შაქაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შაქაჲ / შაქა-ელია (ბალყ.-ყარაჩ. Шакай/Шаккай/Шакка-Элия) – სფერული მეხის (чартлагъан шыбла) მფარველი ღვთაება ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. მის სახელს, როგორც წესი, ელიას (ზოგადად, ელვა-მეხის მფარველის) სახელთან ერთად წარმოთქვამდნენ. წარმოდგენილი ჰყავდათ ახალგაზრდა მამაკაცის სახით. შაქაჲს სახელზე შეღებილ კვერცხს, ე. წ. „მარიამის კვერცხს“ (Байрым каггы) თავადის ან მრავაშვილიანი აზნაურის ქალები სწირავდნენ. მსხვერპლშეწირვა თანხლებული იყო საწესო ფერხულით – „შაქაჲ-ელიას ცეკვით“ (Шаккай-Элия барыу), რომლის დროსაც შემდეგი სახის ლოცვას წარმოთქვამდნენ:

ჩოფა!
ჩოფას თვალი – მრისხანე თვალი.
ჩოფა, ჩოფა კოპებშეკრული,
გადაბმული წარბაბით,
ელეჲ, ელეჲ, ელლერი,
ელეჲ, ელეჲ, ელლერი,
შაქა, შაქა ელია,
შაქა, შაქა ელია,
ოჲარა, დაგვიცავი, ჩოფა,
შაქაჲს დამსჯელი სულისგან დაგვიცავი!

თუ ადამიანი განუკურნებელი ავადმყოფობისაგან დიდხანს იტანჯებოდა, „შაქაჲს გამოძახების“ (Шаккайны чакъырыу) რიტუალი სრულდებოდა: იღებდნენ მცენარე акъот-ის ღეროებს, ტალკვესს (отлукъ-таш, чакъма), ძაფს, რომელსაც ფოცხვერის გახვრეტილ ბრჭყალში გაუყრიდნენ; ავადმყოფის მკერდზე პატარა ფიცარს დაადებდნენ და მასზე ჯვარს (къач) გამოსახავდნენ; შემდეგ ღეროებს ბრჭყალთან ერთად ძაფით შეკრავდნენ, ფიცარზე მოათავსებდნენ და ცდილობდნენ ტალკვესით ღეროებისთვის ცეცხლი წაეკიდებინათ; ბოლოს წარმოთქვამდნენ ლოცვას, რომელიც დღისათვის საბავშვო თამაშებს შემორჩა:

შაქაჲს, შაქაჲს, შაქაჲს ცეცხლო,
ღვთის ცეცხლო, შავი დღისათვის,
ღვთის ცეცხლო მოდი აქ,
აზზაის სული გააქრე,
მიწის ღმერთს – შენს ძალას,
ციური ღმერთებისთვის – ტიკი,
წაიღე შენი ტიკი და წადი.
და საწყალი სული ზეციური ჰყავი,
შაქაჲს, შაქაჲს, შაქაჲს ცეცხლო,
ღვთის ცეცხლო, შავი დღისათვის.

მოცემულ რიტუალში ასხულია ხალხური წარმოდგენა სფერულ ელვაზე და მის მფარველ შაქაჲზე, როგორც ავსული აზაისგან – ავადმყოფობის გამჩენისაგან – განთავისუფ განთავისუფლებაზე. სფერული მეხის დაცემის დროს ნიღბიანი ახალგაზრდები მდინარის დინების მიმართულებით გარბოდნენ, ხოლო ქალები, დადგამდნენ რა ეზოში წყლით სავსე ვედროებს, სახლის სახურავზე შავი ფერის ცხვრის ტყავს შეაგდებდნენ, თავად კი ფარეხში იმალებოდნენ; მეხის დაცემის სავარაუდო ადგილზე ფერხულს (Шаккай-Элиагъа барыу) გამართავდნენ და მსხვერპლად ხბოს სწირავდნენ, რომელსაც მსხვერპლშეწირვის წინ ასევე სამსხვერპლო ციკნის ტყას გადააფარებდნენ. იმისათვის, რომ სახლი და ეზო მეხის დაცემისგან ეხსნათ, სამსხვერპლო ხბოს ცხიმს ცეცხლს წაუკიდებდნენ და იტყოდნენ: „ქუარაჲ, ყუარაჲ, შენი სიკეთე, შემი თავი“ (Куарай, Къуарай, сени ашхынгб мени башым).


ლიტერატურა

  • Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
  • Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები