შამქორის ამბები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შამქორის ამბები (საბჭოთა რუსეთის მიერ თბილისის აღებისა და საქართველოს გასაბჭოების მცდელობა) - ამიერკავკასიის კომისარიატის შექმნამ საბჭოთა რუსეთის წინაშე სამხრეთ კავკასიის რეგიონის გასაბჭოების საკითხი დააყენა. ამ მიზნის განხორციელების დასაყრდენ ძალად ოსმალეთის ფრონტზე მყოფი ბოლშევიზირებული რუსი ჯარისკაცები იქნენ მიჩნეული. ამ მიზნით, რსფსრ სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით, ს. გ. შაუმიანი კავკასიის საგანგებო კომისრად დაინიშნა და ოქროს კურსით 500 000 მანეთი გადაეცა. ბოლშევიკების გეგმა ოსმალეთის ფრონტიდან რუსეთისაკენ მიმავალი ათიათასობით რუსი ჯარისკაცის მიერ თბილისის აღებას და ბაქო-თბილისი-ბათუმის რკინიგზის ხელში ჩაგდების გზით რეგიონის გასაბჭოებას ითვალისწინებდა.

ამიერკავკასია გარდაუვალი სამოქალაქო ომის საფრთხისა და გასაბჭოების ზღურბლზე იდგა. რეგიონის გასაბჭოების განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი და კავკასიელი ბოლშევიკები. დასახული მიზნის შესასრულებლად მზადყოფნაში ჰყავდათ სარიყამისის ფრონტიდან მოხსნილი 7000 ჯარისკაცი, რომლებიც სამთო ქვემეხებით იყვნენ შეიარაღებული და ყარსის ფრონტიდან დემობილიზებული 9000 რუსი ჯარისკაცი, 16 ეშელონის შემადგენლობით. ამ ღონისძიებას, მოსკოვის მითითებით, შაუმიანი, კუზნეცოვი და პეტრენკო ხელმძღვანელობდნენ. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საგანგებო მოწოდებით მიმართა ქართველ ერს. ქართველი სოციალ-დემოკრატების ინიციატივით მოწვეულმა ამიერკავკასიის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოს სამხარეო ცენტრმა, 1918 წლის 4 იანვრის დადგენილებით თბილისის დაცვა და ეშელონების დაუყოვნებლივი განიარაღება გადაწყვიტა. მისი განხორციელება დაევალა გენერალ გიორგი მაზნიაშვილს. ამიერკავკასიის კომისარიატის განკარგულებით, ეშელონებთან მოსალაპარაკებლად ავტორიტეტულ პირთა ჯგუფი გაიგზავნა. იმავდროულად, მახათას მთაზე და სოღანლუღის ქედზე ზარბაზნები დაიდგა. ნოე რამიშვილის ბრძანებით, კახეთიდან დაუყოვნებლივ იქნა გამოწვეული ჯავშნოსანი მატარებელი როტმისტრ ე. აფხაზავას მეთაურობით. ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ნავთლუღში შემოსული 16 ეშელონის სადგურ ყარაიასა და ელიზავეტპოლის მიმართულებით გაგზავნა. შამქორში ე. აფხაზავას მუხანათური მკვლელობის შემდეგ, ჯავშნოსანი მატარებლის №4-ის უფროსად ვ. გოგუაძე დაინიშნა და მას ეშელონების რკინიგზის სადგურ ევლახამდე გაცილება დაევალა. 9 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით, ჯავშნოსანი მატარებლის ხელმძღვანელმა და ქართული ჯარის ნაწილებმა შამქორში რუსი ჯარისკაცების 5 ეშელონი განაიარაღა. რამდენიმე ჯარისკაცი აზერბაიჯანელ მუსლიმთა რაზმებთან შეტაკებაში დაიღუპა. ამ ოპერაციის შედეგად 15 ათასი შაშხანა, 70 ტყვიამფრქვევი, 20 ზარბაზნი და სხვა სახის აღჭურვილობა ჩამოართვეს ეშელონებს და არსენალში გადაიტანეს.

ფრონტიდან წამოსული ეშელონების მეორე ნაკადის ამოძრავება 1918 წლის თებერვლიდან დაიწყო. თბილისი ისევ საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. აზერბაიჯანელ მუსლიმთა შეიარაღებული რაზმების თავდასხმისგან ეშელონების დაცვა ვ. გოგუაძეს დაევალა. სადგურ ნავთლუღში შემოსული რუსული ეშელონი მისი ძალისხმევით ბაქოსკენ გაამგზავრეს. მის უსაფრთხოებას ჯავშნოსანი იცავდა, რომელმაც ეშელონები სადგურ ევლახამდე მიაცილა. 1918 წლის 8 თებერვალს თბილისიდან მესამასე ვერსზე 13 ეშელონმა (15 ათასი ჯარისკაცი) მოიყარა თავი. ვ. გოგუაძის ჯავშნოსანმა მატარებელმა თბილისის მიმართულება ჩაკეტა და ეშელონები გააფრთხილა, რომ თუ თბილისისაკენ წამოვიდოდნენ, ცეცხლს გაუხსნიდა. ვ. გოგუაძის ენერგიული მოქმედების შედეგად, ეშელონები უკან გაბრუნდნენ 16 თებერვალს, სადგურ ყარაიასა და თაუზის მიმართულებით დაიძრნენ. 10 ვერსის სიგრძეზე გაჭიმული ეშელონების უსაფრთხოებას აზერბაიჯანელთა თავდასხმებისგან გოგუაძის ჯავშნოსანი იცავდა. მან ეშელონები სადგურ ევლახამდე მიაცილა და 19 თებერვალს თბილისში დაბრუნდა. 1918 წლის იანვარ-თებერვალში ოსმალეთის ფრონტიდან წამოსული და სამშობლოში მიმავალი გაბოლშევიკებული რუსი სამხედროებისგან თბილისის აღებისა და საქართველო-ამიერკავკასიის გასაბჭოების გეგმა ჩაიშალა.

ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე გიორგი გვაზავა 1929 შემდეგნაირად აფასებდა შამქორის ამბებს: „როცა ასი ათასი მშიერი და თავზე ხელაღებული ლაშქარი მოჰსწყდა ოსმალეთის ფრონტს და მოადგა თბილისს, მის წითელ დროშას საქართველომ წინ დაუყენა წითელივე დროშა. თბილისი გადარჩა განადგურებას. ეს იყო დიდი ეროვნული საქმე. თბილისის აკლებით და დაკარგვით რუსები და სომხები არაფერს ჰკარგავდნენ, საქართველო კი ჰკარგავდა ყველაფერს. რა ჭკუაა ვიდაოთ იმაზე - არის თუ არა ჭეშმარიტება... წითელ დროშაში? დაფასების კრიტერიუმი სულ სხვაგან დევს. დაფასების ეს კრიტერიუმი საქართველოს არგასაბჭოებაში და დამოუკიდებლობისთვის შესაბამისი საფეხურის მომზადებაში მდგომარეობს“

შოთა ვადაჭკორია

ლიტერატურა

  • შ. ვადაჭკორია, ქართული ეპოსიდან ამოზიდული ლეგენდა (ვალოდია გოგუაძე), თბ., 2014;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. V, რედ. ა. სურგულაძე, თბ., 1972.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები