შვილდოსანი (ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შვილდოსანი (1920) - ყოველთვიური სალიტერატურო ჟურნალი. 24-გვერდიანი გამოცემის სამი ნომერი ორ წიგნად გამოიცა ქუთაისში. რედაქტორი იყო ს. ცირეკიძე. ჟურნალში თანამშრომლობდნენ: შ. ამირეჯიბი, ა. არსენიშვილი, შ. აფხაიძე, ვ. გაფრინდაშვილი, რ. გვენეტაძე, ლ. გუდიაშვილი, ნ. ევრეინოვი, პ. იაშვილი, შ. კარმელი, ს. კლდიაშვილი, გ. ლეონიძე, ნ. მიწიშვილი, კ. ნადირაძე, გრ. რობაქიძე, ს. სუდეიკინი, გრ. ცირეკიძე, ტ. ტაბიძე, დ. ჩიანელი, გრ. ცეცხლაძე, ს. ცირეკიძე, ლ. ჯაფარიძე და სხვ.

ჟურნალი „ცისფერყანწელთა“ ესთეტიკურ პრინციპებს გამოხატავდა. გარდა ქართულისა, მკითხველს აწვდიდა ევროპული და რუსული სიმბოლიზმის ნიმუშებს. დეკადენტურ განწყობილებას გამოხატავს ჟურნალში დაბეჭდილი: გრ. რობაქიძის ლექსი „ამორძალი ლონდა“, ვ. გაფრინდაშვილის „საქორწინო მოგზაურობა მთვარესთან“, პოლ ვერლენის „L’Art Poétique“, კ. ნადირაძის ლექსები: „მთვარის წყალობა“, „ოცნება საქართველოზე“, „დისონანსები“, შ. კარმელის ლექსი „მასკები კარნავალში“ (ვალერიან გაფრინდაშვილს“), „გამოთხოვება სულთან ავადმყოფ სხეულის“, „არტემიდა“, რ. გვეტაძის „დატეხილი“, ნ. მიწიშვილის „დეკემბრის აგონია“ და სხვ. პოეტური ნიმუშები. ასევე, „შვიდი მნათობი“ ბეჭდავს ნ. ლორთქიფანიძის, ს. ცირეკიძის, დია ჩიანელის პროზაულ ნაწარმოებებს. ჟურნალში იბეჭდება ტ. ტაბიძის მანიფესტი „დაისრული სებასტიანე“, რომელშიც საუბარია სიმბოლიზმზე, ჟურნალ „ცისფერი ყანწების“ როლზე ქართულ პოეზიაში, განხილულია მასში დაბეჭდილი მასალა. ავტორი მსჯელობს გრ. რობაქიძის, პ. იაშვილის, ვ. გაფრინდაშვილის დამსახურებაზე ქართული პოეზიის წინაშე. პოეზიას ადარებს წმ. სებასტიანეს, რომელიც ისრებით უნდა დაიცხრილოს. მნიშვნელოვანი პუბლიკაცებია: კ. ნადირაძის „ქართული პოეზია“, რომელშიც დახასიათებულია ალმანახი „შვიდი მნათობი“. საუბარია მისი მიმართულებისა და ავტორების შესახებ. ვ. გაფრინდაშვილის ესე „რითმა და ანონსი“, ს. ცირეკიძის „ორსახიანი იანუსი“, რომელშიც დახასიათებულია ორი ანტითეზა - პოეზია და პროზა .

მარი წერეთელი

ლიტერატურა

  • ჟურ. „შვილდოსანი“, 1920, №1-2-3;
  • გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ., 1947;
  • ს. სიგუა, „ქართული მოდერნიზმი“, თბ., 2002.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები