შავდათუაშვილი ლაშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
20 წლის ლაშა შავდათუაშვილმა
ლონდონის ოლიმპიადაზე სენსაციური
გამარჯვება მოიპოვა

ლაშა შავდათუაშვილი — დაიბადა 1992 წლის 31 იანვარს, სოფელ კარალეთში (გორის რაიონი). ძიუდოისტი (66 კგ, 73 კგ). 2012 წლის ლონდონის XXX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2016 წლის რიო დე ჟანეიროს XXXI ოლიმპიური თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ევროპის ჩემპიონი(2013), ვერცხლისა (2016) და ბრინჯაოს (2012 ) პრიზიორი. ევროპის გუნდური ჩემპიონატის ოთხგზის გამარჯვებული (2012, 13, 16, 17). მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი (2013). საქართველოს 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენი. ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი.

ლაშა შავდათუაშვილი

2012 წლის ოლიმპიური თამაშები.

66 კგ, 36 მონაწილე.
1. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
2. მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი)
3. მასაში ებინუმა (იაპონია)
3. ჩო ჯუნ­ჰო (სამხრეთ კორეა)
I წრე ­ იპონით (1,49) მოუგო ალეხანდრო ზუნიგას (ჩილე); II წრე ­ იპონით (დამატებით დროში, 1,06) დაამარცხა დავიდ ლაროსე (საფრანგეთი); III წრე ­ ასევე დამატებით დროში (1,36) წმინდად სძლია კოლინ ოუტსს (დიდი ბრიტანეთი); IV წრე ­ იპონით (2,11) გაიმარჯვა მასაში ებინუმასთან (იაპონია); ფინალში ქულებით (იუკო) მოუგო მიკლოშ უნგვარს (უნგრეთი).

2012 წლის 29 ივლისი იყო დღე, რომელიც ძიუდოს ქართველ გულშემატკივრებს არასოდეს დაავიწყდებათ. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე 20 წლის ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ერთადერთი ქართველი აღმოჩნდა, რომელმაც ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. ახალგაზრდა ძიუდოისტისგან ასეთ დიდ შედეგს, ალბათ, ცოტა ვინმე თუ ელოდა. ლაშა ხომ იუნიორებიდან ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებში სულ რამდენიმე თვის გადასული იყო და ოლიმპიადის მსგავს დიდ ტურნირზეც პირველად გამოდიოდა. მაგრამ ტალანტმა და მონდომებამ თავისი საქმე მაინც გააკეთა. ლაშა შავდათუაშვილი გახდა რიგით 34­-ე ქართველი სპორტსმენი, რომელიც სანუკვარ ოლიმპიურ ოქროს მედალს დაეუფლა.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპიადაზე სულ ხუთი შეხვედრა გამართა,მათგან ოთხი იპონით, ფინალური ბრძოლა კი იუკოთი მოიგო. ლაშას ტრიუმფალური სვლა ალეხანდრო ზუნიგას ძლევით დაიწყო. ქართველმა ჩილელ მეტოქეს წუთსა და 49 წამში მოუთავა საქმე, მერე ამბიციური ფრანგი დავიდ ლაროსე და ოლიმპიადის მასპინძელთა ჯილა კოლინ ოუტსი დამატებით დროში დააიპონა. ნახევარფინალში შავდათუაშვილი აღიარებულ ფავორიტს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, იაპონელ მასაში ებინუმას დაეჭიდა. ბევრისთვის მოულოდნელად, გახსნილი, შემტევი სტილი აირჩია, რითაც მოწინააღმდეგე გვარიანად დააბნია. აგრესიული შეტევა, ცხადია, გარკვეულ რისკთანაც იყო დაკავშირებული, მაგრამ შავდათუაშვილი თითოეულ მოძრაობას აკონტროლებდა, ებინუმა მუდმივად პრესინგში ჰყავდა და მცირე შანსიც არ მიუცია. მოგებიანი წმინდა გდებით კი ლაშამ ქართული ჭიდაობაც გააბრწყინა – ტიტულიანი მეტოქე ჩაწოლილი უკუგდებით დასცა ბეჭებზე. ცოტა ხანში მეორე ფინალისტიც გამოვლინდა – უნგრელი მიკლოშ უნგვარი, ევროპის სამგზის ჩემპიონი. გამოცდილება თუ ტალანტი? ქართველის ახალგაზრდული შემართება თუ დაღვინებული უნგრელის ოსტატობა? როცა უნგვარი პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი, შავდათუაშვილი სულ 9 წლისა იყო... ფინალური ბრძოლის სტარტზე აღებული იუკო საკმარისი აღმოჩნდა მართლაც რომ ისტორიული გამარჯვების მოსაპოვებლად. ძიუდოისტთა იმდღევანდელი შეჯიბრების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური კვარცხლბეკის ყველაზე მაღალ საფეხურზე შედგა.

ფინალის შემდგომ პრესკონფერენციაზე, მრავალი ქვეყნის ჟურნალისტთა წინაშე წარმდგარ ლაშას ისე თამამად ეჭირა თავი, როგორც ოლიმპიურ ტატამზე: „რა თქმა უნდა, ლონდონში მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩამოვედი. ჯერ კიდევ ტატამზე გასვლამდე ვიცოდი – ვისაც არ უნდა შევხვედროდი, ნებისმიერ მეტოქესთან მოსაგებად ვიბრძოლებდი. დანარჩენი უკვე ღმერთის და ბედის საქმე იყო.“

2016 წლის ოლიმპიური თამაშები

73კგ, 35 მონაწილე
1. შოჰეი ონო (იაპონია)
2. რუსტამ ორუჯევი (აზერბაიჯანი)
3. დირკ ვან ტიხელტი (ბელგია)
3. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
I წრე ­ ისვენებდა. II წრე ­ წმინდად (2,40) სძლია მაგდიელ ესტრადას (კუბა); III წრე ­ იპონით (2,30) მოუგო ჩამარა რეპიალაჯის (შრი­ლანკა); IV წრე ­ ქულებით (ვაზარი) წააგო მომავალ ჩემპიონ შოჰეი ონოსთან (იაპონია); V წრე ­ იპონით დაამარცხა (4,40) დენის იარცევი (რუსეთი); მესამე ადგილისათვის შეხვედრაში წმინდად (3,44) გაიმარჯვა საგი მუკისთან (ისრაელი).

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები