შემოქმედელი იაკობ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შემოქმედელი იაკობ − (მე-17-18 სს) საეკლესიო მოღვაწე (შემოქმედის მიტროპოლიტი), პოეტი. განათლება ტრაპზონში მიიღო. შემოქმედის მიტროპოლიტად იხსენიება 1647 წლიდან. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა დავით ნემსაძემ 1687 წ რომში გაგზავნა, სადაც დიდი პატივით მიიღო პაპმა ინოკენტი XI-მ. მისი ინიციატივით რესტავრაცია ჩაუტარდა შემოქმედის მაცხოვრის ეკლესიას, რომლის აღმოსავლეთ ლავგარდანის ქვეშ წარწერაზეც არის მოხსენიებული.

მეფე გიორგი მეთერთმეტის ბრძანებით ლექსად გააწყო ბაგრატ ბატონიშვილის (XVI ს.) პოლემიკური ანტიმაჰმადიანური თხზულება, რომელსაც იაკობისეულ ვარიანტში ჰქვია „უსჯულოჲსა მუჰამედის და ქრისტიანეთა გაბაასება“. ამ თხზულების დაწერაც და ლექსად გაწყობაც გამოწვეული იყო მაჰმადიანობის გაძლიერებული პროპაგანდით.

მასვე ეკუთვნის თითო სტროფიანი ლექსები - არჩილ II-ის ხოტბა, პასუხი იოსებ თბილელის შეკითხვა-გამოცანებზე და სხვა. ზოგიერთი ხელნაწერის მიხედვით, იაკობ შემოქმედელს მიეწერება გადაკეთებული „აბდულმესიანი”, რომელშიც ქების ობიექტი თამარისა და დავით სოსლანის ნაცვლად არჩილ მეორეა. იაკობ შემოქმედელს ქებით იხსენიებენ არჩილ II, დავით გურამიშვილი, ანტონ I, იოანე ბატონიშვილი და სხვები. უკვე ღრმად მოხუცებულმა დატოვა გურიის კათედრა და წავიდა იერუსალიმში და იქვე აღესრულა.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები