შარდონე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შარდონე – ფრანგული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში

შარდონე – ფრანგული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, გავრცელებულია მასობრივი ნარგავების სახით ბურგუნდიასა და შამპანში.

მევენახეობის ლიტერატურაში (5, 7, 14, 17) იგი ცნობილია „თეთრი პინოს“ და „პინო შარდონეს“ სახელწოდებით. დაკვირვება ცხადყოფს, რომ შარდონე მორფოლოგიურ-ბიოლოგიური ნიშნებით და სამეურნეო თვისებებით პინოს ჯგუფისაგან განსხვავებულია და დამოუკიდებელ ჯიშს წარმოადგენს.

თავის სამშობლოში შარდონეს პროდუქცია გამოყენებულია განსაკუთრებით მაღალი ღირსების სუფრის ღვინისა და შამპანურის დასამზადებლად.

საფრანგეთის გარდა შარდონე გავრცელებულია გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, ხოლო საბჭოთა კავშირში – ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში, უკრაინაში, მოლდავეთსა და საქართველოში.

საქართველოში შარდონე შემოტანილია XIX ს. დამლევს და XX საუკუნის დასაწყისში პინოსა და ალიგოტესთან ერთად, მაგრამ მან ფართო გავრცელება ვერ ჰპოვა შედარებით მცირე მოსავლიანობისა და ეკოლოგიურ პირობებისადმი საკმაო მგრძნობიარობის გამო.

ჩვენს ქვეყანაში შამპანური მევენახეობის განვითარებასთან დაკავშირებით, მისი ფართო გავრცელება იწყება 1936 წლიდან. ამ მიზნით მისი ვენახები გაშენდა: მცხეთის, კასპის, გორის, ახალციხის, ასპინძის, ხარაგოულის, ზესტაფონის, საჩხერისა და თერჯოლის რაიონებში.

დასახელებულ რაიონებიდან ყურადღებას იპყრობს ვაჭევის მევენახეობის ზონა (ზესტაფონის რ-ნი), სადაც შარდონე იძლევა მეტად მაღალი ღირსების ღვინომასალას შამპანური ღვინის დასამზადებლად.

დასახელებული ჯიში მსგავს მასალას იძლევა აგრეთვე ამავე რაიონის ზოგიერთ მიკროუბანში (სოფ. ფუთი, ცხრაწყარო, საქარა, ზოვრეთი, კლდეეთი). ქართლის მევენახეობის რაიონებში კი მან იმედები ვერ გაამართლა. ამ მხარის პროდუქცია მოკლებულია სინაზეს, სიხალისესა და ჰარმოუნილობას. ამის გამო, პერსპექტიული გეგმით გათვალისწინებულია შარდონეს გაშენება მხოლოდ შუა და ზემო იმერეთის მევენახაობის რაიონებში, ძირითადად სამხრეთ ექსპოზიციებზე და კალციუმის კარბონატებით მდიდარ ნიადაგებზე.

ჯიში თავისი მორფოლოგიური ნიშნებით და ბიოლოგიური თვისებებით მიეკუთვნება დასავლეთ ევროპის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ვაზის ჯიშთა ჯგუფს.

როგორც ადრეული მწიფობის და მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ჯიში, საქარის საცდელ სადგურზე გამოყენებულ იქნა ჰიბრიდთა კომპონენტად. ამ მიზნით იგი უფრ. მეცნ. თანამშრ. ა. მიროტაძემ შეაჯვარა იმერეთის სტანდარტულ ჯიშს ციცქას და ხანგრძლივი მუშაობის შედეგად მიიღო ახალი ჰიბრიდი ციცქაXშარდონე №48. წინასწარი მონაცემებით დასახელებული ჰიბრიდი თითქოს ამართლებს იმედებს. როგორც ავტორის მიერ წარმოდგენილი დასკვნიდან ჩანს, ჰიბრიდი ხასიათდება ნაადრევი მომწიფებით, საშუალო ან საშუალოზე მეტი მოსავლიანობით და მაღალხარისხოვანი პროდუქციის მოცემით საშამპანურე ღვინომასალის მისაღებად.

სარჩევი

ბოტანიკური აღწერა

შარდონე აღწერილია ვაჭევის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობაში (ზესტაფონის რ-ნი). ნაკვეთი დახრილია სამხრეთისაკენ, ვენახი გაშენებულია 1927 წელს, საძირედ გამოყენებულია რიპარიაXრუპესტრის 3309 და ნაწილობრივ რუპესტრის დულო. კვების არე უდრის 1,5X1,5 მ. ნიადაგი მცირე ეწერი, ხირხატი და მსუბუქი ქვეთიხნარია კალციუმის კარბონატების ზომიერი შეცულობით. ვაზები ფორმირებულია ცალმხრივი და ორმხრივი შპალერული წესით. შესადარებლად დასახელებული ჯიში აღწერილია აგრევე დიღმის სასწავლო მეურნეობის კოლექციაში (თბილისის გარეუბანი).

ახალგაზრდა ყლორტი

ზრდის კონუსი მცირედ შებუსვილია მონაცრისფრო აბლაბუდისებრი ბუსუსით, ნაპირებზე გადაჰკრავს მოწითალო-მოვარდისფრო ელფერი. პირველი და მეორე ახლადგადაშლილი ფოთლები ღია მწვანეა მოვარდისფრო ელფერით და მცირედ შებუსვილია აბლაბუდისებრი ბუსუსით. მომდევნო ფოთლებზე შებუსვა კიდევ უფრო მცირდება. მეტად თხელი აბლაბუდა შესამჩნევია უმთავრესად ძარღვების გასწვრივ, რაც ხელის გასმით ადვილად ეცლება.

ახალგაზრდა ყლორტი მომრგვალოა და შიშველი. უმნიშვნელო შებუსვა ახასიათებს წვერის ზონაში. ბუსუსი თეთრი-მონაცრისფროა მოწითალო-მოვარდისფრო ელფერით.

შემოსული რქა

შემოსული რქა თითქმის საშუალო სიმსხოა, გადაჰკრავს ოდნავ მოწითალო ელფერი, მუხლებიც იმავე ფერისაა. მუხლთაშორისის სიგრძე 8-10 სმ აღწევს.

ყვავილი

ყვავილი ორსქესიანია, ნორმალურად განვითარებული ბუტკოთი და მტვრიანებით, ყვავილში 5, უფრო იშვიათად 4-7 მტვრიანაა. მათი შეფარდება ბუტკოსთან 1,2-1,3-მდე აღწევს. ნასკვი მომრგვალო ბურთისებრია, წახნაგოვანი. სვეტი მოკლეა და ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსისებრი. დინგი საკმაოდ დიდია და ოდნავ გაყოფილი.

ფოთოლი

ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე მცირეა, ოდნავ ოვალური. მისი საშუალო სიგრძე 13,7-17,5 სმ, ხოლო სიგანე 13,5-17,1 სმ აღწევს. უფრო ხშირად მთლიანია, იშვიათად ღრმად დანაკვთული და ტალღისებრი.

ფირფიტის ზედა მხარე გლუვია ან ბადისებრ დანაოჭებული, ზოგჯერ ბრჭყვიალაა და ნაპირებ ქვემოთ ჩამოწეული. ქვედა მხრიდან დაფარულია მეტად თხელი აბლაბუდისებრი ბუსუსით, განსაკუთრებით ძარღვების გასწვრივ.

ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღია და ჩანგისებრია, მომრგვალო ან ბრტყელი ფუძით. იშვიათად გვხვდება ისრისებრი ფორმის ამონაკვეთები მომრგვალო ფუძით.

ზედა ამონაკვეთი უფრო ხშირად უმნიშვნელოდ ჩაჭრილია ან საკმაოდ შეჭრილ კუთხეს ქმნის. იშვიათად იგი ღრმადაა ჩაჭრილი, რაც აღწევს მთავარი ძარღვის შუამდე. ამ შემთხვევაში ამონაკვეთი ღია ან დახურულია, ვიწრო ან განიერი ნაპრალით და მახვილი ან ბრტყელი ფუძით. ქვედა ამონაკვეთი არ ახასიათებს ან უმნიშვნელოდ არის ჩაჭრილი, იშვიათად კი საკმაოდ შეჭრილ კუთხეს ქმნის.

ნაკვთების წვერის კბილები ვიწრო სამკუთხედისებრია წაგრძელებული და მახვილი წვერით. მეორადი კბილები სამკუთხედისებრი ან ხერხკბილა-სამკუთხედისებრია მახვილი ან წამახვილებული წვერით.

ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 0,7-0,9 აღწევს. ყუნწი შიშველი და ღია მწვანეა ან მწვანე. მთავარი ძარღვები საკმაოდ გამოჩენილია და მწვანე ან ღია მწვანე ფერისაა.

მტევანი

მტევნის ყუნწის სიგრძე 2,5-3,8 სმ აღწევს. მტევანი საშუალოზე ნაკლებია ან კიდევ უფრო მცირე. მისი საშუალო სიგრძე 9-13 სმ, ხოლო სიგანე 7,5-9,5 სმ აღწევს.

მტევანი ცილინდრულ-კონუსისებრი ან ცილინდრულია, გვხვდება ფრთიანი მტევნებიც, აგრეთვე თხელი აგებულების საშუალო სიკუმსის მტევნებიც.

მარცვალი

მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშით 5-6,5 მმ უდრის.

ყურძნის სრული მწიფობის დროს მარცვალი მოყვითალო-მოთეთრო შეფერვას იღებს. მარცვლის კანზე ამ დროს შესამჩნევია ჯვარისმაგვარი ფორმის მოწითალო წერტილები.

მარცვალი საშუალო ან საშუალოზე მცირეა, სიგრძით 13,5-15,8 მმ, სიგანით 13,4-15,5 მმ. მრგვალი, შუა წელში განიერი, ბოლო მომრგვალებული და სიმეტრიულია. თხელკანიანი, წვნიანი და ნაკლებხორციანია, ახასიათებს ნაზი წვენი სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

წიპწა

მარცვალში 1-3 წიპწაა. უფრო ხშირად გვხვდება 1 წიპწა. მისი სიგრძე 6,1-7 მმ, ხოლო სიგანე 3-3,5 მმ აღწევს. წიპწა ყავისფერია, მუცლის მხრიდან ღარებში ოდნავ მოყვითალო, ზურგის მხარე კი – გლუვი. ნისკარტი თითქმის მისივე ფერისაა, რომლის სიგრძე 1,5 მმ აღწევს.

აგრობიოლოგიური დახასიათება

დაკვირვებანი ბიოლოგიური ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა ვაჭევისა (ზესტაფონის რ-ნი) და დიღმის (თბილისის გარეუბანი) მეურნეობებში.

ქვემოთ მოყვანილია მრავალწლიურ დაკვირვებათა საშუალო მონაცემები (იხ. ცხრ. 1).

იმერეთში შარდონეს სავეგეტაციო პერიოდის საერთო ხანგრძლიობა 220-245 დღემდე გრძელდება და საშუალოდ 229 დღეს შეადგენს. კვირტების გაშლას აპრილის პირველ დეკადაში იწყებს, ყვავილობას – მაისის ბოლო რიცხვებში. ყურძენი შეთვალებას ივლისის მესამე დეკადიდან, ხოლო დამწიფებას აგვისტოს მეორე ნახევრიდან იწყებს.

სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტების გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 135-142 დღით განისაზღვრება (საშუალოდ 139 დღე).

დიღმის მევენახეობის ზონაში შარდონეს ვეგეტაცია რამდენიმე დღის დაგვიანებით იწყება (10-15.IV); ყვავილობაც ამის შესაბამისად ივნისის პირველიდან მიმდინარეობს, ყურძნის შეთვალება იწყება აგვისტოს პირველ რიცხვებიდან, ხოლო ყურძენი მწიფობას იწყებს აგვისტოს ბოლოდან. თითქმის ასეთივეა ამ ჯიშის ბიოლოგიური ფაზების მსვლელობა თელავის მევენახეობის ზონაშიაც.

ვაზის ზრდა და რქის მომწიფება

საქართველოს პირობებში შარდონე საშუალო ზრდა-განვითარებით ხასიათდება. ზოგიერთ მიკრორაიონში კი (ვაჭევი) იგი, სათანადო მოვლის შედეგად, საშუალოზე ძლიერ განვითარებასაც აღწევს. ამ პირობებში რქების სიგრძე ხშირად 1,5 მ აღემატება. შარდონეს ასეთივე ზრდა-განვითარება აქვს აგრეთვე მუხრანისა (მცხეთის რ-ნი) და დიღმის (თბილისის გარეუბანი) მევენახეობის ზონებშიაც, განსაკუთრებით ღრმა, ღონიერ ნიადაგებზე.

ყურძნის სრული მწიფობის დროს რქა მთლიანად მწიფდება და ღებულობს ჯიშის დამახასიათებელ ელფერს. გამონაკლისის სახით, ზოგიერთ წლებში რქის წვერი ამ დროისათის მოუმწიფებელი რჩება (დიღომი, მუხრანი), მაგრამ სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის ისინიც შემოდიან. ამრიგად, ვაზის ვეგეტატიური ნაწილები ზამთრის ყინვებისგან არ ზიანდება.

მოსავლიანობა

შარდონე საშუალო ან საშუალოზე მცირე მოსავლიანი ჯიშია. განსაკუთრებით არახელსაყრელ ამინდის პირობებში ყვავილები მასობრივად ცვივა, რის შედეგად მოსავალი მინიმუმამდე ეცემა. მოსავლის პირველ ნიშნებს იგი დარგვიდან მეორე წელს, ხოლო სრულ მოსავალს მეოთხე წლიდან იძლევა.

ვაზის ძველი ნაწილებიდან და შემცვლელი კვირტებიდან განვითარებული ყლორტები მეტწილად უმოსავლოა. ვაზის მცირედ დატვირთვის შემთხვევაში, როდესაც იგი ფორმირებულია ცალხმრივი ქართული წესით (დატვირთვა 8-10 კვირტით) ერთი ძირის მოსავალი 1 კგ არ აღემატება. უფრო ხშირად 600-700 გ უდრის, რაც ჰექტარზე გადაანგარიშებით 20-28 ცენტნერ ყურძენს შეადგენს.

ვაზის ორმხრივი ქართული წესით ფორმირებისას თუ ძირი 16-18 კვირტითაა დატვირთული მოსავალი მნიშვნელოვნად მატულობს და ჰექტარზე 50-55 ცენტნერამდე ყურძენს შეადგენს.

ქვემოთ მოგვყავს შარდონეს მოსავლიანობის მრავალწლიურ დაკვირვებათა მონაცემები (იხ. ცხრ. 2).

როგორც მე-2 ცხრილიდან ჩანს, მოსავლიანი ყლორტების დიდი სიმრავლე შარდონეს არც ერთ დასახელებულ ზონაში არ ახასიათებს (77-80%), ყლორტზე ხშირად ერთი მტევანია, გვხვდება ორიც, მაგრამ არათანაბარი განვითარების. მოსავლიანობის კოეფიციენტი 1-1,2 არ აღემატება. მტევანი მეტწილად თხელია, უბარაქო და მისი საშუალო წონა 98-118 კგ აღწევს, რის გამოც ყურძნის საშუალო მოსავალი ჰექტარზე მერყეობს 20-დან 50 ცენტნერამდე.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ დატვირთვის გადიდებისას მნიშვნელოვნად მცირდება ვაზის როგორც საერთო, ისე სავეგეტაციო ძალა, რასაც თან სდევს მოსავლის მკვეთრი შემცირება. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მის სათანადო წესებით მოვლას, რაც ძირითადად – მწვანე ოპერაციების მაღალხარისხოვნად ჩატარებას, ნიადაგის დროულად დამუშავებას და ვაზების დამატებით გამოკვებას გულისხმობს.

ყვავილცვენა და წვრილმარცვლიანობა ჯიშს ძლიერ ახასიათებს. სწორედ ამის შედეგია მასობრივად თხელი მტევნების მოსხმა, 15%-მდე წვრილი მარცვლების განვითარება.

ჯიშის გამძლეობა ავადმყოფობათა და მავნებელთა მიმართ

საქართველოში, განსაკუთრებით, მის აღმოსავლეთ რაიონებში (ქართლი, კახეთი) შარდონე ჭრაქით ძლიერ არ ზიანდება. არახელსაყრელ ამინდში ჭრაქისაგან უფრო ავადდება მისი მწვანე ნაწილები, შედარებით უფრო ნაკლებად ყურძენი. ნაცრის მოქმედება ვაზზე უფრო ძლიერია, ამიტომ მწვანე მასისა და მოსავლის საღად შენარჩუნების მიზნით აუცილებელ ღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული ბორდოს ხსნარით 4-5-ჯერ შეწამვლა და გოგირდის 2-3-ჯერ შეფრქვევა.

მსგავსად ალიგოტესი, ჯიში შარდონე მნიშვნელოვნად ავადდება ქლოროზით. მუხრანის ვაზის კოლექციაში ეს დაავადება საკმაოდ თვალსაჩინოა. ქლოროზის გამომწვევი ყველა მიზეზი ჯერ კიდევ შეუსწავლელია და სადღეისოდ ბრძოლის საბოლოო და გადამჭრელი ღონისძიებანიც არ არის შემუშავებული.

ვაზის მავნებლებიდან შარდონეს დიდ ზიანს აყენებს ფილოქსერა. ამიტომ გავრცელების ყველა რაიონში აუცილებელია მისი ნამყენების სახით გაშენება. ამ უკანასკნელ პერიოდში დიღმის ვაზის კოლექციაში გავრცელდა ვაზის აბლაბუდიანი ტკიპა, რომელმაც მრავალი ჯიში დააზიანა და მათ შორის შარდონეც, მაგრამ სათანადო ღონისძიებათა გატარებით მავნებლის მოქმედება მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. დანარჩენი მავნებლები შარდონეს ვაზებზე შემჩნეული არ ყოფილა.

გარემო პირობებისადმი დამოკიდებულება

შარდონე წარმატებით ვითარდება როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ რაიონებში, აგრეთვე სხვადასხვა ექსპოზიციებსა და ნიადაგურ პირობებში; მაგრამ სხვადასხვა პირობებში როგორც ვაზის ზრდა, ისე მოსავალი და რაც მთავარია პროდუქციის ღირსება სრულიად განსხვავებულია.

ღრმა ღონიერ და შავმიწა ნიადაგებზე ვაზის ზრდა და მოსავალი მნიშვნელოვნად იზრდება, მაგრამ პროდუქციის ხარისხი დაბალია. ამ მხრივ იგი საუკეთესო შედეგს იძლევა ქვეთიხნარ და კალციუმის კარბონატებით მდიდარ ნიადაგებზე. საქართველოში სწორედ ამგვარ ნიადაგებზე მიიღება მისგან განსაკუთრებული ღირსების საშამპანურე ღვინომასალა.

საქართველოში, კერძოდ, აღმოსავლეთ რაიონებში (ქართლი, მესხეთი, კახეთი) ჯიში საკმაო გამძლეობას იჩენს ზამთრის ყინვებისადმი. მუხრანის მეურნეობაში ალიგოტეს ნარგაობაში გამორეული შარდონეს ვაზები მასობრივად გადარჩა ყინვების დაზიანებისაგან, იმ დროს, როდესაც ალიგოტე მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ჯიში გვალვასაც საკმაოდ კარგად უძლებს. დიღმის კოლექციაში 1951 და 1953 წლებში ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის სიმცირის გამო მრავალი ჯიშის განვითარება შეფერხდა და მათ შორის ალიგოტესიც, რის შედეგად მტევანი და მარცვალი არატიპიური იქნა მიღებული. ამავე პირობებში მოქცეული შარდონეს ვაზები უფრო ნორმალურად განვითარდა და როგორც მტევანი, ისე მარცვალი ჯიშის დამახასიათებელი აღმოჩნდა.

აგროტექნიკის ზოგიერთი თავისებურებანი

შარდონე ადვილად ეგუება როგორც მოკლე, ისე გრძელ გასხვლას. ვაზის მოკლე გასხვლისა და მცირე დატვირთვის შემთხვევაში მისი სავეგეტაციო ნაწილები ძლიერდება, მაგრამ მოსავალი მკვეთრად ეცემა. მოსავლის შემცირებას ხელს უწყობს აგრეთვე მტევნის გათხელება.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ ვაზის ცალმხრივი ქართული წესით ფორმირება (8-10 კვირტით დატვირთვა) მიუღებელია შარდონესათვის. ისე, როგორც სხვა საშუალო ზრდის ჯიშებს, შარდონესაც ესაჭიროება დატვირთვის გადიდება, ვაზის სიძლიერის შესაბამისად 16-18 კვირტამდე და ამ დატვირთვის განაწილება ორ-სამ სანაყოფეზე და სამამულეზე იმ ვარაუდით, რომ თითოეული სანაყოფეს დატვირთვა 6-7 კვირტს არ აღემატებოდეს. ვინაიდან სანაყოფის უფრო გრძლად გასხვლისას, კვირტების მოცდენას და ყლორტების სუსტად განვითარებას აქვს ადგილი, ამიტომ სანაყოფე რქის მოკლედ გასხვლა უფრო მისაღებად უნდა ჩაითვალოს ამ ჯიშისათვის.

კორდონული და ხეივნური ფორმები ამ ჯიშისათვის საქართველოში სრულიად გამოუსადეგარია. მწვანე ოპერაციებიდან ყურადღებას იპყრობს ყლორტის წვერის წაწყვეტა. აღნიშნული ღონისძიების რენტაბელობა უკვე დადგენილია საქართველოში მთელ რიგ თხელმტევნიან ვაზის ჯიშების მიმართ (საფერავი, მწვანე, გორული მწვანე, ცოლიკოური და სხვ.), რაც 15-20%-მდე ადიდებს ყურძნის საერთო მოსავალს. კერძოდ, ამ ჯიშის მიმართ ეს ღონისძიება ჩვენს პირობებში არ ყოფილა გამოცდილი, მაგრამ გამომდინარე მისი ყვავილის მორფოლოგიურ-ბიოლოგიური თავისებურებიდან (ყვავილის ნორმალური აღნაგობა, მტვრის მარცვლის აქტიურობა), სავსებით დასაშვებია ამ ჯიშზე მწვანე ოპერაციების ფართოდ გამოყენება ყვავილობის დაწყების მომენტში. ამის შედეგად შენელდება რა ყლორტებში საკვებ ნივთიერებათა აგრესიული ხარჯვა, იგი გადაინაცვლებს ყვავილედში და განაყოფიერების პროცესი ნორმალური ჩატარდება, მტევანი უფრო კომპაქტური მიიღება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ყურძნის საერთო მოსავალს. ყვავილცვენის შემცირებასთან ერთად იგი ხელს შეუწყობს მარცვლის უკეთ განვითარებას და შეამცირებს წვრილი მარცვლების რაოდენობას.

ვაზის სავეგეტაციო ნაწილების გაძლიერების მიზნით აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს მწვანე ოპერაციების ზუსტად და მაღალხარისხოვნად ჩატარება.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

სამეურნეო დანიშნულებით შარდონე მიეკუთვნება მაღალხარისხოვან საშამპანურე ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ამ თვისებებს იგი ამჟღავნებს გავრცელების ძირითად რაიონებში და მათ შორის საქართველოშიაც. განსაკუთრებით, ქვეთიხნარ და კალციუმის კარბონატებით მდიდარ ნიადაგებზე იგი შეუდარებელ მასალას იძლევა შამპანური ღვინის დასამზადებლად.

ღრმა, ღონიერსა და კირით ღარიბ ნიადაგებზე ეს ჯიში შამპანური წარმოებისათვის არ იძლევა კეთილშობილურ მასალას. ამგვარ პირობებში მიღებული პროდუქცია არაჰარმონიულია, თხელი, სინაზეს მოკლებული და უშინაარსო. უშინაარსო მასალის მომცემია ჯიში აგრეთვე მევენახეობის სამხრეთ რაიონებში. სამხრეთით მიქცეულ ფერდობებზე, სადაც ყურძნის რეპროდუქციის პერიოდში სითბოს დიდი ჯამი გვაქვს. ასეთ პირობებში მასში შაქარი დიდი რაოდენობით გროვდება, მკვეთრად მცირდება მჟავიანობა, რის შედეგად პროდუქცია უხეში და დაბალხარისხოვანი დგება. ამრიგად, ჯიში პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით მეტად მგრძნობიარეა ეკოლოგიური პირობებისადმი, რის გამოც მისი გაშენება უნდა წარმოებდეს მიკროეკოლოგიური პირობების, წინასწარ ღრმად შესწავლის შემდეგ.

ჯიშის ამ უარყოფით თვისებას ემატება კიდევ მცირე მოსავლიანობა, რაც გამოწვეულია, ჯერ ერთი, დაბალი მსხმოიარობის კოეფიციენტით, ყვავილედში ყვავილების მასობრივი ცვენით და მტევნების გათხელებით, აგრეთვე მტევანში წვრილი, განუვითარებელი მარცვლების საკმაო დიდი რაოდენობით. აღნიშნული ნაკლის გამოსწორება ნაწილობრივ შესაძელბელი ხდება ვაზზე დატვირთვის გადიდებით, ყვავილობის დაწყების მომენტში ყლორტის წვერის წაწყვეტით, აგრეთვე ხელოვნური დამტვერვით.

ჯიშის დადებითი მხარეებიდან გარდა პროდუქციის მაღალი ღირსებისა აღსანიშნავია ჭრაქის და ყინვების მიმართ საკმაო, ხოლო გვალვისადმი გამძლეობის დიდი უნარი.

ქვემოთ მოგვყავს შარდონეს ყურძნის მექანიკურ-ქიმიური ანალიზის მონაცემები (იხ. ცხრ. 3).

დიდი მტევნის წონა 130-145 გ, მცირესი 50-60 გ, ხოლო საშუალოსი 98-148 გ აღწევს.

წვენის გამოსავალი საკმაოდ დიდია (75,4-78,9%), ხოლო ანარჩენები ჩენჩოს, წიპწისა და კლერტის სახით 20-24% შეადგენს.

100 მარცვლის მექანიკური ანალიზი შემდეგ სურათს იძლევა: 100 მარცვლის საშუალო წონა 131-138 გ შეადგენს, 100 მარცვალში 188-203 წიპწაა წონით 3,1-4,1 გ.

ერთწიპწიანი მარცვლები 18%, ორწიპწიანი 57%, სამწიპწიანი – 20% და ოთხწიპწიანი 5% შეადგენს.

სრული მწიფობის პერიოდში შაქრიანობა მასში 17,5-21%, ხოლო მჟავიანობა 8,2-9,2‰-მდე აღწევს.

დასახელებულ მევენახეობის ზონებიდან შაქრიანობა-მჟავიანობის შეცულობის მხრივ ხარისხოვან მასალას შამპანური ღვინის დასამზადებლად იძლევა ვაჭევის მევენახეობის ზონა (ზესტაფონის რ-ნი), სადაც შაქრის ნორმალურ შეცულობას (17,8%) თან ახლავს შედარებით მომეტებული მჟავიანობა (9,2‰). თითქმის ასეთივე სურათია დიღმის მევენახეობის ზონაშიაც (17,1% შაქარი და 8,5‰ სიმჟავე). საკმაოდ განსხვავებული შედეგებია მიღებული თელავის მევენახეობის ზონაში. ყურძნის სრული მწიფობის პერიოდში შაქრის დაგროვება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ამის შესაბამისად მჟავიანობა კლებულობს. ათი წლის საშუალო მონაცემების მიხედვით შაქრის შეცულობა 18-დან 22%-მდე მერყეობს და საერთო მჟავიანობა 6,7-9,0‰-მდე. სწორედ შაქრიანობა-მჟავიანობის ამგვარი არა თანაფარდობით აიხსნება კახეთის და, კერძოდ, თელავის მევენახეობის ზონიდან შარდონესაგან არაჰარმონიული პროდუქციის მიღება შამპანური ღვინის დასამზადებლად.

ცხრილ 4-ში მოყვანილია შარდონეს ყურძნის სიმწიფის დინამიკის და შაქრიანობა-მჟავიანობის სამი წლის საშუალო მონაცემები (იხ. ცხრ. 4).

როგორც წარმოდგენილ მე-4 ცხრილიდან ჩანს, დიღმის მევენახეობის ზონაში შარდონეს ყურძენი ტექნიკურ სიმწიფეს სექტემბრის პირველ დეკადაში იწყებს, ხოლო შემდეგ შაქრის მატებას თან სდევს მჟავიანობის მკვეთრი დაცემა, რაც ხელს უშლის ხარისხოვანი საშამპანურე ღვინომასალის მიღებას.

ვაჭევის მევენახეობის ზონაში კი ყურძენი ტექნიკურ სიმწიფეს აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში იწყებს, ხოლო შემდეგ აქაც შაქრის მნიშვნელოვან მატებას და საერთო მჟავიანობის დაცემას აქვს ადგილი.

აქედან გამომდინარე, საშამპანურე ღვინომასალის დასამზადებლად ყურძნის რთველი დიღმის მევენახეობის ზონაში უნდა ჩატარდეს სექტემბრის პირველ დეკადაში, ხოლო ვაჭევის ზონაში აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში.

ყურძნის დამწიფების მსგავსი დინამიურობა ახასიათებს ვაჭევის მოსაზღვრე მევენახეობის ზონებში გაშენებულ შარდონეს პროდუქციას (სოფ. ფუთი, ცხრაწყარო, საქარა, საზანო, ზოვრეთი და სხვ). დასახელებულ მიკროზონებში რთველი თითქმის ერთსა და იმავე დროს იწყება – აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში და იგი 10 სექტემბრამდე მთავრდება. ზოგჯერ შარდონეს და ალიგოტეს რთველს ერთსა და იმავე დროს იწყებენ, აკუპაჟებენ ყურძნად და ამზადებენ მაღალხარისხოვან პროდუქციას შამპანურისათვის.

აქვე მოგვყავს შარდონეს ღვინომასალის ქიმიური ანალიზის შედეგები (იხ. ცხრ. 5).

როგორც წარმოდგენილ მე-5 ცხრილიდან ჩანს, შარდონე მაღალხარისხოვან ღვინომასალას იძლევა ყველა დასახელებულ ზონაში და განსაკუთრებით ვაჭევის მევენახეობის ზონაში.

დეგუსტაციის შედეგად, რომელიც ჩატარდა ავჭალის შამპანური ღვინის ქარხანაში 1944-1946 წლებში, წარმოდგენილმა ნიმუშებმა მიიღო შემდეგი შეფასება: მასალა ჰარმონიული, ფაქიზი, შინაარსიანი, გემო სუფთა, სასიამოვნო მჟავიანობით, ცოცხალი, ხალისიანი, ფერი ღია, სავსებით ვარგისი მასალა ხარისხოვანი შამპანურისათვის.

აღნიშნული ნიმუშების დაჭაშნიკების შედეგად დადგენილია რომ შარდონეს ციცქასთან და პინოსთან შედარებით მეტი სირბილე, სინაზე და ჯიშური არომატი ახასიათებს, რის გამოც იგი გამოყენებული უნდა იქნეს როგორც გამაკეთილშობილებელი მასალა მაღალხარისხოვანი შამპანურის დასამზადებლად.

საერთო შეფასება და დარაიონება

შარდონე საშუალოზე მცირე მოსავლიანი ჯიშია. ამ თვისებას იგი მევენახეობის ყველა რაიონში ამჟღავნებს. თუმცა კარგ ეკოლოგიურ გარემოში და აგროღონისძიებათა მაღალ დონეზე გატარების შედეგად მისი მოსავალი მატულობს.

მოსავლის პირველ ნიშნებს ჯიში იძლევა დარგვიდან მეორე წელს, ხოლო სრულ მოსავალს მეოთხე წლიდან.

ვაზის 8-10 კვირტთი დატვირთვისას მოსავალი ჰექტარზე აღწევს 20-28 ცენტნერამდე. უფრო დიდი დატვირთვა ამცირებს მის სავეგეტაციო ძალას, ხოლო მოსავალს ადიდებს ჰექტარზე 50-55 ცენტნერამდე.

ვაზის გასხვლის ფორმებიდან შარდონესათვის საუკეთესოდ უნდა ჩაითვალოს ორმხრივი შპალერი 16-18 კვირტამდე დატვირთვით.

ჯიში კარგად ეგუება როგორც მოკლე, ისე გრძელ გასხვლას, მაგრამ უმჯობესია სანაყოფე რქის მოკლედ გასხვლა (6-7 კვირტზე), რაც უზრუნველყოფს ვაზის როგორც ნორმალურ ზრდას, ისე ყურძნის რეგულარულ მოსავალს.

ვაზს საშუალო ზრდა-განვითარება ახასიათებს, ამიტომ დიდი დატვირთვის ფორმების გამოყენება დაუშვებელია.

ჯიშს ახასიათებს მასობრივი ყვავილცვენა და წვრილმარცვლიანობა. ამიტომ მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული სანაყოფე რქაზე ყვავილობის წინ ყლორტის წვერების წაწყვეტა და ხელოვნური დამტვერვის გამოყენება. მაღალხარისხოვანი პროდუქციის მიღების მიზნით მისი გაშენება უნდა წარმოებდეს ქვეთიხნარ და კალციუმის კარბონატებით მდიდარ ნიადაგებზე. ამგვარ პირობებში მიიღება ნაზი და ხალისიანი მასალა შამპანური ღვინის დასამზადებლად.

შარდონე კარგად უძლებს ყინვებს, რის გამოც მისი მაღალმთიან და ჩრდილო მევენახეობის რაიონებში გავრცელება წარმატებით შეიძლება. ამ თვისებას თან ერთვის აგრეთვე ყურძნისა და რქის ნაადრევი მომწიფება, რაც კიდევ უფრო აადვილებს მის ფართო გავრცელებას დასახელებულ ზონებში. სხვა შემოტანილ ჯიშებთან შედარებით შარდონე უფრო გვალვაგამძლეა. შარდონეს მეტად აზიანებს ნაცარი, ჭრაქს კი უკეთ იტანს.

ფილოქსერას ვერ უძლებს, რის გამოც აუცილებელია მისი დამყნობა სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეებზე.

საქართველოს პირობებში შარდონეს პროდუქცია გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ როგორც გამაკეთილშობილებელი მასალა მაღალხარისხოვანი შამპანურის დასამზადებლად.

აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში იგი არ იძლევა სასურველ შედეგს (კახეთი, ქართლი), რის გამოც მისი შემდგომი გავრცელება დასახელებულ მხარეში არ უნდა იქნეს რეკომენდირებული.

შარდონე საუკეთესო შედეგებს იძლევა შუა იმერეთის პირობებში და კერძოდ: ვაჭევის, ფუთის, ცხრაწყაროს, საზანოს, ქვედა საქარისა და ზოვრეთის მევენახეობის ზონებში და მისი შემდგომი გავრცელებაც სწორად ამ ზონებში უნდა იქნეს წარმოებული.

შარდონეს გავრცელება წარმატებით არის შესაძლებელი აგრეთვე დმანისის, თეთრიწყაროს, ახალციხის, ასპინძის, ხარაგოულის, საჩხერის, ლენტეხის, ჩოხატაურისა და ზემო აჭარის მაღალმთიან ზონებში. დასახელებული ადგილებიდან შესაძლებელია მიღებულ იქნეს საკმაოდ ხარისხოვანი მასალა ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრის ღვინოების დასამზადებლად.


ლიტერატურა

1. დემეტრაძე ვ. მასალები დასავლეთ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის მრეწველობის დარაიონებისა და სპეციალიზაციისათვის, ქუთაისი, 1936.
2. მოდებაძე კ. საქართველოს მეღვინეობის რაიონები, ჟურნ. „საქართველოს ექსპერ. აგრონომის მოამბე“. თბილისი, 1949.
3. რამიშვილი მ. შამპანური მევენახეობის განვითარებისათვის ქართლისა და იმერეთის რაიონებში. თბილისი, 1949.
4. ტაბიძე დ. ვაზის ჯიშები საბჭოთა შამპანურისათვის. თბილისი, 1941.
5. ჩოლოყაშვილი ს. მევენახეობის სახელმძღვანელო, წიგნი II, „ამპელოგრაფია“. თბილისი, 1938.
6. Беридзе К. Природно-игристые вина Грузии. «Виноделие и винодградарство СССР», №9, 1951.
7. Благонравов П. Шардоне, Ампелография СССР, т. VI, Москва, 1956.
8. Гаревич Н. Обзордействий Никитского сада и Магарачского училища виноделия, СПБ, 1855.
9. Гелашвили Н. Шампанские виноматериалы Карталинии, «Виноделие и виноградарсво СССР», №11, 1950.
10. Груздев Г. и Пересветов А. Почвенно-ботанические условия произрастания шампанских сортов винограда. «Почвоведение», №10, 1940.
11. Добровольский А. Стандартные сорта винограда МССР, Кишинев, 1947.
12. Жгенти Н. Советское шампанское Грузии, «Виноделие и виноградарство СССР», №2, 1950.
13. Иванов А. Крымское шампанское. «Вестник виноделия Украины», №10,11, Одесса, 1907.
14. Коржинский С. Ампелография Крыма. Описание сортов разводимыхв Крыму, т.I-III, СПБ, 1904.
15. Лоза В. Материалы к шампанизации или Черноморского побережья Краснодарского края.Труды Краснод. института пишевой промышленности, вып. 3, Краснодар, 1948.
16. Фролов-Багреев А. Советское шампанское, Москва, 1948.
17. Viala P. et Vermorel V, Ampelographie Traite general de viticulture 7 vol. Masson, t. VII, Paris, 1909.

წყარო

საქართველოს ამპელოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები