ჯუზეპე ჯუდიჩე (1632-1640 წწ.) და დონ კრისტოფორო დე კასტელი (1632-1645 წწ.) აღნიშნავენ, რომ ღომი მთავარი იყო დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ მარცვლეულ კულტურებს შორის (რუხაძე, 1976).

XVII ს.-ის იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის განმარტებით, „... მეგრელები, ჩვეულებრივ, პურით კი არა, ღომით იკვებებიან და უცხოელები დარწმუნებულნი არიან, რომ პური კიდეც რომ მოიტანონ, აქ ვერ გაყიდიან“ (ლამბერტი, 1938).

ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი (XVII ს.), რომელიც 1672- 1673 წწ. იმყოფებოდა საქართველოში, აღნიშნავს, რომ „... ჩერქეზები, მეგრელები, თურქეთის მოხარკე ქართველები, აფხაზები, კავკასიის მცხოვრებლები, ყველა ისინი, ვინც შავი ზღვის სანაპიროზე მეოტიდის ჭაობის სრუტიდან ტრაპიზონამდე ცხოვრობენ, მხოლოდ და მხოლოდ ამ ფაფით (ღომით) იკვებებიან, ეს არის მათი პური, სხვა მათ არა გააჩნიათ რა. ისე არიან შეჩვეულნი ღომს, რომ ხორბლის პურსაც კი ამჯობინებენ“ (შარდენი, 1975).

XVI ს.-ის დამლევსა და XVII-XVIII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს საეკლესიო და სამონასტრო ბეგარის ნუსხებში მარცვლეულთაგან მხოლოდ ღომია მოხსენიებული (რუხაძე, 1976).

სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის (1846-1853 წწ.) დროს შედგენილ საბუთში (1852 წ.) სამეგრელოში ამ დროს გავრცელებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჩამოთვლა ღომით იწყება (მეუნარგია, 1939).

ღომის კარბონიზირებული ნაშთები აღმოჩენილია ნოქალაქევისა (IV-III სს.) და ვანის (V ს.) ნაქალაქარის ტერიტორიაზე. როგორც ირკვევა, ღომი და ფეტვი ამ პერიოდისათვის ფართოდ გამოყენებული კულტურები იყო (ლომიტაშვილი და სხვ. 2010; ბოკერია, 2013, 2014).

მეტად საინტერესოა ვანში (ძვ.წ. II-I სს. ფენებში) აღმოჩენილი ღომის მარცვლები. უნდა ვიფიქროთ, რომ ტაძარში დამოწმებული მარცვლეული კულტურები სარიტუალო დანიშნულებით იყო შემოწირული; როგორც ჩანს, ვანის მოსახლეობა თაყვანს სცემდა ფეტვნაირ კულტურებს (ძიძიგური, 2002).

დასავლეთი საქართველო გამოირჩეოდა ღომის ჯიშობრივი მრავალფეროვნებით. არსებობდა ღომის საადრეო ჯიშები: „შვიდკვირია“ და „მოცოროზი“, რომელთა მომწიფებას თითქმის ორი თვე სჭირდებოდა. ეს მეურნეს საშუალებას აძლევდა, ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე, ზაფხულში პურის მომკის შემდეგ, ღომი მოეყვანა და ამგვარად, მამულიდან ორი მოსავალი მიეღო; ყველაზე მოკლე სავეგეტაციო პერიოდით გამოირჩეოდა ლეჩხუმში გავრცელებული ღომის ჯიშები (მუშკუდიანი, 2001).

საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებული ღომის ჯიშებია:

  • „ჩქინებურა“;
  • „ჭითა ღუმუ“;
  • „ცეც (ციც) ღუმუ“;
  • „ჩე ღუმუ“;
  • „კუხურუ ღუმუ“;
  • „ბარამულა“;
  • „ძირდაბალა“;
  • „ხუჭილა“;
  • „ჯორიელა“;
  • „ბოჯგა“, ანუ „ბეღელა ღომი“;
  • „კუ და ღომი“;
  • „კოძუა“;
  • „ჩაქურა“;
  • „ნაჟღვლი თეთრი“;
  • „მათრახა“;
  • „ყვითელი უსახელო“;
  • „ხითირა თეთრი“;
  • „ორთითა“;
  • „გველიკუდა“;
  • „კვირიხინა“;
  • „კუნწურაულა“;
  • „მგლის კუდა“;
  • „ბობოყვაური“;
  • „ხოტორა“;
  • „კირჩხეულა“;
  • „აჭარულა“;
  • „გუდურე“;
  • „ხაზარალა“;
  • „ბურჩხა ღომი“;
  • „ბაწარაი“ და სხვ.

ღომი ითესებოდა აპრილის ბოლოს. მოსავალს იღებდნენ აგვისტოს ბოლოდან, მთელი სექტემბრის განმავლობაში, ხოლო ზოგჯერ ოქტომბრის პირველ ნახევარშიც.

ხულა – ბეღელი გ. ჩიტაიას სახ. თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

ღომს ხშირად ნაპურალზე თესავდნენ. “...ხშირად იმავე ნიადაგზე თესავენ, სადაც იმის წინ პური მოიყვანეს” (ბოროზდინი და სხვ., 1927).

ნალია – "ნანია" გ. ჩიტაიას სახ. თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

არქანჯელო ლამბერტის მიხედვით, „...ჩვეულებრივ, კარგი მიწა სადაც არის, ასეთ წესს ადგანან: პირველ წელიწადს თესენ ღომს, მეორეს - ფეტვს (Miglio-ს) და მესამეს - პურსა, შემდეგ ამისა, მიწას სამის თუ ოთხის წლით ასვენებენ“ (ლამბერტი, 1938). პრაქტიკაში ცნობილი იყო სახნავი მიწის მოწვის სისტემა, ამ გზით მიწა სუფთავდებოდა სარეველებისაგან. ღომი განსაკუთრებით კარგ მოსავალს იძლეოდა ახოსა და საერთოდ ახალპირ მიწებში, რომელთაც 2-3 წელს მხოლოდ თოხით, ისიც ზედაპირულად ამუშავებდნენ.

სამეგრელოში არსებობდა ნიადაგის მომზადების „შედარებით მარტივი“ წესი - „ხონუა“ (ხვნა), ხის კავით, მეგრულად - „ოგაფა“. ხვნის შემდეგ დარჩენილი “ხულა” (პატარა ბელტი) „იბარგებოდა“ (ფხვიერდებოდა) ღომის თოხით, რომელსაც სამეგრელოში „ჩენგი“ ეწოდებოდა; მერე - „მერულით“ (ხის სამკაპიანი სამუშაო იარაღით) უნდა „გაემერულებინათ“ - გაეფხვიერებინათ, ან ფარცხით გაეფარცხათ. ასეთი „ცარცილი დიხა“ (გაფხვიერებული მიწა) გამზადებული იყო ღომის დასათესად.

გურიაში ღომისათვის გამოყოფილი ნაკვეთი უეჭველად მშრალი უნდა ყოფილიყო. თუ ნიადაგი ქვიანი არ იყო, ჯერ თოხით უნდა მოეჩიჩქნათ მიწა, მერე მერულით უნდა გაეფხვიერებინათ, გაეფოცხათ და ამის შემდეგ ჩაეყარათ თესლი მიწაში (სახოკია, 1950).

სამეგრელოში მცხოვრებ უხუცესთა გადმოცემით, საღომედ არჩევდნენ სარეველა ბალახებისაგან გასუფთავებულ ადგილებს, შედარებით „მჩლატე“ მიწას, ვინაიდან ღომს მძიმე მიწა არ უყვარს. უფრო ხელსაყრელი იყო ნასიმინდარი ნაკვეთის გამოყენება, რადგან ის მიწა, სადაც ადრე სიმინდი იყო, სამჯერ ითოხნებოდა. მას შორდებოდა სარეველები და მზადდებოდა ღომის თესლის მისაღებად. ამასთანავე, არჩევდნენ ისეთ ადგილებს, სადაც მუხა, რცხილა ან სხვა დიდფესვიანი ხეები იდგა, რომლებიც ნიადაგსაც ამაგრებდნენ და წყალსაც იკრებდნენ.

ღომს თესავდნენ ორშაბათს - „თუთაშხა“ (ბედნიერ) დღეს ან ხუთშაბათს, რომელიც „კვათიერ“ („გამჭრიახ“) დღედ იყო მიჩნეული. ყურადღებას აქცევდნენ მთვარის ფაზებსაც. თესვა სავსე მთვარეზე უნდა დაწყებულიყო, რადგან ახალ მთვარეზე დათესილს შეიძლება ჭია გასჩენოდა. სათესლე მარცვალი მთესველს ეყარა სქელკანიან გოგრაში (გურულად და აჭარულად - „ხაპი“, მეგრულად - „ჭურა“) ან თხის გუდაში (მეგრულად - „ლაგუჯი“ // „ხართა“; გურულად - „ქეჩხო“; ზოგჯერ „ბუყუნში“ ან ხის (მეგრულად - „კოთხო“), თიხის (მეგრულად - „დერგი“) ჭურჭელში ყრიდნენ. თესლი გარიგებულად - თხლად ან როგორც მეგრელი მეურნე ამბობს, „წყორილით“ ითესებოდა. არათანაბრად დათესილი ღომი მჭიდროდ ამოდიოდა, ძნელი გასამარგლი იყო და ბევრ უნაყოფო თაველს იკეთებდა. მთესველი თითო ჯერზე იმდენს თესავდა, რამდენიც მუჭაში დაეტეოდა (მაისაია, 1987; მაისაია და სხვ., 2005).

მთხრობელის გადმოცემით, „...გურიაში ღომი მთის ფერდობზე მეჩხერად (მობნევით) ითესებოდა. თანაბრად რომ ამოსულიყო, თესლში სილას ურევდნენ; ზოგ შემთხვევაში მთესავი აჩქარებულად „გარბენით“ თესავდა. ღომის თესვას ხელის გავარჯიშება სჭირდებოდა“. (ჩოხატაურის რ-ნი, სოფ. ფარცხმა, მთხრ. ვ. კიკვაძე, 2014)

აჭარაში, „მაჭახელას ხეობაში ღომი მე-20 ს.-ის 30-იან წლებამდე, კოლექტივიზაციამდე ითესებოდა; კალოობა იწყებოდა აგვისტო-სექტემბერში, იჭრებოდა თავთავები კონებად და იცეხვებოდა საცეხველში, მზადდებოდა ღომის-ღომი. მიირთმევდნენ ყველთან ერთად ან მოხარშულ ღომის-ღომის ფაფას, დაესხმებოდა კარაქი“ (მაჭახელას ხეობა, სოფ. ქოქოლეთი, მთხრ. ხ. ქოქოლაძე, 2014 წ).

გამარგვლა მეტად შრომატევად სამუშაოდ ითვლებოდა. არქანჯელო ლამბერტი მოგვითხრობს, რომ „სინოტივის გამო აქ სარეველა ბალახი სწრაფად იზრდება და დიდი შრომაა საჭირო მის მოსასპობად, თუ რამდენიმე დღე დასცალდა ბალახს ზრდა, ისე იმატებს, რომ სულ გააქრობს ნათესს. ამიტომ მიწიდან თავს იჩენს თუ არა ღომი, მაშინათვე გამოთოხნა სჭირდება; რადგან საქმე საჩქაროა და პატრონი თავისი კაცებით ვეღარ ერევა, მეზობლები უნდა მოიხმაროს. ეს დიდი შრომა კაცმა საშინელ სიცხეში უნდა აიტანოს, ამიტომ მის გასაადვილებლად ისეთი ხერხი მოუგონებიათ, რომ გეგონებათ, მთელი სოფელი ქეიფობსო. ამ ხერხს შეადგენს სამი რამე: ნადი, სიმღერა და უხვი საჭმელი, რომელსაც მამულის პატრონი იძლევა. ამასთანავე, საგანგებო სიმღერა აქვთ, რომლის ხმაზე თოხნასაც ისე აწყობენ, როგორც საკრავზე ცეკვას. სიმღერის აჩქარებასთან ერთად ჩქარდებოდა თოხნის პროცესიც“ (ლამბერტი, 1938).

ღომის ცეხვა სამეგრელო, მებატონის კარ-მიდამო

ღომი დათესვიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ამოდიოდა. ეს ძირითადად დამოკიდებული იყო ამინდზე. თუ ნათესი შემეჩხერდებოდა, ე.ი. „გაწბილდებოდა“, ანუ როგორც სამეგრელოში იტყვიან „დორგუაფას“ საჭიროება შეიქმნებოდა, მიმართავდნენ ღომის გადარგვას. ამისათვის არჩევდნენ წვიმიან დღეს და დასაჩქარებლად ამ რთულ საქმეში ოჯახის ყველა წევრი მონაწილეობდა; ხოლო ხშირი ნათესის გამარგვლა, გამოხშირვა - „გახილვა“, ე.ი. ზედმეტი აღმონაცენის მოშორება იწყებოდა მაშინ, როდესაც აღმოცენებული ღომი გამოიტანდა პირველ 2-3 ფოთოლს. ამ დროს ატარებდნენ პირველ თოხნას პატარა თოხით - „ბერგით“, რომელსაც სამეგრელოში „ჩენგი“, „ბეკაკუტი“; იმერეთში „კეკო“; გურიაში „პანუანი თოხი“, „წკეპარი“ // „წკებარი“, „ღომის თოხი“ ეწოდებოდა; პირველი გათოხნა მეტად პასუხსაგები და ძნელი ჩასატარებელი იყო, დახელოვნებას მოითხოვდა, რადგან ღომის ნორჩი აღმონაცენი ძნელი გასარჩევი იყო სარეველებისაგან (ძურწა, შალაფა და სხვ.). თვითონ პროცესი იწოდებოდა “მარგვლად”, “პირველ ბარგვად” ან “დოკერშვად” (მეგრულად). მეორე თოხნა ტარდებოდა პირველიდან 10-15, ზოგან 15-20 დღის შემდეგ. ეს სამუშაო სამეგრელოში ცნობილი იყო “მაჟირუას” ან “დოცქვარის”, იმერეთში კი “გამორიდების”, “მოროდვის” სახელწოდებით. “გამორიდება” აუცილებლად მზიან ამინდში უნდა ჩატარებულიყო (მაისაია, 1987).

ლასტი, მეგრულად "ოლე"
ხის ჩამური. მარტვილის გ. ელიავას სახ. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონატი
ქვის ჩამური. ხონი, სოფ. ბესიაური

მეორე თოხნა, პირველისაგან განსხვავებით, იოლი შესასრულებელი იყო. უკვე შემეჩხერებულ ნათესში, საკმაოდ წამოზრდილი ღომი ადვილი გამოსარჩევი იყო სარეველებისაგან. იშვიათად, საჭიროების შემთხვევაში, ატარებდნენ მესამე თოხნასაც; ეს იმ შემთხვევაში, თუ ყანას სარეველები ძლიერ მოედებოდა. მესამე თოხნაზე მცენარეს მიწას ბლომად შემოაყრიდნენ და ნიადაგს შლამით ანოყიერებდნენ. ზრდის დამთავრების შემდეგ ღომი თაველს გამოიტანდა. თაველის დამწიფების შემდეგ მას ნამგლით მომკიდნენ. მკა, მეგრულად - „გიმუა“, ძირითადად ოქტომბერში ხდებოდა. სწორედ ამიტომ დაერქვა ოქტომბერს მეგრულად - „გიმათუთა“, ჭანურად - „გუმათუთა“.

დასავლეთ საქართველოში ღომის მოსავალს ხელით იღებდნენ - თაველებს გლეჯდნენ ხის დანით (მეგრულად - „ჯაში ხამუთი”) ან რკინის დანით. შემოსული ღომის ყანა სხვადასხვა ფერის - ოქროსფერი, ყვითელი ან მიხაკისფერი - იყო. შეფერვა ძირითადად ღომის ჯიშზეა დამოკიდებული. ღომის მოსავალს იღებდნენ კარგ ამინდში; დასველებული თაველების აღება არ შეიძლებოდა, რადგან მისი გაშრობა სპეციალურ საშრობებში მეტად ძნელი იყო. მეურნე მოსავლის აღების დაწყებამდე დიდი დაკვირვებით შეარჩევდა საღ თაველებს სათესლედ. სათესლე თაველი ღეროიანად იჭრებოდა და კონებად იკვრებოდა. კონები ბეღელში - ხულაში ღომის თავზე ლაგდებოდა ან ცალკე ინახებოდა. ზოგ შემთხვევაში სათესლე თაველს წნავდნენ და შეკრულს ჯარგვალში ისეთ ადგილზე კიდებდნენ, რომ ცეცხლის კვამლი მოხვედროდა. თესვის დროს თაველებს ხელით ფშვნიდნენ.

უხუცესთა გადმოცემით, ღომის მოსავალს ორჯერ იღებდნენ. პირველად ჭრიდნენ მხოლოდ თაველებს, რადგან ჩალა ჯერ კიდევ ნედლი იყო. ზედმეტად გამხმარი თაველებიდან მარცვალი ადვილად იბნეოდა, ამიტომ ჩალის გახმობამდე მოცდა არ შეიძლებოდა (მაისაია, 1987).

ღომის ცეხვა. გურია, ნ. ბერძენიშვილის სახ. ჩოხატაურის მხარეთმცოდენეობის მუზეუმი
ხის გობი. ცაგერი, სოფ. მახაში
ლაზური ხის გობი, ლაზურად – "პილეკი" ლაზეთი, ართვინი

ღომის მოსავლის აღების შემდეგ, ვახშმობისას, იმართებოდა დასალოცავი პურობა (მეგრულად - „ოწესური“). ლოცვას, ჩვეულებრივ, უფროსი კაცი ან ქალი ასრულებდა. სალოცავად განკუთვნილი გოჭის ან ქათმის გულ-ღვიძლს, სანთელ-საკმეველს და, რაც მთავარია, ღომის „მუნჭას“ (პირველ კონას) სალოცავ ჭურთან მიიტანდნენ და მოწიწებით ევედრებოდნენ ღმერთს, ღომის გამჩენსა და მაცოცხლებელ ანგელოზს. ახალი მოსავლის გამოყენება მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა (ჭანტურიშვილი, 1973).

მოჭრილ თაველებს კალათაში (მეგრულად - „ცეკა“) ან გოდორში აწყობდნენ; მერე ზურგით ან ღომის სპეციალური ურმით ეზიდებოდნენ სახლში. ჯერ მზეზე აშრობდნენ, ამის შემდეგ შეჰქონდათ „ნალიაში“ ანუ „ნანიაში“. „ნანიას“ სამეგრელოში ზოგან „ოკვალე“ ეწოდებოდა. ნალიას ქვეშიდან შეუნთებდნენ ცეცხლს, რომ ზევით ასულ ალს ღომი გაეშრო. ზევიდან კი მურყნის (თხმელის) ნედლ ფოთლებს მიაყრიდნენ. ცეცხლი ქვევიდან მანამდე ენთო, სანამ მურყნის ფოთლები არ დაჭკნებოდა. ღომის თაველების გადასაბრუნებლად და ცეცხლის სამეთვალყუროდ გამოყოფილი იყო ერთი კაცი, რომელსაც ნალიაში წყლით სავსე დოქი ედგა, ძლიერი ცეცხლის დროს წყლის მოსასხურებლად და ცეცხლის გასანელებლად; ამის შემდეგ ღომი კალათებით ხულაში (მეგრულად - „ბაღუ“, გურულად - „ბეღელი“) შეიტანდნენ. ამ ნაგებობაში თაგვი ვერ შევიდოდა და ღომი სუფთად ინახებოდა. მოხმარების წინ, გასაცეხვად ღომი ხულიდან კალათებით გამოჰქონდათ და ლასტზე (მეგრულად - „ოლეში“, ლაზურად - „ოვლეში“) დაჰყრიდნენ, რომელსაც კერის ცეცხლზე ჩამოჰკიდებდნენ და ქვეშ ნელ ცეცხლს შეუნთებდნენ, რათა ღომი ნებისად გამომშრალიყო. როდესაც ღომის ღერო ადვილად გადაიმტვრეოდა, იგი გასაცეხვად მზად იყო. გაცეხვამდე ღომს ჩალის ნარჩენებს და ყვავილედის ღეროებს აცლიდნენ. გამომშრალ ღომის თაველებს ლასტიდან ამოიღებდნენ და ნაწილ-ნაწილ კალათებში ან ჩელტზე ჰყრიდნენ და ქალები კეტით ან ფეხით ფშვნიდნენ. მეგრულად ამ პროცესს ეწოდებოდა „ჩაჩუა“ // „ონაკასუა“ // „ჩიჩოლუა“ // „კასუა“, გურულად - „მოგუნდავება“ // „მოტეხვა“. ამის შემდეგ შეუდგებოდნენ ღომის ცეხვას. ღომი ჩვეულებრივ ხელით იცეხვებოდა. გარჩეული ღომის თაველებს ჩაჰყრიდნენ ხის ან ქვისგან გამოთლილ ჩამურში. ღომის ცეხვა (მეგრულად - „ჩხვარუა“) მძიმე სამუშაოდ ითვლებოდა. მებატონეებს ამისათვის ჰყავდათ ღომის მცეხვავი ყმები, რომელთაც „მოჯალაბეებს“ უწოდებდნენ. ესენი სამეგრელოში მიეკუთვნებოდნენ ყმების ყველაზე დაბალ კატეგორიას. ღომის დასაცეხვად იქმნებოდა „ნოდი“ (ნადი). ისინი ჩამურის ირგვლივ დგებოდნენ და ხელკავს, ანუ ხის „კაკუტს“ რიგრიგობით ურტყამდნენ ჩამურში. სამეგრელოში ამ მძიმე სამუშაოს თან ახლდა დათვლა: „ართი“, „ჟირი“, „სუმი“ და ა.შ; გურიაში კი, ამის მსგავსად, დარტყმას უმატებდნენ „სა“-ს ან „სავ“-ს. მ. ვანილიშისა და ა. თანდილავას (1964) ცნობით, ლაზური ნადი იმით ხასიათდება, რომ მთელ შრომით პროცესში ხალხურ სიმღერებთან ერთად ამბობენ შაირებს. ნადისათვის წინასწარ ემზადებიან. ოჯახი მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ამზადებს საჭმელს, ხოლო ნადის დღეს, ადრე დილით ოჯახის ერთ-ერთი წევრი მივა სოფლის ამაღლებულ ადგილზე და „ჰაიდეეს“ იძახის.

პირველი გაცეხვის შემდეგ მარცვალს ნაწილობრივ სცილდებოდა კანი -„ნახორი“ (მარცვლის კილი). ამ პირველ ცეხვას მეგრულად „გვარდუას“ უწოდებდნენ. პირველი ცეხვა მტვრიანი სამუშაო იყო. თაველი ჩამურის ძირში რომ არ ჩაკრულიყო, მას ხშირი ამორევა უნდოდა. სანახევროდ გაცეხვილი ღომის მარცვალი გადაჰქონდათ ხის გობზე, მეგრულად - „ნისორზე“ // „სარღაზე“, ლაზურად - „პილეკზე“, რომელსაც ქალი ატრიალებდა და „ნახორს“ ხელით აცლიდა; ამის შემდეგ ღომის ნაცეხვი უნდა გაენიავებინათ, რაც, ძირითადად, ქარიან ამინდში ხდებოდა; განიავებულ ღომის ნაცეხვს ჩაყრიდნენ ჩამურში მეორედ გასაცეხვად. მეორე ცეხვას უწოდებდნენ „მოპიჯორუას“. ეს მეტად ფრთხილ და ზომიერ მუშაობას ითხოვდა, რომ მარცვალი ცეხვის დროს ჩამურიდან არ ამოცვენილიყო. მეორედ გაცეხვილი ისევ ხის გობზე გადაჰქონდათ და ანიავებდნენ; მეორედ ცეხვის დროს განიავებას მეგრულად „ბაყვა“ ერქვა. თუ თაველი კარგად არ იყო გამხმარი, ღომი მესამედაც იცეხვებოდა. ეს სამუშაო ცნობილი იყო „ჩხვარვას“ სახელწოდებით. ამ შემთხვევაში ღომის განიავება მესამედაც იყო საჭირო. გაცეხვილ, გასუფთავებულ ღომის მარცვალს მეგრულად „ჩხვერს“ უწოდებდნენ (მაისაია, 1987).

ძველთაგანვე სამეგრელოს მოსახლეობა ღომის კილგაცლილი მარცვლიდან კერიაზე (შუა ცეცხლზე) ამზადებდა სქლად მოხარშულ ფაფას - საუცხოო დიეტურ საკვებს, რომელიც „ღომის-ღომის“ სახელწოდებით არის ცნობილი; ხოლო დაფქულ ღომის მარცვალს იყენებდნენ მჭადის გამოსაცხობად. ღომის დასაფქვავად იყენებდნენ ხელის წისქვილს, მეგრულად - „სკიბუს“, ლაზურად „ხეში კარმატეს“.

ხელის წისქვილი, ლაზურად – "ხეში კარმატე" ლაზეთი, ართვინი
კერია. გ. ჩიტაიას სახ. თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

გერმანელი მოგზაურის ედუარდ აიხვალდის (XIX ს.-ის პირველი მესამედი) ცნობით, იმერეთში მოჰყავდათ ღომი, რომლისაგან ამზადებდნენ რბილ ნამცხვარს ან “პუდინგს”, ურომლისოდაც არ შეეძლოთ არც ერთი ჯერის მირთმევა; „...ისინი ღომს ხარშავდნენ თუჯის ქვაბებში და ჭამის დროს იღებდნენ დიდი განიერი კოვზებით...“ როცა ღომის მოსახარშავად შედგმული წყალი დუღილს იწყებდა, მასში ჩაყრილ ღომს ამოურევდნენ და ცომად აქცევდნენ; როცა ყველა მარცვალი გაისრისებოდა და ცომი გამაგრდებოდა, ცეცხლს ანელებდნენ, წყალს ამოაქროლებდნენ და ცომს ქვაბში ამოაშრობდნენ. შემდეგ მისგან ამზადებდნენ ერთგვარ ოთხკუთხა პურებს, რომელიც დიდხანს ინახებოდა (აიხვალდი, 2005).

გურიაში ღომს ცეხვავდნენ ხელის, ფეხის ან წყლის საცეხველათი. „ღომის გაცეხვილი მარცვლისგან ხარშავდნენ რძიან ფაფას, როგორც საუცხოო დიეტურ საკვებს“ (ჩოხატაურის რ-ნი, სოფ. სურები, მთხრ. ლ. ლომინეიშვილი, 2014 წ.).

უხუცესთა გადმოცემით, „...გურიაში „ჩაან-ში“ (ჩამური) ან წყლის საცეხველათი გაცეხვილ ღომის მარცვალს მოხარშავდნენ „კაპჭანაში“, ანუ „თენჯერაში“ (ღომის ქვაბი); ღომის ფაფას აგებდნენ ხის სამფეხა ან ოთხფეხა ტაბლაზე“ (ჩოხატაურის რ-ნი, სოფ. ფარცხმა, მთხრ. ვ. კიკვაძე, 2014 წ.).

უხუცესთა გადმოცემით, „ჩხვერი“ (ღომი) სამურზაყანოში, გალის რ-ნში მცირე რაოდენობით ითესებოდა. შემოდგომაზე მომწიფებულ თავთავებს შეკრავდნენ კონებად და ჩამოკიდებდნენ ფაცხაში, კარგად რომ გამომშრალიყო. ცეხვავდნენ ხელის ან ფეხის საცეხველით. გაცეხვილი „ჩხვერისაგან“ აკეთებდნენ „ჩხვერის“ ღომს, ძირითადად შობა-ახალ წელს სტუმრის საპატივცემლოდ. ბავშვებისათვის კეთდებოდა რძიანი ფაფა, როგორც დიეტური საკვები“ (გალის რ-ნი, სოფ. სიდა, მთხრ. თ. შამუგია, 2014 წ).

მოსახლეობაში ფართოდ იყო გავრცელებული რწმენა, რომ ღომისაგან დამზადებულ პროდუქტებს არა მარტო მაღალი ყუათიანობა ახასიათებდა, არამედ ადამიანის ორგანიზმზე განსაკუთრებული კეთილი გავლენაც ჰქონდა. ვინც მძიმე ფიზიკურ შრომას ეწეოდა, თუკი საჭმელად „ღომის-ღომს“ იყენებდა, მეტ სიმხნევეს გრძნობდა და უფრო შრომისუნარიანიც იყო. სამეგრელოში ღომის (ჩხვერის) მარცვლიდან საგანგებო წესით ამზადებდნენ ფაფას - „ჩხუკას“. მოხარშავდნენ ძალიან სქლად ჩხვერს, დაუმატებდნენ ცოტა მარილს, ჩაასხამდნენ ნახევარ ჭიქამდე თაფლს და ჩაყრიდნენ ერთ ჭიქა სუფთად დანაყილ ნიგოზს. ეს საუცხოო კონცენტრირებული საკვები იყო. ღომისაგან მზადდებოდა: „ელარჯი“ - ხარშვისას ღომის მარცვალს ჩააზელდნენ ჭყინტ ყველს; „იაფოფხი“ - ღომის ფქვილისაგან გამომცხვარი თხელი ხაჭაპურისებრი ნამცხვარი, რომელსაც ზევიდან დაყრილი ჰქონდა დაფშვნილი ნიგოზი და ხახვი; „ფუნჩხული“ - მოხარშული ღომის მარცვალი, ნიგვზითა და ზეთით შეზავებული; „ხავიწი“ - თაფლითა და ღომის ფქვილით შემზადებული ფაფა; ასეთ ფაფას ხშირად მელოგინე ქალს მიართმევდნენ; „ალაყურტი“ - მოხალული და წვრილად დაფქული ჩხვერის, სელის მარცვლის ან ყვითელი სიმინდის ფქვილისაგან თაფლში გაკეთებული ფაფა, რომელიც საგანგებოდ კარგად იყო მოზელილი და რომელსაც ნიგვზის ზეთი ან ერბო ჰქონდა გადასხმული. „ალაყურტი“ ზემო სამეგრელოში კარგად გაკეთებული ღომის სინონიმი იყო, კარგად მოზელილ ღომზე იტყვიან „ალაყურტივით“ ღომი არისო (სოსელია, 1955)

ღომის-ღომი მეგრელებისათვის ძირითადი საკვები იყო. ოჯახში მას ტრადიციულად თითქმის ყოველდღიურად ამზადებდნენ. მიირთმევდნენ ცხლად ყველთან, საწებელთან, სხვადასხვა კერძთან ერთად; ღომთან, განსაკუთრებით მისადაგებულია ნიგვზიანები, მაგ. „საცივი“. „მეგრული ხარჩო“ ისევე, როგორც „ელარჯი“, „გებჟალია“, პიტნაში გადაზელილი ყველისა და მაწვნის ნაზავი წარმოუდგენელია ღომის გარეშე (თოფჩიშვილი, 2010).

„ჩხვერის“ მარცვალს, როგორც დიეტურ საკვებს, კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ. განსაკუთრებული წესით მისგან მზადდებოდა „ტიბუ“ - გრიპის საწინააღმდეგო წამალი: ერთ ჭიქა „ჩხვერის“ მარცვალს კარგად გარეცხავდნენ, ჩაყრიდნენ 2-3 ლიტრ ადუღებულ წყალში, ჩაამატებდნენ 1-2 ცალ დანაყილ ნიორს, 1-2 კოვზ სუფთად დანაყილ ქონდარს და მწარე წიწაკას. ამას ასმევდნენ ავადმყოფს, ოფლის მოსადენად.

წყლის საცეხველი
ფეხის საცეხველი

ლაზეთში მცხოვრებ უხუცესთა გადმოცემით, „...ღომი ითესებოდა მარტში, მოსავალს იღებდნენ ივლისში ან აგვისტოში; ღომს ეძახიან „ქურუმს“. მომწიფებულ თავთავებს იღებდნენ დანით და აშრობდნენ „საჩაკში“ ან „ქეღემულში“; ღომის კონას ინახავდნენ მაღალ ხის-ბოძიან სახლებში (ლაზურად - „სერენდერ“, „ნაილა“ და „სიინტი“), რომ დაცული ყოფილიყო თაგვისაგან. გაცეხვისას იყენებდნენ „ონჩამუეს“ - საცეხველს და ხის კაკუტის დარტყმით ცეხვავდნენ; მერე ანიავებდნენ. ღომის გაცეხვილი მარცვლისაგან ამზადებდნენ ოთხნაირ საკვებს: სუპს, ლაზურად - „ჩორბას“; რძეში ურევენ ცოტა რაოდენობის ღომის გაცეხვილ მარცვალს, რომელსაც ჰქვია „ჩაღვი“. მეორე საკვებს, ფაფას ამზადებენ „ჩაღვისაგან“ (ღომის გაცეხვილი მარცვალი). მისგან მოხარშულ საჭმელს ლაზურად „ღომუ“ ეწოდება. აკეთებენ, აგრეთვე „ნოგუბეის“: კომბოსტო იჭრება და პარკოსნების მარცვლებთან ერთად იხარშება. შემდეგ ემატება ღომის გაცეხვილი მარცვალი - „ჩაღვი“; თუ ნიგოზი („ნეაი“) აქვთ, უმატებენ დანაყილს (ნიგოზს ნაყავენ ხის სანაყში, რომელსაც ეწოდება „ნოგუბეიშ ორზენი“). ჭამენ არაჟანთან და შავ ბადაგთან ერთად. მეოთხე არის „კაპლამა“. მის მოსამზადებლად ბრინჯის მაგივრად გამოიყენება ღომის მარცვალი „ჩაღვი“, რომელსაც ემატება კარტოფილი და ისპანახი (ლაზეთი, ართვინი, 2014 წ).

ღომის მარცვალი და ჩალა იყო კარგი კონცენტრირებული საკვები შინაური ცხოველებისათვის.

ღომი, ასეთი მრავალმხრივი გამოყენების გამო, სავალდებულო საბატონო ბეგარაში შედიოდა და უმაღლესი ხარისხის გადასახადს წარმოადგენდა.

ღომის მარცვლის მაღალი კვებითი ღირებულება მასში ცილებისა და ვიტამინების (PP, B, C, B2 ) მაღალი შემცველობითაა განპირობებული.

საყურადღებოა, რომ ღომის მარცვალში ძალიან მაღალია ალბუმინების (40-60%) - ამინომჟავური შედგენილობის მხრივ სრულფასოვანი ცილების შემცველობა.

უძველესი დროიდან ღომი ზოგიერთი საკულტო რიტუალის აუცილებელი ელემენტი იყო.

დასავლეთ საქართველოში ძველთაგან ცნობილია საახალწლო მილოცვა, როდესაც მეკვლე - მეფეხური ახალი წლის დილას, გათენებისას ჩიჩილაკითა და „ჩხვერის“ ჯამით (რომელზეც, ღომთან ერთად ვერცხლის ფული, კვერცხი, სუროსა და თხილის ნედლი ტოტები დევს) რამდენჯერმე შემოუვლის ეზოს და თან ღომის მარცვლებს ფანტავს, როგორც დოვლათის სიმბოლოს (მაისაია, 1987, 2009).

თ. სახოკიას (1897) ცნობით: „...ახალ წლის დილას, გამთენიისას ჯერ ჩიტებს ხმა არ ამოუღიათ, რომ მეგრელი მეკვლე ფეხზედა დგას. მიდის წყაროზე და ცივი წყლით ხელპირს იბანს. ხელპირის დაბანვის შემდეგ მუჭით ჩხვერს აიღებს და წყალში ჩაჰყოფს. წყლიდან, რომ ხელს ამოიღებს, გაშლის და ჩხვერს დაჰხედავს: თუ მშრალია ჩხვერი, გოლვა იქნება იმ წელიწადს, თუ სველი - ნესტიანი წელიწადი დადგება“. წყაროდან დაბრუნებულ მეკვლეს თან მოაქვს დოქით წყალი, შემოდის ჯარგვალში, ცალ ხელში იღებს სანთელანთებულ ჩიჩილაკს, მეორეში - ბარქაშს, რომელზედაც აწყვია: დოქით ღვინო, ღორის თავი, შაქარი, ქათამი, ღვეზელი, ერთი ჯამი ჩხვერი და ღორის კილებერი, წკირზე აგებული და შემწვარი. სახლის უფროსი მიდის და თან ჩხვერს იქით-აქეთ ფანტავს, თანაც სახლს (შიგნიდან) გარშემო უვლის. ამ დროს ლოცულობს: „წმინდა ბასილის მობრძანებავ, ასე გაგვამრავლე ჩვენი ძე და მომავალი, ამდენი სიკეთე მოგვანიჭე“. სადილად მეკვლეს ქათამს უკლავენ. დაკლული ქათმის სისხლს ჩხვერზე ასხამენ. მერე ამ სისხლდასხმულ ჩხვერს წიწილებს უყრიან საკენკად. ასეთ ჩხვერნაკენკი წიწილები, რომ გაიზრდებიან, ყურძენს არ მიეკარებიან“ (სახოკია, 1897, 1956)

საცეხველი, ლაზურად – "ონჩამუე" ლაზეთი, ართვინი

საკალანდო სადილისათვის ღომის-ღომის ხარშვას წინასწარმეტყველების ერთ-ერთ საშუალებად მიიჩნევდნენ. თუ ღომის ხარშვა ქვაბის შუაგულიდან დაიწყებოდა, იმ წელიწადს მოსალოდნელი იყო უხვი მოსავალი მხოლოდ იმ სოფელში, თუ ნაპირებიდან - ყველგან კარგი ჭირნახულის მოლოდინი უნდა ჰქონოდათ (მაისაია, 2009).

დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში ღომის მარცვალი ნაყოფიერებისა და გამრავლების სიმბოლოდ იყო მიჩნეული. დოვლათისა და სიმრავლის მნიშვნელობით ღომი ფართოდ გამოიყენებოდა სახლში პატარძლის შესვლის დროს.

გურიაში ქათმის ფერხვისას ოჯახში მფერხავი მოდიოდა. მას აძლევდნენ თიხის ქოთანს, რომელიც ღომის მარცვლებით და კაკლით იყო სავსე. იგი მიდიოდა საქათმეში, მას მიჰყვებოდნენ ბავშვები; საქათმეს შემოუვლიდა და შემდეგ ძირს აგდებდა და ამსხვრევდა ქოთანს, ნიგოზს ბავშვები კრეფდნენ, ღომის მარცვლები კი ქათმებს რჩებოდათ, თუ ყველა კაკალი გულსავსე იყო, წლის განმავლობაში კარგი კვერცხი ექნებოდათ. ამის შემდეგ მფერხავს იწვევდნენ სადილად (სახოკია, 1897; რუხაძე, 1976; აბაკელია და სხვ. 1991).

ღომი წარმოადგენდა „ბატონების“ ნიშანსვეტს (შდრ., სახელწოდება „ჩხვერე“- წითელა) (ჭანტურიშვილი, 1973).

იმერეთში ბარბალობის დღეს შუაცეცხლიან სახლში შემდეგი წესი სრულდებოდა: „..მწარე გოგრას (კვახს, ხაპს) მოხაპავდნენ თავს, ჩაყრიდნენ შიგ ღომის ჩხოს (გაუცეხველ ღომს) და დაამხობდნენ გოდორს ან საბუდარს: გოდორზე დადგებოდა ერთი ბავშვი, დაიწყებდა წაღმა ტრიალს და კრუსუნს; ბავშვს ხელში ეჭირა ქათმის კვერცხი: გოდორის წინ ეგდო მიწაზე ღომის ჩხოიანი კვახი; გოდორს გარშემო უვლიდნენ ბავშვები, რომლებიც ჭუჭულებივით წიაქობდნენ (წიწილებივით წიოდნენ). ბავშვი სამჯერ მოტრიალდებოდა გოდორზე, მერე გაიმართებოდა წელში და იტყოდა: „...ღმერთო, ასე გაამრავლე ჩვენსას ჭუჭულები და ქათმები“. ამის თქმა და გოდრიდან გადმოხტომა ერთი იყო; დაჰკრავდა ფეხს კვახს და ღომის ჩხო აქეთ-იქით გაიფანტებოდა. მაგრამ თუ ბავშვი კვახს ფეხს დააცილებდა, ძლიერ გაუჯავრდებოდნენ. მოსახლეობას სწამდა, რომ გაფანტული ღომის მარცვალთა რაოდენობაზე დამოკიდებულია ოჯახში წიწილებისა და ქათმების სიმრავლე” (კახიანი, 1964).

სამეგრელოში არსებობდა ე.წ. „ღომის სალოცავი“ – „ღუმუში ოხვამერი“. ღომი თაველებს რომ გამოიტანდა, გამოაცხობდნენ კვერებს, წაიღებდნენ ყანაში, ჩაფლავდნენ მიწაში, ზედ ჯვარს დასვამდნენ და ღმერთს ევედრებოდნენ „ბევრი ღომი მოგვეციო“, ხოლო, როდესაც ღომის კრეფა - მკა დამთავრდებოდა, ოჯახის უფროსი ქალი ახლად დაფქვილი ღომისაგან აცხობდა ტაბლას, რომლის გული ნიგვზით, ხახვითა და სანელებლებით იყო შეზავებული. დაკლავდა ძველ მამალს, მის თავს მეხვავეს მისცემდა; მეხვავე მომავალი წლის ხვავსა და ბარაქაზე დაილოცებოდა (მაკალათია, 1941; რუხაძე, 1976).

ღომი ძველთაგანვე კოლხების მასაზრდოებელი, მარჩენალი კულტურა იყო.

დღეისათვის ღომი დასავლეთ საქართველოში იშვიათი მცენარეა – ის სიმინდმა გამოდევნა.



ლიტერატურა

ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2007. ე.ნ.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები