ყეენობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყეენობა - ქართული ხალხური დღესასწაული რომელიც არსებითად არ განსხვავდება ბერიკაობისგან.


ყეენობა იწყებოდა დიდმარხვის ორშაბათს, ამ ორშაბათს სხვადასხვა სახელი ერქვა: „შავი ორშაბათი“, „კუმეტი“, „დიდი ორშაბათი“, „დიდმარხვის ორშაბათი“ და „წმინდა ორშაბათი“. ყეენობა ზოგჯერ ყველიერის უკანასკნელ დღესაც იმართებოდა.

სარჩევი

ყეენობის სამზადისი

დიდმარხვის ორშაბათ დილას აიშლებოდა მთელი სოფელი, ხალხს სახლში გული აღარ უდგებოდა და დღესასწაულისათვის საგანგებო სამზადისს იწყებდა - ირჩევდნენ ყეენსა და მის ამალს, ამზადებდნენ მათთვის განკუთვნილ სამოსს, იყენებდნენ გასული წლის ნიღბებსა და ტანსაცმელს. ამ დღისთვის წინასწარვე თლიდნენ ყავრისა და ლამფისგან ხმლებს და წარნაქით ღებავდნენ. აკეთებდნენ მაღალ, მტრედისფერ დროშას, რომლის სიმაღლითაც მიმდინარე წლის მოსავალის რაოდენობას განსაზღვრავდნენ. ამზადებდნენ ჭრელ ნაჭრებს, ქაღალდებსა და ზარებს მეფის ცხენისა და ყეენის ვირის მოსართავად.

დღესასწაულისათვის საჭირო ღვინოსა და ჭირნახულს ერთი ოჯახი იძლეოდა, რომელსაც შემდეგ მკაში ან ხვნა-თესვაში ეხმარებოდნენ. ხევში მთებს აქირავებდნენ და აღებულ ფულს დღესასწაულს ახარჯავდნენ. საკლავსაც ამ საერთო ფულით ყიდულობდნენ.

ყველა ოჯახი დამოუკიდებლად ემზადებოდა და, მიუხედავად მარხვისა, ქადითა და ნაზუქებით ივსებოდა სუფრა.

როგორც ვთქვით, ორშაბათ დღესვე ხდებოდა ყეენისა და მისი ამალის შერჩევა. ზოგიერთ სოფელში ყოველ წელს ახალ ყეენს ასახელებდნენ, ზოგან კი მას ფეხს დაუცდიდნენ... „ კარგი ფეხის მქონე და ბედნიერი წელიწადის მომტანს“ ისევ აირჩევდნენ, ხოლო თუ მას „მძიმე ფეხი“ ჰქონდა, გამოცვლიდნენ და ახალს „დასვამდნენ“.

ყეენობის მონაწილენი

ყეენად ირჩევდნენ მეტყველ, ახალგაზრდა, ღონიერ კაცს, უფრო ხშირად -ახალდაქორწინებულს -„ნეფის ძველას“. თუ სოფელში რამდენიმე „ნეფის ძველა“ იყო, მათ შორის წარმოსადეგსა და ბრგეს დააყენებდნენ, რათა იმ წელს მაღალი და ღონიერი მოსავალი მოსულიყო. ყეენი, ამავე დროს, სიმკვირცხლითა და ხუმრობის უნარითაც უნდა ყოფილიყო გამორჩეული.

ყეენის ამალა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა შემადგენლობისა იყო. აქ შედიოდნენ: დედოფალი, ქალი-ყეენი, ლეკი, არაბი, შაჰი, კუროები ანუ ბუღები, ბერიკები, ვეზირები, ნათლია, მაყრები. დღესასწაულში მონაწილეობდნენ აგრეთვე მეტყევე, ჯანდარმი, ხაზინადარი, ადიუტანტი, პოლკოვნიკი, პოლიციელები, ჩაფრები, მოსამართლე და სხვა.

მონაწილეთა შერჩევის შემდეგ მუსიკისა და ცეკვა-თამაშის თანხლებით ნაზირ-ვეზირები ან ბერიკები ყეენისა და დედოფლის მოკაზვმას იწყებდნენ, სხვებიც ირთვებოდნენ.

ყეენობის მონაწილეთა კოსტიუმები

ყეენის კოსტიუმი მეტად მრავალფეროვანი იყო: თავზე, ჩვეულებრივ, ეხურა ჭრელი, წოპიანი ქუდი ან ფრინველის ბუბულით მორთული ფაფახი, მაღალი ან საბუდრის მსგავსი ჩალის თავსაბურავი - ყანისა და თავის მოსავალი დიდი იქნებაო, თავსაბურავზე ხშირად მრგვალი პურის - „ყეენის ხმიადი“ - დადებაც იცოდნენ. კახეთში ყეენის ქუდის მაგივრობას კრუხის საბუდარი ეწოდა, რომელშიც ხშირად ცოცხალი კრუხი იჯდა. საბუდარი ფერადი ბუმბულებით იყო მორთული. იშვიათად, ყეენის თხის ტყავისაგან შეკერილ ან გოგრისაგან გაკეთებულ ქუდს ხმარობდა, ქალაქებში, გორსა და თბილისში, გამართულ ყეენობაში კი - სპარსულ ჩალმას.

ყეენის სახეზე ქაღალდის ან მუყაოსაგან დამზადებულ ნიღაბს იფარებდა, რომელიც პირისფრად ან წითლად იყო შეღებილი. ზოგჯერ შავი ნაბდის ან შავად შეღებილი ნიღაბიც გამოიყენებოდა. ნიღბებს თვალების, ცხვირისა და პირისათვის ჭრილები, რქები და ღორის ჯაგრის ან თხის ბეწვის წვერ-ულვაში ჰქონდა.

ყეენი ხანდახან ნიღბის მაგივრად სახეს შავად იღებავდა და ბეწვის წვერ - ულვაშს იკეთებდა.მას, ბერიკას მსგავსად, ცხვრის გადმობრუნებული ტყავკაბა ეცვა ან ტყავწამოხურული დადიოდა, უკან კი საქონლის ან წნელისაგან გაკეთებულ კუდს იმაგრებდა. ტყაპუჭზე ქამარი ჰქონდა შემოკრული, რომელზედაც ფალოსად კამეჩის ან ხარის კანჭის ძვალს, წითელნაჭერშემოხვეულ ან შეღებილ სიმინდის ნაქურჩალსა თუ ხის მოკლე ჯოხს იკიდებდა. ზოგ ყეენს ჩოხა-ახალუხი ეცვა, ზოგს - ყარაჩოხელის ტანსაცმელი. ქალაქსა თუ სოფელში ხშირი ყოფილა მეფის მსგავსად შემოსილი ყეენიც. ზოგჯერ იგი ჯვალოსა და ჭილოფებში იყო გახვეული.

ყეენს ყელზე ყველიერში გამომცხვარი ნაზუქის კვერი და საგანგებოდ დამზადებული მამლის თავი ეკიდა, რომელსაც ნისკარტში თავისივე ბრჭყაქლი ჰქონდა გაყრილი. მას ხშირად ყურძნის ჯაგრებით, „კაკლის ხრიალებით“, ხახვის გალით ან ფერადი მძივებით ამკობდნენ.

ყეენობაში მონაწილე დედოფალი ჩიხტიკოპით ან აბრეშუმის წითელი ქალაღაიით იყო მორთული; ქართული კაბა ან სოფლურ ყაიდაზე შეკერილი ჩითის კაბა ეცვა, ქამარზე კი, როგორც ეს კახეთის სოფლებში დადასტურდა, კამეჩის რქა ეკიდა, რომელიც vulva-ს დანიშნულებას ასრულებდა. დედოფალი, რომელსაც აქაც ვაჟი ასახიერებდა, სახეზე ფერ-უმარილს ისვამდა და ნაჭრებისაგან მკერდს იკეთებდა.

სხვა ბერიკებსაც ცხვირის მოკლე, გადმობრუნებული ტყავკაბები ეცვათ და თავზე ნაბდისაგან შეკერილი შავი ქუდნიღბები ეხურათ. კურო-ბუღა თავზე ხარის რქებს იმაგრებდა და ხარისავე ტყავწამოსხმული დადიოდა, ქამარზე კი ხის შეღებილი ფალოსი ჰქონდა ჩამოკიდული.

ზოგჯერ დღესასწაულში არა მარტო ყეენი და დედოფალი იღებდა მონაწილეობას, არამედ მეფე და დედოფალიც. მათ მეფური ტანსაცმელი ეცვათ. მეფეს თავზე გვირგვინი ედგა და ხელში კვერთხი ეკავა.

დღესასწაული

დიდმარხვის ორშაბათს მეგანგაშენი და ბერიკები ზარითა და საყვირით სოფელს ყეენობის დაწყებას აცნობებდნენ. სოფლის თუ ქალაქის მოედნებს ხალხი აწყდებოდა. მალე ყეენიც გამოჩნდებოდა თავისი ამალით, რომელსაც დედოფალთან ერთად წინასწარ მომზადებულ ტახტზე სვამდნენ; ტახტს თვალსაჩინო ადგილას - მოედანზე, დიდი სახლის ენდო-ბანზე დგამდნენ. დაბრძანებულ ყეენს ხელში ქარქაშიდან ამოღებული ხმალი და შამფური ეკავა; შამფურზე ვაშლი ან ხახვი იყო წამოგებული, მუხლებზე კი „მბრძანებელს“ გადასახადის ჩასაწერი დავთარი ედო. ყეენის გარშემო მხლებლები, ჯარისკაცები და მეალმეები იდგნენ მათ ბუმბულებით შემკული მაღალი ჯოხები, მაშხალები და ჩირაღდნები ეჭირათ.

როდესაც ყეენის წინ ქალი ჩაივლიდა, მას მხლებლები დაიჭერდნენ და ყეენს მიჰგვრიდნენ. ყეენი ქალს ეხვეოდა და მის დაუფლებას ცდილობდა: „ყეენი ბუღა იყო და ბუღრაობდა“.

მოედანზე სხვადასხვა სანახაობაც იმართებოდა: ყეენი ძუნძულის მსგავსი ცეკვით წრეს ჩამოუვლიდა, თან ფალოსს ამოძრავებდა და ქალებს ეხვეოდა. ამალის ყველაზე ახალგაზრდა წევრებიც, კუროებიც, ქალებს დასდევდნენ, ეარშიყებოდნენ და კოცნიდნენ. მეფანდურენი სატრფიალო შაირებს ამბობდნენ.

ამის შემდეგ ყეენისა და დედოფლის „დაქორწინება“ ხდებოდა. ხალხით გარშემოხვეული ყეენი ქალს გვარიშვილობისა და სიმდიდრის მიხედვით ირჩევდა მის სხვა ღირსებებსა და სილამაზესაც ითვალისწინებდა. იგი მაჭანკალს მაჭანკალზე უგზავნიდა საპატარძლოს. ქალი უარს ამბობდა გათხოვებაზე. ამით განრისხებული ყეენი მას მუქარას უთვლიდა და თავისი ამალითურთ ქალის მოსატაცებლად მიდიოდა. იმართებოდა ხელჩართული ბრძოლა, რომელიც ყეენის გამარჯვებით მთავრდებოდა.

მოტაცებულ დედოფალს ყეენი ეალერსებოდა, ხელს ხვევდა, კოცნიდა და სქესობრივ ურთიერთობის ინსცენირება ეწყებოდა. დედოფალი მორცხობდა, ინაზებოდა ... ყოველივე ეს მუსიკის გამაყრუებულ ხმებსა და საერთო მხიარულებაში სრულდებოდა. ყვირილი, ძახილი, ზურნა ქუჩას ამხიარულებდა.

შემდეგ ყეენი თავისი ამალით სოფელს ჩამოუვლიდა. პროცესიას მესტვირე მიუძღოდა, მას ყეენი და დედოფალი მისდევდნენ მხლებლებითურთ. ყეენი ვირზე იყო უკუღმა გადამჯდარი და ჩხვლეტდა მას. ხშირად ყეენთან ერთად ვირზე დედოფალიც იჯდა. ისინი მთელ გზას ერთმანეთს ხვევნა-კოცნასა და ალერსში ატარებდნენ. ამ დროს დღესასწაულის მონაწილენი დედოფალსწ ეხვეოდნენ, იცინოდნენ, ხტუნაობდნე; გზადაგზა ძველებური ხალხური „მრავალჟამიერი“, „გვიბრძანე, ყურშა“, „მაყრული“, „საგზაო“ , „შავლეგო“ და „მყრალად სათქმელი“ სიმღერებიც გაისმოდა.

ყეენსა და დედოფალს ხელურმით, ურმითა და ციგითაც ატარებდნენ, რომლებშიც მამაკაცები შეებმებოდნენ ხოლმე.

დღესასწაულის მონაწილეებს ურმები დაჰქონდათ, რომელიც კალათებითა და ხურჯინებით იყო დატვირთული. სურსათისათვის ურმის მაგივრად ცხენი ან ვირიც დაჰყავდათ. ზოგჯერ ხურჯინებსა და ტიკებს მებარგულები ზურგითაც დაატარებდნენ. ეზოში ჯერ კუროები ან ბერიკები შედიოდნენ და ოჯახს აფრთხილებდნენ - ყეენი მოდისო. შემდეგ ყეენიც მოვიდოდა, ვირიდან გადმოხტებოდა, მასპინძელს დღესასწაულს მიულოცავდა და იქ მყოფთ კარგი მოსავლის აღებას უსურვებდა; შემდეგ მისთვის განკუთვნილ საბრძანებელზე დაჯდებოდა, ფალოსით მიწას შეეხებოდა და ქაღალდსა და ფანქარს მოითხოვდა.

ყეენი ხშირად მთელ სოფელს ერთად „ბეგრავდა“. იგი სოფლის მოედანზე ან რომელიმე უბანში ჯდებოდა, ქაღალდისაგან გაკეთებული ჭოგრიტით სოფელს გახედავდა და გადასახადის შეწერას იწყებდა. ბეგარა შედგებოდა ჩარექა ღვინის, არყისა და საგზლისაგან, რომელსაც „მუხლის კვერაც“ ერქვა. მასში შედიოდა ერბო, ყველი, ხაბიზგინები, ქადა, ხაჭაპური. ამავე დროს ყეენი ხალხს ტყით, სათიბებითა და საძოვრებით „ასაჩუქრებდა“: „ვისაც ძროხა ჰყავდა, ცივის მთას დაულოცავდა, ვისაც ცხვარი – ლეკვის მთას და ა. შ .“. ახლად დაქორწინებულები ყველაზე მეტად იბეგრებოდნენ.

გადასახადის გარდა, თითოეული ოჯახი ვალდებული იყო, „საციქველი“ მიეცა ყეენისათვის: ხონჩით ხილს, ჩურჩხელებსა და ყურძენს მიართმევდნენ ხოლმე.

ზოგჯერ ოჯახში მისული ყეენი სიმინდის ტაროდან მარცვალს ჩამოფშვნიდა და ძღვნის გამომტანს მისცემდა. ეს მარცვალი ბარაქიან მარცვლად ითვლებოდა და წიწილების გამოსაჩეკად საბუდარაში მდომ კრუხს უნდა ეჭამა. „დოვლათის დასაბრუნებლად“ ყეენისათვის ძღვენი უნდა მიერთმიათ – ნახევარი ჩარექა ღვინო, პური, ყველი და სხვ. თუ ვინმე ძღვენს არ უბოძებდა, ყეენი მას სახუმარო ლექსით მიმართავდა, გაგორდებოდა და იტყოდა: მოსავალი არ მოგივიდეთ, სულ ავად იყავითო. ხალხი ეხვეწებოდა ყეენს: ნუ გაგორდები, ქათამი აღარ მოგვიკრუხდება, ავად გავხდებითო.

დღესასწაულის მონაწილენი მიცემული საჩუქრებით მაინც არ კმაყოფილდებოდნენ და ოჯახიდან საჭმელს იტაცებდნენ. მთავარი „დამრბევი“ არაბი იყო. ხანდახან არაბი სახლის ბანიდან შუბს ჩაუშვებდა ერდოში, ქალები კი მასზე ხაბიზგინას წამოაგებდნენ. ის ხაბიზგინას მიწაზე უსვამდა და ჭამდა. არაბი არც ქალების კოცნასა და მათთან არშიყობას იკლებდა.

თუ კარზე მომდგარ „ბარაქის მომტან“ ყეენს გადასახადის მიცემაზე იშვიათად ვინმე წინააღმდეგობას გაუწევდა, ყეენი მას ტყვედ წაიყვანდა და აჯარიმებდა, რაც გადასახადის ორმაგ გადახდით გამოიხატებოდა. ურჩს თვალებზე მურს უსვამდნენ – ვითომ თვალები დავთხარეთო, ზოგს კი ზურგს შავად უღებავდნენ და ა . შ .

ყეენი ყოველთვის როდი დადიოდა კარდაკარ. გადასახადს მისი მხლებლები აგროვებდნენ. აღსანიშნავია, რომ მდიდარსა და ღარიბს გადასახადს სხვადასვანაირად ახდევინებდნენ. ყეენი მისი ამალა მარტო ერთი სოფლის შემოვლით არ კმაყოფილდებოდნენ. ისინი მახლობელ სოფლებშიც დადიოდნენ და გზაზე „ხარჯს“ კრეფდნენ: ზოგჯერ მხოლოდ ფულს იღებდნენ, ზოგჯერ კი გოზინაყს, ტკბილ კვერს, წაბლს, ჩურჩხელებს, არაყსა და ღვინოს ითხოვდნენ.

ყეენობის მოსაწყობად გაწეული ხარჯი არეფილი ხარკით იფარებოდა. ხარკს ხშირად ქეიფის მოწყობას ახმარდნენ მთლიანად, ზოგჯერ კი ამ თანხას სხვა საქმეებისთვისაც იყენებდნე – ხელმოკლე ოჯახს ან ავადმყოფს ეხმარებოდნენ, ან ვინმე ღარიბ გასათხოვარ ქალს მზითევს უმზადებდნენ.

დღესასწაულზე მასობრივი ხასიათის ჭიდაობა იმართებოდა. თავმოყრილი ხალხი ორ ნაწილად იყოფოდა; თითოეულს თავისი მეთაური, საგანგებოდ შერჩეული მორივეები და მოჭიდავეები ჰყავდა. ჭიდაობისა თუ ხელჩართული ბრძოლის ფალავანი ხშირად ყეენი იყო, ზოგჯერ – ყეენი და მეფე. ჭიდაობაში კუროებიც იღებდნენ მონაწილეობას.

მებრძოლ ყეენებს ან ყეენსა და მეფეს წინ ფლავით სავსე სინებით ედგათ, გვერდზე მეალმეებს ალმები ეკავათ, ხოლო მეჩირაღდნეებს – მაშხალები და ჩირაღდნები, მათ გარშემო კი სხვადასხვა სახის იარაღით შეჭურვილი ალმის დამცველები იდგნენ.

დაფა–ზურნის ხმაზე ორთაბრძოლა იწყებოდა. მესტვირე საჭიდაოს უკრავდა. ჭიდაობის დაწყებამდე, მიუხედავათ სიცივისა, მოჭიდავენი წელს ზემოთ ტიტვლდებოდნენ, ერთმანეთს ესალმებოდნენ, კოცნიდნენ და ცეკვავდნენ.

თუ მეფე და ყეენი ჭიდაობდნენ, წინასწარი შეთანხმებით, ყოველთვის ყეენი მარცხდებოდა. მაგრამ ყეენების, კუროებისა და ფალავნების ბრძოლა ნამდვილ ძალასა და მოხერხებაზე იყო დამოკიდებული. გამარჯვებულ მოჭიდავეს ხშირად ასაჩუქრებდნენ, დამარცხებულს კი სიცილს აყრიდნენ.

ორთაბრძოლა ყეენსა და დედოფალს შორისაც იმართებოდა. დედოფლის მიერ ყეენის წაქცევა ცუდი წლის დადგომას მოასწავებდა, ხოლო თუ პირუკი მოხდებოდა, მაშინ ხალხი უხმოსავლიან წელიწადს მოელოდა და გახარებულს, „ვაშას“ შეძახილებით ყეენი ხელში აჰყავდათ.

ჭიდაობა ხშირად ხელჩართულ ბრძოლად გადაქცეულა, რომელშიც ხის ხმლები, შურდულები და კეტები იყო გამოყენებული. ლითონის იარაღის ხმარება სამარცხვინოდ ითვლებოდა.

ჭიდაობა ზოგჯერ მდინარის პირას და მდინარეშიც იმართებოდა. დამარცხებულ ყეენს თავისი კუროებით საგანგებოდ დაგუბებულ ტბაში ჩააგდებდნენ ან ლაფში ამოავლებდნენ.

ჭიდაობის შემდეგ ხალხს ყეენი და დედოფალი ურმით, სახედრით, ცხენით ან ხელში აყვანილები მდინარეზე მიჰყავდა, მაყრიონიც მათ მიჰყვებოდა. თუ ბინდი მოუსწრებდათ,დღესასწაულს შუშხუნებისა და ჩირაღდნების შუქზე აგრძელებდნენ. დედოფალსა და ყეენს წყალში ან პირდაპირ ურმით შეიყვანდნენ, ან ცხენიდან თუ ვირიდან ხელის კვრით ყრიდნენ. წყალში ჩასული ყეენი ზოგჯერ თასით ღვინოს შესვამდა, შემდეგ ფალოსს მარილს მოაყრიდა, ღვინოს დაასხამდა, დალოცავდა, მოიხსნიდა, წყალში ჩააგდებდა და იტყოდა: წადი, გამრავლდი ქვეყანაზე, კარგი მოსავალი მოიყვანეო. ამის შემდეგ ყეენი და დედოფალი ქუდებს მოიხდიდნენ, წყლით აავსებდნენ და ხალხს წუწავდნენ, თან დაილოცებოდნენ: გაგიმრავლდეთ ძროხა, ცხვარი, კრუხი, წიწილა და ასე მრავალი მოგვსლოდეთ პურიო.

კახეთში არც ყეენის გაშიშვლებას ერიდებოდნენ. მას წყლის დიდ „ნავში“ ან წყლის გეჯაში აგდებდნენ: გვალვა არ იყოს, ნედლი წელიწადი, კაი მოსავალი მოვიდეს, სეტყვა მოგვშორდესო. წყლიდან ამოყვანილ ყეენს მახლობელ წისქვილში მიიყვანდნენ, მშრალ ტანსაცმელს ჩააცმევდნენ და გასახურებლად არაყს ასმევდნენ. დიდი სიცივეების დროს ყეენს წყალში არ ჩააგდებდნენ – ავად არ გახდეს და ცუდი მოსავალი არ მოგვიყვანოსო. მას წყალს დააპკურებდნენ და იტყოდნენ: ნამი, ნამი, ნამი და მოსავალიო.

ქართლის ზოგიერთ სოფელში სამი ყეენი ჰყავდათ: ერთი – კაცებისა და ორი – ქალებისა. ქალის ყეენები წყალში შედიოდნენ, ღვინოს სვამდნენ და ერთმანეთს დაეჭიდებოდნენ ხოლმე. ამავე დროს ხშირად ყეენობაში მონაწილე სხვა ქალებიც შედიოდნენ წყალში და ერთმანეთს წუწავდნენ. სოფლელების ღრმა რწმენით, ქალების მიერ გამართული ყეენობის დროს უფრო კარგი მოსავალი მოდიოდა. პური და ღვინოც ბევრი იყო, ავადმყობობაც აღარ იყო მოსალოდნელი.

ნამიანი წლის დასაბედებლად გუთნით „წყლის მოხვნაც“ იცოდნენ. გუთნის ღირღიტაზე მსხდომი ყეენი და დედოფალი გუთანში შებმულ მამაკაცებს, მეხრეებს, ხევში ჩაჰყავდათ და წყალში გაატარებდნენ – „წყალს მოხნავდნენ“. ყეენი და დედოფალი აქაც კი ერთმანეთის ხვევნა – კოცნაში იყვნენ.

წყლიდან ამოსულები ზოგჯერ იქვე ფილაქნის კერებს მართავდნენ და ზედ ხორცის მოსახარშ ქვაბებს დაგამდნენ, სახელდახელო სუფრას შლიდნენ და დაგროვილ „საციქველს“ პირს უსინჯავდნენ. დიდი ლხინი კი ყეენობის ბოლოს, საღამოს ან მეორე დღეს, იმართებოდა. ზოგჯერ გამარჯვებული მხარე დამარცხებულ აკრეფილ ხარკს წაართმევდა და ცალკე ქეიფობდა.

მართალია, ყეენობის დროს უამრავი სურსათ–სანოვაგე გროვდებოდა, მაგრამ მაინც დღესასწაულისთვის შეკრებილი ფულის ნაწილიც იხარჯებოდა. ყეენობის ყველა მონაწილეს აგრეთვე თავისი ოჯახის „ნამზადიც“ მოჰქონდა. სადილისა თუ ვახშამის მზადება ქალებს ჰქონდათ დავალებული, მაგრამ ლხინში მონაწილეობა ეკრძალებოდათ.

თავშეყრილობის თამამად ყეენს ირჩევდნენ; გონიერი და კარგად მოლაპარაკე კაცის არჩევაც იცოდნენ. პირველად ყეენს დალოცავდნენ, კარგ ფეხსა და ბედნიერი წლის მოყვანას უსურვებდნენ. ლხინის ერთადერთი მიზანი ხომ ყეენის გამხიარულება იყო – „თუ ყეენი კარგ დროს ატარებს, მოსავალიც კარგი მოვა“. სუფრაზე ნათქვამი სადღგრძელოებიც მოსავლის სიუხვეს ეძღვნებოდა, დაილოცებოდნენ: ღმერთმა ადღეგრძელოს ხარის ქედი, გუთნის ყელი, ცის ნამი და დედამიწის მოსავალი, ყეენმა გაზაფხული კარგი მოგვიყვანოს, ნამი არ მოგვაკლოსო.

ყეენობის ლხინი ერთ კვირას გრძელდებოდა. ლხინის დროს წრიული და ორსართულიანი ფერხულები და სხვა თამაშობები იმართებოდა.

ასე მთავრდებოდა ეს მხიარული დღესასწაული, სოფელი სიმშვიდეს ეძლეოდა და საქმიანი ცხოვრების ფერხულში დგებოდა.

იხილე აგრეთვე

თბილისური ყეენობა

წყარო

  • რუხაძე, ჯულიეტა ქართული ხალხური დღესასწაული
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები