შავლაყაძე რობერტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობერტ შავლაყაძე

რობერტ შავლაყაძე - (1 აპრილი 1933, თბილისი — 4 მარტი, 2020) მძლეოსანი, სიმაღლეზე მხტომელი. საუკეთესო შედეგი - 217 სმ. XVII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1960, რომი) - 216 სმ, XVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1964, ტოკიო, IV-V ადგილი). ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონი (1964), სოციალისტური ქვეყნების თამაშებში შვიდგზის გამარჯვებული (1957-63), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958-62), „გიგანტთა მატჩში“ (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959), სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1981-93), ბრწყინვალების საპრეზიდენტო, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სოკ-ის ორდენების კავალერი.

XVII ოლიმპიური თამაშები

თითქოს ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილი ჩანდა: 1960 წლის 1 სექტემბერს რომის ოლიმპიურ სტადიონზე მაყურებელი მივიდა მსოფლიოს ხუთგზის რეკორდსმენის, ამერიკელი ჯონ თომასის მორიგი გამარჯვების სანახავად. თომასი უდიდესი ვარსკვლავი იყო მძლეოსანთა შორის, რომელსაც თითქმის გარანტირებული ოქროს მედლის მოსაგებად მხოლოდ რამდენიმე სავალდებულო ნახტომის შესრულება სჭირდებოდა, მეტი არაფერი. ის მედიდურად დააბიჯებდა რომის ქუჩებში, შეჯიბრების წინა დღეს, ვარჯიშზე კი, მომავალ მეტოქეთა თვალწინ ერთობ თავდაჯერებული ჩანდა. სწორედ იმ ვარჯიშზე დაიბადა მეტად „მკრეხელური” აზრი ყველასთვის უცნობი ქართველი მხტომელის გონებაში, რომ თომასის დამარცხება შეიძლებოდა: „ჩვენ გვამარჯვებინებს არა მხოლოდ ძალა და გამძლეობა, არამედ უფრო იმის უნარი, რომ მოვახერხოთ მთელი ჩვენი შესაძლებლობების გამოვლენა ყველაზე საჭირო და მნიშვნ ლოვან მომენტში”.

სახტომ სექტორზე ისე გავიდა, ოდნავი მღელვარებაც არ ეტყობოდა. მას სიმშვიდის გარდა, სხვა იარაღიც ჰქონდა: უსაზღვროდ ბრძოლისუნარიანი და შეუპოვარი იყო. სხვაგვარად, აბა, როგორ გაეჯიბრებოდა თომასს და მის თანამემამულეს, მელბურნის ოლიმპიადის ჩემპიონს ჩარლზ დუმასს, აგრეთვე თანაგუნდელებს - ვალერი ბრუმელს და ვიქტორ ბოლშოვს, რომელთაც რობერტზე უკეთესი წინასწარი შედეგები ჰქონდათ.

Shavlakadze r 1.PNG

ფინალური შეჯიბრების სტარტზე ფავორიტებმა 190 სანტიმეტრი გამოტოვეს და 195­-ით დაიწყეს. თომასმა, ბრუმელმა და ბოლშოვმა ეს სიმაღლე იოლად გადალახეს. შავლაყაძე 2 მეტრიდან „შეუდგა საქმეს“. აქედან დაწყებული, ყველა სიმაღლე - 203, 206, 209, 211, 214 სანტიმეტრი პირველივე ცდით აიღო. ყოველი ნახტომის წინ საკუთარ თავს შეუძახებდა: „რობერტ, გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ, ვისი შვილი ხარ. თბილისში რომ ჩახვალ, ხალხს რაპასუხს გასცემ, გამაგრდი...”.

თომასი ბრუმელის შემდეგ ხტებოდა, მას კი რობერტი ედგა კვალში. 216 სანტიმეტრზე რუს სპორტსმენს პირველი ცდა გაუცუდდა. შემდეგ ამერიკელი გამოექანა და... იმანაც ჩამოაგდო თამასა. რობერტმა პირველივე ცდაზე აიღო 216 სმ. როგორც შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, ეს იყო მართლაც ოქროს ნახტომი. ბრუმელმა ამ სიმაღლის აღება მხოლოდ განმეორებითი ნახტომით შეძლო, თომასი მესამე ადგილზე დარჩა მისთვის შეუფერებელი შედეგით - 214 სანტიმეტრით. საქართველოს თავისი სპორტსმენების მრავალი ბრწყინვალე გამარჯვება ახსოვს, მაგრამ მათ შორის რობერტ შავლაყაძის რომაული ბენეფისი იქნებ ყველაზე უდიდესია.

იხილე აგრეთვე

რობერტ შავლაყაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები