შეინმანი არონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არონ შეინმანი

შეინმანი არონ ლვოვის ძე - (დ. - 5.I.1886, სუვალკი, პოლონეთი - გ. - 22.V.1944, ლონდონი) - საბჭოთა რუსეთის ფინანსისტი და დიპლომატი.

ბიოგრაფია

დაიბადა ვაჭრის ოჯახში, მეცამეტე შვილი იყო. 1903 წელს დაასრულა კომერციული სასწავლებელი. 1903 წლიდან შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას. მიემხრო პარტიის ბოლშევიკურ ფრთას, პარტიულ მუშაობას ეწეოდა ვორონეჟში, კიევსა და ლუგანსკში. 1908 წელს მსახურობდა არმიაში. 1909 წლიდან მუშაობდა საქმისმწარმოებლად და კლერკად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ჰელსინკის საბჭოს თავმჯდომარე.

1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ მუშაობდა სამთავრობო უწყებებში. 1917 წელს აირჩიეს რუსეთის დამფუძნებელ კრებაში. 1918 იყო რუსეთის ფინანსთა სახალხო კომისრის მოადგილე. იმავე წელს დაინიშნა რუსეთის ფინანსურ ატაშედ სკანდინავიაში. 1919 წელს მონაწილეობდა საბჭოთა რუსეთის სახელმწიფო ბანკის შექმნაში. 1919 წელს იყო სურსათის სახალხო კომისიის და საგარეო ვაჭრობის სახალხო საბჭოს წევრი, 1920 სურსათის სახალხო კომისრის მოადგილე. 1920 წლის 12 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოში საბჭოთა რუსეთის სრულუფლებიან წარმომადგენლად. ამ თანამდებობაზე ს. კიროვი შეცვალა. თანამდებობის აღსრულებას 19 ოქტომბრიდან შეუდგა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის და სამხედრო მინისტრის მოადგილეებს, ნ. ქარცივაძესა და გენერალ ოდიშელიძეს. 23 ოქტომბერს რწმუნებათა სიგელი გადასცა მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანიას. 1920 წლის დეკემბერში მწვავე ნოტები გაცვალეს საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ბოლშევიკთა მოქმედებების გამო. 1921 წელს საქართველოდან ბაქოში გაემგზავრა. შეინმანი და ზოგადად საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლობა საქართველოში აგროვებდა საიდუმლო დაზვერვით ინფორმაციებს და აწვდიდა ბაქოში განთავსებულ კავბიუროსა და წითელი არმიის შტაბს. 1921 წლის იანვრის ბოლოს მოკავშირეთა მიერ საქართველოს დე იურე აღიარება ოფიციალურად მიულოცა საქართველოს მთავრობას. 1921 წლის თებერვალში უარყოფდა საბჭოთა რუსეთის მხრიდან მომავალ რაიმე საფრთხესაც კი.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დაუბრუნდა ადმინისტრაციულ საქმიანობას რუსეთში. 1921 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა საბჭოთა რუსეთის სახელმწიფო ბანკში, იყო ბანკის საბჭოს თავმჯდომარე. 1923-1924 და 1926-1928 წლებში იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, 1925 წელს საერთაშორისო ვაჭრობის სახალხო კომისარი. 1929 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებაში მიმდინარე ძალაუფლებისათვის ბრძოლის პროცესში, ჩამოშორდა სახელმწიფო საქმიანობას. 1929 წელს დატოვა საბჭოთა კავშირი. შემდგომში ეკონომიკური მიმართულებით მუშაობდა საბჭოთა წარმომადგენლობებში ბერლინსა და ლონდონში. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ საცხოვრებლად დარჩა ბრიტანეთში. მისმა ოჯახმა მიიღო ბრიტანეთის მოქალაქეობა და დასახლდა ავსტრალიაში. გარდაიცვალა ტვინის სიმსივნით.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • Шейнман Арон Львович, http://www.pseudology.org/Bank/SheInman_AL.htm (ინახა 30. 11. 2016);
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920. №239, №241, №292;
  • გაზ. „სახალხო საქმე“, 1921, №1035.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები