შევარდნაძე დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიმიტრი შევარდნაძე

შევარდნაძე დიმიტრი - (დ. - 01.XII.1885, ბახვი - გ. - XII. 1937) - ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, რესტავრატორი, საქართველოში სამუზეუმო საქმის ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე. 1910-30-იანი წლების ქართული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა მასწავლებლის ოჯახში. 1906 წელს დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი. 1906-1914 წლებში სწავლობდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში, პროფესორ ოტო ზეიცის კლასში. 1916 წელს საქართველოში დაბრუნებისთანავე დააარსა მხატვართა პირველი პროფესიული ორგანიზაცია „ქართველ ხელოვანთა საზოგადოება“, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ეროვნული კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ქართული ხელოვნების შესწავლასა და მოვლა-პატრონობას. აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საქმიანობაში. 1916 წელს ორგანიზებას უკეთებდა ქართველ მხატვართა ექსპედიციებს და თავადაც მონაწილეობდა ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესიისა და დავით-გარეჯის მონასტრების ფრესკების შესწავლასა და რესტავრაციაში.

1917 ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად აწყობს სამეცნიერო ექსპედიციას სამხრეთ საქართველოში, თორთუმ-ისპირის ხეობის ისტორიული ძეგლების შესასწავლად და ფრესკების პირების გადმოსაღებად. მისი ორგანიზებით გაიმართა გამოფენები „საეკლესიო კედლის მხატვრობა“ და „ქართველ მხატვართა გამოფენა” (1917-1919). დიდი დამსახურება მიუძღვის ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების შესწავლაში, მისი ნამუშევრების შეგროვებასა და სამუზეუმო კოლექციის კუთვნილებად ქცევაში. 1917 წელს ილია და კირილე ზდანევიჩების ხელშეწყობით საკუთარ ბინაში მოაწყო ფიროსმანის გამოფენა. 1918 ივ. ჯავახიშვილის დაკვეთით ასრულებს ახლად გახსნილი ქართული უნივერსიტეტისთვის ბეჭდისა და გერბის ესკიზებს. მასვე ეკუთვნის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საფოსტო მარკებისა და ფულის ნიშნების ესკიზები. აწყობს ქართველ და საქართველოში მოღვაწე მხატვართა საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებს, რომლის საფუძველზეც, იმავე წელს საფრანგეთში სასწავლებლად აგზავნის მხატვარ-სტიპენდიანტთა პირველ ნაკადს (დ. კაკაბაძე, ლ. გუდიაშვილი, შ. ქიქოძე).

1920-იან წლებში იყო თბილისის რევკომის წარმომადგენელი თბილისის მუზეუმების დაცვის საქმეში. კულტურის ძეგლთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. 1920 აარსებს საქართველოს ეროვნულ სამხატვრო გალერეას და ხდება მისი პირველი დირექტორი. მისივე ძალისხმევით შეგროვებული სახვითი ხელოვნების ნაწარმოებების საფუძველზე ხსნის ქართული, დასავლეთევროპული და აღმოსავლური ხელოვნების განყოფილებებს. 1922 წელს მისი ძალისხმევისა და მონაწილეობის შედეგად იხსნება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1925 წელს როგორც საქართველოს განსახკომთან შექმნილი ქართული სასტამბო შრიფტის გარდაქმნის პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრმა, ქართული შრიფტის გრაფიკული მოხაზულობის ახალი ვარიანტი შექმნა. 1933 წელს მისი თაოსნობით ეროვნული გალერეა გადავიდა მეტეხის ციხეში და იქცა პირველ ქართულ მუზეუმად, რომლის ბაზაზეც შემდგომში დაფუძნდა საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი და ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი. როგორც მხატვარი, მოღვაწეობდა თეატრსა და კინოშიც.

გაფორმებული აქვს არაერთი სპექტაკლი და კინოფილმი:

  • „აბესალომ და ეთერი“,
  • „თქმულება შოთა რუსთაველზე“,
  • „თამარ ცბიერი“,
  • „მზეთამზე“
  • „ქრისტინე“,
  • „ვინ არის დამნაშავე?“,
  • „ელისო“,
  • „ჯანყი გურიაში“.

1937 წელს მიიწვიეს ალ. პუშკინის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მხატვრული ფილმის „მოგზაურობა ერზრუმში“ მხატვარ-კონსულტანტად. მასვე დაევალა ამ დღეებთან დაკავშირებით თბილისის მხატვრული გაფორმება. ავტორია არაერთი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრისა. გატაცებული იყო ფოტოგრაფიითაც. 1936 წელს გაათავისუფლეს „მეტეხის“ მუზეუმის დირექტორობიდან, ხოლო შემდეგ პრესაში დაიწყო კამპანია მის წინააღმდეგ. ლავრენტი ბერიას გადაწვეტილებით, 1937 შოთა რუსთაველის იუბილეს აღსანიშნავად თბილისში უნდა დანგრეულიყო მეტეხის ციხე და XII საუკუნის ტაძარი, მის ადგილას კი შოთა რუსთაველის ძეგლი უნდა დაედგათ. დიმიტრი შევარდნაძემ, გიორგი ჩუბინაშვილთან, მიხეილ ჯავახიშვილთან და ალექსანდრე ახმეტელთან ერთად, ბერიას დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

ძეგლი გადარჩა, მაგრამ 1937 წლის 10 ივნისს დააპატიმრეს როგორც „ხალხის მტერი“ და დახვრიტეს.

მაია ციციშვილი

ლიტერატურა

  • ი. აბესაძე, ქ. ბაგრატიშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, თბ., 1998;
  • ი. ლორთქიფანიძე, ხელოვანი და მოქალაქე, „მნათობი“, 1985, №12;
  • მ. ციციშვილი, ნ. ჭოღოშვილი, ქართული მოდერნიზმი, 1910-1930, თბ., 2005;
  • ნ. ჭოღოშვილი, გერმანული მხატვრული ტრადიცია და საქართველო XIX ს-ის დასაწყისიდან XX ს-ის 40-იან წწ-მდე, თბ., 2006.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები