შიომღვიმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შიომღვიმე

შიომღვიმე – (ინგლ. Siomgvime), ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს ქართლში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქ. მცხეთის დასავლეთიოთ 8 კმ-ში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, სამრეკლო, შიოს სასაფლაო-ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი კოშკით, სატრაპეზო, კლდეში ნაკვეთი მღვიმეები, ჯვრის ამაღლების ეკლესია, წყარო, წყალსადენი და ბერების საცხოვრებელი სენაკები.

სარჩევი

ისტორია

წმინდა შიო XIX საუკუნის ფრესკაზე

დააარსა VI საუკუნის II ნახევარში ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ. როგორც წყაროები გადმოგვცემენ, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია. გარდაცვალების შემდეგ, თანახმად ანდერძისა, იქვე დაუსაფლავებიათ (აქედანაა სახელწოდება „შიოს მღვიმე”, „შიომღვიმე”). მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილად მიიჩნევა.

XI საუკუნის შუაწლებში მონასტერი თურქ-სელჩუკებმა იავარქმნეს. საუკუნის ბოლოს კი მეფე ბაგრატ IV მამულების ბოძებით დაეხმარა მონასტერს. 1123 წელს საქართველოს მეფემ დავით აღმაშენებელმა მონასტერს დამოუკიდებლობა, სასამართლო შეუვალობა და დიდძალი ქონება უბოძა. XI-XIV საუკუნეებში შიომღვიმე სამეცნიერო-მწიგნობრივი მოღვაწეობის ერთ-ერთი ცენტრი გახდა. XII საუკუნეში აქ მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი, მთარგმნელი და მეცნიერი არსენ იყალთოელი. XIV საუკუნეში მეფე გიორგი ბრწყინვალემ შიომღვიმე მეფისადმი თავდადებისთვის დიდგვაროვან ფეოდალს ზევდგინიძე-ამილახვარს გადასცა საკუთრებად და XIX საუკუნემდე იგი ამილახვრების მფლობელობაში იყო. დაწყებული XIII საუკუნიდან დამთავრებული XVII საუკუნემდე მონასტერი ბევრჯერ დაარბიეს ხორეზმელებმა, სპარსელებმა, ლეკებმა, ოსმალებმა (ყოველთვის მოღალატე ქართველი დიდებულების დახმარებით) და სხვებმა, მაგრამ ქართველი ხალხისა და მეფეების ძალისხმევით იგი კვლავ ცოცხლდებოდა, თუმცა ძველი სიძლიერე აღარ შერჩა. ამჟამად აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

კომპლექსში შემავალი იოანე ნათლისმცემლის ეკლესია VI საუკუნის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა გეგმაში ზომებით 13,5x7,8 მ. ნაშენია რიყისა და ნატეხი ქვით. გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის მოხაზულობა გარედანაც იკითხება. აღმოსავლეთით აფსიდია. ჯვრის მკლავების კამარები ნალისებრი მოხაზულობისაა. შეკრული კამარებით შედგენილი გუმბათი დაფუძნებულია ოთხსარკმლიან, რვაწახნაგოვან გუმბათის ყელზე, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა ჯვრის მკლავების კედლებს. კედლებიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია ორრიგა თაღების მეშვეობით. ეკლესიაზე სამხრეთით მიშენებულია ორი მცირე ზომის სამწირვალო. ეკლესიის დასავლეთის მკლავში, სამხრეთით გაჭრილია გასასვლელი, რომელიც ერთნიშიან მართკუთხა საკურთხეველში გადის. ნიშში შემორჩენილია შუა საუკუნეებში შესრულებული წმინდანის გამოსახულება. ჩრდილოეთიდან ეკლესიას კარიბჭე, ორი საძვალე-სამლოცველო და სამრეკლო ეკვრის. კარიბჭე თაღებიანი ნაგებობაა. ცალკე აღნიშვნის ღირსია 1010-1033 წლებში კათოლიკოს მელქისედეკ I-ის მიერ მოჩუქურთმებული ქვის ფილებისგან გაკეთებული კანკელი რელიეფური გამოსახულებებით, რომლებიც შუა საუკუნეების ქართული ქანდაკებისა და ორნამენტების საუკეთესო ნიმუშთა შორისაა (კანკელი ამჟამად განთავსებულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი

იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით დგას ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (ზემო ეკლესია) აგებული XII საუკუნის დასაწყისში (1103-1133 წწ.) მეფე დავით აღმაშენებლის განკარგულებით. იგი თავდაპირველად გუმბათიანი ყოფილა. 1612-1614 წლებში ირანის მმართველის შახ-აბასის შემოსევის შედეგად პირწმინდად დანგრეული ტაძარი, არსებულ საძირკველზე ახლად ააშენეს, ხოლო 1733 წელს განაახლეს ამილახვრებმა. ნაგებობა სამნავიანი ბაზილიკაა აღმოსავლეთით სამი აფსიდით, კონქით, სამკვეთლოთი და სადიაკვნეთი. დიდი ზომის მაღალ საკურთხეველს ეკვრის განიერი ბემა. დასავლეთით ნართექსია, ხოლო მის თავზე მონასტრის წინამძღვრის ოთახი, რომელიც ტაძრის შიდა სივრცეს სარკმლით უკავშირდება. დასავლეთისა და სამხრეთის ფასადებზე მორთული კარია.

1901-1903 წლებში იოანე ნათლისმცემლისა და ღვთისმშობლის ეკლესიები ლეონიდე ეპისკოპოსის დაკვეთით მოხატა რუსმა მხატვარმა ნიკოლაი ანდრეევმა.

ამაღლების ეკლესია

სამრეკლო

მონასტრის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას XII საუკუნის ჯვრის ამაღლების, აგურით ნაგები, დარბაზული ეკლესია (8,5x5 მ). კედლებზე შემორჩენილია თავდაპირველი მოხატულობისა და XIII საუკუნის ფრესკების ფრაგმენტები, რომლებსაც ახლავს შინაარსის ამსახველი ასომთავრული წარწერა. ფრესკები ნათელი მკაფიო ფერებითაა შესრულებული. ეკლესიაზე ჩრდილოეთით მიშენებულია აგურის ორსართულიანი ნაგებობა (4,6x3,8 მ), რომლის პირველი სართულის კედელში შესასვლელი კარია გაჭრილი. მეორე სართულზე ოთხივე მხრივ თაღებით გახსნილი სამრეკლოა კონუსური სახურავით. 1733 წელს აშენებული სამრეკლო ორსართულიანია. პირველი სართული კვადრატული ფორმისაა ნაგები ნატეხი ქვითა და აგურით, ხოლო მეორე სართული აგურის შეისრული თაღებით გახსნილი ექვსწახნაგა ფანჩატურია (სურ. 6. სამრეკლო). XI საუკუნეში მღვიმეს, სადაც პირველად შიო დაბინავდა, ეკლესია დააშენეს (1,85x1,77 მ) კარითა და ერთი პატარა სარკმლით, რომელიც მოგვიანებით იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას შეუერთეს.

სატრაპეზო, სენაკები და მღვიმეები

იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის სამხრეთით დგას სატრაპეზო (19,5x9,92 მ), რომელზეც VII-IX, XII და XVII საუკუნეების სამშენებლო ფენა შეიმჩნევა. კედლები მორთულია დეკორატიული თაღებით. ჩრდილო-დასავლეთის თაღთან, კედელში ჩასმულია მცირე ზომის ფილა ჯვრის რელიეფური გამოსახულებითა და ასომთავრული წარწერით. ბერების საცხოვრებელი სენაკები კლდეში ნაკვეთი, გარკვეული სისტემით განლაგებული, მღვიმეები იყო, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებოდნენ გვირაბებითა და აივნისებრი გასასვლელებით (ამჟამად ჩანგრეულია). ქვევიდან ქვაბებში ვერტიკალური გვირაბებით და ხის ასატანი კიბეებით ადიოდნენ. შიო მღვიმის მონასტერი წყლით მარაგდებოდა სოფელ სხალტბიდან თიხის მილებით გაყვანილი წყალსადენით, რომელიც მეფე თამარის დროს, 1202 წელს აიგო და იმ დროის საინჟინრო ხელოვნების ძალიან მაღალ დონეზე მეტყველებს. სხალტბა-შიომღვიმის წყალსადენის ნაწილი გადახურულ არხში გადიოდა, ნაწილი – მთაში გამოკაფული გვირაბით მთის მეორე ფერდობს ამარაგებდა წყლით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები