შარიფოვი აბდულ აზიზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შარიფოვი აბდულა

შარიფოვი (შარიფ) აბდულ აზიზ - (დ. - 28.III.1895, ნახჩევანი - გ. - 1.VI.1988, მოსკოვი) - აზერბაიჯანელი მწერალი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აზერბაიჯანული სოციალ-დემოკრატიული პარტიის „ჰუმეტის“ წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.

ბიოგრაფია

დაწყებითი განათლება მშობლიურ ნახჭევანში მიიღო. შემდგომში კი სწავლის გასაგრძელებლად თბილისში გადმოვიდა. თბილისში ცხოვრებისას დაუახლოვდა აზერბაიჯანელ მწერალთა ჯგუფს, ჯ. მამედ კულიზადეს, ა. ახვერდროვსა და სხვ. 1910 წელს სატირულ ჟურნალში „მოლლა ნასრედდინი“ გამოქვეყნდა მისი პირველი ნაწერები. 1915-1917 წლებში სწავლობდა მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში და აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში. ეწეოდა საგანმანათლებლო და კულტურულ საქმიანობას. 1918 წლის ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში აზერბაიჯანელთათვის გამოყოფილი კვოტით გახდა პარლამენტის წევრი. 1920 წლის მაისში იყო ბორჩალოს მუსლიმთა ყრილობის თავმჯდომარე, ნ. ჟორდანიასთვის გაგზავნილ წერილში ხოტბას ასხამდა ქართულ დემოკრატიას და მტერთან ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებდა.

აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა საქმიანობაში. 1921 წელს დააპატიმრეს 2 წლის ვადით, თუმცა აზერბაიჯანის რევკომის თავმჯდომარის ნარიმანოვის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს. 1943 წელს დაამთავრა მოსკოვის მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. მუშაობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერების აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. რუსულად თარგმნა ახვერდოვის და სხვა აზერბაიჯანელი მწერლების ნაწარმოებები. კარგად ფლობდა ქართულ ენას, აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა ე. ნინოშვილისა და ნ. მიწიშვილის მოთხრობები. 1962 წლიდან იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. კითხულობდა ლექციებს ამიერკავკასიის ხალხების ლიტერატურისა და ისტორიის შესახებ. დაკრძალულია მშობლიურ ნახჩევანში.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119;
  • გაზ „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №108;
  • Шариф Азиз Алиевич. Бсэ. гл. ред. А. Прохоров. - 3-е изд. - М. 1969-1978.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები