შერიფი მუზაფერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუზაფერ შერიფი

შერიფი მუზაფერ - Sherif Muzafer, Шериф Музафер, 1906-1988

თურქ-ამერიკელი ფსიქოლოგი, კლასიკური გამოკვლევების ავტორი სოციალურ ფსიქოლოგიაში და კონფლიქტოლოგიაში. დაიბადა და უმაღლესი განათლება მიიღო თურქეთში (სტამბული). სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში განაგრძო. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა კოლუმბიის უნივერსიტეტში. ერთხანს მოღვაწეობდა თურქეთში (ანაკარა). 1944 წელს საბოლოოდ გადასახლდა ამერიკაში, სადაც ხელმძღვანელობდა ოკლაჰომას უნივერსიტეტთან არსებულ ჯგუფურ ურთიერთობათა ინსტიტუტს. მიღებული აქვს მრავალი სამეცნიერო ჯილდო.

შერიფის ექსპერიმენტები სოციალური ფსიქოლოგიის ყველა სახელმძღვანელოშია შესული. მათგან ყველაზე ცნობილი ეხება ჯგუფთაშორის ურთიერთობათა გამოკვლევას. ბოისკაუტების ბანაკში 12 წლის ბიჭები ორ ჯგუფად დაყვეს. ჯგუფებში მალე ჩამოყალიბდა მჭიდრო ურთიერთობები. ექსპერიმენტის შემდგომ ეტაპზე ბიჭების ორ გუნდს შორის მოაწყვეს რამდენიმედღიან შეჯიბრებათა სერია, მათთვის დიდი ჯილდოებით. ძალიან მალე ჯგუფებს შორის დაძაბული მეტოქეობა ჩამოყალიბდა, რომელიც ღია მტრობაში და ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. დამასრულებელ ფაზაში ბავშვების წინაშე დაისვა მთელი ბანაკის ყოფასთან დაკავშირებული ამოცანები, რომელთა გადაწყვეტა ორივე გუნდის წევრების თანამშრომლობას მოითხოვდა. შედეგად კონფლიქტი თითქმის ამოიწურა და მშვიდობა აღდგა. ამრიგად, შერიფის ექსპერიმენტმა დაადასტურა საბაზო ჰიპოთეზა: ჯგუფთაშორის სოციალურ კონკურენციას მივყავართ წყენამდე და უარყოფითი სტერეოტიპების შექმნამდე (მტრის ხატი და სხვა), კონფლიქტიურ ურთიერთობამდე და აგრესიამდე, მიუხედავად მანამდე არსებული კეთილი ურთიერთობებისა. ხოლო საერთო ქცევის მოთხოვნილება აძლიერებს მისწრაფებას კოოპერაციული და მეგობრული ურთიერთობებისკენ. საზოგადოდ, შერიფის აზრით, ჯგუფებს შორის დაძაბულობის შემცირებას ხელი უნდა შეუწყოს მოწინააღმდეგე მხარის შესახებ დადებითმა ინფორმირებულობამ, არაფორმალურმა, „ადამიანურმა” ურთიერთობებმა დაპირისპირებული ჯგუფების წევრებს შორის, ლიდერების კონსტრუქციულმა მოლაპარაკებებმა. მაგრამ ეს ყოველივე წარმატებული იქნება ძირითადი წინაპირობით - უნდა მოინახოს საერთო მიზნები, რომლებისკენ მისწრაფება ანუ თანამშრომლობა ურთიერთდაპირისპირებას შეამცირებს (ტომასის სქემა).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები