შერვაშიძე ყადირ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ყადირ შერვაშიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყადირ შერვაშიძე

შერვაშიძე ყადირ თუფან-ბეგის ძე (დ. - 29.IV.1887, სოფ. ქედა, ბათუმის ოლქი - გ. - 8.V.1919, თბილისი) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. ექიმი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ქვემო აჭარის მმართველის - ბეგის ოჯახში. დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღო ბათუმისა და თბილისის კლასიკურ გიმნაზიებში. მოსწავლეობის პერიოდში მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. 1909 წლიდან სწავლა გააგრძელა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დააპატიმრეს სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის ბრალდებით. I მსოფლიო ომში მონაწილეობდა როგორც სამხედრო ექიმი. 1916 მშობლიურ კუთხეში დაბრუნდა, ჩაერთო „წითელი ჯვრის“ საქმიანობაში, 1917 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ბათუმში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში, იყო „ქართველ მუსლიმთა კომიტეტის“ წევრი.

1917 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად. ოსმალეთის მიერ ბათუმის ოკუპაციის შემდეგ სხვა ქართველ მაჰმადიანებთან ერთად სათავეში ჩაუდგა „სამუსლიმანო საქართველოს განმანთავისუფლებელ კომიტეტს“. საქართველოს მთავრობის მანდატით აქტიურ პროპაგანდისტულ მუშაობას ეწეოდა ახალციხის, ფოცხოვის და ზემო აჭარის რაიონებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სასარგებლოდ. 1918 დემოკრატიულმა რესპუბლიკამ გერმანიაში გაგზავნა დიპლომატიური დელეგაციის წევრად. 1919 წლის დასაწყისში მონაწილეობდა ახალციხის სამხედრო ოპერაციაში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში პოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა მინიჭებული. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. 1919 წლის მაისში მოულოდნელად გარდაიცვალა თბილისში. დამფუძნებელ კრებაში პატივი მიაგეს კოლეგებმა. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ქედაში (ამჟამად დაბა ქედა).

რაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1991, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919, №102;
  • ს. სალაძე, უცნობი ყადირ შერვაშიძე, გაზ. „ბათუმელები“, http://batumelebI.netgazetI.ge/weekly1/46416/#sthash.nh3DQaHO.dpbs

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები