ყარყარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყარყარა

ყარყარა - ღვინის სასმისი, ყელმოგრეხილი ვერცხლის სურა. ძირითადად გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში. საბა ორბელიანის განმარტებით, ყარყარა არის „სარწყული სმაში ხმის მიმცემელი“. მისი სახელწოდება წარმომდგარია სმის დროს წარმოქმნილი „კარ-კარ-კარ“ ბგერათა შეთანაწყობით. სასმისის ასეთ თვისებას განაპირობებდა მისი გრეხილი ყელი, რომელიც მსმელს არა ერთბაშად, არამედ ძუნწად აწვდიდა ღვინოს და „სიმშვენიერით მოსილ სანუკვარ სმას“ ახანგრძლივებდა.

ყარყარას აქვს ტანი, ყელი და ძირი, რომლებიც ნაწილ-ნაწილ კეთდება და მერე უერთდებიან ერთმანეთს, ყელში შიგნიდან ჩამაგარებული აქვს სამგან გახვრეტილი ფირფიტა, სადაც ღვინო ჩაისხმება და ასევე სმის დროს გადმოედინება. ყარყარა ძირითადად მზადდებოდა ჭედური წესით ვერცხლის ცალკეული ფირფიტებისაგან.

ყარყარა არის ჭურჭელი დიდ ნადიმთა დამამშვენებელი და ძველი ქართული წყაროების მიხედვით იგი ექცევა ჭურჭელთა რიგში, რომლებიც იყვნენ „სამსახურებელნი ტაბლათანი ტურფანი და სანადიმონი“. ყარყარას ტანი, ხშირ შემთხვევაში დამშვენებულია სხვადასხვა ჟანრის ჭედური წესით შესრულებული რელიეფებით, რომლებიც აღებულია როგორც საქართველოს ისტორიიდან (თამარ მეფე, რუსთაველი) ასევე საყოფაცხოვრებო სფეროდან. ყარაყარას საუკეთესო ხელოსნებად ითვლებოდნენ თბილისელი ოქრომჭედლები.



ლიტერატურა

ი. ბალახაშვილი, ძველი თბილისი, 1951.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები