შენდობის კვირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შენდობის კვირა - დიდი მარხვის წინა კვირა

ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულითა და სულიერი განწმენდის სურვილით ხვდება თითოეული ქრისტიანი. ამ დღეს ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები. ეკლესია ამ დღეს სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.

კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს.

სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესის აღვლენისას კათოლიკოს პატრიარქი ილია II ითხოვს შენდობას. უწმიდესი თითოეულ ჩვენგანს მოგვიწოდებს, შენდობა ვითხოვოთ იმ ადამიანებისაგან, ვისთვისაც რაღაც ცუდი გვითქვამს, ცუდი გაგვიკეთებია, ან თუნდაც გვიფიქრია. ამასთან, შევურიგდეთ მათაც, ვინც ჩვენ გაგვიკეთა ცუდი, რადგან „მიმტევებლისათვის სამსჯავროც მიმტევებელი იქნება. ვინც არ შეუნდობს მას არ ასცდება სასჯელი ღვთისა“, - წმ.იოანე ოქროპირი.

ამონარიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ქადაგებიდან:

„დღეს განსაკუთრებული დღეა, მას მიტევების კვირა ეწოდება, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთია. დღევანდელ დღეს ყოველი მართლმადიდებელი მორწმუნე უფრო ღრმად იხედება თავის სულში, უფრო ცხადად ხედავს თავის ცოდვებსა და ნაკლს და შესთხოვს უფალს, რომ სულიწმიდა გადმოვიდეს მას ზედა და ძალი მაღლისა ჰფარვიდეს, რათა სულიერად განიწმინდოს. ეს დღე წინა დღეა დიდი მარხვისა, რომელიც სწორედ სინანულისა და სულიერი განწმენდის მარხვას წარმოადგენს.

თქვენთვის ცნობილია, რომ მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დააწესეს ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა. ამ დღეს ბერები ერთმანეთისაგან ცოდვების შენდობას ითხოვდნენ და უდაბნოში აღდგომის საგალობელთა გალობით გადიოდნენ, რადგან არ იცოდნენ მშვიდობით დაუბრუნდებოდნენ თუ არა თავიანთ მონასტრებს აღდგომისათვის” (სიონი, 25 თებერვალი, 1996წ.).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები