ყუშიტაშვილი ვასილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასილ (ვასო) ყუშიტაშვილი
ვასილ (ვასო) ყუშიტაშვილი კარიკატურა

ყუშიტაშვილი ვასილ (ვასო) პავლეს ძე (დ. - 25.IV.1894, თბილისი - გ. - 16.I.1962, სოხუმი) - ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი. (1958).

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა თბილისის პირველ გიმნაზიაში. 1913 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. პარალელურად სწავლობდა ვ. კომისარჟევსკაიას სახელობის დრამატულ სტუდიაში (1914-1916). მოგვიანებით ახალგაზრდა ხელოვანი პეტროგრადში ხელმძღვანელობდა წითელი არმიის თვითმოქმედ თეატრს, დგამდა სპექტაკლებს. 1918 წელს თბილისშია. აქ შედგა მისი დებიუტი ქართულ პროფესიულ სცენაზე სპექტაკლით სოფოკლეს „ანტიგონე“. 1918 წლის 10 იანვარს სახელმწიფო თეატრში. თბილისში გიორგი ჯაბადარის სტუდიაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, 1919 კი - ანტუანის სტუდიაში, პარიზში. 1919-1933 წლებში მოღვაწეობდა საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1921 შ. დიულენთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა სახელგანთქმულ ფრანგულ თეატრს „ატელიე“ (პარიზი). ამ თეატრში მან დადგა:

  • გოლდონის „მარაო“ (1924),
  • აშის „შურისძიების ღმერთი“ (1924),
  • მოლიერის „ჟორჟ დანდენი“ (1925),
  • არისტოფანეს „ფრინველები“(1925) და სხვ.

პარიზის პრესამ მაღალი შეფასება მისცა მის მიერ დადგმულ სპექტაკლებს. „ატელიეში“ მუშაობის პარალელურად სპექტაკლებს დგამს პარიზის ცნობილ თეატრებში - „ოდეონი“, „პორტ სენ მარტენი“, „ელისეს მინდვრების თეატრი“. ნიუ-იორკში დგამს ჟ. ოფენბახის ოპერეტას „დიდი ჰერცოგინია“ (1929) და ჟან ლარიკის „ქალწული საფრანგეთიდან“ (1931). ნიუ-ორლეანში დგამს ა. ჩეხოვის პიესას „ალუბლის ბაღი“ (1932).

სამშობლოში 1933 დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, სადაც 25 წელი დაჰყო. აქ დიდი წარმატებით დადგა სპექტაკლები:

  • „ჩატეხილი ხიდი“ ი. ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ მიხედვით (1935),
  • ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“ (1937);
  • ჰიუგოს „რუი ბლაზი“ (1941),
  • შატბერაშვილის „ფიქრის გორა“ (1945),
  • ლერმონტოვის „მასკარადი“ (1946)
  • „კაცია ადამიანი?!“ (1946 და 1954, ი. ჭავჭავაძის მიხედვით),
  • შილერის „მარიამ სტიუარტი“ (1955) და სხვ.

პარალელურად ხელმძღვანელობდა თეატრებს ზუგდიდში, გორში, ქუთაისში, სოხუმში.

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მერაბ გეგია

ლიტერატურა

  • ა. შალუტაშვილი, ვასო ყუშიტაშვილი, თბ., 1969;
  • ს. ჭეიშვილი, ვასო ყუშიტაშვილი, თბ., 1957.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები