შავიშვილი ხარიტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხარიტონ შავიშვილი

შავიშვილი ხარიტონ - (დ. - 1886, სოფ. ქვედა ბახვი - გ. - 27.I.1975, ქ. ჟენევა) - შვეიცარიის კონფედერაციაში (ბერნში) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის დესპანი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დელეგატი ერთა ლიგაში - ჟენევაში.

სარჩევი

ბიოგრაფია

რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის ჯერ კიდევ ახალგაზრდობის წლებში გადაასახლეს ციმბირში. 1908 წლის გაზაფხულზე ციმბირიდან გამოიქცა და შვეიცარიაში, ჟენევაში ჩავიდა. 1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩმა, მიხეილ სუმბათაშვილმა, მიიწვია ბერნში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სამუშაოდ. თავდაპირველად ბერნში საქართველოს საელჩოს მთავარი მრჩევლის რანგში შეუდგა მუშაობას. ბერნში საქართველოს წარმომადგენლობა პირდაპირ კავშირში იყო თბილისში რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან - ნოე ჟორდანიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ - ევგენი გეგეჭკორთან, ასევე, პარიზში (ვერსალში) სამშვიდობო კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან - კარლო ჩხეიძესთან. ორი წლის განმავლობაში (1918-1920) ბერნში საქართველოს წარმომადგენლობამ დიდი მუშაობა გასწია და დაკისრებულ დავალებებს შეძლებისდაგვარად ასრულებდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დაავალა, ყოფილიყო საქართველოს წარმომადგენელი ერთა ლიგაში, რომელიც ჟენევაში იყო დაარსებული და ემზადებოდა პირველი ასამბლეის ჩასატარებლად. ამის გამო, 1920 წლის ნოემბერში ბერნიდან ჟენევაში გადავიდა, სადაც საქართველოს პრესის ბიურო დააარსა. მისი ხელმძღვანელობით ბიურო კავშირში იყო არა მარტო შვეიცარიის ტელეგრაფის სააგენტოსთან, არამედ იმ დროისათვის არსებულ დასავლეთ ევროპის წამყვან საინფორმაციო საშუალებებთან და მისი საშუალებით ავრცელებდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვისა და მისი საერთაშორისო აღიარებისათვის საჭირო მასალებს. ბერნში მისი დიპლომატიური და ჟურნალისტური მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1921 წლის თებერვალ-მარტში, საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაკარგა და ბრძოლა გააგრძელა ჟენევაში დაარსებულ ერთა ლიგაში, ამჯერად როგორც საქართველოს ეროვნული მთავრობის დელეგატმა. მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე უცხოეთში საქართველოს საკითხის პროპაგანდას შესწირა და როგორც მისი ბიოგრაფი წერს, მას „უდიდესი ღვაწლი დასდო, რადგან შვეიცარიაში ის ყველა სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეს იცნობდა. მათი დახმარებით ყველა შვეიცარიულ გაზეთში საქართველოს ბედის შესახებ ვრცელ სტატიებს წერდა და ხელს უწყობდა გამოაშკარავებას რუსეთის დაპყრობითი პოლიტიკისას“.

1920 წლის დეკემბრის ერთა ლიგის ასამბლეის გადაწყვეტილებით, საქართველოს ერთა ლიგაში გაწევრიანების საკითხი გადაიდო 1921 წლის სექტემბრის ასამბლეის სხდომამდე, თუმცა ეს ვეღარ მოხერხდა, რადგან 1921 წლის თებერვალში საბჭოთა ჯარები საქართველოში შემოიჭრნენ. ხ. შავიშვილი ჟენევაში დარჩა და 1934 წლამდე ერთა ლიგაში, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელს მოღვაწეობა არ შეუწყვეტია. იგი იყო ერთა ლიგის საერთაშორისო ასოციაციების გაერთიანების გენერალური საბჭოს წევრი და მონაწილეობდა ამ გაერთიანების ყოველწლიურ შეკრებებში ევროპის დიდ ქალაქებში. არაერთხელ გამოსულა ერთა ლიგის სხდომაზე საბჭოთა კავშირის მძაფრი კრიტიკით. 1925 წელს, ხარიტონ შავიშვილმა ჟან მარტენთან ერთად, შვეიცარიაში საქართველოს დამხმარე ინტერნაციონალური კომიტეტი დააარსა, რომლის ძირითადი მიზანი ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ საქართველოს შესახებ გავრცელებული ცილისწამების წინააღმდეგ ბრძოლა იყო. კომიტეტში შედიოდნენ შვეიცარიის ყველა პარტიის, აგრეთვე, ჟენევაში გამომავალი ყველა გაზეთის რედაქციის წარმომადგენლები. კომიტეტს „Journal de Genève”-ის რედაქტორი ჟან მარტენი თავმჯდომარეობდა. კომიტეტი ევროპას ქართულ კულტურასა და ისტორიას აცნობდა, ატარებდა სხვადასხვა ღონისძიებას. 1925 წლის 27-29 ოქტომბერს ჟენევაში საქართველოს კვირეული ჩატარდა, რომელსაც ნოე ჟორდანია, შვეიცარიის მთავრობისა და 30 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ჟენევისა და ლოზანის უნივერსიტეტების პროფესორები დაესწრნენ. შეძლებისდაგვარად ტარდებოდა კონცერტები ქართველ ხელოვანთა მონაწილეობით. 1937 წლის 4 ნოემბერს კომიტეტმა ჟენევის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის იუბილე საზეიმოდ აღნიშნა.

2013 წლის 10 ივნისს ჟენევაში, ჟორჟ–ფავონის ბულვარზე მდებარე სახლზე, სადაც ხარიტონ შავიშვილი სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა, საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობისა და ჟენევის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, მემორიალური დაფა გაკეთდა, რომელსაც ქართულ და ფრანგულ ენებზე ამშვენებს წარწერა: „აქ ცხოვრობდა ხარიტონ შავიშვილი, რევოლუციონერი, მწერალი და ერთა ლიგასთან საქართველოს დემოკრტიული რესპუბლიკის წარმომადგენელი (ფრანგულ ენაზე), იცოცხლა სამშობლოსთვის“

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • Documents relatIfs à la question de la Géorgie devant la Société des Nations, Paris, 1925;
  • გ. შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 1, თბ., 2001.;
  • გ. შარაძე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა, თბ., 2003;
  • ნ. კირთაძე, საქართველოს დამოუკიდებლობა და ქართულ-ევროპული ურთიერთობები, თბ., 1997;
  • ნ. კირთაძე, ევროპა და დამოუკიდებელი საქართველო 1919-1923 წწ., თბ., 1997.

იხილე აგრეთვე

ქართველები უცხოეთში

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები