ყინწვისის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყინწვისის მონასტერი

ყინწვისის მონასტერი − (ინგლ. Kintsvisi Monastery), ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო ანსამბლი. მდებარეობს შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში, სოფელ ყინწვისის აღმოსავლეთით 3 კმ-ში. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „აღწერა სამეფოსა საქართველოჲსა“, XVIII საუკუნეში სოფლის სახელი ყოფილა „ყინცვისი“, ხოლო მელქისედეკ კათოლიკოსის 1020 წლის სიგელში მას „ყინცუისად“ მოიხსენიებენ. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, მცირე ეკლესია, გალავანი, კოშკი-სამრეკლო.

სარჩევი

აღწერილობა

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი

მონასტერი დაარსებულია XII–XIII საუკუნეების მიჯნაზე სამეფო კარის ბრძანებით. მთავარ ნაგებობას წარმოადგენს მთლიანად აგურით ნაგები წმ. ნიკოლოზის სახელობის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი. ის ტიმოთესუბანთან ერთად ე.წ. „აგურის ხუროთმოძღვრების“ ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშებს განეკუთვნება და იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს იმ დროის ქართლში გავრცელებულ ქვის ტაძართმშენებლობაში. მისი ზომებია: სიგრძე – 19,7 მ, სიგანე – 14,0 მ (მინაშენების გარეშე), სიმაღლე შიგნიდან – 24,3 მ.

გაგმა
ეკლესიის გეგმა, ზოგიერთი თავისებურებით, კუპელჰალეს ტიპს ენათესავება, თუმცა ეს გარეგნობაში რაიმე განსაკუთრებულ ასახვას არ პოულობს. შიგა სივრცეს ქმნის ჯვრის ოთხი მკლავი, რომელთაგან აღმოსავლეთი მკლავი აფსიდებიანია, დანარჩენი – მართკუთხა. დასავლეთი მკლავი სხვებთან შედარებით გრძელია, ჩრდილოთის და სამხრეთის – მოკლე. საერთო იერით უახლოვდება ტიმოთესუბანს. სამშენებლო მასალად აგურის გამოყენების გამო, სხვა ქართული ტაძრებისგან განსხვავებით, ყინწვისს არ აქვს დამახასიათებელი ჩუქურთმები და მორთულობები. საკურთხევლის აფსიდა ერთსაფეხურიანი ბემითაა ამაღლებული. საკურთხევლის გვერდებზე ტრადიციულად სამკვეთლო და სადიაკვნეა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით, რომლებზეც ამოყვანილია 12-სარკმლიანი გუმბათის ყელი.
გუმბათის ყელი

მაღალი გუმბათის ყელის ზემოთკენ მცირეოდენი დავიწროება და გუმბათქვეშა თაღების შეისრული მოხაზულობა აზიდულობის შთაბეჭდილებას ქმნის ტაძრის ინტერიერში. გუმბათი დასავლეთის ორ, თავისუფლად მდგარ კვადრატულ სვეტსა და საკურთხევლის ბემის შვერილებს ეყრდნობა. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს – ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის მხრიდან. ძეგლის თანადროულია დასავლეთი ფასადის მთელ სიგანეზე, ძირითადი კორპუსის გარეთ, დანამატის სახით მიშენებული ნართექსი, სამთაღიანი სტოა და პატრონიკე. მისი შიდა კედლები ზაზა ფანასკერტელის დაკვეთით ჩაუშენებიათ XV საუკუნის II ნახევარში. ნართექსი მთლიანად იყო მოხატული გვიანი შუასაუკუნეების სხვადასხვა პერიოდში. აქ არის ცნობილი მოღვაწის ზაზა ფანასკერტელის ფრესკა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ეგვტერები, სავარაუდოდ, XIV საუკუნეს განეკუთვნებიან. გარედან, აგურის ფასადები მარტივია, მოკლებულია დეკორს. აღმოსავლეთი ფასადი გაფორმებულია ორი ტრადიციული ნიშითა და ვიწრო მაღალი სარკმლებით. სამკაულით მხოლოდ გუმბათის ყელია შემკული - ლეკალური აგურის ლილვებით გამოყვანილი თაღების რიგი ქვემოთ ლილვისმაგვარ საყრდენებზე აღმოცენებულ შვეულ კედლის სვეტებს ეყრდნობა. ფასადებზე გარკვეულ მხატვრულ ეფექტს ქმნის მოვარდისფრო აგურის კედლებისა და დუღაბის ფენათა მონაცვლეობა. თავის დროზე ეკლესია გადახურული იყო მოჭიქული კრამიტით.

ყინწვისის ანგელოზი

ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ტაძარი შიგნით თავიდანვე შეულესავთ და მთლიანად მოუხატავთ, ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ რაც დარჩა, მხატვრული ღირსებით შუა საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთ საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან საქართველოს მეფე გიორგი III (1156-1184 წწ.), თამარ მეფე (1184-1210 წწ.) და გიორგი-ლაშა (1210/1213-1223 წწ.). საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკაა მჯდომარე ოდიგიტრიას სახით. ჩრდილოეთ კედელზე მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციიდან აღსანიშნავია ანგელოზის გამოსახულება. მომხიბლავია მხატვრობის კოლორიტი, ფერთა ჰარმონიულობა. ფონისათვის გამოყენებულია მოცისფრო-მოლურჯო ტონი, შარავანდებისათვის – ოქრო. ფიგურები პლასტიკურია, სამოსის ნაოჭები მსუბუქი, სახეები – მეტყველი. ეკლესიის მოხატულობა შესრულებულია XIII საუკუნის დასაწყისში თამარ მეფის პირველი ვაზირის, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის ანტონ გლონისთავისძის დაკვეთით, რომლის გამოსახულება ეკლესიის მოდელით ხელში შემორჩენილია სამხრეთი კედლის დაბალ რეგისტრში. ტაძარში გვხვდება ქართული ასომთავრული და ბერძნული ფერწერული წარწერები. საკურთხევლის კანკელის ორნამენტის ფრაგმენტები XVII საუკუნეს მიეკუთვნება. ტაძრის კედლის მხატვრობა რესტავრირებულია 1950, 2000-2002 წლებში.

ღვთისმშობლის ეკლესია
ღვთისმშობლის ეკლესია

ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია (11,2x7,8 მ) დგას წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით, მდ. ძამის ნაპირთან, ფერდობზე. თარიღდება XII-XIII საუკუნეების მიჯნით. მოხატულობიდან უმნიშვნელო ფრაგმენტებია შემორჩენილი. ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით.

მცირე ეკლესია

მთავარი ტაძრის დასავლეთ კედელთან დგას გვიანდელი ფეოდალური ხანის მცირე დარბაზული ეკლესია (5,1x4,5 მ), ნაგები სხვადასხვა ზომის თლილი ქვის კვადრებით (აგური გამოყენებულია მხოლოდ ინტერიერში). ნაგებობა დგას ორსაფეხურიან დაბალ ცოკოლზე. უსწორმასწორო მოყვანილობის აფსიდი უშუალოდ ებმის დარბაზს. ერთადერთი სამკაულია აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის თავზე გამოსახული ცალმკლავა რელიეფური ჯვარი. თარიღდება გვიანი შუასაუკუნეებით.

ყინწვისის მონასტერი თითქმის ყველა ქართველისათვის ცნობადი ძეგლია, რასაც განაპირობებს ტაძარში შემორჩენილი მოხატულობა, კერძოდ კი ფრესკა, რომელზეც ყინწვისის ანგელოზია გამოსახული.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები