შარვაშიძე ვარლამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შუაში ზის ვარლამ შარვაშიძე

ვარლამ შარვაშიძე - (1889-1957 წ.წ.) პირველი აფხაზი ექიმი-ქირურგი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა აფხაზეთში, კოდორის უბნის სოფ. ოხურეიში. სწავლობდა სოხუმში, 1909 წ. დაამთავრა სტავროპოლის გიმნაზია და სწავლა გააგრძელა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. I მსოფლიო ომის (1914-1918 წ.წ.) დაწყებისას, როგორც ექიმი, მოქმედ არმიაში გაიწვიეს. 1916 წლიდან მსახურობდა სოხუმის სამხედრო ლაზარეთში. 1918 წ. ოჩამჩირის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ამ დროიდან დაუახლოვდა სოციალ-დემოკრატებს, 1917 წ. ოქტომბერში აირჩიეს სოხუმის ოლქის მმართველობის დროებითი ორგანოს - სოხუმის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარედ. 1917 წ. ნოემბერი - 1918 წ. ოქტომბერში იყო აფხაზთა სახალხო საბჭოს ჯერ წევრი, მერე - თავმჯდომარე. მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით აფხაზეთის შესვლას და ბევრს იღვწოდა ამ მიმართულებით. 1919 წ. მარტი - 1921 წ. თებერვალში იყო დემოკრატიული წესით არჩეული აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოს - აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრი, 1919 წ. მაისიდან - თავმჯდომარე, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ, პოლიტიკას ჩამოშორდა და მთლიანად სამედიცინო საქმიანობას მიჰყო ხელი. დიდი წვლილი შეიტანა აფხაზეთის მოსახლეობაში სამედიცინო და ჰიგიენური ცოდნის გავრცელებაში. 1926 წლიდან 30 წლის განმავლობაში სოხუმის პირველ საავადმყოფოში ქირურგიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 1935-1938 წ.წ. იყო აფხაზეთის ექიმთა ერთიანი სამეცნიერო-სამედიცინო საზოგადოების თავმჯდომარე, მედიცინის მეცნიერებათა კანიდიდატი, საქართველოს დამსახურებული ექიმი. აფხაზური და ქართული ენების გარდა, ფლობდა რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებს.


წყარო

ჯემალ გამახარია. „აფხაზი და ქართველი პატრიოტები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების სათავეებთან“ გაზ. ჩემი აფხაზეთი, №11,-2010 წლის ივლისი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები