შვიდნი თებეს წინააღმდეგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრძოლა თებესთვის.
ეტრუსკული ურნა (ძვ.წ. II ს. II ნახევარი), ვოლტერის მუზეუმი

შვიდნი თებეს წინააღმდეგ(ბერძნ.) ასეთი გამოთქმა დამკვიდრდა ბერძნულ მითოლოგიაში იმ ლაშქრობის აღსანიშნავად შვიდმა არგოსელმა სარდალმა რომ მოაწყო თებეს წინააღმდეგ. ეს ლაშქრობა ოიდიპოსის მითოსს უკავშირდება:

როდესაც ოიდიპოსმა თვალები დაითხარა და თებედან გადაიხვეწა, მისმა ვაჟებმა, ეტეოკლესმა და პოლინიკესმა, თავდაპირველად გადაწყვიტეს, სამეფო ტახტი კრეონისათვის დაეთმოთ, რადგან თავიანთ გვარს დაწყევლილად მიიჩნევდნენ. შემდეგ სიხარბემ სძლიათ და თავად ისურვეს გამეფება. პოლინიკესი უფროსი იყო და ადათის წესით, მას ეკუთვნოდა სამეფო სკიპტრა. მაგრამ ძმებმა მოილაპარაკეს, მორიგეობით ასულიყვნენ ტახტზე თითო წლით. წილი ყარეს და ეტეოკლესს გაუმართლა: პირველად მისი მეფობის ხანა დადგა. აღარ ისურვა ძალაუფლების დათმობა, ძმა შეთქმულებაში დაადანაშაულა და ქალაქიდან გააძევა.

პოლინიკესმა არგოსის მეფე ადრასტოსს სთხოვა მფარველობა. მეფემ სიხარულით მიიღო ოიდიპოსის ძე და თავისი ასული ეგეა შერთო ცოლად. არგოსის სამეფო კარს აფარებდა თავს კალიდონის მეფისწული ტიდევსიც, რომელმაც ადრასტოსის მეორე ქალიშვილზე იქორწინა. ადრასტოსმა განიზრახა, სამეფო ძალაუფლება დაებრუნებინა სიძეთათვის და საომრად იწყო მზადება. პირველად თებეზე უნდა გაელაშქრათ, რადგან ეს ქალაქი უფრო ახლოს იყო არგოსთან. მან იხმო სახელოვანი მეომრები: კაპანევსი, ჰიპომედონი, ამფიარაოსი, პართენოპეოსი, პოლინიკესი, ტიდევსი და თებეს წინააღმდეგ გალაშქრება შესთავაზა. ამ მთავარსარდალთაგან მხოლოდ ამფიარაოსი არ ჩქარობდა, რამეთუ წინასწარ ჭვრეტდა, რომ ომში ადრასტოსის გარდა, ყველა დაიღუპებოდა. საომრად შემართულმა მებრძოლებმა გაიხსენეს ადრასტოსის და ერიფილე, რომელიც ამფიაროსის მეუღლე იყო: ოდესღაც ადრასტოსი და ამფიარაოსი სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაჰკიდებიან ერთმანეთს. მაშინ ერიფილე ჩამდგარა მათ შორის, გაუშველებია ისინი და პირობაც ჩამოურთმევია, რომ მომავალში მისი თანხმობის გარეშე არ ემოქმედათ. ტიდევსმა იცოდა ეს ამბავი, იხმო პოლინიკესი და ასე დაარიგა: „ერიფილე შიშობს, რომ მომხიბლაობას კარგავს. ამიტომ შესთავაზე ის ჯადოსნური ყელსაბამი, აფროდიტემ რომ აჩუქა შენს დიდ ბებიას, ჰარმონიას. ამით მოიმადლიერებ ერიფილეს, ხოლო იგი დაარწმუნებს თავის მეუღლეს, შემოგვიერთდეს“. და ისე მოხდა, როგორც ითქვა: ერიფილემ სიხარულით მიიღო ძვირფასი ძღვენი, ჰარმონიას ყელსაბამი, სანაცვლოდ კი დაითანხმა მეუღლე, გაელაშქრა თებეს წინააღმდეგ. მეომრებს სათავეში ჩაუდგა ადრასტოსი. ასე დაიძრა თებესაკენ შვიდი სარდალი.

ბრძოლა თებეს კედლებთან.
ეტრუსკული ურნა (ძვ.წ. II ს. II ნახევარი), ვოლტერის მუზეუმი

როდესაც ქალაქის კედლებს მიადგნენ, ადრასტოსმა მეფე ეტეოკლესს ელჩად ტიდევსი მიუგზავნა და სამეფო ძალაუფლების უბრძოლველად დათმობა შესთავაზა. როდესაც მეფისგან უარი მიიღო, თებელებს მოუწოდა, აერჩიათ შვიდი მეომარი. ისინი შვიდ არგოსელ სარდალს შეებმებოდნენ და ომის ბედიც ზედმეტი სისხლისღვრის გარეშე გადაწყდებოდა. მაგრამ არც ეს ისურვეს თებელებმა. ხვდებოდა ადრასტოსი, რომ უბრძოლველად ქალაქს ვერ აიღებდა და საომარი მზადყოფნა გამოაცხადა.

ეტეოკლესმა თებეს ბრმა მისანი, ტირესიასი იხმო და რჩევა ჰკითხა. ტირესიასმა მას ღმერთების ნება განუცხადა: თებე გაიმარჯვებდა, ოღონდ, რომელიმე უფლისწულს ნებაყოფლობით უნდა შეეწირა თავი ომის ღვთაება არესისათვის. ეს უფლისწული კრეონის ძე მენეკევსი აღმოჩნდა. მან თებეს კედლებთან მოიკლა თავი და როდესაც ომი გაჩაღდა, ოთხი არგოსელი სარდალი ბრძოლის ველზე დაეცა. გადარჩენილი ამფიარაოსი თავისი ეტლით უკან იხევდა. მას კვალდაკვალ მისდევდნენ თებელები და სადაც იყო შეიპყრობდნენ კიდეც, მაგრამ საოცარი რამ მოხდა: ზევსმა მეხით გააპო მიწა და ეტლზე ამხედრებული ამფიარაოსი შიგ ჩაიტანა.

პოლინიკესმა ძმა ორთაბრძოლაში გამოიწვია. სამკვდრო-სასიცოცხლოდ შერკინებულებმა უმოწყალოდ ამოხოცეს ერთმანეთი.

ადრასტოსმა თავისი ფრთიანი რაშით უშველა თავს. ათი წლის შემდეგ იგი კვლავ წამოიწყებს ბრძოლას თებეს წინააღმდეგ და გაიმარჯვებს (ეპიგონები).

ვარაუდობენ, რომ „შვიდთა ლაშქრობაში“ არგოსისა და თებეს ბრძოლათა ისტორიული სინამდვილე აისახა. ომის ამბები აღწერილი ყოფილა პოემებში „თებაიდა“ და „ეპიგონები“, რომელთაც ჩვენამდე არ მოუღწევიათ. ამ მითოსზეა შექმნილი ევრიპიდეს ტრაგედიები: „ფინიკიელი ქალები“ და „მავედრებელი ქალები“. ესქილეს „შვიდნი თებეს წინააღმდეგ“ და სოფოკლეს „ოიდიპოსი კოლონოსში“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები