ყაუხჩიშვილი სიმონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიმონ ყაუხჩიშვილი

ყაუხჩიშვილი სიმონ გიორგის ძე - (დ. - 1895, ქუთაისი - გ. - 1981, თბილისი) - ბიზანტინოლოგი, ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969), საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის ფუძემდებელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, შემდგომ პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილებაზე აღმოსავლური ენების ფაკულტეტის ქართულ-სომხურ განყოფილებაზე, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნიკო მარი და ივანე ჯავახიშვილი.

პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრების (1917) შემდეგ ანტიკური ქვეყნებისა და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ქალთა სემინარიაში, 1918 წლიდან თბილისის უნივერსიტეტში დაიწყო მოღვაწეობა, სადაც იგი საპროფესოროდ მოსამზადებლად იქნა დატოვებული ბერძნულ-ბიზანტიური ფილოლოგიის განხრით. ხუთი თვის მანძილზე (1920 წლის სექტემბერი - 1921 წლის იანვარი) უნივერსიტეტის მივლინებით ყაუხჩიშვილი მუშაობდა ათენში, სადაც ეუფლებოდა ახალ ბერძნულ ენას, შემდგომ გაემგზავრა ბერლინში. 1920 წელს გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი - ხრონოგრაფი გიორგი მონოზნისაი (გიორგი ამარტოელის „ხრონოგრაფის“ ქართული თარგმანი). 1923-1926 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 1927 წლიდან ხელმძღვანელობდა ბიზანტინოლოგიის კათედრას, 1940-1954 წლებში - კლასიკური ფილოლოგიის კათედრას, მუშაობდა მოსკოვშიც (1939-1940), საბჭოთა აკადემიის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის ანტიკური ლიტერატურის განყოფილებაში. 1960 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ყაუხჩიშვილი ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ახლად დაარსებული ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილებას.

სიმონ ყაუხჩიშვილი მრავალმხრივი მეცნიერი იყო. 1937-1940 წლებში გამოსცა იოანე პეტრიწის შრომების 2 ტომი, შემდგომში კი პეტრიწონის მონასტრის „ტიპიკონის“ ბერძნული ვერსია ქართული თარგმნით (1963), მიქაელ ფსელოსის ტრაქტატები (1966), „ბერძნული ლიტერატურის ისტორიის“ სამი ტომი (I -1946-50; II-1949; III-1963), „ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია“, რომელიც ფაქტობრივად საბჭოთა პერიოდში იყო ერთადერთი სრული მიმოხილვა ბიზანტიური მწერლობის მხატვრულ ფორმათა განვითარებისა. მან პირველმა განსაზღვრა ბიზანტიზმი, როგორც 4 საწყისის: ელინურობის, რომაულობის, აღმოსავლურისა და ქრისტიანობის სინთეზი, ხაზი გაუსვა ბიზანტიური კულტურის ჩამოყალიბებაში ქართველების, სომხებისა და სლავების როლს. ასევე დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოს ისტორიული მეცნიერების განვითარებაში. მისი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა „ქართლის ცხოვრების“ აკადემიური გამოცემა, რომლის თითოეულ ტომს ახლავს ვრცელი გამოკვლევა, თუმცა ზოგიერთი საკითხი დღეს სადავოა. დიდი როლი შეასრულა „არეოპაგიტიკის“ და „ბალავარიანის“ გლობალური პრობლემების კვლევაში. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და საპატიო ნიშნის ორდენებით.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

გ. მჭედლიძე, ქართლის ცხოვრების მოჭირნახულე, თბ., 1975; ა. ურუშაძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, 1965, 1967.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები