მხარგრძელი შანშე (I)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა შანშე (I) მხარგრძელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შანშე/შაჰანშა (I) მხარგრძელი - ზაქარია მხარგძელის ძე, მანდატურთუხუცესი 1223-1262 წწ., ამირსპასალარი 1240-იანი წწ.

ისტორიკოს ვარდანის ცნობით, ზაქარიას მისთვის საგანგებოდ დაურქმევია შაჰანშაჰი (შანშე), რითაც სურდა ხაზი გაესვა მის მემკვიდრეობით უფლებაზე ანისის მიმართ. შანშე მამის გარდაცვალების შემდეგ მცირეწლოვანი დარჩენილა, რის გამოც მასზე მეურვეობა უკისრია ათაბაგ ივანე მხარგრძელს. მანდატურთუხუცესად და ამირსპასალარად იწოდება შანშე ანისის 1215 წ-ის ქართულ წარწერაში, ხოლო უფრო მოგვიანო წყაროებში მხოლოდ მანდატურთუხუცესად, რაც, შ. მესხიას შეხედულებით, ადასტურებს, რომ მხარგრძელთა საგვარეულოში ეს ორი თანამდებობა ამ დროს გაყოფილი იყო. მართლაც, 1223 წ-ის შირაკავანის სომხურ წარწერაში მანდატურთუხუცესი შანშე ათაბაგ ივანესთან და ამირსპასალარ ავაგთან ერთადაა მოხსენიებული. ასევე მანდატურთუხუცესად იხსენიება იგი 1241/1242 წ-ის მიქაელ ქართლის კათალიკოსისა და არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის საბუთების მტკიცებულებით ნაწილებში. მანდატურთუხუცესი შანშე ამ საბუთებს ამტკიცებს ათაბაგ-ამირსპასალარ ავაგის შემდეგ; მანდატურთუხუცესად იხსენიება იგი აგრეთვე ქობაირის მხარგძელთა საგვარეულო მონასტრის სასაფლაოს ქართულ ეპიტაფიებში.

შანშეს ჰყავდა შვილები: ზაქარია, ავაგ-სარგისი, არტაშირი, ივანე, გიორგი (ქობაირის წარწერა). ივანე ათაბაგის მიერ მონღოლებთან ზავის დადების შემდეგ შანშე მანდატურთუხუცესი, ისევე, როგორც საქართველოს სხვა დიდებულები, დაეზავა მონღოლებს. რუსუდან მეფემ მონღოლებთან დაზავების მიზნით ავაგ ათაბაგთან, ვარამ გაგელთან და შოთა კუპრთან ერთად შანშე მანდატურთუხუცესიც გაგზავნა მოსალაპარაკებლად. უმეფობის პერიოდში მონღოლებმა იგი დუმნის თავად დააყენეს. მის საგამგებლოში შედიოდა საკუთარი და ავაგის მამულები. შანშეს მანდატურთუხუცესობა უფრო ნომინალური იყო, ვიდრე რეალური, რადგან მას ნაკლებად ემორჩილებოდნენ მონღოლთაგან გადიდკაცებული პირები (მაგ., ეგარსლან ბაკურციხელი). შემდგომში შანშე მანდატურთუხუცესს ვხედავთ დავით ულუს მომხრეთა ბანაკში. მისი სამფლობელოები მდებარეობდა ჩრდილო სომხეთში, რომლის საზღვრებიც შანშეს არაქსის იქით, სურმანამდე გადაუწევია.

შანშეს რეზიდენციები ჰქონდა ანისსა და ლორეში. მისი სახლის საგვარეულო საკუთრება იყო სანაინისა და ქობაირის მონასტრები. ამათგან ქობაირი, კირაკოს განძაკელის ცნობით, სომეხთაგან უყიდია და ქალკედონურად უქცევია მის მეუღლეს, სამცხის წარჩინებულ ლაკლაკთა სახლის ასულ ხუაშაქს. მონღოლთაგან შანშეს უფროსი ძის, ამირსპასალარ ზაქარიას სიკვდილით დასჯის (1261/62) შემდეგ, იგიც მოკლე ხანში გარდაცვლილა. შანშე დაკრძალულია ქობაირის საგვარეულო მონასტერში, სადაც შემონახულია მისი საფლავის ქართული ეპიტაფია. შანშეს გარდაცვალების შემდეგ მანდატურთუხუცესისა და ამირსპასალარის სახელო გადავიდა მისი მეორე ვაჟის, ვაგ-სარგისის ხელში.



წყაროები და ლიტერატურა

  • ჟამთააღმწერელი 1959: 169, 180-187, 190-192, 208, 212-213;
  • ქისკ 1984: 116, 120; მესხია 1979: 45-46, 272-273, 316;
  • ჯოჯუა, გაგოშიძე: 2012/2013: 265-269, 270-272.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები